„უსაფრთხოების თანამშრომლები“, - ასე უწოდებს ყაზახეთის მოქალაქე, სუროგატი დედა ორ მამაკაცს, რომლებიც 14 თებერვალს მასთან სახლში მივიდნენ და უთხრეს, რომ შეწყვიტოს საუბარი ჟურნალისტებთან და ჰონორარს, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ უნდა მიეღო, კომპანია გადაუხდის.
ანასტასია ამბობს, რომ ეს ადამიანები Kinderly Georgia-ს დაცვის თანამშრომლები არიან.
„ვიცი, რომ ყოფილი სამართალდამცავები არიან. ერთ-ერთი, დავითი, რამდენიმე დღის წინაც იყო მოსული და მითხრა, რომ თანხის ნაწილს მომცემდნენ, მაგრამ ტყუილი დაპირება იყო.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებთან ლაპარაკი დავიწყე სუროგატი დედების პრობლემების შესახებ, დაიწერა სტატია და გამოქვეყნდა ვიდეოები, როგორც ქართულ, ისე ყაზახურ მედიაში, დღეს ისევ გამოჩნდნენ.
მითხრეს, რომ გავჩუმდე და ჰონორარს გადაიხდიან. თუ არ გავჩუმდებოდი, დავრჩებოდი ჰონორარის გარეშე. თან, დამემუქრნენ, [მითხრეს] იმ სახლიდან, სადაც მე ვცხოვრობ და ჩემთან ერთად, პერიოდულად სხვა ყაზახი სუროგატებიც, ერთ-ერთმა ქალმა ტელევიზორი გაყიდაო, პოლიციას გამოვიძახებთ და გიჩივლებთო“, - უყვება ანასტასია რადიო თავისუფლებას.
სუროგატმა ქალმა 14 თებერვალს თავად გამოიძახა პოლიცია:
„მოვიდნენ, მოვუყევი ყველაფერი. ვუთხარი, რომ მემუქრებოდნენ. მე და ბავშვი წაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იქიდან მეორე განყოფილებაში გადაგვიყვანეს. იქ გამომძიებელმა მითხრა, აზრი არ აქვს საჩივრის დაწერას, ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ დაგმუქრებიან და ვერ დაამტკიცებ, რომ ნამდვილად გემუქრებოდნენო. მითხრა, აჯობებს, უარი თქვა საჩივარზე, მოდი, დავწეროთ, რომ უბრალოდ შეგეშინდაო. სასამართლოს რომ გადაეცეს საქმე, მტკიცებულებები დაგჭირდება, ბევრ კითხვას დაგისვამენო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანასტასია.
მან პოლიციას პირველად ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, 7 თებერვალს მიმართა. მაშინ სუროგატმა დედამ „კინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლის, რუსლან ტიმოშენკოს წინააღმდეგ, პოლიციაში საჩივარი დაწერა:
„29 იანვარს, როდესაც კომპანიაში ჩემი ჰონორარისა და ავანსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივედი, მითხრეს, თანხა უნდა დაგიქვითოთო. რუსლან ტიმოშენკოსთან მომივიდა კამათი. ეს ადამიანი დამემუქრა, ოთახის კარი ჩამიკეტა. ნერვიულობის ნიადაგზე, ორ დღეში ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და 31 იანვარს, მშობიარობის 35-ე კვირაზე, საკეისრო კვეთით გავაჩინე ბავშვი, რომელიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელი დაიბადა“.
23 წლის სუროგატი დედის უფლებებს 14 თებერვლიდან „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი იცავს.
ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყაზახი სუროგატი ქალის საქმეში ორი სავარაუდო დანაშაული იკვეთება - მუქარა და ტრეფიკინგი.
„მართალია, ქალმა ერთი კვირის წინ მიმართა პოლიციას, მაგრამ ვაკე-საბურთალოს მეექვსე სამმართველოში გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის. როგორც მოვიკვლიე, ეს საქმე, ამ ეტაპზე, აწერია მართლწესრიგის ოფიცერს.
მაშინ ყაზახი გოგონა პოლიციაში იმყოფებოდა ადვოკატის გარეშე. ამბობს, რომ პოლიციას მან სრულყოფილი ჩვენება მისცა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო სათანადოდ გამოეკვეთა ის სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც სახეზეა და ამიტომ აუცილებელია, რომ სუროგატი დედა ხელახლა გამოიკითხოს.
საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მისცეს სამართლებრივად გამართული ჩვენება და გამოვკვეთოთ დანაშაულები.
პირველ რიგში, სახეზე გვაქვს მუქარა. ასევე მიმაჩნია, რომ გარიგება უკანონოდ იქნა დადებული და შესაძლოა, გამოიკვეთოს ტრეფიკინგის დანაშაულიც. ანასტასიას გარდა, მომმართა კიდევ ერთმა დაზარალებულმა ქალმა ყაზახეთიდან. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ამ კომპანიას ჰყავს სხვა არაერთი დაზარალებული გოგონაც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე ერთ დიდ საქმედ გაერთიანდეს“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას.
იმის გამო, რომ ანასტასიას არც ჰონორარი და არც დღიური თანხა საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთებისთვის აღარ მიუღია, ის და მისი 4 წლის შვილი, დღეების განმავლობაში საკვების გარეშე დარჩნენ. ახალ ნამშობიარებ ქალს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემებიც და დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც:
„ბოლო 4 დღე, ფაქტობრივად, მშიერი ვიყავი. წნევა დამივარდა, დამეწყო გულისრევა და სისხლდენა. მე რომ რამე დამემართოს, ამ ბავშვს ვინ მიხედავს, არ ვიცი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
23 წლის ანასტასია საქართველოში 2024 წლის 16 მაისს, მცირეწლოვან შვილთან ერთად მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ტიკტოკზე აღმოაჩინა Kinderly Georgia-ს სარეკლამო რგოლი, რომელიც უცხოელ ქალებს საქართველოში სუროგატ დედებად დასაქმებას და ანაზღაურების სახით 16 ათას დოლარს ჰპირდებოდა.
ბავშვი ჩინელი წყვილისთვის ორი კვირის წინ, 31 იანვარს გააჩინა. ამბობს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არასდროს უნახავს. არ უნახავს ისინი არც მაშინ, როდესაც გასული წლის 16 ივნისს, ნოტარიუსის თანდასწრებით, სუროგაციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
სუროგაციის შესახებ ხელშეკრულება სტანდარტულია. იუსტიციის მინისტრის 2020 წლის ბრძანების თანახმად, მხარეები ვალდებული არიან, სუროგაციის შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მიმართონ ერთ ნოტარიუსს და ხელი მოაწერონ სანოტარო აქტს.
ანასტასია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჩვილი, რომელიც 31 იანვარს გააჩინა, კვლავ საქართველოშია.
„თუკი ამ ადამიანებს ბავშვი რეალურად უნდოდათ, ბავშვის დაბადებიდან ორი კვირაა გასული, სად არიან? რატომ არ ჩამოდიან? როგორც წესი, ამ კონტრაქტის ხელმომწერი მხარეები უნდა იყვნენ ადგილზე, რათა ნოტარიუსმა შეამოწმოს ისინი, მათი ქმედუნარიანობა და ამის შემდეგ გაფორმდეს ხელშეკრულება. ეჭვებს ბადებს ის გარემოება, რომ ეს ბავშვი დღემდე საქართველოშია და არ არის გაყვანილი ქვეყნიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ანდრიაშვილი.
23 წლის სუროგატი ქალი არ არის ერთადერთი, ვისთვისაც Kinderly Georgia-ს ამ დრომდე არ გადაუხდია დაპირებული ჰონორარები.
„ჩვენ ბევრნი ვართ. გვაქვს ჯგუფი დასახელებით „კოლექტივი“, 50-ზე მეტი ადამიანია დღეისათვის ამ ჯგუფში გაწევრიანებული. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდანაც.
ეს გოგოები ზოგი უკვე ერთი კვირაა ელოდებიან ანაზღაურებას, ზოგი ორი. მე, მაგალითად, არ მირიცხავენ დღიურ გადასახადს, არადა, ეს ანაზღაურება 9 თებერვლიდან უნდა მიმეღო.
გოგოები პატარა შვილებთან ერთად სხედან საკვების, პროდუქტის გარეშე. 10 ქალს, რომლებმაც უკვე იმშობიარა, დღესაც არ მიუღიათ საბოლოო ჰონორარი და 2-3 თვეა ელიან ანაზღაურებას“, - უყვება რადიო თავისუფლებას 23 წლის სუროგატი დედა და გვაჩვენებს მიმოწერას, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ პრობლემებს, თუმცა, წერენ, რომ ხმამაღლა ლაპარაკის ეშინიათ.
რადიო თავისუფლება ორი დღის წინ პირადად ესაუბრა ყაზახეთში კიდევ ერთ სუროგატ ქალს, ანასტასია პოკოლნიშკოს, რომელიც უკვე სამი თვეა უშედეგოდ ელის Kindelry Georgia-სგან გაწეული სამუშაოსთვის საბოლოო ჰონორარის ჩარიცხვას.
დაპირებული 16 ათასი დოლარის ნაცვლად, მან ჯერჯერობით მხოლოდ 5000 დოლარი მიიღო. არადა, ხელშეკრულების თანახმად, ქალს თანხა ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ უნდა მიეღო, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები გაფორმდებოდა.
Kinderly Group-ის განცხადება
საჯარო რეესტრის თანახმად, შპს Kinderly Georgia, რომლისგანაც ყაზახი სუროგატი დედები ჰონორარის ჩარიცხვას ელიან, საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელები უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები, რუსლან ტიმოშენკო და არმენ მელიქიანი არიან.
კომპანია ამავე სახელწოდებით, „Kinderly“, ფუნქციონირებს უკრაინაშიც, კიევში.
კომპანია ქალებს სთავაზობს როგორც სუროგატ დედობას, ისე კვერცხუჯრედების დონორობას.
რადიო თავისუფლება Kinderly Georgia-ს ოფისში, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს, ჯერ კიდევ 11 თებერვალს მივიდა. მაშინ კომპანიის წარმომადგენელმა, სოფიო გასპაროვამ გვითხრა, რომ არ იყო ვალდებული ეპასუხა ჩვენი კითხვებისთვის.
მას შემდეგ, რაც 11 და 12 თებერვალს, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო საქართველოში ყაზახი სუროგატი ქალების პრობლემების შესახებ და, გარდა ამისა, ყაზახურ ონლაინპლატფორმაზე „ნე მოლჩი“ გამოქვეყნდა ყაზახი სუროგატი დედების ინტერვიუები, Kinderly Group-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღიარებს ამ კომპანიის ქართულ ფილიალში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ და წერს, რომ კომპანია ცდილობს, „ისე მოაგვაროს პრობლემა, რომ ეს არ აისახოს ცუდად სუროგატ დედებზე“ და იქვე წერს: „სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოგვარება დროულად ვერ მოხერხდა“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია მზადაა მედიასთან „ღია და ობიექტური საუბრისთვის“:
„ვიძლევით გარანტიას, რომ სუროგატი დედების ჰონორარები უახლოეს პერიოდში იქნება გადახდილი. კომპანიის არსებობის ისტორიაში არ არის ერთი შემთხვევაც კი, როდესაც სუროგატი დედისთვის ჰონორარი არ გადაგვიხდია.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა, სუროგატი დედებიცა და თანამშრომლებიც, ემოციურ სტრესში იმყოფებიან. მომავალში კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, თანამშრომლებთან გავატარებთ შიდა სამუშაოებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით მუქარებს, მათი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას ქალების რეპუტაციის შებღალვის მიზნით.
კომპანია Kinderly აღიარებს, რომ სტრესულ სიტუაციაში მოიქცა არაეთიკურად“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
14 თებერვალს რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა კომპანია Kinderly Georgia-ს წარმომადგენლებისგან კითხვებზე პასუხის მიღება.
სოფიო გასპაროვამ გვითხრა, რომ კომპანია ჩვენს კითხვებს უპასუხებს, ოღონდ მხოლოდ წერილობით და არა ზეპირი ინტერვიუს სახით.
Kinderly Georgia-ს მივწერეთ
- რამდენი სუროგატი დედა გყავთ ამ მომენტისთვის?
- დღევანდელი მდგომარეობით, რამდენი სუროგატი დედაა ორსულად?
- რომელი ქვეყნებიდან გყავთ სუროგატები?
- როგორც საჯარო რეესტრშია მითითებული, კომპანია 2022 წელსაა დაფუძნებული. ამ წლების განმავლობაში, დღემდე, რამდენი ბავშვი გაჩნდა სუროგაციით თქვენი კომპანიის შუამავლობით?
- ვინ არიან თქვენი სააგენტოს მომხმარებლები? ძირითადად, რომელი ქვეყნების მოქალაქეები მოგმართავენ სუროგაციისთვის?
- რამდენი ბავშვია ამ მომენტისათვის დაბადებული, რომლებიც ჯერჯერობით ბიოლოგიურ მშობლებს არ გაუყვანიათ საქართველოდან?
- რა პირობებში იმყოფებიან ჩვილები, ვინ უვლის მათ?
- რამდენად ხშირია ჩვილების საქართველოში დაყოვნება იმის გამო, რომ ბიოლოგიური მშობლები არ ჩამოდიან მათ წასაყვანად და ძირითადად, რა არის ამის მიზეზი?
- სუროგატი დედების ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბრობს ფინანსურ პრობლემებზე. რატომ ხდება ჰონორარების გადახდის გადავადება? რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები და რამდენი ხანია, რაც ეს პრობლემები გაქვთ?
- როდის იგეგმება დავალიანებების სრულად დაფარვა?
- რამდენი სუროგატი დედაა, რომლებმაც გააჩინეს ბავშვები, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ჯერ არ მიუღიათ ჰონორარი?
- რამდენი სუროგატი დედაა, რომლებიც ვერ იღებენ თვიურ, დღიურ თანხას? როგორ უზრუნველყოფთ მათ გამოკვებას? პირველადი საჭიროებებით დაკმაყოფილებას?
- ფინანსური პრობლემების ფონზე, კვლავ ჩამოდიან ახალი სუროგატი დედები, თუ შეაჩერეთ მათი მიღება?
რა უპასუხა Kinderly Georgia-მ რადიო თავისუფლებას
კომპანიისგან კითხვებზე პასუხი დღის ბოლოს, წერილობით მივიღეთ.
„ჩვენ ვთავაზობთ უშვილო წყვილებს სუროგაციის პროცესში ორგანიზაციულ დახმარებას, რომელიც მოიცავს სუროგატების მოძიებას შესაბამისი სააგენტოებისგან, სამედიცინო კლინიკებისგან სამედიცინო სერვისების მიღებას, ლოჯისტიკურ-ადმინისტრაციულ მხარდაჭერას (ტრანსპორტირება, საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფა, საცხოვრისით უზრუნველყოფა, ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა - მაგალითად საკვებით, პირადი ჰიგიენური ნივთებით, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით და ა.შ), ინფორმირებას წარსადგენი საჭირო იურიდიული საბუთების შესახებ, იუსტიციის სახლში გაყოლას და ა.შ“, - ასეა აღწერილი კომპანიის დანიშნულება რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ პასუხში.
კომპანიის გამოგზავნილ წერილში წერია, რომ სუროგატი დედები მათ ძირითადად ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ:
„რომლებიც თავადვე გამოთქვამენ მზაობას მიიღონ მონაწილეობა სუროგაციის პროგრამაში. ხოლო უშვილო წყვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგალითად - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, ევროპის რიგი ქვეყნებიდან“.
რაც შეეხება სუროგატთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, კომპანია გვპასუხობს:
„ემბრიოტრანსფერამდე ჩვენს შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია გადაუხადოს კუთვნილი ჰონორარი დოკუმენტების (ბავშვის დაბადების მოწმობისა და პასპორტის) გამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ინფორმაციაზე ჩანაწერი ხელშეკრულების განუყოფელი და სტანდარტული ნაწილია, თვითონ ხელშეკრულება კი დადასტურებულია ნოტარიულად“.
Kinderly Georgia ამბობს, რომ პირველი ბავშვი მათი კომპანიის შუამავლობით დაიბადა 2024 წლის იანვარში.
„ამ პერიოდიდან მოყოლებული, დაბადებულია დაახლოებით 100 ბავშვი. სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, ჩვილები გადაჰყავთ ჩვენს მიერ ნაქირავებ ბინაში, სადაც არის ყველა საჭირო პირობა და კომფორტი.
თუ დოკუმენტების გამზადების პროცესი ხარვეზდება და მოითხოვს იმაზე დიდ დროს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევებში, კომპანია უზრუნველყოფს ბავშვზე ზრუნვას პრობლემის აღმოფხვრამდე.
ამასთანავე, ჩვენი კომპანია სთავაზობს კლიენტებს ძიძის მომსახურეობას და მის მუდმივ მონიტორინგს. ხოლო, რაც შეეხება სუროგატ დედებს, მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში, კომპანია ცდილობს ხელშეკრულებაში გაწერილი ვადების მიხედვით იმოქმედოს და თავად გადაუხადოს კომპენსაცია, რომ არ მოხდეს სუროგატი დედის დაყოვნება.
სუროგატ დედებს ჰყავთ კურატორები (ქალები), რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მათზე და ამოწმებენ რამე ხომ არ სჭირდებათ.
ბავშვის დაბადების შემდგომ, თავს ვუყრით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რაც მოთხოვნილია იუსტიციის სახლის და შესაბამისი დიპლომატიური დაწესებულების მხრიდან. მხოლოდ ამ შესაბამისი ინსტიტუტების დამოწმებით ხდება ბავშვების გაყვანა ქვეყნიდან მშობლების მიერ.
სტანდარტული პროცესი მოიცავს დაახლოებით ბავშვის დაბადებიდან 14-21 კალენდარულ დღეს, თუმცა რიგ შემთხვევებში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გვიანდება დოკუმენტების გამზადება, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე.
აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ ჩვენ ყველა სუროგატ დედას ვთავაზობთ საცხოვრებლად შესაბამის, კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს, რისი დადასტურებაც შეგვიძლია ფაქტებით. ცხადია, ვუხდით დღიურ თანხას, რისი დადასტურებაც, ასევე, შეგვიძლია ფაქტებით“.
Kinderly Georgia წერს, რომ როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ბიზნესი, არც ეს კომპანიაა დაზღვეული ტექნიკური პრობლემებისგან:
„შესაბამისად, შესაძლოა ხანდახან მოხდეს თანხის გადახდის ვადაგადაცილება. თუმცა, ასეთ დროს, კომპანია მუდმივად ცდილობს საკითხის დროულად მოგვარებას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს დავალიანება სხვადასხვა მიზეზით - მაგალითად საერთაშორისო გადარიცხვის დაგვიანება, თუმცა კომპანიის მიდგომაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად დროულად მოხდეს დავალიანების დაფარვა, მათ შორის, გადახდის გრაფიკის შედგენით.
აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ ამგვარი შემთხვევები არ არის სისტემური ან მუდმივი ხასიათის და გარკვეული სახის შეფერხებები, ისევე როგორც, ნებისმიერ ბიზნესში, შესაძლოა პერიოდულად არსებობდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სუროგატი დედები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ფინანსური შეფერხებისას, რაც სრულიად გასაგებია. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც წესი, სუროგატ დედად ყოფნის არჩევანის გაკეთება, ფინანსური სიდუხჭირიდან გამომდინარეობს, გვესმის მათი და მაქსიმალურად ვცდილობთ ჰქონდეთ კომფორტი და თანხაც მიიღონ დროულად“, - წერს Kinderly Georgia რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილ წერილში.
კომპანია აღიარებს, რომ უკვე სამი თვეა ვერ უხდის საბოლოო ჰონორარს რადიო თავისუფლების ერთ-ერთ რესპონდენტს ანასტასია პოკოლნიშკოს:
„მასთან ნამდვილად არსებობს დავალიანება. მისი კუთვნილი ჰონორარი სრულად არ არის დაფარული, თუმცა მიმდინარეობს მასთან კომუნიკაცია. არსებულ სუროგატ დედასთან დაფარული გვაქვს სრული კომპენსაციის ნაწილი და აქტიურად ვმუშაობთ, რომ დანარჩენი ნაწილის დაფარვა მოხდეს მიმდინარე თვის ბოლომდე“.
რაც შეეხება სუროგატი დედის საჩივარს პოლიციაში, კომპანიაში გვპასუხობენ:
„მიმდინარე ეტაპზე, არ მიგვიღია შეტყობინება პოლიციისგან. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მზად ვართ ღიად ვითანამშრომლოთ მათთან, წარვუდგინოთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს“.
„უცხოელი სუროგატები უფრო მოწესრიგებულები არიან“
საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მომსახურებით, უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ეს მონაცემი შესაძლოა 98%-საც აღწევდეს.
დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უცხოელი წყვილები საქართველოში ცდილობენ სუროგატი დედების პოვნას, ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ წყვილებს აძლევს უფლებას ბავშვის გაჩენისთანავე დაბადების მოწმობაში მშობლებად ჩაეწერონ.
დღეს საქართველოში 20-მდე ინ ვიტრო ანუ დამხმარე რეპროდუქციული კლინიკა ფუნქციონირებს. არსებობს სუროგაციის, სავარაუდოდ, ათეულობით სააგენტო, რომლებიც ეძებენ სუროგატ დედებს და მათ უშვილო წყვილებთან აკავშირებენ.
ის, რომ საქართველოში არსებული დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის კლინიკები და სააგენტოები უმეტესწილად უცხოელ სუროგატ დედებთან მუშაობენ, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებენ თავად კლინიკების წარმომადგენლები.
ისინი ამბობენ, რომ უცხოელი სუროგატი დედები „უფრო მოწესრიგებულები არიან“ და ქართველი სუროგატებისგან განსხვავებით, „მათთან უფრო კარგი შედეგები აქვთ“.
კანონმდებლობა და რეპროდუქციული პროცედურების წილი სამედიცინო ტურიზმში
სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად:
- კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
- კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
- კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
- ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
- კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.
ამ ბრძანების თანახმად, თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
რამდენი ბავშვია დაბადებული საქართველოში სუროგაციის გზით და მათ შორის, რამდენი ბავშვია გაყვანილი უცხოეთში? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს გასულ წელს მიმართა. ჩვენი კითხვები მათ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ სტატისტიკას“.
მიუხედავად 2023 წელს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელსაც 2024 წლიდან უნდა აეკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისი, ამ წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენიდან მოიხსნა.
მაშინ დარგის სპეციალისტები აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს და ამბობდნენ, რომ ეს ინიციატივა საფრთხის შემცველი იყო როგორც თავად დარგის - მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ისინი ამბობენ, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ზოგადი ტურიზმის 55%-ს მოიცავს. 2022 წელს კი საქართველოს ბიუჯეტმა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მიიღო სამედიცინო ტურიზმის დახმარებით.
საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის, ყველაზე პოპულარული პროცედურებია, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია.
ფორუმი