ექსპერტიზის ამოცანა იყო ეპოვა პასუხები კითხვებზე:
- გადიოდა თუ არა დენი იმ სადენებში, რომელიც წყალში იდო;
- დაზიანებული იყო თუ არა შადრევნის ელექტროსადენების იზოლაცია და რას შეეძლო ეს დაზიანება გამოეწვია;
- შეეძლება თუ არა ელექტროსადენები ცხაურს დაეზიანებინა;
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავისი დასკვნით ფაქტობრივად დაადასტურა გამოძიების ვერსია. ექსპერტები წერენ, რომ შადრევანის ელექტროსისტემა სათანადოდ უსაფრთხოდ არ იყო გამართული, წყალში დაზიანებული ელექტოსადენები იდო და იქვეა მითითებული - ესეც არ იქნებოდა სასიკვდილო, შადრევნის ლითონის ცხაურები (ხუფები) დამიწებული რომ ყოფილიყო.
კვლევამ დაადგინა, რომ შადრევნიდან ექსპერტიზაზე წაღებული სამი ელექტროსადენიდან სამივე დაზიანებული იყო, ერთი - მჭრელი თვისებების მქონე საგნით. ექსპერტიზამ დაწერა, რომ შესაძლებელია კაბელები ცხაურებს დაეზიანებინა.
სამხარაულის ექსპერტიზამ გამოძიებას მისწერა ისიც, რომ შადრევნის ელექტროტუმბოს დაზიანებული მკვებავი კაბელის მახლობლად სიცოცხლისთვის საშიში სიმძლავრის დენი უნდა ყოფილიყო, რომლის ზემოქმედების ძალაც დაზიანების ადგილის დაშორების პროპორციულად შემცირდებოდა.
“ეს არის ფაქტის აღწერა და არა ბრალდების წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულება” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინჟინერ-ფიზიკოსი მალხაზ ჩემია, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნების შეფასება ვთხოვეთ. ის ფიქრობს რომ დეტალების აღსადგენად კაბელების ვიზუალური დათვალიერება არასაკმარისია, პროფესიულ შეფასებას სულ მცირე ექსპერიმენტის ჩატარება სჭირდება.
“კაბელი დაზიანებულია, აქედან შეიძლება დენი გადავიდეს და მოკლას კაცი” - დილეტანტის ნათქვამია. იცით როგორ იქცევიან ამ დროს? იმ ადგილას, იმავე ოდენობის წყალში უნდა გატარდეს დენი და გაიზომოს, 220 ვოლტი თუ გადის. თვითონ კაბელსაც თავისი წინაღობა აქვს, 100%-ით ატარებს თუ ნახევრად ატარებს, შეიძლება 110 ვოლტი გამოვიდეს დაზიანების გამო, ეს ხომ უნდა გაიზომოს. პროფესიული კონტროლი არის ეს, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე ამას არ აკეთებენ, ეს უნდა დადგინდეს ელექტრული გაზომვით” - ამბობს ის.
“ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ დასმულა”
ფიზიკის დოქტორი, ჯუანშერ ჯეჯელავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უსაფრთხოების ნორმებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ზედმიწევნით ზუსტად ვიცოდეთ, რა დავალება მისცეს სამუშაოს შემსრულებლებს და რამდენად სწორად, ინსტრუქციების დაცვით შეასრულეს მათ ეს ამოცანა.
იგივეს ამბობს ინჟინერ-ფიზიკოსი მალხაზ ჩემიაც. ის ფიქრობს რომ ვაკის პარკის შადრევნში დაშვებული შეცდომების და მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირის საპოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა, “რა წერია ტექნიკურ დავალებაში და რამდენად ზუსტად შეასრულა ხელოსანმა თუ კონტრაქტორმა კომპანიამ ეს ტექნიკური დავალება.” ასეთი კითხვა გამოძიებას ექსპერტებისთვის ჯერ-ჯერობით არ დაუსვამს, თუმცა ტექნიკური დავალების შემსრულებელმა კომპანიამ ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევიდან მალევე თქვა, რომ იქ ყველაფერი ისე არ გაკეთებულა, როგორც პროექტი ითხოვდა.
ვაკის პარკის შადრევნის რეკონსტრუქციისთვის ტექნიკური დავალება კომპანია LMC-იმ მოამზადა. პირველად იმის შესახებ, რომ მერიამ პროექტი შეცვალა, კომპანიის მთავარმა არქიტექტორმა და შადრევნების კასკადის რეაბილიტაციის გეგმის ავტორმა შალვა ქურიძემ ილაპარაკა. მან თქვა, რომ მის პროექტში წყლის ტუმბო, რომელიც საბოლოოდ შადრევნის გარეთ აღმოჩნდა გამოტანილი, შადრევანშივე უნდა ყოფილიყო. თუმცა მერიამ თქვა, რომ ეს სიცრუე იყო და რომ „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“ პროექტში შადრევნის გარეთ იყო განთავსებული. LMC-ი შეეხო დენის “რელეს” ხარისხსაც და თქვა, რომ პროექტი “გრინსერვის+”-ს ევროპული სტანდარტის მაღალი ძაბვის გადამრთველის დამონტაჟებას ავალდებულებდა, საბოლოოდ კი ვაკის პარკში ჩინური წარმოების “რელე” დააყენეს, რომლის ხარისხის შესახებაც მას ინფორმაცია არ აქვს. ის, რომ ვაკის პარკში ჩინეთიდან ჩამოტანილი მაღალი ძაბვის გადამრთველია დამონტაჟებული, ჩანს სატენდერო დოკუმენტაციიდანაც და არც გრინსერვისის წარმომადგენლებს უარუყვიათ, თუმცა მერიის კონტრაქტორი კომპანია ამტკიცებს, რომ რელე ხარისხიანი იყო, შესაბამისი სერტიფიკატით შეძენილი.
რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა ელექტროობის ნაწილში LMC-ის საპროექტო დავალება, სადაც წერია, რომ “ელექტრო მოწყობილობის მეტალის ყველა ნორმალურად არადენგამტარი ნაწილები დამიწებული უნდა ყოფილიყო, კაბელი კი უნდა ჩადებულიყო გოფრირებულ (წითელ) მილში, 70 სანტიმეტრის სიმაღლეზე.“
“აქედან გადახრა უკვე არის ბრალის წაყენების საფუძველი. არ შეიძლება აუზის ძირზე კაბელები ეყაროს. ეს უნდა იყოს აუზის ძირზე, ბეტონში ცალკე გაყვანილ დრენაჟში. ის, რაც ვნახეთ, სრული უპასუხისმგებლობაა როგორც სამუშაოების შემსრულებლის, ისე დავალების გამცემის მხრიდან. ტექნიკური დავალების შეცვლა ასე მარტივად ხდება, ეს ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული და ყველაზე ცოტა 5 სხვადასხვა პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებს” - ამბობს ინჟინერ-ფიზიკოსი მალხაზ ჩემია.
ვაკის პარკში შადრევანი ახლა გამორთულია. მრგვალ, დამშრალ აუზში კარგად ჩანს ცხაურებიც და მეტალის ფირფიტაც, რომლის ქვეშაც იყო სავარაუდოდ მოქცეული შადრევნის ელექტროსადენები.
ზეპირი დავალებები და სამსახურებრივი გულგრილობა
სამხარაულის ბიუროს დასკვნა გამოძიებას სავარაუდოდ იმის მტკიცებულებად გამოადგება, რომ ვაკის პარკის შადრევანში ელექტროსადენები და ცხაურები ცუდად იყო გაკეთებული. ეს ასევე სავარაუდოდ ბრალდებას აძლევს საშუალებას თქვას, რომ ტრაგედიის მიზეზი ელექტროშემდუღებლების უხარისხოდ შესრულებული სამუშაო და დამქირავებლის გულგრილობა გახდა. მაგრამ ამ საქმეში ცუდად გადაბმული კაბელები ერთადერთი დარღვევა არ არის.
ბრალდებულების, მათი ადვოკატებისა და მერიის მაღალჩინოსნების განცხადებებიდან ირკვევა, რომ 29 აგვისტოს შემდეგ, როცა მერიამ “გრინსერვის+”-სგან შადრევანი ფორმალურად “ჩაიბარა,” იქ კვლავ მუშაობდნენ ხან გრინსერვისის და ხან მერიის თანამშრომლები, რაც იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ რომ მერიამ დაუსრულებელი ობიექტი დასრულებულად მიიჩნია.
თბილისი მერმა კახა კალაძემ 29 აგვისტოს ჩაბარებული ობიექტი თითქმის თვენახევრის შემდეგ 12 ოქტომბერს გახსნა. გამოძიების მასალებში არ არსებობს დოკუმენტი, სადაც აღწერილია რას აკეთებდნენ “გრინსერვის+”-ი, მისი ქვეკონტრაქტორები და მერიის თანამშრომლები 29 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე.
ის, რომ საქმეში არ არსებობს პროექტის ცვლილების ამსახველი დოკუმენტაცია ან შადრევნის მერიისთვის ჩაბარების შემდეგ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტური აღწერა, 22 ოქტომბერს ქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დაადასტურა. როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვინ გადაწყვიტა ვაკის პარკის შადრევანში შავი მილების თეთრით შეცვლა. ბასილაიამ უპასუხა, რომ ეს იყო ზეპირი მითითება, რომლის მსგავსიც მრავლად გაიცემა ხოლმე, როცა მერია სადმე რაიმეს აკეთებს. თუმცა დაასახელა გადაწყვეტილების მიმღებიც - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. ვახტანგიშვილი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 დაკავებულიდან ერთ-ერთია. ის მერიის ერთადერთი თანამშრომელია, რომელიც გამოძიებამ შესაძლო დამნაშავედ მიიჩნია. ამ სამსახურის ხელმძღვანელმა, გიგა გიგაშვილმა 19 ოქტომბერს თანამდებობა თავად დატოვა.
“ზეპირი მითითებების გაცემა დანაშაულია. ეს არის უპასუხისმგებლობების, არაპროფესიონალიზმის და უვიცობის შედეგი. ვინ ეკითხება მერის მოადგილეს, რომელმაც პლიუსი და მინუსი არ იცის რა არის და მუდმივი და ცვლადი დენის სხვაობა, შეცვალოს [პროექტი], [მიუთითოს] რა როგორ გაკეთდეს. მიმღებ კომისიას უნდა შეემოწმებინა საპროექტო ტექნიკური დავალების მიხედვით შესრულებული სამუშაოები. რა გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის საქმეა ელექტროობა. არ შეიძლება არ არსებობდეს ტექნიკური დავალება” - გვეუბნება მალხაზ ჩემია.
29 აგვისტოს შემდეგ გაცემული დავალებების წერილობითი დოკუმენტაციის არარსებობას რადიო თავისუფლებას უდასტურებს ამ საქმის ბრალდებულების, ელექტროშემდუღებელი ძმების, გიორგი და ვალერი გობეჯიშვილების ადვოკატი. თამაზ მექოშვილმა გვითხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე, რადგან ზეპირად გაცემული დავალებას ასრულებდნენ. თავის მხრივ ელექტროშემდუღებლები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ ცხაურებს საერთოდ არ შეხებიან, მხოლოდ კაბელები მოაქციეს თეთრი ფერის ფოლადის შესაფუთ მასალაში.
ზეპირად გაცემულ დავალებაზე საუბრობს პროკურატურაც ლაშა ფურცხვანიძის საბრალდებო დასკვნაში. ამ დოკუმენტში წერია, რომ “სექტემბრის შუა რიცხვებში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ვახტანგიშვილმა, შპს “გრინსერვის+”-ის პროექტის მენეჯერს, ალექსანდრე მაჭარაშვილს სიტყვიერად დაავალა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ სამუშაოების ნაწილი - კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის ფოლადის კონსტრუქციით შეეფუთათ ელექტრო ძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები.”
გამოძიების ვერსიით მოვლენები ამის შემდეგ ასე განვითარდა: ალექსანდრე მაჭარაშვილმა ახალი დავალების შესახებ ამცნო მის უფროსს, ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც თავის მხრივ მაჭარაშვილს დაავალა, რომ ეს სამუშაო შეეკვეთათ მათი ქვეკონტრაქტორი ფირმისთვის, “ნიუ მეტალ დიზაინის” წარმომადგენლისთვის, ლაშა ჭიღიტაშვილისთვის. ჭიღიტაშვილმა ამ სამუშაოებისთვის დაიქირავა გიორგი და ვალერი გობეჯიშვილები, რომლებმაც 22 სექტემბრის დილით მიიტანეს შესაფუთი კონსტრუქციები და შეასრულეს დავალება. მათ გრინსერვისის სამუშაოთა მწარმოებელი, ბექა მურღვლიანი ხელმძღვანელობდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ გობეჯიშვილებმა “დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი კონსტრუქციის მორგების მოხსნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოაყოლეს მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი, რამაც დააზიანა ელექტრო კაბელის იზოლაცია და შეხების შემთხვევაში კაბელი გახდა დენის გამტარი.” ამ აბზაცში ნახსენები ყველა ადამიანი, ვაკის პარკის საქმის ბრალდებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება გრინსერვისის დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს ჩატარებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობასა და ხარისხზე საექსპერტო დასკვნების მოუმზადებლობას ედავება.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ სადენები ვაკის პარკის შადრევანში, რომელიც მოზარდის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა, კაბელების მდგომარეობა სახიფათო იყო.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო წერს, რომ:
- სანათებზე მიმავალი კაბელების იზოლაცია რიგ შემთხვევაში დარღვეულია
- ერთი კაბელი გაწყვეტილია
- კაბელები რიგ შემთხვევაში გადაჭრილია/გადაბმულია და დაფარულია შავი ფერის წებოვანი ლენტით.
- საკაბელო ხაზების გარკვეული ნაწილი მოწყობილია ღიად, ყოველგვარი დამცავი გარსისა თუ ბარიერის გარეშე და თავმოყრილია ერთ ადგილას
ამ დროისთვის არ არსებობს პასუხი კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ დენის კაბელები ასეთ მდგომარეობაში იყო 22 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე, მაგრამ არავინ დაზარალებულა. მერიის მაღალჩინოსნებიც და გრინსერვისის თანამშრომლებიც 13 წლის გოგოს სიკვდილის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ჩართულ შადრევანში არაერთხელ ჩასულან მათი თანამშრომლები. მალხაზ ჩემია ვარაუდობს, რომ იზოლაციის ლენტით დაფარულმა კაბელებმა რაღაც ხანს სადენებს დენის გაჟონვის საშუალება არ მისცა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ლენტის წებოვანი გარსი შესუსტდა და დენმა გამოსვლა დაიწყო. მისი განმარტებით, მხოლოდ იზოლაციის ლენტა ასეთ შემთხვევებში არასაკმარისი დაცვაა და დამატებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო ყველაზე ცოტა, სპეციალური, წყალგამძლე სილიკონი.
ვიდეოჩანაწერები, რომელიც საქმეში არ დევს
რა ხდებოდა ვაკის პარკის შადრევანში 29 აგვისტოდან 13 ოქტომბრამდე, ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს იმ კამერების ჩანაწერებში, რომლებიც ვაკის პარკშია დამონტაჟებული და შადრევანს ყველაზე მცირე, ოთხი სხვადასხვა კუთხიდან იღებს. ამ ჩანაწერებში უნდა ჩანდეს ყველა, ვინც სხვადასხვა დროს ჩასულა შადრევანში და ის სამუშაოებიც, რასაც ისინი ასრულებდნენ.
პროკურატურამ დაკავებულების ბრალის წარდგენისას გაასაჯაროვა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბრალდების თქმით ვაკის პარკში 22 სექტემბერს არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს როგორ დადიან შემდუღებლები მრგვალ შადრევანში.
საქმის იმ მასალებში, რომლებიც ადვოკატებს გადასცეს, ვაკის პარკის ვიდეოკამერების ჩანაწერები არ დევს.
24 ოქტომბერს “გრინსერვის+”- ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა პროკურატურას მოსთხოვა მათთვის გადაეცათ შადრევნის და შადრევნის მართვის კარადის სიახლოვეს მდებარე კამერების ჩანაწერები 2022 წლის 26 აგვისტოდან 14 ოქტომბრამდე, ანუ მერიის მხრიდან შადრევნების ოფიციალურად ჩაბარებიდან მომხდარ ტრაგედიაზე ჩატარებული პირველი საგამოძიებო მოქმედებების დღემდე. მას აინტერესებს ამ პერიოდში შადრევანზე და მართვის კარადაზე მოხდა თუ არა რაიმე ზემოქმედება.
არჩილ ჩოფიკაშვილის მოთხოვნის პასუხად თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურმა გამომძიებელს აცნობა, რომ ვაკის პარკის კამერების ჩანაწერები სხვა კამერების ჩანაწერების მსგავსად მხოლოდ 30 დღის ვადით არქივდება. შესაბამისად, გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს კადრები მხოლოდ 16 სექტემბრიდან მოყოლებული. გამოძიების ნაწილად სავარაუდოდ ვერ იქცევა კამერების ჩანაწერები 12 ოქტომბრის დღის სამი საათიდან 9 საათამდე იმის გამო, რომ ამ დროს ელექტროენერგია იყო გათიშული და ვიდეოჩაწერა არ ხდებოდა. სწორედ ამ საღამოს იყო თბილისის მერი ვაკის პარკში მისული თანაგუნდელებთან ერთად შადრევნის საზეიმო გახსნისთვის.
“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე ბრალდებული 9 ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია. წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 8 დეკემბერს არის დანიშნული - ამ დრომდე გამოძიებას კიდევ აქვს დრო საქმეზე ახალი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.