გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
„გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - გვეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სუროგატი დედების ნაწილი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე 4 აპრილს არიან დაბარებული.
"გამოძიების დეტალებსა და მუხლს, რომლითაც დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვის შემდეგ გავიგებთ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას "საფარის" იურისტი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც სუროგატი დედების უფლებებს იცავს.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტოვაგზალთან, ჰოსტელში რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, 3 აპრილს, საღამოს 5 საათისკენ გამოჩნდნენ:
„გვითხრეს, რომ სტატია წაიკითხეს და სიტუაციის გასარკვევად მოვიდნენ. შეამოწმეს ჩვენი პასპორტები, გადაიღეს ფოტოები. ჩაატარეს ზედაპირული გამოკითხვა, გვითხრეს, რომ დეტალებს შესაბამის განყოფილებას გადასცემენ“, - მეუბნება 21 წლის ქალი, რომელიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-მ სუროგატი დედის სტატუსით დაიქირავა, თუმცა, მშობიარობიდან სამი თვის შემდეგაც, მას ჰონორარი არ მიუღია.
სუროგატ ქალებს რადიო თავისუფლება ჰოსტელში, პოლიციის მისვლის შემდეგ ელაპარაკა:
„ჩვენგან მოითხოვეს სრული ინფორმაცია. ვინ ვიყავით, საიდან ჩამოვედით, რა სტატუსით ვმუშაობდით. ვისთან გვქონდა ურთიერთობა. ყველაფერი მოვუყევით. ვუთხარით, რომ კომპანია Kinderly-მ დაგვიქირავა, ბავშვები გავაჩინეთ, ჰონორარები აღარ ჩაგვირიცხეს, დაქირავებული ბინებიდან გამოგვასახლეს და კომპანიამ ამ დახურულ ჰოსტელში შემოგვასახლა.
გვკითხეს, რას ელოდებითო. ვუპასუხეთ, რომ ველოდებით და ვითხოვთ კუთვნილ ჰონორარებს, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად გვეკუთვნის“, - ამბობს კიდევ ერთი სუროგატი დედა, რომელიც საქართველოში ყაზახეთიდან ჩამოვიდა.
სუროგატი ქალების თქმით, სამართალდამცავებმა კითხვები დაუსვეს მათ იმ სუროგატი დედის შესახებაც, რომელსაც საკეისრო კვეთიდან ორ კვირაში საშვილოსნო ამოკვეთეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება 2 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა.
„ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ სიტუაციაში ჩაგვყარა. მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლები და დირექტორი არა, ყველა ის ადამიანი, რომლებიც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ. მე ამ საქმეს უკვე ასე ვუყურებ, თანხა რომც ვერ მივიღო, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადამიანები კანონის შესაბამისად დაისაჯნენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჰოსტელში შესახლებული კიდევ ერთი ქალი.
3 აპრილს, დილით, სუროგატმა დედებმა რამდენიმე საათი გაატარეს შრომის ინსპექციაში გამოკითხვაზე. რვა ქალმა უწყების თანამშრომელს, რომელიც გამოკითხვას აწარმოებდა, დეტალურად გააცნო ის პრობლემები, რომლებსაც კომპანია Kinderly-ში დასაქმების შემდეგ გადააწყდნენ:
„ჩვენი სხეულები გამოიყენეს და შემდეგ მოგვისროლეს. სანამ ორსულად ვიყავით, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ როგორც კი ბავშვები გავაჩინეთ, კომპანიის წარმომადგენლები გაქრნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებს ჩარიცხული აქვთ კომპანიისთვის ათიათასობით დოლარი, ჩვენ კუთვნილი ჰონორარები დღემდე ვერ მივიღეთ და ახლა ჩვენს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჰოსტელში შეგვყარეს.
ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ჯერ კიდევ ორსული ქალებიც, რომლებიც ასევე ჰაერში არიან გამოკიდებულები და ცდილობენ, რომ რამენაირად დაუკავშირდნენ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებს, რომ შეატყობინონ, რა ვითარებაში უწევთ ცხოვრება“, - უთხრა შრომის ინსპექციის თანამშრომელს ერთ-ერთმა სუროგატმა ქალმა.
დაიწყებს თუ არა შრომის ინსპექცია შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის მოკვლევას?
რადიო თავისუფლებას უწყებაში ეუბნებიან, რომ ამის შესახებ დოკუმენტაციის სრულად გაცნობის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.
სუროგატმა დედებმა პოლიციასა და პროკურატურას თებერვალსა და მარტში რამდენჯერმე მიმართეს. პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში დაწერეს არაერთი განცხადება, თუმცა დაინტერესება მხოლოდ გამოკითხვით მთავრდებოდა.
კომპანია Kinderly-მ რომელმაც თბილისში ოფისები მარტის ბოლოს დახურა, სუროგატი ქალების ნაწილი (15 ქალი) შვილებთან ერთად დახურულ ჰოსტელში რამდენიმე დღის წინ შეასახლა.
უკვე თვეებია, რაც კომპანია Kinderly ჰონორარს არ უხდის სუროგატ დედებს. ქალების უმეტესობამ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული 16 000-22 000 დოლარი მათ არ მიუღიათ.
უკვე თვეზე მეტია, ქალებს აღარც დღიური ანაზღაურება აქვთ, ისინი ერთმანეთის იმედად ცდილობენ თავის გატანას.
ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, რუსეთი - სუროგატი დედები ძირითადად ამ ქვეყნებიდან არიან. მათ შორის არიან ქართველი სუროგატი ქალებიც.
შპს Kinderly Georgia საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.
კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში და ქალებს სთავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას. უშვილო წყვილებს კი სუროგატი დედებისა და დონორების მომსახურებას.
ის, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს, ამის შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისიდან წერდა.
ფორუმი