Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„არც კარგს მეუბნება ვინმე, ვერც ცუდს მიბედავს“,  - მზისა გაბეშიას პროტესტი

„არც კარგს მეუბნება ვინმე, ვერც ცუდს მიბედავს“,  - მზისა გაბეშიას პროტესტი


მზისა გაბეშია
მზისა გაბეშია

მარტვილელი 73 წლის მზისა გაბეშია ყოველდღე ქალაქის ცენტრში, მერიასა და საკრებულოს შორის ბანერებით დგას.

ამით ის თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი პროტესტის მონაწილეებს უცხადებს სოლიდარობას. ერთი კაცის აქციაზე პირველად ისიც 28 ნოემბერს დადგა, როდესაც „ქართული ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა აღარ სურს. მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მზისა კი თავისას ისევ არ იშლის.

- ქალბატონო მზისა, მერამდენე დღეა, რაც აქციაზე დგახართ?

- როგორც თბილისში დგანან რუსთაველის გამზირზე, ისე ვდგავარ მეც. თუმცა დღეს ვერ წავედი, ძალიან ძლიერი ქარი იყო და ბანერები მიჰქონდა.

სულ სამი დღე თუ მექნება გამოტოვებული. დიდი თოვლი რომ იყო მაშინაც ვიდექი, წვიმაშიც. ძალიან თქეში წვიმა რომ იყო, მხოლოდ მაშინ ვერ დავდექი. ბანერებს წვიმაც მიფუჭებს.

დილით რომ ავდგები, მოვემზადები ცოტას, საჭმელს გავაკეთებ, დავტოვებ და მივდივარ მერე. 4-6 საათი ვდგავარ. მოსაბეზრებელია ვერავის რომ ვერ ელაპარაკები, მაგრამ ვუძლებ. ტელეფონში ინტერნეტი არ მაქვს. იმ დღეს ახლობელმა ჩამირიცხა ინტერნეტის ფული და იმ დღესვე გავათავე. ბედნიერება იყო. ჩავრთე მუსიკა, ახალ ამბებს ვკითხულობდი... ასე გავიდა დრო.

ნაცნობებს ეშინიათ ახლოს მოსვლის, შორიდან მესალმებიან. არც კარგს მეუბნება ვინმე, ვერც ცუდს მიბედავს და კი ვარ ასე, ჩემთვის.

- როგორ გადაწყვიტეთ, რომ პროტესტის ნიშნად მარტვილის ცენტრში დამდგარიყავით?

- ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ხელისუფლებაზე. ღირსებით ევროპისკენო, მშვიდობას მიეცით ხმაო, ევროპულ გზასო. ძალიან გაბრაზებული ვარ. მოსვლის დღიდან სულ ტყუილებს ლაპარაკობენ. თავიდან ოთხი წელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი. ხმა მას მივეცი. ახლა ყველას უკვირს მათი წინააღმდეგი რომ ვარ. მაგრამ ტყუილები, ტყუილები... გამიხარდა, რომ დაასანქცირეს მოსამართლეები. სამართალი თუ აღდგა, მერე ყველაფერს ეშველება. სამართალია მთავარი.

- თქვენ რას ითხოვთ?

- იმავეს, რასაც თბილისში რუსთაველის გამზირზე: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მაგრამ 28 ნოემბერს კობახიძე რომ გამოვიდა, არ გვინდა ევროკავშირიო, არჩევნები დამავიწყდა. ამათ უნდა ჩაატარონ არჩევნები? ისევ იყიდის ყველას. აღარავის ველაპარაკები, ვინც ფული აიღო. ერთს ვუთხარი, არ მისცე ხმა, ვერ გაიგებენ-მეთქი. რომ გაიგონო? მერე სოციალურს მომიხსნიანო. ყველას სოციალური აქვს. გაღარიბებული და გაუნათლებელი ერი ადვილი სამართავია.

ახლა, 31 მარტს ახალი ბანერი გამოვიტანე „1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი“. მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. ზვიად გამსახურდიას შემდეგ ხმა არავისთვის მიმიცია, მივეცი ივანიშვილს და დანაშაული ჩამიდენია თურმე.

- ის რეფერენდუმი გახსოვთ?

- როგორ არა, ვმონაწილეობდი. და მყავდა ჟურნალისტი, 9 აპრილსაც ვიყავით, ოღონდ ჩემი და ცუდად გახდა და სახლში ადრე წამოვედით, სანამ ჩეხა დაიწყებოდა. დიდუბესთან გამსახურდიას მომხრეების მიტინგი რომ დახვრიტეს იქაც ვიყავი, ტყვიების წვიმაში.

- რატომ გინდათ ევროკავშირი?

- რუსეთს არ ჯობს? ევროპამ რა დაგვიშავა? ევროკავშირი ეხმარება ჩვენს ქვეყანას და რუსეთი დაგვეხმარა რამეში თუ პირიქით ტერიტორიები წაგვართვა? იქ სამართალია. აქ რასაც სჩადიან, იქ ის არასდროს არ მოხდება.

- წარმოგედგინათ ამ ასაკშიც ქუჩაში დგომა რომ მოგიწევდათ პროტესტის გამო?

- ვერ წარმომედგინა. ღირსეული სიბერე ექნებათ მოხუცებსო და ასეთი სიბერე ვის უნდა?! ჩემი ბიჭი ადრე დაობლდა და წვალებით გავზარდე. ახლა მისი 600-ლარიანი ხელფასი და ჩემი პენსია გვაქვს მხოლოდ. 600 ლარი ხელფასია? მაგრამ ამის გამო არ ვარ აქ, მაგათი ტყუილების გამო ვარ. ერთმა ქალმა მითხრა, მე მშვიდობას მივეცი ხმაო. ომი ვის უნდა-მეთქი? თქვენო. მომასმენინეთ ერთი, ვის უნდა ომი, ვინ ამბობს, მოდი, დამარტყიო!

- ხალხი მხარს არ გიჭერთ?

- უნდათ, მაგრამ ეშინიათ, სოციალურებს მოგვიხსნიანო. ვეუბნები, აღარ დაგჭირდებათ სოციალურები, ევროპაში თუ ვიქენით, პენსიაც კარგი გექნებათ, სამუშაოც-მეთქი. კარგი ერთი, ზღაპრებს ნუ გვიყვებიო.

- და თქვენ რა გაძლევთ ძალას და რწმენას?

- სიმართლე!

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG