ვატო შაქარაშვილის მიმართვის საფუძველზე პროკურატურა საქველმოქმედო ფონდების წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს და გამოძიების პროცესში ყველა ის ფონდი დაყადაღებულია, ვინც საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს, დაჯარიმებულებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდა,
რამდენიმე ადამიანი ვატო შაქარაშვილის სიახლოვეს 6 აპრილს, რუსთაველზე გამზირზე, კაფე მუზეუმთან იმ დროს გამოჩნდა, როცა ის პროპაგანდისტული "პოსტვ-ის" გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო. ახალგაზრდებმა მას დაუძახეს, რომ არის მონა და რომ არ გაახარებს იმ ბავშვების ცოდვა, ვის დახმარებასაც ვერ ახერხებენ დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელები. შემთხვევის ადგილიდან ინციდენტის ამსახველი ვიდეოფრაგმენტები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ შაქარაშვილი ცდილობს ახალგაზრდებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენოს, ხელი შეუშალოს გადაღებაში და ვერბალურადაც აყენებს შეურაცხყოფას, მათ მიიჩნევს მართულებად, რომლებსაც "დაღუპავენ" ამგვარი ქცევის დავალების მიმცემები.
"მონა ხარ მთელი შენი ცხოვრება, მონის იქით ვერ წავა მთელი შენი არსებობა" - ისმის ახალგაზრდა ქალის ხმა ვიდეოში.
"გაეთრიე აქედან, წადი, ეკლესიასთან ნუ დგახარ" - პასუხობს მას ვატო შაქარაშვილი.
"ხელი არ შემახო ბიჭო! ეკლესიასთან რო ფარისევლობ, მაშინ არ ხარ? ეკლესიაში იმ ბავშვებთან სალოცავად იყავი? თითი ჩამიწიე ბიჭი!"- კვლავ ისმის ახალგაზრდა ქალის ხმა
„გაიწიე, თორემ გაგიხეთქავ თავს. ჭკუა არ ისწავლეთ გუშინ?" - უთხრა ვატო შაქარაშვილმა აქტივისტ ქალებს მას შემდეგ, რაც მათ დღეს შაქარიშვილს მონა და ფარისეველი უწოდეს.
„ჭკუა შენ ვერ ისწავლე, მონობით სარგებელი რომ არ მოდის? შენ ვერ ისწავლე ამხელა კაცმა, მონობას სარგებელი რომ არ აქვს? იმ ბავშვების ცოდვას ვერ მოიშორებ მთელი ცხოვრება. ბავშვების ცოდვა მოგეწევა!" - უთხრეს აქტივისტებმა შაქარიშვილს.
ოცნების ყოფილი წევრი, ვატო შაქარაშვილი დღეს მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერად არის წარმოდგენილი საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნებული ეს არის ორგანიზაცია, ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს. ორგანიზაციის განცხადებებს როგორც წესი, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
"ოთხი ვიყავით, სამი გოგო და ერთი ბიჭი. კადრებში არ ჩანს, რომ მეც დამარტყა, ერთ ჩემს მეგობარ გოგოსაც და ჩვენს თანმხლებ ბიჭსაც" - ეუბნება რადიო თავისუფლებას თათია აფრიამაშვილი, ვინც დაპირისპირების ამსახველი კადრები გაავრცელა ფეისბუკზე. ამ კადრებში ჩანს რომ ინციდენტის ადგილას მალევე ჩნდება გოგა ხაინდრავა და რამდენიმე სხვა პირი, ვის იდენტიფიცირებასაც რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს.
6 აპრილის შემთხვევა გაგრძელებაა 5 აპრილს მომხდარი დაპირისპირებისა, სადაც ქაშვეთის ეკლესიიდან გამოსული ვატო შაქარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს, რომელმაც მას მონა დაუძახა. მამნიაშვილს, რომელიც უკვე გამოჰკითხა პოლიციამ, ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, შაქარაშვილმა მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა და წიხლიც ჩასცხო ფეხში.
ძალადობას თავად შაქარაშვილი უარყოფს.
“ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში… იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!”, – დაწერა მან 5 აპრილს ფეისბუკის პირად გვერდზე.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 5 აპრილის შემთხვევაზე გამოძიება 126 მუხლით დაწყებულია - სისხლის სამართლის ეს მუხლი, რაც ძალადობას გულისხმობს, პატიმრობით ისჯება.
დაიწყება თუ არა გამოძიება 6 აპრილის შემთხვევაზეც, ამ კითხვაზე პასუხს რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი