სურვილის შემთხვევაში, ამ ღიობში შესვლა ისევ შესაძლებელია. ეს ღიობი "რიყის დოქებს" ე.წ. პარკინგების მხარეს აქვს. იქ მოხვედრა გამწვანებული სივრციდანაა შესაძლებელი.
დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ იმ დღეს მორიგეობდა ტერიტორიაზე, როდესაც მოზარდი დაიღუპა, რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარს ეუბნება, ამბობს, რომ „პატარა კაცია“, არაფერი იცის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს უნდა მივმართოთ.
მან ადგილიდან გაცლა მოგვთხოვა, პოლიციის გამოძახებით დაგვემუქრა და საქმის მთავარ გამომძიებელს დაუკავშირდა: „ჟურნალისტები იღებენ იმ ადგილს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა“, - დაურეკა მან გამომძიებელს. საბოლოოდ, საქმის გამომძიებელმა უბედური შემთხვევის ადგილზე მოსვლა არ ისურვა.
მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ 30 იანვარს 16 წლის იოსებ ადეიშვილის გარდაცვალების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და სადაც ვწერდით, რომ არც ერთი უწყება, არც შსს და არც სამაშველო სამსახური არ გვპასუხობდა, კონკრეტულად სად და როგორ დაიღუპა მოზარდი, დაგვიკავშირდა თვითმხილველი, რომელმაც მიგვითითა ტრაგედიის სავარაუდო ადგილი:
„დაახლოებით 6-დან 7 საათი იყო, „დოქებთან“ რომ მოვხვდი. ახლოს ვცხოვრობ, ძაღლებს და შვილს ვასეირნებ ხოლმე და ამიტომ დღეში ორჯერ მაინც მიწევს ამ ტერიტორიაზე სიარული. მოზარდი უკვე ამოსვენებული ჰყავდათ საკაცეზე. ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ლენტებით.
მართალია მერია ამბობს, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და პასუხისმგებლობას იხსნის, მაგრამ 2020 წლამდეც კერძო ტერიტორია ხომ არ იყო? რატომ მანამდეც არ მიიღეს ზომები, რომ ეს ტერიტორია სათანადოდ ყოფილიყო დაცული? აქ შემოსვლის საშუალება არ უნდა ჰქონოდათ ბავშვებს“, - ამბობს მარი ქარდავა.
ის ამბობს, რომ ეს არ არის რიყის პარკის ტერიტორიაზე ერთადერთი სახიფათო ადგილი და გვაჩვენებს პარკის ცენტრში დაზიანებულ შუშის მოაჯირს, რომელიც საავტომობილო გვირაბის თავზე გადადის და უკიდურესად სახიფათოა ფეხით მოსიარულეებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის:
„დაახლოებით ექვსი თვის წინ, ბავშვს ვასეირნებდი, ბურთი გადაუვარდა და სწორედ ამ დაშლილ ღობესთან აღმოჩნდა. შიშისგან ვეღარაფერი მოვახერხე, უცხო ადამიანი დამეხმარა, მან გამოიყვანა ბავშვი სამშვიდობოს. ბავშვი კი არა, ამ გატეხილ ღობეში ზრდასრული ადამიანიც თავისუფლად გაეტევა, ქვევით რომ ჩავარდეს, ცოცხალი თუ გადარჩა, მანქანა გადაუვლის“, - ამბობს მარი ქარდავა.
მარი გვაჩვენებს რიყის პარკის სათამაშო მოედანსაც, სადაც ახლაც ბევრი ბავშვი თამაშობს.
ის ირწმუნება, რომ თითქმის ორი წელიწადია, რაც ამ მოედანზე დამონტაჟებული განათების ერთ-ერთი ბოძი ელექტროენერგიას ატარებს და ბევრჯერ ყოფილა, რომ წვიმის შემდეგ, მოედანზე მყოფებსა და მათ შინაურ ცხოველებს დენმა დაარტყა.
მარი ქარდავა გვაჩვენებს 2023 წელს, ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის ე.წ. სქრინსაც, რომელშიც ამ პრობლემაზე წერს და მათ შორის მერიაც ჰყავს მონიშნული:
„ჩემს შვილსაც დაარტყა დენმა, პატრულიც გამოვიძახე. მერიიდანაც იყვნენ მოსულები. თითქოს რაღაც გააკეთეს, მაგრამ წვიმის შემდეგ, როცა ნესტია, მაინც გადააქვს დენი. მაშინ, პოსტი რომ გამოვაქვეყნე, სხვებმაც მომწერეს ამ პრობლემის შესახებ.
ამბობენ, რომ პრობლემა სიღრმეშია, მიწაში და ბოლომდე ვერ აღმოფხვრეს. სანამ აქაც „დოქების“ მსგავსი ტრაგედია არ დატრიალდება, ნეტა არ აპირებენ, რომ მიხედონ პრობლემას? ესეც კერძო ტერიტორია ხომ არ არის? ეს ტერიტორია ხომ მერიას ეკუთვნის“.
რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიის პრესსამსახურს გაუგზავნა რიყის პარკის ტერიტორიაზე, ელექტროგანათებისა და მორღვეული შუშის მოაჯირის ფოტოები.
პრესსამსახურმა წერილობითი პასუხი დაგვიბრუნა:
„თბილისის რეკრეაციულ სივრცეებში მუდმივად ტარდება მონიტორინგი, ხდება პრობლემების აღწერა, რადგან ხშირია ვანდალიზმის შემთხვევები, ინფრასტრუქტურის დაზიანება.
რიყის პარკშიც იგივე პრობლემებია, რაც, რასაკვირველია, ცნობილია გარემოს დაცვის სამსახურისთვის. ყოველდღიურად ხდება დაზიანებების აღდგენა და ხარვეზების გამოსწორება.
რაც შეეხება პარკში არსებულ გარე განათების ბოძს, ძაბვის გადასვლის ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წლებში, რა დროსაც მყისიერად ჩატარდა სამუშაოები, მათ შორის მიწისქვეშა სამუშაო და ხარვეზი გასწორდა.
დენი არ გადააქვს ამ ბოძს, დღესაც იყვნენ და შეამოწმეს. ეს მოაჯირიც შეკეთდება“.
რიყის პარკს, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და დაახლოებით 30 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, ყოველდღიურად უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი ჰყავს.
„რიყის დოქების“ ტერიტორიაზე დატრიალებული ტრაგედიის გახმაურების შემდეგ, მერიამ განაცხადა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მათი უფლებამოსილება მასზე არ ვრცელდება.
მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 29 იანვარს გავრცელდა. როგორც დაღუპული ბავშვების მშობლები ჰყვებიან, ბიჭი ტერიტორიაზე ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შევიდა, შემდეგ კი წყლითა და მიწით სავსე „ორმოში“ აღმოჩნდა.
მეგობრებმა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს. ადგილზე მისულ პოლიციასა და სამაშველო სამსახურს ბავშვი დაღუპული დახვდათ. ცხედარს მყვინთავებმა მიაგნეს.
„რიყის დოქები“, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა, 2022 წლის 24 მარტს გასხვისდა. ხელისუფლება მის გაყიდვას 2020 წლიდან ცდილობდა, საბოლოოდ, ტერიტორია აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეექვსე ცდაზე გაყიდა - ინვესტორს 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქებით 10 020 000 ლარად გადაეცა, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ იაფი იყო.
„რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის აქციონერიცაა კომპანია Global Victory Investment-ი, ხოლო კომპანიის დირექტორატში ირიცხება დავით ხიდაშელი, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის, „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი მოწმე.
დავით ხიდაშელი რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობს.
იოსებ ადეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.
16 წლის ბიჭს პირველ თებერვალს დაკრძალავენ.
ფორუმი