Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„მობინადრეებს შევთავაზეთ ქირით გაყვანა“ - მერია ლიფტის შახტში დაღუპული მოზარდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„მობინადრეებს შევთავაზეთ ქირით გაყვანა“ - მერია ლიფტის შახტში დაღუპული მოზარდის შესახებ განცხადებას ავრცელებს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში 13 წლის მოზარდი ჩავარდა და დაიღუპა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მოზარდი თანატოლებთან ერთად კორპუსის სახურავზე სკეიტბორდით იმყოფებოდა და სახურავიდან ჩავარდა შახტში.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოზარდი ამ კორპუსის მცხოვრები არ იყო.

მათივე განცხადებით, ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო, გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა შენობიდან, რასაც მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი რჩება მისამართზე.

„შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, - წერია მერიის განცხადებაში.

12 აპრილს, ავჭალის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსში არსებული პრობლემების შესახებ არაერთხელ მიმართეს მერიას, მოითხოვეს როგორც კორპუსის გამაგრება, ისე ლიფტების გაკეთება, თუმცა ამბობენ, რომ მერიიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.

დაღუპული მოზარდი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე გადაასვენეს სახლში.

ნახევრად დანგრეული კორპუსი ლიბანის ქუჩის ბოლოში დგას. იმის გამო, რომ შენობა წლებია გრუნტის წყალში „იძირება“, მოსახლეობამ მას „ტიტანიკი“ შეარქვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG