კადიროვი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, UFC-ის ყოფილ და მოქმედ ჩემპიონებთან, ჰაბიბ ნურმაგომედოვთან და ჰამზათ ჩიმაევთან ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ მეგობრობას გაუსვას ხაზი. ეს მეგობრობა კი უფრო დიდსულოვანი მფარველისა და მადლიერი ქვეშევრდომის ურთიერთობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
კადიროვი ხაზგასმით გულუხვი და კეთილგანწყობილია სპორტსმენების მიმართ, თუკი ისინი მისი წესებით მოქმედებენ.
რატომ არის რამზან კადიროვისთვის მნიშვნელოვანი UFC-ის მებრძოლებთან საჩვენებელი მეგობრობა?
ამ კითხვის პასუხად ჩრდილოეთ კავკასიის სპეციალისტი ჰაროლდ ჩემბერსი რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის რედაქციას ეუბნება, რომ ამ ურთიერთობის, სულ ცოტა, სამი მიზეზი აქვს:
- სპორტსვოშინგი (sportswashing) - პროპაგანდის ფორმა, რომელიც იყენებს სპორტს და სპორტსმენებს რეპუტაციის ასამაღლებლად
- მამაცი კაცის იმიჯი შექმნა
- საკუთარი გავლენის დემონსტრირება
"სპორტსვოშინგი საშუალებას აძლევს კადიროვს, მოიქცეს ისე, თითქოს მისი რეჟიმი არაა ისეთი სასტიკი და მჩაგვრელი, როგორც რეალურად არის: მასთან ხომ საერთაშორისო დონის სპორტსმენები ჩადიან? ეს ასევე ხელს უწყობს მის მცდელობას პოზიციონირდებოდეს როგორც სპარსეთის ყურის სტილის მმართველი: ჩხუბი ცენტრალურ როლს თამაშობს იდეალური მამაკაცის ადგილობრივ სტერეოტიპულ წარმოდგენაში, UFC-ს მებრძოლებთან მჭიდრო კავშირები კი კადიროვს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ეს სტერეოტიპი თავის სასარგებლოდ“, - განმარტავს ანალიტიკოსი.
ჰაროლდ ჩემბერსს მაგალითად მოჰყავს კადიროვის მიერ UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვის მფარველობა, რაც კადიროვს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოოს თავისი გავლენა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ:
"მიზეზი, რის გამოც კადიროვი ასე ხმამაღლა საუბრობს ჩემპიონებთან კავშირებზე, მდგომარეობს ნაწილობრივ მისი რეჟიმის პოპულარიზაციაში, ნაწილობრივ ტრაბახში და ნაწილობრივ ამერიკის შეერთებული შტატების დაცინვაში, რადგან სწორედ ამერიკაშია UFC ოფიციალურად დაფუძნებული. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ კადიროვის "სარეკლამო ჟესტები" მიემართება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო აუდიტორიებს“.
UFC-ის მებრძოლებთან და ზოგადად საკულტო „მაგარ ბიჭებთან“ ურთიერთობამ უნდა გააუმჯობესოს კადიროვის როგორც მაჩოს იმიჯი.
„ჩეჩნეთის მეთაურს მოსწონს, როცა ერთ-ერთ „რკინის კაცად" მიიჩნევენ, - ამბობს ემილ ასლანი, პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი პრაღის კარლის უნივერსიტეტიდან, - კადიროვი, როგორც წესი, ამ მებრძოლების გვერდით ყოფნისას დიდ სარგებელს ნახულობს. იციან რა ჩეჩნეთის ლიდერის რეპუტაციის, კავშირებისა და ტემპერამენტის ამბავი, სპორტსმენები ცდილობენ ხაზგასმით გამოხატონ მის მიმართ პატივისცემა, გულითადი მადლობა გადაუხადონ გულუხვი საჩუქრებისთვის, არ დამალონ აღტაცება მისი სასახლეებითა და გროზნოს შთამბეჭდავი ცენტრით, რომლის აღდგენას კადიროვი თავის დამსახურებად მიიჩნევს. ჩეჩნეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილზე ასეთი ურთიერთობა შთაბეჭდილებას ახდენს, მეტიც, ეს მთელი რუსეთის მასშტაბითაც უწყობს ხელს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, როგორც "მაგარი და ძლიერი" ადამიანის იმიჯის შენარჩუნებას“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
„ჩეჩნეთის ხელმძღვანელი მრავალი წელია UFC-ის მებრძოლებთან ურთიერთობას პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, - ეუბნება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის kavkaz.realii-ს რედაქციას ჟურნალისტი კარიმ ზიდანი, - პლანეტის უძლიერეს სპორტსმენთან ურთიერთობით, კადიროვს შეუძლია მოახდინოს ძალის დემონსტრირება, წარმოაჩინოს თავი როგორც მამაცმა, გულუხვმა და დიდსულოვანმა ლიდერმა, რომელიც სპორტის სახეობის მფარველია და არა მკვლელი“.
ჰამზათ ჩიმაევისთვის მთავარი სარგებელი მატერიალური წარმატებაა, რისთვისაც მებრძოლს საკუთარი ავტორიტეტით უწევს საფასურის გადახდა.
"ჩიმაევს აქვს მდიდრული სახლები ჩეჩნეთში, პრემიუმ ავტომობილების პარკი და ა.შ. შვედეთში, სადაც ის ბოლო დრომდე ცხოვრობდა, ამას ვერ მიიღებდა, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ღირსებისა და სულის ფასად უჯდება“, – ასკვნის კარიმ ზიდანი.
თუმცა, მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენად ნებაყოფლობით ინარჩუნებს ჰამზათ ჩიმაევი მეგობრობას ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან, რადგან კადიროვის რეჟიმთან ღიად ურთიერთობის გაწყვეტა, როგორც შვედური Sveriges Radio-ს კორესპონდენტმა მარია პერსონ ლოფგრენმა შენიშნა, შეიძლება დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული.
„UFC-ის ბევრი მებრძოლისთვის სპორტი უპირველეს ყოვლისა შოუა და მათთვის მთავარია „ფულის შოვნა, საჩუქრების მიღება“, ამბობს ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი საზოგადო მოღვაწე რუსლან კუტაევი, - კადიროვი კი ძვირადღირებულ საჩუქრებს, ავტომობილებს ჩუქნის, რაშიც წარმატებული სპორტსმენები ცუდს ვერაფერს ხედავენ. შესაბამისად, მხარეები თავიანთ მიზნებს აღწევენ. კადიროვისთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან სიახლოვე, მაგრამ ამავდროულად მისთვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენებაც, რომ ეს ცნობილი ადამიანები მასზე ერთი საფეხურით მაინც დაბლა იმყოფებიან“.
დოპინგის სკანდალების შემდეგ რუსი სპორტსმენები ხანგრძლივი დროით მოიკვეთეს საერთაშორისო ასპარეზობებიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი მათ საერთოდ აეკრძალათ საკუთარი დროშით ასპარეზობა, - აღნიშნავს ყოფილი ჩეჩენი ძალოსანი და ახლა საზოგადო მოღვაწე რუსლან ტახაევი:
„დარჩა მხოლოდ MMA და კადიროვიც აქ ახდენს თავისი თვითრეკლამირების წყურვილის რეალიზებას. რუსეთის გარეთ ეს რეკლამა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ჩეჩნეთში, აშკარად ზრდის მის ავტორიტეტს".
ჰამზათ ჩიმაევი - კადიროვის მგელი
29 წლის ჰამზათ ჩიმაევი, მეტსახელად „ბორზი“ (ჩეჩნ. „მგელი“) დაიბადა ჩეჩნეთში, სადაც ბავშვობიდან მისდევდა თავისუფალ ჭიდაობას, თუმცა, როგორც ჩანს, ჩეჩნეთში ცხოვრებისას მხოლოდ ერთადერთხელ გამოიჩინა თავი, როცა მისი გვარი ახსენეს ადგილობრივი გაზეთის პუბლიკაციაში - „ნადტერეჩნის რაიონი ამაყობს თავისი სპორტსმენებით“, სადაც ჩიმაევი დასახელებული იყო როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.
„სპორტსმენის წარმატებული კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის შვედეთში ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად. პერსპექტიულმა მოჭიდავემ დაიწყო ვარჯიში MMA-ის სავარჯიშო დარბაზში, სადაც ასევე ვარჯიშობდნენ სპორტის ამ სახეობის ვარსკვლავები“, - აღნიშნავს გამოცემა Sport-Express-ი.
ჰამზათ ჩიმაევი საყოველთაოდ ცნობილი გახდა 2020 წლის ივლისში, როდესაც მან ერთგვარი რეკორდი დაამყარა კატარში ასპარეზობისას: ათ დღეში გაიმარჯვა ორ ბრძოლაში. მესამე შეხვედრაც ვადაზე ადრე დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩიმაევი კარიერაში ჯერ ერთხელაც კი არ დამარცხებულა.
2020 წელს დაიწყო რამზან კადიროვთან მეგობრობაც. კატარში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურმა ჩიმაევი საუკეთესო მებრძოლებს შორის დაასახელა და მას მსოფლიო ასპარეზზე დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა, მაგრამ 2021 წლის მარტში ჰამზათ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამთავრებდა კარიერას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სწორედ მაშინ მოუწოდა კადიროვმა მებრძოლს, „მოეკრიბა ძალა და არ ჩამოეყარა ხელები“. კადიროვმა სპორტსმენი კერძო თვითმფრინავით გადააფრინა შვედეთიდან ჩეჩნეთში „გამოკვლევებისა და რეაბილიტაციისთვის“.
ონკოლოგიური დიაგნოზი არასწორი აღმოჩნდა და ჩიმაევიც მალე დაუბრუნდა ვარჯიშს. წარმატებებმა და დაუმარცხებელი მებრძოლის იმიჯმა სპორტსმენს დიდი პოპულარობა მოუტანა. ჩიმაევს ინსტაგრამზე თითქმის შვიდი მილიონი გამომწერი ჰყავს. სპორტსმენი ამ აუდიტორიას ასევე იყენებს რამზან კადიროვის მხარდასაჭერად, აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებსა და ვიდეოებს.
ჰამზათ ჩიმაევის პირადი ცხოვრებაც საიდუმლოებითაა მოცული. ცნობილია, რომ 2022 წლის მაისში რამზან კადიროვმა მდიდრული ქორწილი გადაუხადა თავის პროტეჟეს. ღონისძიება გაიმართა იმ დროს, როცა უკრაინის ომში კადიროველთა დიდი დანაკარგების გამო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აკრძალული იყო საზეიმო ღონისძიებები. ქორწილის ხარჯები ახმატ კადიროვის სახელობის რეგიონულმა ფონდმა დაფარა. გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, საქორწინო კორტეჟი 20-მდე პრემიუმ-ავტომობილისგან შედგებოდა, კოლონას აცილებდა ვერტმფრენი და საგზაო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებსაც ქალაქის ცენტრალური გზები გადაკეტილი ჰქონდათ.
ჩეჩნეთის მეთაურთან მეგობრობის გამო მებრძოლი არაერთხელ გააკრიტიკეს. „თუ ჩიმაევი მხარს უჭერს კადიროვის მსგავს ადამიანებს, მაშინ გამოდის, რომ მას თვითონაც სისხლი აქვს ხელებზე”, - თქვა UFC-ის მებრძოლმა იან ბლახოვიჩმა გაზეთ Przeglad Sportowy-ისთვის მიცემულ კომენტარში.
რამზან კადიროვთან ურთიერთობაზე კომენტარი თავად ჩიმაევმაც გააკეთა. „შვედეთს მეფე ჰყავს, ხომ ასეა? მეფემ რომ მითხრას, მოდი და ერთად ვივახშმოთო, მე ასეც მოვიქცევი. მეფეს პატივს ვცემ. კადიროვი ჩემი რესპუბლიკის პრეზიდენტია და მე მასაც პატივს ვცემ“, - უთხრა ჩეჩენმა სპორტსმენმა შვედურ გამოცემა Expressen-ს.
ჩიმაევი რეგულარულად სტუმრობს ჩეჩნეთს და ვარჯიშობს როგორც რესპუბლიკის მეთაურთან, ასევე მის შვილებთან ერთად. კერძოდ, ჩიმაევმა 16 წლის ელი კადიროვი ავარჯიშა 2022 წლის დეკემბერში, რომლის შემდეგაც კადიროვის ვაჟმა თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო შერეული ორთაბრძოლების ლიგის Absolute Championship Akhmat (АСА) ტურნირზე, რომელიც რამზან კადიროვის კონტროლქვეშ იმყოფება.
ელი კადიროვს შესაძლოა მართლაც ამზადებდნენ პროფესიონალ მებრძოლად, - ვარაუდობს ჩეჩნეთის მეთაურის კრიტიკოსი, აქტივისტი და უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი. მისი აზრით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს სურს, შვილის მეშვეობით აიხდინოს საკუთარი არარეალიზებული სპორტული ოცნებები.
ჩიმაევის ბოლო ბრძოლაში, აბუ დაბიში, ელი კადიროვი ჩეჩენი ჩემპიონის სეკუნდანტი იყო. დარბაზში იმყოფებოდა ჩეჩნეთის ლიდერის კიდევ ერთი ვაჟი - 15 წლის ადამი, სწორედ ის, რომელმაც ყურანის დაწვის გამო დაკავებულ ნიკიტა ჟურაველს სცემა საპატიმროში და, რომელმაც ბოლო დროს არაერთი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.
სანქციები პრობლემა არაა
2014 წელს ჩეჩნეთის მეთაურმა დააარსა კლუბი „ახმატი“, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ კლუბში მომზადებული მებრძოლები აგრძელებენ ამერიკის ვიზების მიღებას და შეერთებულ შტატებში გამოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ თავად რამზან კადიროვი სანქციების ქვეშ იმყოფება ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის გამო.
2022 წელს ჩეჩნური წარმოშობის მოკრივეს არტურ ბეტერბიევს უსაყვედურეს კადიროვთან მეგობრობის გამო. სპორტსმენს შეახსენეს, რომ რუსეთის მოქალაქეობის გარდა, მას ასევე აქვს კანადის მოქალაქეობა, რომ ცხოვრობს, ვარჯიშობს და ასპარეზობს ამ ქვეყანაში. 2021 წლის დეკემბერში, ბეტერბიევი, რომელიც კლუბ „ახმატის" წევრია, დააჯილდოვეს ავტომობილით და მიანიჭეს „გროზნოს საპატიო მოქალაქის“ წოდება.
მოკრივემ აღიარა, რომ მან კანადის მოქალაქეობა მიიღო საზღვარგარეთ ასპარეზობის მიზნით, მაგრამ ასევე არ შეუწყვეტია ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. ჟურნალისტ კარიმ ზიდანის თქმით, კანადის მთავრობა ძალიან მცირე ყურადღებას უთმობს კადიროვსა და მის დანაშაულებს, რის გამოც ბეტერბიევს უპრობლემოდ გასდის ასეთი საქციელი.
2022 წლის სექტემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ჩეჩნეთის მეთაური და მისი ოჯახის წევრები შეიყვანა იმ პირთა შავ სიაში, რომლებთანაც ბიზნესის კეთება ეკრძალებათ ამერიკის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. „კადიროვმა, რომელიც საჯაროდ უწოდებს თავის თავს „პუტინის ქვეითს“, გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო უკრაინასთან ომში შეტანილი წვლილის გამო, ხოლო მასთან დაკავშირებული დანაყოფები მოქმედებდნენ ბუჩაში, სადაც რუსეთის ჯარები სჩადიოდნენ სიმხეცეს და ანადგურებდნენ სახლებს“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
თუმცა აშშ-ის სანქციებმა ხელი არ შეუშალა UFC-ის სამ ამერიკელ მებრძოლს, ჩასულიყვნენ ჩეჩნეთში 2022 წლის ნოემბერში: მაშინ ჩეჩნეთს ესტუმრნენ: საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი, ყოფილი დროებითი ჩემპიონი მსუბუქ წონაში ჯასტინ გეიჯი და ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეჰუდო. მასპინძლებმა ისინი ექსკურსიაზე წაიყვანეს გუდერმესში მდებარე „რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტში“, სადაც ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან სროლაში ივარჯიშეს.
სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა გაკიცხა სპორტსმენები ვიზიტისთვის, თუმცა მათ თავი იმართლეს იმით, რომ არ შეხვედრიან ჩეჩნეთის ლიდერს. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი იმყოფებდნენ კადიროვის ვაჟის, ადამ კადიროვის დაბადების დღეზე. პარალელურად ელი კადიროვმაც გამოაქვეყნა მამის რეზიდენციაში გეიჯთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები.
ჟურნალისტი კარიმ ზიდანი დარწმუნებულია, რომ სპორტსმენებს ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ექვსნიშნა თანხებს უხდიან, თუმცა ამგვარი ფინანსური კავშირების დოკუმენტურად დადასტურება ძალიან რთულია.
MMA Junkie-სთვის მიცემულ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურმა შეახსენა სპორტსმენებს ამერიკის მთავრობის რეკომენდაცია რუსეთში ვიზიტისგან თავის შეკავების შესახებ („რიგი ფაქტორების, მათ შორის უკრაინაში შეჭრისა და რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან აშშ-ის მოქალაქეების თვალთვალის გამო“).
„აშშ-ის მთავრობა დაკავებულია სხვა ხმაურიანი საქმეებით, რომელთა გამო MMA-ს მებრძოლების რუსეთში სტუმრობა ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა", - უთხრა კარიმ ზიდანმა Kavkaz.Realii-ს:
„ამაზე არაერთხელ ველაპარაკე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და მათ მაცნობეს, რომ იციან ამერიკელი UFC-ის მებრძოლებისა და კადიროვის ურთიერთობის შესახებ. ის ფაქტი, რომ 2022 წლის შემდეგ მათ არანაირი ზომა არ მიუღიათ, განპირობებულია იმით, რომ ძალიან რთულია ფინანსური სანქციების დარღვევის მტკიცება ფულის ნაკადების გაკონტროლების გარეშე“.
სანქციები პრობლემებს უქმნის კადიროვთან დაახლოებულ მებრძოლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ამერიკის ვიზის მიღებას ცდილობენ: ამგვარ სირთულეს აწყდება რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის ჩიმაევიც, თუმცა 2023 წლის დასაწყისში ჩეჩენი სპორტსმენი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა საცხოვრებლად, UFC-მ კი მასთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. სპორტსმენის ძმის, არტურ ჩიმაევის თქმით, "ბორზის" შვედეთთან აღარაფერი აკავშირებს.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჩიმაევის მწვრთნელმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლა გაუადვილებს სპორტსმენს მოგზაურობას. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უკიდურესადაა გართულებული რუსეთის მოქალაქეების გადადგილება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქისთვის ეს საკითხი გაცილებით ნაკლებად მგრძნობიარე იქნება.
2023 წლის 21 ოქტომბერს აბუ დაბიში გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ რამზან კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, როგორ მიჰყავს გამარჯვებული ჰამზათ ჩიმაევი კერძო თვითმფრინავით ჩეჩნეთში, სადაც სპორტსმენს გმირის შესაბამისი პატივით დახვდნენ. მოგვიანებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მებრძოლს ახალი „მერსედესი“ აჩუქა, რიგით უკვე მესამე.