Kinderly-ს მიერ საქართველოში დასაქმებული უცხოელი სუროგატი ქალების რთული მდგომარეობის შესახებ ბოლო კვირებში რადიო თავისუფლებამ რამდენიმე სტატია მოამზადა.
27 თებერვალს კომპანიის სათავო ოფისი რადიო თავისუფლებას თავად დაუკავშირდა და წერილობით ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
რეპროდუქციული მედიცინის კომპანია უკრაინაში 2018 წელს შეიქმნა. 2022 წელს კი რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ კომპანიამ ფილიალები გახსნა საქართველოსა და სომხეთში.
Kinderly-ში ამბობენ, რომ ამ დრომდე, ძირითადი, სწორედ საქართველოში მოქმედი ფილიალი, Kinderly Georgia იყო.
მათთან დასაქმებული სუროგატი ქალების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას კომპანია არ ასაჯაროებს, თუმცა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სუროგატი დედების დახმარებით წელიწადში საშუალოდ 400-420 ბავშვი იბადება (სამივე ფილიალში - უკრაინა, სომხეთი, საქართველო).
კომპანია თანამშრომლობს სუროგატ ქალებთან ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან.
„19 კვირის ორსული ვარ. 18 დღეა არც გაზი მაქვს, არც გათბობა, არც ცხელი წყალი“
სუროგატი დედების ნაწილი, რომლებიც Kinderly Georgia-სთან თანამშრომლობენ, ჩვენთან ჩივიან როგორც ანაზღაურების დაგვიანებაზე, ასევე მათი ნაწილი ჰყვება, რომ კომუნალური დავალიანებების გადაუხდელობის გამო ამ ზამთარს, ყველაზე ცივ დღეებში, ყინვაში, გაზის, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე უწევთ ცხოვრება.
„19 კვირის ორსული ვარ. 18 დღეა არც გაზი მაქვს, არც ცხელი წყალი. საჭმელსაც ვერ ვაკეთებ“, - გვეუბნება ყაზახეთიდან ჩამოსული სუროგატი დედა, 34 წლის დილარა, რომელიც კომპანია Kinderly საქართველოს წარმომადგენელთან მიმოწერას გვაჩვენებს.
ამ მიმოწერის თანახმად, ის დღეების განმავლობაში სთხოვს დახმარებას კომპანიას, თუმცა, უშედეგოდ:
„საღამო მშვიდობის. ისევ არ მაქვს გაზი. იქნებ მითხრათ, როდის იქნება გაზი. ვის მივმართო, რომ ჩართონ“.
სავარაუდოდ, კომპანიის წარმომადგენელი (კურატორი) მას პასუხობს:
- „საღამო მშვიდობის. არ ვიცი, ვის შეიძლება მიმართოთ ან დაურეკოთ. თუკი არ იხდიან, ე.ი. არ შეუძლიათ, და არა იმიტომ, რომ დაავიწყდათ ან ამის სურვილი არ აქვთ“.
- „კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდო, მე ხომ ორსულად ვარ, ცხელი წყალიც არ მაქვს“.
- „ეს რომ ვიცოდე“... პასუხობს კომპანიის წარმომადგენელი.
მიმოწერიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც, 27 თებერვალს, დილარა ისევ ელოდა ბუნებრივი აირის ჩართვას. ამ დღეების განმავლობაში ის ყოველდღე სწერდა კომპანიას და გაზის მიწოდების აღდგენას სთხოვდა. კომპანიამ სანაცვლოდ მას ელექტროჩაიდანი მიუტანა.
დილარა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თებერვალში არც ანაზღაურება მიუღია:
„18 თებერვალს მივწერე და მითხრეს, რომ მხოლოდ 50 დოლარს მომცემდნენ, რომ მშიერი არ დავრჩენილიყავი. არადა, კრედიტი მაქვს დასაფარი. ვთხოვე, იქნებ 100 დოლარი მაინც ჩამირიცხოთ-მეთქი, თუმცა უარი მითხრეს. სხვებსაც უნდა გადავუნაწილოთო“.
სუროგატ დედებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია Kinderly ვალდებულია, რომ ქალებს ყოველთვე 400 დოლარი გადაუხადოს.
„მეც ველოდები [თებერვლის თვის] ხელფასის ჩარიცხვას. 13 წლის შვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩემ გარდა, ანაზღაურებას ელოდება კიდევ ბევრი ქალი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 31 წლის დარია ზახარკივი. ის საქართველოში სუროგატი დედის სტატუსით რუსეთიდან ჩამოვიდა და ახლა 15 კვირის ორსულია.
კომუნალური დავალიანების გადაუხდელობის გამო მასთანაც გაითიშა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია:
„სანამ ხმაური არ ავტეხე, მანამდე არ დაფარეს [ელექტროენერგიის] დავალიანება... არიან გოგოები, რომლებსაც ბინების პატრონებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ თუ ქირას არ გადაიხდიან, სახლები უნდა დაეტოვებინათ. საცხოვრებლის გადასახადს კომპანია იხდის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კომპანია ქირის გადახდასაც აგვიანებს. კომპანიაში გვეუბნებიან, მოითმინეთ, ჩვენც ველოდებით ჩარიცხვებსო.
გოგოების ჯგუფი გავაკეთეთ. 20-მდე სუროგატია შეკრებილი. ამ ჯგუფში ისინი გავერთიანდით, ვინც მზად ვართ, რომ კომპანიას ვუჩივლოთ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. დანარჩენი ქალები ჯერჯერობით ჩუმად არიან, ეშინიათ ხმის ამოღების“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დარია ზახარკივი.
დარია და kinderly-ში დასაქმებული სხვა სუროგატი დედები, უმეტესად ჩინეთის მოქალაქეების ბიოლოგიურ შვილებს აჩენენ.
სწორედ ამიტომ სუროგატმა დედებმა 26 თებერვალს დასახმარებლად საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიმართეს:
„გვინდოდა ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებამდე მიგვეტანა ინფორმაცია, რა მდგომარეობაში ვართ, რა პირობებში გვიწევს მათი შვილების მუცლით ტარება, მაგრამ საელჩოში გვითხრეს, ჩინეთში სუროგაცია აკრძალულია და ვერ შევძლებთ მშობლებთან დაკავშირებასო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დარია ზახარკივი.
ბავშვის დაბადების შემდეგ, ერთი თვე ელოდა სრული ჰონორარის, 16 000 დოლარის ჩარიცხვას ყაზახეთის მოქალაქე, 23 წლის ანასტასია. ის საქართველოში 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. მის შესახებ რადიო თავისუფლებამ რამდენიმე სტატია და ვიდეო მოამზადა.
სუროგატმა დედამ ხელშეკრულების დარღვევისა და კომპანიის ხელმძღვანელის მუქარის გამო, საჩივრით მიმართა გენერალურ პროკურატურასაც.
27 თებერვალს მას კომპანიამ 5000 დოლარი, ჰონორარის ნაწილი გადაუხადა. უყიდა ყაზახეთში გასამგზავრებელი ბილეთები და მისცა ნოტარიულად დამოწმებული პირობა, რომ დარჩენილ თანხას 7 მარტამდე ჩაურიცხავს. ანასტასიამ საქართველო დღეს, 28 თებერვალს დატოვა.
მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ არაერთი მასალა მოამზადა ყაზახი სუროგატი დედების შესახებ, კომპანიამ 25 თებერვალს, კიდევ ერთ ქალს, 40 წლის ანასტასია პოკოლნიშკოსაც გადაუხადა ჰონორარი, რომელიც კუთვნილ ანაზღაურებას თითქმის ოთხი თვე ელოდა.
რადიო თავისუფლების სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოში ერთ-ერთმა მსხვილმა ვაკანსიების პორტალმა Jobs.ge-მ, Kinderly-ის უარი უთხრა ვაკანსიების გამოცხადებაზე.
ამ საიტზე კომპანია ხშირად აქვეყნებდა ოფისის ადმინისტრაციული თანამშრომლების, კურატორების, იურისტების, თარჯიმნებისა და ძიძების ვაკანსიებს.
„ჩვენი კომპანია შეიქმნა იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ ადამიანებს სამსახურის პოვნაში. ვფიქრობ, რომ კომპანია "ქინდერლის" საქმიანობა შეუთავსებელია ამ მიზანთან“, - გვეუბნება ლექსო ხუბულავა, jobs.ge-ს დამფუძნებელი.
„ამ ყველაფერმა ძალიან შეარყია კომპანიისადმი ნდობა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში“
Kinderly-ს სათავო ოფისი, რომელიც უკრაინაში მდებარეობს, აღიარებს, რომ კომპანიას პრობლემები აქვს, დროულად ვერ ფარავს სუროგატი დედების ანაზღაურებებს, ვერ იხდის კომუნალურ გადასახადებს და ამიტომ დროებით აჩერებს საქართველოში სუროგატი ქალების უცხოეთიდან ჩამოყვანას.
როგორც კომპანია Kinderly-ის ხელმძღვანელი რუსლან ტიმოშენკო სწერს რადიო თავისუფლებას, საქართველოს ოფისთან „ერთგვარი უთანხმოება არსებობს ფინანსური რეზერვებისა და ფინანსების არაკვალიფიციურად გადანაწილების გამო“.
„გაფორმდა ძალიან ბევრი ხელშეკრულება სუროგატი დედებისთვის განკუთვნილ ბინებზე, რის გამოც ამოიწურა ფინანსური რეზერვი და ამ რეზერვის შევსება ვერ მოხერხდა მშობლების მიერ გადასახადების შეფერხების გამო.
ახლა მთელი ძალები მიმართულია პრობლემის გამოსწორებისკენ. ხოლო ახალი სუროგატი დედების მიღება დროებით შეჩერებულია სიტუაციის კიდევ უფრო გართულების თავიდან ასარიდებლად. პირველი პრიორიტეტი ახლა ხელფასების გადახდაა. კომპანიის არსებობის ისტორიაში გვქონია შეფერხებები, მაგრამ უმნიშვნელო. მიმდინარე სიტუაცია ჩვენთვისაც შოკი აღმოჩნდა.
ჩვენ სრულად ვიაზრებთ, რა სიტუაციაში აღმოჩნდნენ სუროგატი დედები. ეს გოგოები უცხო ქვეყანაში ჩამოდიან, არავინ ჰყავთ ჩვენ გარდა, ეს გვესმის. სამწუხაროდ, ისინიც მანიპულირებენ ჩვენით. ყველა დავალიანება დაიფარება. სხვა ვარიანტი არ განიხილება“, - ამბობს რუსლან ტიმოშენკო.
მისივე თქმით, ჰონორარების დაგვიანების მიზეზი, ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების შემდეგ დოკუმენტაციის მოწესრიგების ვადების და ბიოლოგიური მშობლების მიერ თანხების ჩარიცხვის გაჭიანურებაა:
„ხელშეკრულებებში წერია, რომ სუროგატი დედა ჰონორარს იღებს მას შემდეგ, რაც ბავშვის ბიოლოგიური მშობლები გააფორმებენ დოკუმენტებს. ხანდახან მშობლები პრობლემებს აწყდებიან იუსტიციის სახლში, ვერ ხერხდება ამ დოკუმენტების დროული მოწესრიგება.
ჩვენ სუროგატ დედებს ასეთ ვარიანტს ვთავაზობთ, როდესაც ისინი ბრუნდებიან სახლებში, მათ ვუხდით ჰონორარის 50%-ს, დოკუმენტების საბოლოოდ მოწესრიგების შემდეგ კი - დანარჩენ თანხას.
ვცდილობთ, დროულად გავაფორმოთ ხოლმე საბუთები, მაგრამ ხანდახან უკან გვიბრუნდება ეს დოკუმენტაცია, გვეუბნებიან, რომ აკლია გარკვეული საბუთები. მაქსიმალურად ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომ დოკუმენტები იყოს სრულყოფილი, მაგრამ ხანდახან იუსტიციის სახლის განწყობებზეც ვართ დამოკიდებული.
ამასთანავე, ხანდახან შეფერხებებია წყვილების მხრიდან თანხის გადმორიცხვის პროცესში. თუმცა, 90%-ში ეს პრობლემები უკავშირდება არა წყვილების მხრიდან შექმნილ პრობლემებს, არამედ გარკვეულ ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა და აისახება ჰონორარების გაცემის შესაძლებლობებსა და ვადებზე“, - ამბობს რუსლან ტიმოშენკო.
იმისათვის, რომ სუროგაციით დაბადებული ბავშვის დოკუმენტაცია ჩაითვალოს სრულყოფილად, აუცილებელია, რომ იუსტიციის სახლში მშობლებმა წარადგინონ სუროგაციის გზით განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი. ასევე, სუროგაციის გზით განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სუროგატსა და მშობლებს შორის, თუ სუროგაციის პროცესში ჩართულია დონორიც, მაშინ ხელშეკრულება მასთანაც ფორმდება. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შესრულებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელია მითითებული.
რაც შეეხება სუროგატ დედებს, რომლებიც დაგვიანებული ხელფასების გარდა, ზამთრის ყინვაში გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩნენ, Kinderly-ს ხელმძღვანელი, რუსლან ტიმოშენკო გვეუბნება:
„ვიცით ამ სიტუაციის შესახებაც. სადაც შესაძლებელია, თანამშრომლები მაშინვე აგვარებენ პრობლემას, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც თანამშრომლების გადატვირთულობის გამო, ლოდინი უწევთ ქალებს. მიმდინარე მდგომარეობა დიდ ტვირთად დააწვათ კურატორებს (კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუროგატ დედებზე არიან პასუხისმგებელნი - რ.თ.), საჭირო გახდა თითოეული სუროგატისთვის უფრო მეტი დროის დათმობა. გვესმის, რომ თავის გამართლებას - „დაკავებულები ვართ“ ან „დრო არ გვაქვს“, - აზრი არ აქვს, ამიტომ ვმუშაობთ კურატორებთან, რომ დროული ინფორმაცია მიაწოდონ სუროგატ დედებს, რათა არ დარჩნენ გაურკვევლობაში“, - გვპასუხობს კომპანიის ხელმძღვანელი.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Kinderly კომპანიაში ცვლილებებს გეგმავს:
„ამ ყველაფერმა საკმაოდ შეარყია კომპანიისადმი ნდობა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და ახლა მხოლოდ თანხების გადახდა ვეღარ გადაჭრის პრობლემას. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ პროცესზე და აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნას. ამ სიტუაციის შემდეგ, გატარებული იქნება შიდა ცვლილებებიც, როგორც ფინანსურ, ისე სუროგატ დედებთან ურთიერთობების მიმართულებით“, - ამბობს რუსლან ტიმოშენკო.
რეპროდუქციული სააგენტო Kinderly არ არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი სააგენტო, რომლებსაც უცხოელი სუროგატი ქალები თავიანთი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
თებერვლის დასაწყისში, ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში, მოტყუებით ჩამოყვანილ ტაილანდელ ქალებს კვერცხუჯრედების სხვისთვის გადაცემას აიძულებდნენ. ამ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი).
„აუცილებელია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ჩარჩო-კანონმდებლობის შექმნა“
სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად:
- კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
- კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
- კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
- ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
- კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.
ამ ბრძანების თანახმად, თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
გიორგი კავკასიძე, მედიცინის დოქტორი და რეპროდუქტოლოგი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა.
მისი თქმით, ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა, მალევე, კოვიდპანდემიის გამო, პროცესი შეწყდა და აღარ განახლებულა:
„დავიწყეთ მუშაობა კანონზე „დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების შესახებ“. ამ კანონს ევროკავშირის ქვეყნებში ეწოდება Medically Assisted reproduction და არეგულირებს ყველა მიმართულებას რაც ამ დარგს ეხება, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია, დონაცია.
დღეს, საქართველოში ეს პროცედურები და ტექნოლოგიები არ არის ჩარჩოში მოქცეული. არის გაბნეული სხვადასხვა კანონში, შესაბამისად, არის გაურკვევლობა, რითაც სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, დაწყებული ექიმებით, დასრულებული ბიზნესმენებით, რაც დარტყმის ქვეშ აყენებს ამ დარგს“.
გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ ჩარჩო-კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა ის პროცედურა, რომელსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოიცავს:
„არცერთი იმ კანონის შექმნაში, რომელიც დღეს არეგულირებს საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართულებებს, „ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ გარდა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, დარგის სპეციალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამიტომაა ყველა ეს რეგულაცია ზედაპირული.
ჩარჩო-კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა. გაწერილი უნდა იყოს კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხიც.
ეს კანონი დაახლოებით 15 თავისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც მიეძღვნება თითოეულ მეთოდს, სადაც გაწერილი იქნება ჩვენებები, ტექნიკური შესაძლებლობები და შეზღუდვები.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კანონმდებლობა და არა ორ სიფრიფანა ფურცელზე დაწერილი რეგულაციები“.
დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.
მიუხედავად 2023 წელს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელსაც 2024 წლიდან უნდა აეკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისი, ამ წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენიდან მოიხსნა. მაშინ დარგის სპეციალისტები აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს და ამბობდნენ, რომ ეს ინიციატივა საფრთხის შემცველი იყო როგორც თავად დარგის - მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
სუროგაცია დაშვებულია სულ რამდენიმე ქვეყანაში:
ავსტრალია, საქართველო, კანადა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლაოსი, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი და ინდოეთი.
სხვა ქვეყნებში სუროგაციის აკრძალვის ძირითადი მიზეზი ქალებისა და ბავშვების უფლებებია. სუროგაციის მოწინააღმდეგე ჯგუფში შემავალი ქვეყნები თვლიან, რომ:
სუროგაცია არღვევს ბავშვისა და სუროგატი დედის ღირსებას და მათ რიგითი კონტრაქტების ობიექტებად აქცევს; სუროგაცია ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს; არ შეიძლება კერძო შეთანხმების საგანი გახდეს არც ადამიანის სხეული და არც პირთა სამოქალაქო სტატუსი.
ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის პროცესში მონაწილეობა სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება.
სუროგატი დედების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ქალები არიან.
ფორუმი