თეთრი სახლის გამოქვეყნებული სიის თანახმად, დონალდ ტრამპმა 10%-იანი ტარიფი დაუწესა საქართველოსაც.
თუკი ტარიფები ძალაში შევა, საქართველოს შემთხვევაში, იგი ძირითადად საქართველოს სამთო-მოპოვებით ინდუსტრიას შეეხება. სწორედ ფეროშენადნობებია საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი შეერთებულ შტატებში.
თეთრი სახლი 2 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდებს „საპასუხო ტარიფებს“ და მიუთითებს, რომ 10% არის ტარიფი, რომელიც საქართველოს აქვს აშშ-ისთვის დაწესებული.
იქვე უთითებს, რომ „აშშ-ისთვის დაწესებული ტარიფები“ მოიცავს „სავალუტო მანიპულაციებსა და სავაჭრო ბარიერებს“.
10%-იანი ტარიფი მინიმალური, საბაზისო განაკვეთია.
10%-იანი ტარიფი, საქართველოს გარდა, დაუწესდა უკრაინას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვა არაერთ ქვეყანას.
მოლდოვას დაუწესდა 31%-იანი ტარიფი.
ჩინეთს - 34%, ვიეტნამს - 46%, შრი-ლანკას - 44%, კამბოჯას 49% და ა.შ..
საქართველოსა და აშშ-ს შორის 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ $2,21 მილიარდი შეადგინა.
აქედან აშშ-დან საქართველოში იმპორტი $2,08 მილიარდი იყო, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი - მხოლოდ $141 მილიონი.
ამერიკიდან საქართველოში შემოტანილი ყველაზე მსხვილი პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში გატანილი - ფეროშენადნობები.
2024 წელს საქართველომ $90 მილიონის ღირებულების ფეროშენადნობები გაიტანა აშშ-ში.
აშშ საქართველოსათვის სავაჭრო პარტნიორებში, 2024 წლის მონაცემებით, მესამე ადგილზეა, საექსპორტო პარტნიორებში კი მე-9 ადგილზე.
- ზოგადად, ტარიფები უცხოური პროდუქციის ამერიკელ იმპორტიორებს უძვირებს ხარჯებს, რაც შესაძლოა ამერიკელმა მომხმარებლებმა იგრძნონ;
- თუკი ამერიკელი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, უცხო ქვეყნებიდან ექსპორტიორებმა შეიძლება შემოსავლები დაკარგონ/შეუმცირდეთ.
- აშშ-სთვის საქართველო იმპორტის თვალსაზრისით უმნიშვნელო ქვეყანაა. ფეროშენადნობები, - რომელიც საქართველოდან გატანილი ძირითადი პროდუქტია, - აშშ-ს ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბრაზილიიდან და ყაზახეთიდან შეაქვს.
იმ სახელმწიფოებს, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს შედარებით მაღალი სავაჭრო დეფიციტი აქვს, შედარებით მაღალი ტარიფები უწესდებათ.
ამასთან, დონალდ ტრამპი აწესებს 25%-იან ტარიფებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ავტომობილებზე, წარმოების ქვეყნების განურჩევლად
ვაშინგტონის ახლად დაანონსებული პოლიტიკა წარმოადგენს დრამატულ ცვლილებას გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში.
პრეზიდენტ ტრამპის მიზანია, რომ აღადგინოს აშშ-ის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, შესაძლებლობები და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი.
ჯერ კიდევ გეგმის გამოცხადებამდე, მექსიკა, კანადა, იაპონია, ევროკავშირი და სამხრეთი კორეა აშშ-ს საპასუხო ტარიფების შესახებ აფრთხილებდნენ.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟებზე.
ფორუმი