Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლები ექსპერტიზის დასკვნის ლოდინში - როგორ მუშაობს “სამხარაული”


ხანგრძლივი ლოდინი ექსპერტიზის დასკვნისთვის, არაუფლებამოსილი პირები  ბიუროში, მიკერძოებული სპეციალისტები  მნიშვნელოვან საქმეებში - რადიო თავისუფლებამ გახმაურებულ  სისხლის სამართლის საქმეებს გადახედა და ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ბევრი საყურადღებო ხარვეზი აღმოაჩინა. იგივეს ადასტურებენ ადვოკატებიც. 

უფლებადამცველები პირად საუბრებში, სასამართლო სხდომებსა და ანგარიშებში ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექსპერტიზის ბიურო საგამოძიებო სტრუქტურების ინტერესის შესაბამისად მოქცეულა.

გასული რამდენიმე წლის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვებით ჩანს:

  • როგორ მონაწილეობს ექქსპერტიზის პროცესში არაუფლებამოსილი პირი

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაცნობისას ადვოკატთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს არაუფლებამოსილი პირი გაურკვეველი ფუნქციით - ასე მოხდა მაგალითად თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში, როცა კომპიუტერის ექსპერტიზისთვის მისულ ადვოკატს თან ახლდა თამარ ბაჩალიაშვილის ჯგუფელი, რომელიც საზოგადოებას თავს მის შეყვარებულად აცნობდა. ოჯახის ადვოკატს ბიუროს თანამშრომლები “სიტყვაზე ენდნენ”, რომ მას “კარგად ესმოდა საკითხი” და ასე დაუშვეს დალუქული ტექნიკის გახსნაზე ბაჩანა ლობჟანიძე.

  • როგორ იცვლება ექსპერტიზის დასკვნა დამატებითი კითხვების გაჩენის შემდეგ

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატებს ბიუროს მუშაობაში საგულისხმოდ მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ სისხლის წვეთების არსებობა გარდაცვლილის მანქანაში არსებულ პირბადეზე პირველ დასკვნაში დასტურებოდა, მეორეში კი უარყოფილი იყო. ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატებს სურდათ გამოძიებას გაერკვია, ვის ეკუთვნოდა სისხლის წვეთები - ბიურომ პირველად დასკვნაში ცვლილება ამ კითხვის გაჩენის შემდეგ შეიტანა.

  • როგორ შეიძლება მიკერძოებული პირი მიიწვიონ ექსპერტად

“კარტოგრაფების საქმეში” ექსპერტად მიწვეული იყო თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თამაშრომელი. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა სწორედ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო პროკურატურამ. ბრალდებულების დაცვის მხარე გაუმართლებლად მიაჩნია საქმეში მტკიცებულებად არსებობდეს დასკვნა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი აწერს ხელს. არც სამხარაულის ეროვნული ბიურო და არც სასამართლო ამ არგუმენტს არ იზიარებს.

  • როგორ განსხვავდება ექსპერტიზის ვადები, იმის მიხედვით ვინ არის დამკვეთი - ბრალდება თუ დაცვა

“კარტოგრაფების საქმეში” ექსპერტიზის ბიუროს სხვადასხვა დრო დაჭირდა ერთი და იგივე კარტოგრაფიული მასალის გამოკვლევისთვის. პროკურატურის მიერ დანიშნულ ექსპერიზაზე პასუხი რამდენიმე კვირაში იყო, ბრალდებულების დაცვის მხარე კი მეექვსე თვეა ელოდება პასუხს მსგავსი ტიპის ექსპერტიზაზე.

  • როგორ შეიძლება გაჭიანურდეს ექსპერტიზის პროცესი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაზარალებულის საზიანოდ

ვინაიდან ბიუროს არ აქვს შემუშავებული მყარი ჩარჩოები სხვადასხვა ტიპის დასკვნების მოსამზადებელი ვადებისთვის, ექსპერტიზის პროცესი ზოგჯერ დაუსაბუთებლად იწელება. მაგალითად, ახალგაზრდა მედდა, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების დადგენას სამ თვეზე მეტი ხანია ელოდება ოჯახი, გამოძიება და საზოგადოება. თითქმის წელიწადი დაჭირდა ბიუროს იმისთვის, რომ დაედგინა გაცილებით მარტივი რამ, თვალის დაზიანების მიზეზი და ხარისხი 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებულის, დავით ქურდოვანიძის შემთხვევაში - მას ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის სტატუსის მისაღებად ჭირდებოდა. ეს სტატუსი დავით ქურდოვანიძეს 20 ივნისიდან 2 წლის შემდეგ მიანიჭა პროკურატურამ.

20 ივნისის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების გაჭიანურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი საქმის ნაწილი გახდა. საია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გენერალურმა პროკურატურამ სამხარაულის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირადი შემოწმების გარეშე, დანიშნა და 20 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც, დასკვნები ბიუროს მომზადებული არ ჰქონდა, რითიც გამოძიების და დაზარალებულთა სტატუსის განსაზღვრის პროცესი ჭიანურდებოდა. სტრასბურგის სასამართლომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა 20 ივნისიდან 2 წლის შემდეგ, სარჩელის შეტანიდან 2 თვეში დაიწყო.

დაზარალებულთა შესახებ დასკვნების მომზადებისას პროცესის გაჭიანურება რომ ერთეული შემთხვევა არ არის, აჩვენებს აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას საქმეც. ამ საქმეზე სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში წერია:„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 2017 წლის 8 ივნისს დაინიშნა, ხოლო დასკვნა 2018 წლის 5 ნოემბერს გაიცა. ამ პერიოდში, გამოძიება, შეიძლება ითქვას, შეჩერებული იყო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში და, ფაქტობრივად, არცერთი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა. ამასთან, 1 წლითა და 5 თვის ვადით გაჭიანურდა თავად ლაშა თორდიას დაზარალებულად ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებას მიღებული ჰქონდა 2017 წლის 5 ივნისს, დაზარალებულის სტატუსი მას მხოლოდ 2018 წლის 5 ნოემბერს მიენიჭა.”

ექსპერტიზის ბიუროს დაგვიანებული დასკვნების გავლენა ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის. ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი, ეკა ქობესაშვილი პირადი პრაქტიკიდან სამ მაგალითს იხსენებს, როდესაც წლები დაჭირდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მოსამზადებლად.

  • პოლიციელი ალექსანდრე იორდანიძე 2018 წელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილით დაეჯახა ორ ქვეითს - მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორემ მძიმე ტრავმა მიიღო. ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკული შედეგით პოლიციელის დაუდევრობის ბრალი იყო, მომხდარიდან 2 წლის შემდეგ დაასრულა - ამ ორი წლის განმავლობაში დამნაშავე პოლიციელი აგრძელებდა სამართალდამცველ სტრუქტურაში მუშაობას. საბოლოოდ ის 2020 წელს, ექსპერტიზის პასუხიდან მალევე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ჩადენიდან დაპატიმრებამდე დაწინაურდა სამსახურში, სადაც მას არასრულწლოვანთა საქმეებიც ეხებოდა.
  • 7 წლის ნიკოლოზ დიდებაშვილი მეექვსე წელია იაშვილის კლინიკის პალიატიური მკურნალობის ცენტრში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება - ოჯახს აქვს ეჭვი, რომ მათი მცირეწლოვანი შვილი რეანიმატოლოგის დაუდევრობის გამო აღმოჩნდა ამ ვითარებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდებდა სახელმწიფოს ამ საქმეზე სათანადო რეაგირებისკენ - ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც უნდა დაედგინა, რამ გამოიწვია ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანება, საქმეში ამ დრომდე არ არის.
  • ვიტალი საფაროვის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდა გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რომელი იარაღებით ჰქონდა მას სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული.

ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არა მხოლოდ უფლებადამცველებს და ადვოკატებს, გამომძიებლებს და პროკურორებსაც მნიშვნელოვნად ურთულებს ეფექტურად მუშაობს, თუმცა ისეთ შემთხვევებში, როცა გამოძიებას სჭირდება ექსპერტიზის დასკვნით გაამყაროს თავის ვერსია, სამხარაულის ბიურო პრობლემებს იშვიათად ქმნის.

“რომ დავაკვირდეთ ბიუროს მუშაობას, ხშირად იდება ისეთი დასკვნა, როგორიც პროკურატურის ვერსიას აწყობს. ძალიან დიდი პრობლემაა ისეთ საქმეებზე ექსპერიზები, სადაც ექიმების შესაძლო ბრალეულობა იკვეთება, ფაქტობრივად თაროზე აქვთ შემოდებული ასეთი საქმეები. სისტემაა ძალიან ცუდი და წლიდან წლამდე არ იცვლება ის პრობლემები, რაც გვაქვს” - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც კარტოგრაფების საქმის ადვოკატოა, ექსპერტიზის ბიუროს პასუხს დაცვის მიერ წარდგენილ კარტოგრაფიულ მასალაზე 6 თვეა ელოდება, მაშინ როცა ანალოგიური დასკვნა, საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე პროკურატურისთვის რამდენიმე დღეში მომზადდა.

“ცალსახაა, რომ თუ სახელმწიფო ინტერესი არის საქმეში, ექსპერტიზაც ჩართულია ამ ინტერესის გატარებაში” - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

ეჭვებს ბიუროს დამოუკიდებლობის შესახებ, უსაფუძვლოსუწოდებენ თავად ბიუროში, დასკვნების ვადების გაჭიანურებას კი სპეციალისტების ნაკლებობით და არსებული სპეციალისტებისთვის ამ სფეროში მუშაობის დაბალი ინტერესით ხსნიან.

“კარტოგრაფების საქმეში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი არგუმენტად არ გამოდგება” - გვეუბნება მირიკაშვილი - კარტოგრაფების საქმის ბრალდებულების ადვოკატები იმავე ექსპერტებს ითხოვენ მათ მიერ წარდგენილი მასალების ექსპერტიზისთვის, ვინც პროკურატურისთვის მოამზადა დასკვნა, მცირეოდენი ცვლილებებით: ერთი საკუთარი ექსპერტი ჩართეს და ერთი პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზის მონაწილე, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვს საქმესთან, ამოაკლეს. ასეთი ცვლილებები და ექსპერტებისთვის დასმული განსხვავებული კითხვები ბიუროს საშუალებას აძლევს თქვას, რომ სხვა ექსპერტიზა განსხვავებული სირთულის არის და სხვა ვადას საჭიროებს.

სამხარაულის ბიუროს, იმის გამო რომ მრავალი პროფილის ექსპერტულ დასკვნასს ამზადებს, მუდმივად ჭირდება მოწვეული სპეციალისტების ჩართვა კომპლექსურ და სხვა ტიპის ექსპერტიზებში.

ექსპერტად მუშაობისთვის ისეთივე ვალდებულება, როგორც მაგალითად ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში, არ არსებობს. არც ანაზღაურებაა განსაკუთრებით მიმზიდველი დასაქმებული მაღალკვალიფიცური პროფესიონალისთვის და პასუხისმგებლობაც დიდია. ექსპერტს დასკვნაზე ხელის მოწერის გარდა შესაძლოა მოუწიოს მოწმედ სასამართლოში მისვლა, მხარეებთან შეხვედრა, გახმაურებული საქმეების შემთხვევაში ეს წნეხი იზრდება და იმ პროფესიონალების დიდი ნაწილი, ვისაც ბიურო შეთავაზებით უკავშირდება, უარს ამბობს თანამშრომლობაზე.

ექსპერტიზის ბიუროში რთული ვითარებაა სექსუალური დანაშაულის გამოძიების დროსაც: მსხვერპლების მიმართულებითაც - ქალი ექსპერტების სიმცირის გამო რიგ ზოგჯერ და შემთხვევებში და განსაკუთრებით ხშირად რეგიონებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს კაც ექსპერტებთან უწევდათ ურთიერთობა. , რაც უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ეს ხელმეორედ ტრავმატიზების საფრთხეს ქმნის. სამხარაულის ბიურომ მას შემდეგ, რაც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” სახალხო დამცველს მიმართა ამ საქმეზე რეაგირებისთვის, ქალი ექსპერტები დაამატა რეგიონებში, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი მსხვერპლებისთვის ექსპერტიზის ჩატარება.

არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა, შესაბამისი ტექნიკისა და სპეციალისტების არარსებობის გამო, მხოლოდ თბილისში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისში ტარდება. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე, ხანგრძლივი ტრანსპორტირება უხდებათ. ამასთანავე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ერთეულში დასაქმებულია მხოლოდ ექვსი მდედრობითი სქესის სამედიცინო ექსპერტი, რაც კიდევ უფრო ართულებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის სათანადო პროცედურების დროულ ჩატარებას” - წერს სახალხო დამცველი 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

თამარ მელაშვილი, სამხარაულის ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის გამოწვევები რაც მათ ექსპერტების მოძებნისა და დაინტერესების პროცესში აქვთ, კარგად იციან ჯანდაცვის სამინისტროშიც [რომელიც სამხარაულს სამედიცინო ესპერტიზისთვის მედიკოსების სიას აწვდის ] და საგამოძიებო სტრუქტურებმაც, რომლებიც ბიუროს ძირითადი დამკვეთები არიან, თუმცა ვითარება ამით არ უმჯობესდება.

“ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე, ჩვენც მძიმე ტვირთად გვაწევს ამდენი გაწელილი ექსპერტიზა, რომელსაც ვერ ვასრულებთ, ვიდრე რომელიმე მოწვეული ექსპერტი ნებას არ იბოძებს და დაასრულებს მრავალთვიან გაწელილ პროცესს ან საერთოდ თანხმობას გამოხატავს მონაწილეობაზე. მეორე მიზეზი ექსპერტიზების გაწელვის არის კატასტროფული სიმწირე კვალიფიციური კადრების. წელიწადში საშუალოდ 25 000-მდე ექსპერტიზა არის ჩასატარებელიდა 34 ექსპერტი ასრულებს ამ სამუშაოს. კადრების აყვანის პრობლემა არის ჩვენთვის განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით ძალიან დიდი პრობლემა - ვაცხადებთ კონკურსებს, არ მოდის არც საკმარისი და არც ისეთი კვალიფიკაციის ხალხი, ვინც გვჭირდება” - ამბობს თამარ მელაშვილი. მისი აზრით სასამართლო სამედიცინო ექსპერტების სიმწირეს გარკვეულწილად ამ სპეციალობაზე სწავლისას მომიჯნავე სპეციალობების არჩევის შესაძლებლობა უშველიდა - ამჟამად სისტემა მხოლოდ ერთი სპეციალობის მიღების საშუალებას აძლევს მათ, ვინც სამედიცინო ექსპერტიზას სწავლობს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში თუკი არსებობს სამხარაულის და დამოუკიდებელი ექსპერტების ერთი და იმავე ტიპის ექსპერტიზის დასკვნა, უპირატესობა “სამხარაულს” ენიჭება. ბიუროში შესაძლებელია ქიმიურ-ნარკოლოგიური, ბიოლოგიური, სასაქონლო-ფინანსური, საინჟინრო, კრიმინალისტიკური, ფსიქიატრიული, სამედიცინო და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტიზები. საქმიანობიდან გამომდინარე, ბიუროს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების და სამართალწარმოების პროცესს. იმისათვის რომ ის დამოუკიდებელი და ქმედითი ყოფილიყო, “სამხარაული” წლების წინ გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და ცალკე სტრუქტურად ფორმირდა. დღეს კანონმდებლობის თანახმად ექსპერტიზის ბიურო მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.


XS
SM
MD
LG