Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UFC-ის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა რამზან კადიროვს „პალესტინისთვის საბრძოლველად წასვლა“ სთხოვა


ხამზატ ჩიმაევი (მარცხნივ) და რამზან კადიროვი. ფოტო არქივიდან, 2021 წლის იანვარი.
ხამზატ ჩიმაევი (მარცხნივ) და რამზან კადიროვი. ფოტო არქივიდან, 2021 წლის იანვარი.

ხამზატ ჩიმაევმა, შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, აბუ-დაბიში გამართულ UFC 294-ის ტურნირზე მეტოქე კამარ უსმანი დაამარცხა. ტურნირის შემდეგ მან ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს მიმართა და აღნიშნა, რომ "მზად არის პალესტინაში პირველი წავიდეს", რათა "მოკვდეს მუსლიმი ძმებისთვის." ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ.რეალიი“ წერს.

რამზან კადიროვმა ჩიმაევის სიტყვებს „ამაღელვებელი“ უწოდა. ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ მებრძოლი "დაჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი ყველა ხალხის მხარდასაჭერად ლაპარაკობს“ და "მკაცრად გმობს ძალადობას ღაზის სექტორის მცხოვრებლების წინააღმდეგ." ამავე დროს კადიროვს არ გაუკეთებია კომენტარი „პალესტინაში საბრძოლველად წასვლის“ შესახებ სპორტსმენის მისდამი თხოვნაზე.

მანამდე კადიროვმა ღაზის სექტორზე იერიშის გამო არაერთხელ დაგმო ისრაელი. მაგრამ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე.

ხამზატ ჩიმაევმა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში არაბთა გაერთიანებულ საამიროში ცხოვრობს, აბუ-დაბის ტურნირზე კამარ უსმანი მსაჯთა კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაამარცხა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობილმა ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თქვა, რომ ჩიმაევი არ იმსახურებდა საშუალო წონის ტიტულს, რადგან იმ დღეს რინგზე ბრაზილიელ პაულო კოსტოს უნდა შეხვედროდა. ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ბრძოლიდან მოხსნეს: ერთ-ერთ ტურნირზე მას MMA-ის მებრძოლი შოვხან ჩერჩაევი დაესხა თავს.


ჩიმაევი დაიბადა ჩეჩნეთში, მაგრამ 14 წლისა ემიგრაციაში წავიდა შვედეთში. იგი არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან ურთიერთობის გამო. ზამთარში ჩიმაევი წვრთნიდა ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟებს, მათ შორის ადამ კადიროვს, რომელიც ცოტა ხნის წინ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველის ციხეში ცემის გამო.

კადიროვთან ურთიერთობის შესახებ თავად ჩიმაევმა თქვა: "თუ მეფე მეტყვის, რომ მოვიდე და მასთან ერთად ვისადილო, მე ასეც მოვიქცევი“.

XS
SM
MD
LG