ანასტასია ამბობს, რომ თბილისში კიდევ არაერთი ყაზახი ქალია, რომლებმაც, როგორც სუროგატმა დედებმა, უცხოელი წყვილებისთვის ბავშვები გააჩინეს, თუმცა კლინიკისგან საბოლოო ჰონორარი, რომელიც დაახლოებით 15-16 ათას დოლარს შეადგენს, ჯერაც არ მიუღიათ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ფულს 3 თვეა ელიან:
„მათ ეშინიათ, რომ ხმამაღლა ილაპარაკონ, საერთოდ უფულოდ არ დაგვტოვონო. მე დავიწყე ლაპარაკი და ბრძოლა, მაგრამ მეც მეშინია“, - მეუბნება ანასტასია, რომელიც მთხოვს, რომ მისი სახე არ გამოვაჩინოთ, არც გვარი დავწეროთ. სუროგატი ქალების ოჯახების უმეტესობამ არ იცის, რატომ ჩამოდიან ისინი საქართველოში.
„დარჩენილი ფულით რძე ვიყიდე და ბავშვს ფაფა მოვუხარშე. აი, სულ ესაა ჩემი ფული“
ანასტასია თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მასთან ერთად ცხოვრობს კიდევ ერთი სუროგატი ქალი ყაზახეთიდან, ისიც მცირეწლოვან შვილთან ერთად.
23 წლის სუროგატი დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკვე რამდენიმე დღეა სააგენტოს მისთვის აღარც დღიური თანხა ჩაურიცხავს და ახლა საჭმლის ფულიც არ აქვს:
„დეიდაჩემმა გადმომირიცხა 5000 ტენგე (27 ლარი), რომ დღეს საელჩოში წავსულიყავი და განცხადება დამეწერა. გზაში 4000 ტენგე დავხარჯე, დამრჩა 1000, იმ ფულით რძე ვიყიდე და ბავშვს ფაფა მოვუხარშე. აი, სულ ესაა ჩემი ფული.
მარტო მე არ ვარ ამ სიტუაციაში. ყაზახეთიდან ბევრი ქალია ჩამოსული, რომ საქართველოში სუროგატი დედები გახდნენ. „ვოთსაფის“ საერთო „ჩათი“ გვაქვს, 46-ნი ვართ. ვინც მე ვიცი, დაახლოებით 10 ქალია ჩემს დღეში. გააჩინეს ბავშვები და ჰონორარები არ მიუღიათ.
არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯერ ბავშვი არ გაუჩენიათ და ყოველთვიური ჰონორარი, რომელსაც კომპანია გვიხდის ორსულობისას, არ გადაუხდიათ. არიან ქალები, რომლებსაც არ უხდიან დღიურ თანხას.
8 თებერვალს, კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომელი, ყოფილი სამართალდამცავი იყო მოსული ჩემთან სახლში. ორ დღეში 2000 დოლარს მოგიტანთო. მაგრამ აღარავინ გამოჩენილა. სააგენტოს დამფუძნებელი არც ტელეგრამზე, არც „ვოთსაფში“ აღარ პასუხობს. არც სააგენტოს სხვა თანამშრომლები“, - გვიყვება ანასტასია, რომელიც თან 4 წლის შვილის ფაფას აციებს.
ანასტასიამ სუროგატი დედობა ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა. ტიკტოკზე შეხვდა რეკლამა, რომელიც ქალებს სუროგატ დედებად დასაქმებას, მაღალ ჰონორარსა და საუკეთესო პირობებს ჰპირდებოდა:
„ფაქტობრივად, არავინ მყავს, მხოლოდ 80 წლის ბებია და 4 წლის შვილი. ფინანსურად ჩემზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში, გავაჩენდი ბავშვს, ავიღებდი ჰონორარს და ცოტათი მაინც გავიუმჯობესებდი მდგომარეობას, მაგრამ აქ ასეთ დღეში ჩავვარდი“.
ანასტასიამ ბავშვი 31 იანვარს, ორსულობის 35-ე კვირაზე, საკეისრო კვეთით გააჩინა. ამბობს, რომ ჩვილი ჯანმრთელი დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობის გამო ნაადრევად იმშობიარა:
„29 იანვარს მივედი სააგენტოში, რათა ავანსისა და ჰონორარის შესახებ დეტალები გამერკვია. სააგენტოს დამფუძნებელი, რუსლან ტიმოშენკო უხეშად მომექცა. მიყვირა. გასაღებით გადაკეტა კაბინეტის კარი და მემუქრებოდა. ამ ამბიდან 2 დღეში ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა“.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ანასტასიამ კლინიკასა და ჩინეთის მოქალაქეებთან, ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან გააფორმა, ჰონორარი მშობიარობიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ უნდა მიეღო, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები გაფორმდებოდა.
თუმცა, ანასტასიას არც ჰონორარი და არც დღიური თანხა საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთებისთვის, აღარ მიუღია.
ანასტასია მაჩვენებს ფურცლის ნაგლეჯზე, 30 იანვრით დათარიღებულ ხელწერილსაც, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის დამფუძნებელი:
„კომპანია „kinderly“ პირობას დებს გადაუხადოს საბოლოო ჰონორარი ანასტასია გ.-ს მშობიარობიდან 7 დღის განმავლობაში“.
23 წლის სუროგატი დედის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ჭრილობა არ მოუშუშდა:
„დრენაჟი დამიყენეს. ჭრილობა არ ხორცდება. ძალიან მეშინია, მე რომ რამე დამემართოს, ჩემს შვილს ვინ მიხედავს?“
7 თებერვალს ანასტასიამ „კინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლის, რუსლან ტიმოშენკოს წინააღმდეგ, პოლიციაში საჩივარი დაწერა:
„ეს ადამიანი დამემუქრა, ოთახის კარი ჩამიკეტა. ამის გამო დამეწყო ნაადრევი მშობიარობა. ჩემი საჩივარი პოლიციაში ჩაიბარეს, მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან, თუმცა, ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სუროგატი დედის საჩივარზე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მოკვლევა დაწყებულია, თუმცა, მხარეები ჯერჯერობით გამოკითხულნი არ არიან.
11 თებერვალს ანასტასიამ დახმარების თხოვნით ყაზახეთის საელჩოს მიაკითხა:
„შევხვდი ელჩს. თავდაპირველად არ უნდოდა ჩემი განცხადების მიღება. მითხრა, რომ სასამართლოში უნდა დაწერო საჩივარი და დაელოდო გადაწყვეტილებასო. როგორ უნდა დაველოდო უფულოდ. პატარა შვილი მყავს, ბავშვს ხომ უნდა ჭამა?
როდესაც ელჩს ვუთხარი, რომ მათი ვალი იყო ჩემი უფლებების დაცვა, დამთანხმდა განცხადების მიღებაზე. მითხრა, რომ ჩემს განცხადებას გადასცემენ ჩინეთის საელჩოს. რათა მათ მოახერხონ ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირება. თუმცა, ელჩმა მითხრა, რომ ესეც დიდ დროს წაიღებს.
ახლა ასე, ჰაერში ვარ გამოკიდებული. სააგენტოში პირადად მისვლა მეშინია. ავანსის სახით დაახლოებით 4000 დოლარი მაქვს აღებული, დანარჩენ ჰონორარს, თითქმის 12 ათას დოლარს, უშედეგოდ ველოდები“, - მეუბნება 23 წლის სუროგატი დედა.
4 შვილის დედა, სუროგატი ქალი ყაზახეთიდან, რომელიც 3 თვეა ელის ჰონორარს
23 წლის ანასტასიას მსგავსად, Kinderly Georgia-სგან ჰონორარის ჩარიცხვას ელის 40 წლის ანასტასია პოკოლნიშკო. ბავშვი ჩინეთის მოქალაქეების წყვილისთვის 3 თვის წინ გააჩინა, თუმცა კომპანიამ მის ანგარიშზე მხოლოდ 5000 დოლარი ჩარიცხა.
თბილისში, ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, ანასტასია სახლში, ყაზახეთში დაბრუნდა:
„დედა გარდამეცვალა, ამიტომ საქართველოში ვეღარ დავრჩებოდი. ორი კვირის წინ გადმომირიცხეს 5000 დოლარი. მქონდა იმედი, რომ დარჩენილ თანხას, 8600 დოლარსაც ჩამირიცხავდნენ, მაგრამ დღეს უკვე 11 თებერვალია და ჰონორარი ისევ არ გადმოურიცხავთ. ხან რა მიზეზს ამბობენ, ხარ რა მიზეზს. ბოლოს მითხრეს, ჩინური ახალი წელია და თანხის გადმორიცხვა ამიტომ ვერ ხერხდებაო. განა რამდენ ხანს გრძელდება ჩინური ახალი წელი?“
ანასტასია 4 შვილის დედაა. როგორც სხვა სუროგატი ქალების უმრავლესობა, საქართველოში ისიც ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩამოვიდა:
„ეს გადაწყვეტილება მე და ჩემმა ქმარმა ერთად მივიღეთ. საბანკო ვალი დაგვიგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი მუშაობს და მეც მქონდა დასუფთავების მცირე კომპანია, მომხმარებელი ძალიან ცოტა გვყავდა და ვალებისგან თავის დაღწევა ვეღარ მოვახერხეთ. გარდა ამისა, ერთ-ერთ შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მისი მკურნალობისთვისაც გვჭირდება თანხა.
თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ საქმეს. გაცნობიერებული მქონდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი უნდა გამეჩინა. მაქსიმალურად ვუვლიდი თავს, ვასრულებდი სააგენტოსა და ექიმების ყველა დავალებას.
არასდროს მინახავს ის წყვილი, ვისთვისაც შვილი გავაჩინე. ვითხოვდი მათთან შეხვედრას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომცეს. სააგენტოში მეუბნებოდნენ, რომ ბიოლოგიურ მშობლებს თავად არ სურდათ ჩემთან კომუნიკაცია. ერთადერთი რაც ვიცი, მითხრეს, რომ ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში ჩამოვიდნენ მისი მშობლები და წაიყვანეს“.
სუროგატი დედა გვეუბნება:
„სანამ ორსულად ხარ, ყველა იდეალურად გეპყრობა. ყველა თავზე გეხვევა, მაგრამ როგორც კი ბავშვს აჩენ, იქ მთავრდება ყველაფერი. ეს დამოკიდებულებები უეცრად იცვლება“.
სუროგატი დედების ვაკანსიის შესახებ ანასტასია პოკოლნიშკომაც ტიკტოკიდან შეიტყო.
რას ამბობს Kinderly Georgia?
საჯარო რეესტრის თანახმად, შპს Kinderly Georgia, რომლისგანაც ყაზახი სუროგატი დედები ჰონორარის ჩარიცხვას ელიან, საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.
კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში.
კომპანია ქალებს სთავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას.
რადიო თავისუფლება Kinderly Georgia-ს ოფისში, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს, 11 თებერვალს მივიდა.
გვინდოდა კომპანიისგან მოგვესმინა კითხვებზე პასუხები: რატომ ჭიანურდება სუროგატი დედებისთვის ჰონორარის გადახდა? რატომ არ უხდიან ზოგიერთ მათგანს დღიურ თანხას? რამდენი სუროგატი ქალია მათ ბაზაში? რომელი ქვეყნებიდან?
კომპანიის წარმომადგენელი სოფიო გასპაროვა გვეუბნება, რომ არ არის ვალდებული უპასუხოს ჩვენს კითხვებს:
„რატომ უნდა გაგცეთ პასუხი? თქვენ იურისტი ხართ? თუ რატომ უნდა დაგელაპარაკოთ თქვენ? პასუხები რომ გაგცეთ, მაშინ იურისტთან უნდა გავიარო კონსულტაცია. მე ვარ ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც სუროგატებსა და დონორებზეა პასუხისმგებელი. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ადგილზე არ არიან, ამიტომ პასუხს ვერავინ გაგცემთ“.
სოფიო გასპაროვას ვეუბნებით, რომ კომპანიის დამფუძნებლის სახელზე პოლიციაში საჩივარია დაწერილი:
„ჩვენთან პოლიციიდან არავინ მოსულა“, - გვპასუხობს ის.
ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისEquality Now ექსპერტი, ციცი მატეკაირე, რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც სუროგატი ქალები დგანან და ამბობს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა სოციალურ პლატფორმებზე განთავსებული რეკლამები, რომლებიც მოწყვლად, ეკონომიკური სირთულეების მქონე ქალებს, კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს.
მისი თქმით, საქართველოში დასაქმებული უცხოელი სუროგატი დედების პრობლემები აშიშვლებს ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნებს და ეს ხელისუფლების აღსაკვეთია:
„ეს პრობლემები აჩვენებს, რომ აუცილებელია მთავრობებს შორის თანამშრომლობა ამ ქსელების დასაშლელად, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და დანაშაულის მსხვერპლთა დასახმარებლად. მსხვერპლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა იურიდიულ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე. უნდა მოხდეს მათი ეკონომიკური გაძლიერება, რათა მოახერხონ ცხოვრების აწყობა.
კრიმინალური ქსელები ხშირად იყენებენ სოციალურ პლატფორმებს მსხვერპლების მოსაძებნად. ამიტომ მნიშვნელოვანია რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლა, კოორდინირებული გამოძიების შედეგად დანაშაულების შეჩერება.
ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც ამ ტიპის დანაშაულების მსხვერპლებს ადგებათ, განუზომელია. იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ექსპლუატაციის ეს ფორმა, აუცილებელია, რომ ხელისუფლებებმა ქალებს შესთავაზონ შემოსავლის სხვა საშუალებები, რათა მათ მოახერხონ საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვა და არ იქცნენ სხვა პირებისგან ტყუილი დაპირებების მსხვერპლად“.
სუროგაცია და ქართული კანონმდებლობა
დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.
სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად:
კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.
ამ ბრძანების თანახმად, თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
რამდენი ბავშვია დაბადებული საქართველოში სუროგაციის გზით და მათ შორის, რამდენი ბავშვია გაყვანილი უცხოეთში? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს გასულ წელს მიმართა. ჩვენი კითხვები მათ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ სტატისტიკას“.
საქართველოში უცხოელი სუროგატი დედების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაშიც გავრცელდა.
ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა, რომელიც ტაილანდელ ქალებზე დაყრდნობით წერდა, ქალები საქართველოში ჩინური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჩამოიყვანეს, რომლებმაც მათ თავი ე.წ. სუროგაციის ბროკერებად გააცნეს და შეჰპირდნენ, რომ 400 000-დან 600 000-მდე ტაილანდურ ბატს [12 ათასიდან 17 ათასამდე ამერიკული დოლარი] გადაუხდიდნენ, თუ ისინი სუროგატი დედები გახდებოდნენ. დედობის ნაცვლად კი მათ ყოველთვიურად კვერცხუჯრედების გაცემას აიძულებდნენ და სამედიცინო მანიპულაციისთვის კლინიკაში მიჰყავდათ.
ამ საქმეზე საქართველოში დაწყებულია გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი).
ფორუმი