პოლიციის უფროსი, პოლ გენ კიტრატ ფანფეტი ამბობს, რომ ახლა პოლიცია სამ ტაილანდელ ქალთან მუშაობს, რომლებიც თვეების წინ, საქართველოში ე.წ. ლეგალური სუროგაციის დაპირებით, ჩინურმა კრიმინალურმა სინდიკატმა ჩამოიყვანა და ორგანიზებულ სქემაში „კვერცხუჯრედების ფერმაში“ ჩართო: „ვმუშაობთ, რათა შევაგროვოთ უფრო მეტი დეტალი სიღრმისეული გამოძიებისთვის“.
ტაილანდური მედია წერს, რომ სამი ქალის დახსნა ტრეფიკინგის სქემიდან ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების, ინტერპოლთან კოორდინაციისა და ბავშვებისა და ქალების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის Pavena Foundation for Children and Women-ის დახმარებით მოხერხდა.
ქალები საქართველოდან ტაილანდში 2025 წლის 30 იანვარს დაბრუნდნენ. თუმცა, როგორც ტაილანდური მედია ორგანიზაცია Pavena Foundation for Children and Women-ზე დაყრდნობით იტყობინება, საქართველოში კიდევ რჩება 100-მდე ქალი, რომლებიც ამ სქემაში რჩება ჩართული და რამდენიმე სახლში, ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრობენ.
რას ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო?
განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეზე 6 თებერვალს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამ საქმით ქართული მედია დაინტერესდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, დაწყებულია გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი).
შსს განცხადებაში წერს, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა.
„გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, - წერია განცხადებაში.
შსს-ს თანახმად, პოლიციამ ასევე გამოჰკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომლებმაც ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში სუროგაციისთვის ჩამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ლაპარაკობს გამოძიების დეტალებზე. მაგალითად:
- როდის დაიწყო გამოძიება?
- როდის აღმოჩნდნენ ეს ქალები საქართველოში? დადგენილია თუ არა იმ კლინიკის ვინაობა, სადაც ქალებს მანიპულაცია უტარდებოდათ?
- გამოიკითხნენ თუ არა კლინიკის წარმომადგენლები? ქალების სხეული გამოყენებული იყო მხოლოდ კვერცხუჯრედების ამოსაღებად თუ მათ აიძულებდნენ ყოფილიყვნენ სუროგატი დედებიც?
- მუშაობს თუ არა სახელმწიფოს ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტო იმ 70-მდე ტაილანდელ ქალთან, რომლებსაც გამოძიების ფარგლებში, შსს-ს მტკიცებით, პრეტენზიები არ დაუფიქსირებიათ?
კვერცხუჯრედების მიღებისა და ამოღების პროცედურა ხანგრძლივი პროცესია, საჭიროებს თითქმის ორკვირიან მოსამზადებელ პერიოდსა და არაერთი მედიკამენტის, ჰორმონის მიღებას, რის შემდეგაც ანესთეზიის საშუალებით ტარდება კვერცხუჯრედების ასპირაცია ანუ ამოღება.
რას ჰყვებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები?
ქალებმა, რომლებიც ტაილანდში დაბრუნდნენ, უკვე მისცეს ინტერვიუები სხვადასხვა ონლაინგამოცემას თუ ტელევიზიას.
ინტერვიუები სრული ანონიმურობის დაცვითაა ჩაწერილი. ისინი ჰყვებიან, რომ საქართველოში ე.წ. ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩაიყვანეს და მათგან ყოველთვიურად, იძულებით იღებდნენ კვერცხუჯრედებს, რომლებიც უცხოელი წყვილებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურების ჩასატარებლად, სავარაუდოდ, სხვა ქვეყანაში გაჰქონდათ.
ტაილანდური მედია მათზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალები საქართველოში ჩინური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჩამოიყვანეს, რომლებმაც მათ თავი ე.წ. „სუროგაციის ბროკერებად“ გააცნეს და შეჰპირდნენ, რომ პროცედურაში ანაზღაურების სახით 400 000-დან 600 000-მდე ტაილანდურ ბატს გადაუხდიდნენ, რაც დაახლოებით 12 ათასიდან 17 ათასამდე ამერიკული დოლარია.
ქალები იხსენებენ, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლისთანავე იზოლირებულ საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდნენ და ყოველთვიურად აიძულებდნენ კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურის ჩატარებას.
ხოლო მათ, ვინც ამ პროცედურაზე უარს ამბობდა, ემუქრებოდნენ, ან ეუბნებოდნენ, რომ თავის დასახსნელად 70 ათასი ბატი უნდა გადაეხადათ, რაც დაახლოებით 2000 დოლარია.
Pavena Foundation for Children and Women-ის ხელმძღვანელი, პავენა ჰონგსაკული ამბობს, რომ ტრეფიკინგის საქმის შესახებ მან გასული წლის 27 სექტემბერს, ერთ-ერთი ტაილანდელი ქალისგან შეიტყო, რომელმაც ნათესავების დახმარებით გამოსასყიდი თანხა შეაგროვა და ტაილანდში დაბრუნდა.
ნა (ეს არ არის ქალის ნამდვილი სახელი, მისი ვინაობა უსაფრთხოების მიზნით დაფარულია), დაუკავშირდა, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მყოფი ქალების შესახებ და მათ გათავისუფლებაში დახმარება ითხოვა.
ნას მონათხრობის თანახმად, შეთავაზება სუროგატ დედად გახდომის შესახებ ფეისბუკის ერთ-ერთ გვერდზე წაიკითხა, რომელიც ქალებს ე.წ. ლეგალურ სუროგაციას სთავაზობდა. ამ შეთავაზების თანახმად, საქართველოში ჩასვლის ყველა ხარჯს ეს კომპანია აიღებდა საკუთარ თავზე.
საბოლოოდ, პასპორტისა და სხვა დოკუმენტაციის შეგროვებას მხოლოდ ერთი თვე დასჭირდა. ერთი თვის თავზე კი ნა სხვა 10 ქალთან ერთად უ-ტაპაოს საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ დუბაიში და შემდეგ ერევანში ჩაფრინდა.
ქალების ჯგუფის ხელმძღვანელმა მათ 500-500 დოლარი დაურიგა, რათა საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეებისთვის თავი ტურისტებად წარედგინათ და ნაღდი ფულის სახით, თანხაც ეჩვენებინათ.
ერევანში ქალებმა სამი ღამე გაატარეს. მეოთხე დღეს კი მატარებლით თბილისისკენ წამოვიდნენ. სანამ ტრეფიკინგის სქემის მონაწილეები პასპორტებს ჩამოართმევდნენ, ქალებმა ერთი ღამე სასტუმროში გაათენეს.
მომდევნო დღეს ქალები ოთხ სხვადასხვა სახლში გადაანაწილეს.
სახლში, რომელშიც ნა წაიყვანეს, 60-მდე ტაილანდელი ქალი დახვდა. როგორც ის ჰყვება, ქალების უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თავს ცუდად გრძნობდნენ და შინ დაბრუნება სურდათ.
მომდევნო დღეს ის სხვა სახლში გადაიყვანეს. მასთან ერთად იქ 10 ტაილანდელი ქალი ცხოვრობდა. ირწმუნება, რომ ამ ოთხ სახლში დაახლოებით 100-მდე ტაილანდელი ქალი მაინც არის დატყვევებული.
როგორც ის ჰყვება, იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა, ხშირად მიდიოდნენ ჩინელი კაცები.
მოგვიანებით, ნამ სხვა ქალებისგან შეიტყო, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, მათ არასდროს უნახავთ წყვილები, რომლებსაც მათი, როგორც სუროგატი დედების მომსახურება სჭირდებოდათ და არც არანაირი კონტრაქტისთვის მოუწერიათ ხელი, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, სუროგატ ქალსა და წყვილს შორის ფორმდება. ხელშეკრულებას ხელს აწერს კლინიკაც, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას ატარებს.
ამის ნაცვლად, მათ ყოველთვიურად აიძულებდნენ ჩაეტარებინათ კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურები და ამ მანიპულაციისთვის კლინიკაში მიჰყავდათ.
ნამ ტაილანდში დაბრუნება გასული წლის 9 სექტემბერს, მას შემდეგ მოახერხა, რაც ოჯახმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა.
სანამ საცხოვრებელს დატოვებდა, მას დახმარება სთხოვა სამმა ქალმა, რადგან მათ არც კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურების ჩატარება სურდათ და არც გამოსასყიდის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდათ.
რას ამბობენ რეპროდუქტოლოგები?
სად და რა პირობებში უტარდებოდათ ქალებს კვერცხუჯრედების ამოღების მანიპულაცია, ამის შესახებ არაფერს წერს ტაილანდური მედია.
ინფორმაციას ამის შესახებ არ ავრცელებს არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დღეს საქართველოში 20-მდე კლინიკა ფუნქციონირებს, სადაც დამხმარე რეპროდუქციული საშუალებებით მკურნალობაა შესაძლებელი. სწორედ ამ, ლიცენზირებულ კლინიკებში ტარდება საკვერცხეების სტიმულაციისა და შემდეგ ასპირაციის ანუ ამოღების პროცედურები.
ექიმი რეპროდუქტოლოგი ქეთი ქანთარია გვეუბნება, რომ ამ პროცედურის, ისევე როგორც სხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულ კლინიკებში, სპეციალიზებული ექიმების, რეპროდუქტოლოგების მიერ ხდება და ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა წესი და სტანდარტი შესაბამისად იყოს დაცული:
„თუკი ეს წესები არ იქნება დაცული, როგორც სხვა სამედიცინო მანიპულაცია შეიძლება გართულდეს, რა თქმა უნდა, ამ პროცედურასაც შეიძლება მოჰყვეს გართულება. თუკი პროცედურა ყველა საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის მიხედვით, უსაფრთხო გარემოში, ქალის წინასწარ ინფორმირებული თანხმობით ხდება, ეს მანიპულაცია მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.
რა თქმა უნდა, ამ მანიპულაციის ჩატარება, ისევე როგორც სხვა სამედიცინო პროცედურის ჩატარება, ბინის პირობებში ვერ მოხდება. ამ პროცედურებს მხოლოდ ლიცენზირებული კლინიკები და ექიმები ატარებენ“, - ამბობს ქეთი ქანთარია.
ის, რომ საქართველოში არაერთი უცხოელი ქალი ჩამოდის სუროგატი დედის სტატუსით, ამას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ლიკა ჭყონია, რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის, „რეპროარტის“ დირექტორი.
ლიკა ჭყონია ამბობს, რომ სავარაუდო ტრეფიკინგის საქმეზე მას, როგორც დარგის სპეციალისტს, გამომძიებლები არ დაჰკავშირებიან.
მისივე თქმით, გამომძიებლები არ დაჰკავშირებიაბ არც იმ კლინიკის ხელმძღვანელს, რომლის შესახებაც ვრცელდება ვარაუდები, რომ თითქოს სწორედ იმ კლინიკაში ხდებოდა ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით ამოღება:
„კლინიკაში ნამდვილად დადიან უცხოელი სუროგატი ქალები, მათთან თანამშრომლობენ, თუმცა არცერთი მათგანისგან კვერცხუჯრედების ამოღება არ მომხდარა. სუროგაციის პროცედურა კი, ჩატარებულია, მაგრამ არა კვერცხუჯრედების ამოღება.
უცხოელი ქალები, რომლებიც აქ სუროგატი დედობის სურვილით ჩამოდიან, გადიან სრულ სამედიცინო შემოწმებას. არსებობს ინფორმირებული თანხმობის ფორმები, რომლებსაც ისინი ხელს აწერენ.
ამ ფორმაში პაციენტისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს განმარტებული, რას აწერს ხელს. სხვა შემთხვევაში, კლინიკა არანაირ მანიპულაციას არ ატარებს. ვფიქრობ, ამ დროს, შესაძლებელია, რომ ქალმა მიანიშნოს ექიმს, რომ არის ტრეფიკინგის მსხვერპლი.
პირადად „რეპროარტს“ არ ჰყოლია ტაილანდელი სუროგატები, მაგრამ გვყოლია სუროგატები სხვა ქვეყნიდან და არასდროს მათთან მსგავს შემთხვევას არ გადავწყდომივართ.
ჩვენს კლინიკაში უკვე ვნერგავთ მეთოდოლოგიას, როგორ აღმოვაჩინოთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. გვაქვს სპეციალური ფორმები, რომლებსაც ექიმი ავსებს“.
ლიკა ჭყონიასთვის არ არის უჩვეულო და მიუღებელი ის ფაქტი, რომ ქალები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოდიან, ერთად, ერთ სახლში ცხოვრობენ:
„ის, რომ ერთ სახლში მოათავსეს ერთი ქვეყნიდან ჩამოყვანილი სუროგატები, არ მიმაჩნია კრიმინალად, რადგან უცხო ქვეყანაში, როდესაც მათ ენა არ იციან, სჭირდებათ ერთმანეთის გვერდში დგომა.
არ ვიცი, რომელმა სააგენტომ ჩამოიყვანა ეს ქალები საქართველოში, მაგრამ თუ რაიმე არაკანონიერი ხდებოდა, ამას გამოძიება დაადგენს. თუმცა, როგორც ქალები ტელევიზიებთან ამბობენ, ისინი საკუთარი სურვილით არიან აქ და არ არიან იძულებითი სუროგაციისა თუ ტრეფიკინგის მსხვერპლები“, - ამბობს ლიკა ჭყონია.
მიუხედავად 2023 წელს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელსაც 2024 წლიდან უნდა აეკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისი, ამ წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენიდან მოიხსნა.
მაშინ დარგის სპეციალისტები აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს და ამბობდნენ, რომ ეს ინიციატივა საფრთხის შემცველი იყო როგორც თავად დარგის - მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მომსახურებით, უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ეს მონაცემი შესაძლოა 98%-საც აღწევდეს. დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.
სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად:
- კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
- კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
- კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
- ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
- კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
რაც შეეხება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას, ამ პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.
ფორუმი