რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა, გაციმბირება, ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტობა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ მიღება, „ვახტანგ მეექვსის სამართლის მიმოხილვა“, „მაგდანას ლურჯას“ პირველი პუბლიკაცია, იუსტიციის მინისტრობა, საერთო სემინარიული წარსული გრიგოლ რობაქიძესთან, რედაქტორობა და ა.შ. - ყველაფერი ეს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პირველი დირექტორის, რაჟდენ არსენიძის მდიდარი ბიოგრაფიის მცირე ნაწილია.
ბიძინა რამიშვილი, რადიო თავისუფლების ვეტერანი თანამშრომელი იხსენებს 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა, მან კი გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, დარჩენილიყო დასავლეთ გერმანიაში, საიდანაც მაშინ რადიო თავისუფლება მაუწყებლობდა.
„მიუნხენში კოლეგებისგან, რომლებიც მოესწრნენ რაჟდენ არსენიძეს, შევიტყვე ბევრი რამ მის შესახებ. მერე ნელ-ნელა როცა გავეცანი მის მემკვიდრეობას, დავრწმუნდი, რომ მართლაც არაჩვეულებრივად მომხიბლავი, ინტელექტუალურად ძალიან მაღალ დონეზე მდგომი ადამიანი იყო. საერთოდაც, რადიოს პირველი თაობა ძალიან დიდი ცოდნისა და ინტელექტის ხალხი იყო. მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა რადიოს რედაქციაში ერთმა ძველმა სურათმა, რომელიც იმ ოთახში ეკიდა, სადაც მეც დავიწყე მუშაობა. სურათზე რაჟდენ არსენიძე ზის, მის გარშემო კი რამდენიმე ადამიანი დგას. ეს იყო აკადემიური გარეგნობის კაცი, როგორც იტყვიან, პროფესორის იერისა. ასაკშიც განსხვავება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ სულ სხვანაირი რიდით უყურებდნენ. გულნარა პატარიძე, მაშინდელი ჩვენი დირექტორი, რომელიც, სხვათა შორის, სულ სხვა პოლიტიკური ფრთიდან იყო, ისე მელაპარაკა ამ კაცზე, რომ მივხვდი, თუ რამდენად მყარ საფუძველზე იდგა ეს ორგანიზაცია“.
რაჟდენ არსენიძე, ცხადია, შემთხვევით არ შეურჩევიათ რადიოს მესვეურებს. ქართული სამსახურის პირველი დირექტორი, გარდა იმისა, რომ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ასევე იყო გამოცდილი რედაქტორი, პუბლიცისტი, ანალიტიკოსი და საბჭოთა კავშირის მხურვალე კრიტიკოსი. ამასთან, როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი შენიშნავს, მისი კრიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა დასაბუთებულ, ღრმა ანალიზს.
„იმ დონის ანალიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, როგორიც შეშურდებოდათ მოგვიანო პერიოდის სოვიეტოლოგებს. რაჟდენის ნაწერები ძალიან კრიტიკული და ინოვაციურია“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, - „ახლა შეიძლება გადაჭარბებით ჩანდეს, მაგრამ რასაც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერები წერდნენ, როგორც ისინი აანალიზებდნენ საბჭოთა რეჟიმის არსს, როგორც ხედავდნენ მისი განვითარების პერსპექტივებს და რა პროგნოზებსაც ისინი აკეთებდნენ, სოვიეტოლოგიაში მსგავსი რამ მოხდება ბევრად გვიან, 60-70-იან წლებში“.
თავის ერთ-ერთ წერილში, „საბჭოთა პარლამენტი“, რაჟდენ არსენიძე ასე ახასიათებს საბჭოთა კონსტიტუციას და საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს:
„კარგი ქნეს, რომ საქართველოს საბჭოს პარლამენტი არ უწოდეს, რომ მას ისევ საბჭო ჰქვიან, თუნდაც უმაღლესი საბჭო. არსებითად იგი არც უმაღლესია, არც უდაბლესი; იგი არის მხოლოდ უბრალო დეკორაცია სტალინის ბიუროკრატიული აპარატისა. <…> პარლამენტი მოკვდა; დემოკრატიზმი გაჰქრა და ამით პოლიტიკური ჰაერის ერთი შესაძლებელი სარკმელი კიდევ დაეხშო ხალხის ფართო მასსას. მას შერჩა მხოლოდ სიღარიბე, შრომა და მორჩილება.“
„როცა სტალინი იძულებულია თავის კონსტიტუციაში დემოკრატიული პრინციპები ჩაურთოს, შრომის უფლებები აღიაროს და თავის დიქტატურისთვის მალულ ორგანიზაციულ ფორმებში ეძიოს დასაყრდენი, ერთი სიტყვით, „კამუფლაჟს“ მიმართოს, უცხო ქერქი მოისხას, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული წყობილების მოთხოვნილება — მძლავრი, სტიქიური ტალღის მაგვარად მოიზლაზნება სადღაც ხალხური მოძრაობის სიღრმიდან, საზოგადოების წიაღიდან, თვით ყოფაცხოვრების ყოველდღიურ და აუცილებელ მოთხოვნილებიდან.“
რაჟდენ არსენიძე სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ძალადობაზე დაფუძნებული საბჭოთა სისტემა არასტაბილური იყო და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრეოდა. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, იმ პერიოდისთვის ასეთი ხედვა არ იყო მეინსტრიმული და პოპულარული, მათ შორის დასავლეთის აკადემიურ სივრცეებსა თუ პოლიტიკურ ველში:
„ასე მკაფიოდ ვერ ხედავდნენ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. მისთვის და დასავლეთში მყოფი ქართველი ლიდერებისათვის კი ეს გზა ძალიან ცხადი და გასაგები იყო, რადგან ისინი ძირისძირამდე იცნობენ რუსული ბოლშევიზმის საფუძვლებს, მათ ლიდერებს, მათ ფსიქოლოგიას, განზოგადებული რუსის ფსიქოლოგიას. მას ჰქონდა ეს უპირატესობა, რომ სრული სისავსით დაენახა ეს კატასტროფა, რაც მერე უკვე ცხადი გახდა დასავლეთისა და გლობალური სამყაროსთვისაც, თუმცა ესეც ნაწილისთვის, ვინც საბჭოებს აღარ უყურებდა, როგორც რაღაც ალტერნატივას, რომელიც უნდა იყოს, რომ რაღაც ბალანსი შენარჩუნდეს“.
სწორედ ასეთი განსაკუთრებული უნარებისა და ხედვის ადამიანი შეირჩა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პირველ დირექტორად. როგორც პარიზში გამომავალი ჟურნალი „ჩვენი დროშა“ წერდა, “1953 წელი ღირსშესანიშნავი ნიშანსვეტია რაჟდენ არსენიძის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ამ წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა პარიზიდან მიუნხენში, სადაც დაინიშნა ამერიკულ რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მთავარ რედაქტორად, რომელ მოვალეობასაც იგი მისთვის ჩვეული მაღალი ღირსებით ასრულებდა თითქმის მთელი 10 წლის განმავლობაში 1962 წლამდე“.
რადიოსადგურ „თავისუფლებაში“ მუშაობის დროს რაჟდენ არსენიძეს საშუალება მიეცა, პირდაპირ ელაპარაკა რკინის ფარდის მეორე მხარეს მომწყვდეულ ქართველ ხალხთან ან, როგორც საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განათლების მინისტრის მოადგილემ ნოე ცინცაძემ თქვა, „ლტოლვილებაში მას მიენიჭა იშვიათი შემთხვევა - მეტად დიდი მისია, დიდი ნიჭით და უნარით შესრულებული ეთერის ტალღების გზით ებაასა თავის საყვარელ ხალხთან ათი წლის გასწვრივ. ამ რიგად, იქ - უშუალო კონტაქტით, აქ - უხილავ ტალღებით მუდამ ჟამს მშობელ ერთან გრძნობდა თავს“.
როგორც ქართული ემიგრანტული პრესა წერდა, რაჟდენ არსენიძის „თითოეული გადაცემა იყო სიტყვა მჭრელი, ჭეშმარიტების და სიმართლის მღაღადებელი, ჩაგვრისა და შევიწროების მამხილებელი, ქართველი ერისთვის იმედის მიმცემი. ათიოდე წლის მანძილზე მას არ გაუშვია არცერთი შემთხვევა, რომ არ ემხილოს მოსკოვის კოლონიალური პოლიტიკა, არ ემხილოს უმთავრესად საქართველოს ეროვნული და სოციალური ცხოვრების დუხჭირი პირობები, არ დაეცვას მისი ბრწყინვალე წარსული და სადღეისო სამართლიანი მოთხოვნილებანი“.
რაჟდენ არსენიძე (პარტიული ფსევდონიმი „მიშა“) - ქართველი სოციალ-დემოკრატი; რსდმპ-ს მე-2 ყრილობის შემდეგ მიემხრო მენშევიკებს; 1905 წელს რსდმპ-ს ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე. 1913-1917 წლებში იჯდა ჯერ პეტროგრადის ციხეებში, ხოლო შემდეგ ხუთი წლით ციმბირში (ირკუტსკის გუბერნიაში) გადაასახლეს. ციხეებში ჯდომისა და რევოლუციური საქმიანობის პარალელურად შეძლო უნივერსიტეტის დამთავრება. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცკ-ს მდივანი. პარტიის ცენტრალური ორგანოს, „ერთობის“ რედაქტორი. 1917 წლის ნოემბერში — ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919-1921 წლებში — საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საკონსტიტუციო და იურიდიული კომისიების თავმჯდომარე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.
ემიგრაციამდე, საქართველოში
რაჟდენ არსენიძე ჯერ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში (გრიგოლ რობაქიძესთან ერთად), რომლის დამთავრების შემდეგ შევიდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში, სადაც მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება. როგორც გურამ შარაძე წერს („უცხოეთის ცის ქვეშ“, III ტ.), არსენიძე ახალგაზრდობიდანვე მისდევდა აქტიურ სამწერლო-პუბლიცისტურ საქმიანობას, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ „კვალიდან“ იღებს სათავეს. ცნობილ მეცნიერ ვიქტორ ნოზაძესთან საუბარში რაჟდენ არსენიძე ასე იხსენებდა „კვალის“ რედაქციაში მუშაობის ბოლო წლებს:
„ერთ დღეს გამოვწიე უჯრა და ამოვიღე იქიდან მრავალი დაუბეჭდავი მასალა. მათ შორის ვნახე ერთი მოთხრობა, რომელიც ძალიან მომეწონა და დავიწყე „კვალში“ მისი ბეჭდვა. ეს იყო ეკატერინე გაბაშვილის შემდეგში ცნობილი მოთხრობა „მაგდანას ლურჯა“...
ციმბირში გადასახლებული რაჟდენ არსენიძე 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოს განთავისუფლებაში, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ მშენებლობაში. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, პავლე საყვარელიძე ასე იხსენებდა 1918 წლის 26 მაისს:
„ბევრს ახსოვს ბედნიერ დღეებში სასახლის აივნიდან რაჟდენის სიტყვა-ყიჟინა აღფრთოვანებული თვალებით, ცეცხლის ფრქვევით, ქართველობას ისტორიულ აქტის მიღებას რომ ამცნობდა, საქართველოს ეროვნულ მონობიდან განთავისუფლებას რომ ულოცავდა, და იგი გახდა ერთ უმთავრეს ფუძემდებელთაგანი სახელმწიფოებრივ ორგანოების ჩამოყალიბებისა და სამართლის თავდადებული დამცველი“.
ისტორიკოსებს ისიც ახსოვთ, სწორედ რაჟდენ არსენიძის უშუალო მონაწილეობით რომ დაიწერა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი. ვიქტორ ნოზაძის თქმით, შეკითხვაზე, როგორ მოხდა დამოუკიდებლობის აქტის შედგენა, არსენიძეს ასეთი პასუხი გაუცია:
„ორი პროექტი იყო: I. - ჩემი; II. - გიორგი გვაზავასი. აქტის გამოცხადებას მე ვასაბუთებდი რევოლუციური ეროვნული თვითგამორკვევის მიხედვით. გიორგი გვაზავა კი ისტორიულად ასაბუთებდა. ჩემი პროექტი კომისიამ არ მიიღო, მაგრამ გვაზავას პროექტში ბევრი შესწორება შევიტანეთ...“ ( „კავკასიონი", XII).
რადიო თავისუფლების აუდიოარქივში შემონახულია ჩანაწერი, რომელშიც რაჟდენ არსენიძე სწორედ ამ ისტორიულ მოვლენას იხსენებს:
„მეტად მძიმე პირობებში 25 მაისს, 1918 წელს, ეროვნულმა საბჭომ, რომელიც საქართველოს ყველა პარტიის, თვითმმართველობის, კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იყო შექმნილი, დაადგინა: გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებლობა, გაიჩინოს საკუთარი მმართველობა, რომ მტერს და მოყვარეს გასცეს პასუხი. ამ მიზნით მან გამოყო კომისია, რომელსაც დაავალა დამოუკიდებლობის აქტის პროექტის შემუშავება. ეს კომისია შეიკრიბა იმავე დღეს. ნაშუადღევს დავიწყეთ მუშაობა. ვჩქარობთ, რადგან ხვალ ეროვნული საბჭოს სხდომაა, რომელმაც თავს იდვა ამ ისტორიული აქტის შესრულება. ვჩქარობთ, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ აქტი არ იყოს მოფიქრებული, სერიოზული, ღირსი თავის დიად დანიშნულების“.
კონსტიტუცია, „დემოკრატიული რესპუბლიკა“ და სხვა მეცნიერული ნაშრომები
როგორ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა ამბობს, რაჟდენ არსენიძის მნიშვნელოვანი მონაწილეობითაა შედგენილი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო თავის უკანასკნელ დღეებში - 1921 წლის თებერვალში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნოე ცინცაძის სიტყვებითაც, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციას რაჟდენ არსენიძის კულტურისა და ცოდნის ბეჭედი აზის“ („ჩვენი დროშა N43, პარიზი, 1965).
„ეს კონსტიტუცია მართლა დიდი დოკუმენტია“, - ამბობს დიმიტრი გეგენავა, - „მას უამრავი ნაკლი აქვს, მაგრამ ის არ მიეკუთვნება იმ დოკუმენტთა რიცხვს, რომლებსაც ვაფასებთ წარსულის რომანტიზების გამო. უამრავი პრობლემა აქვს, დღევანდელი გადმოსახედიდან მითუმეტეს, შეიძლება მოიძებნოს პოლიტიკური თუ სამართლებრივი კუთხით ბევრი პრობლემა, მაგრამ რასაც ვერ დავწამებთ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას, ისაა, რომ იგი ნამდვილად იდგა სამართლებრივი რომანტიზმისა და იდეალიზმის საფუძვლებზე ანუ ეწერა ის, რაც სწამდათ მის შემქმნელებს“.
დიმიტრი გეგენავას თქმით, როდესაც ქვეყნდებოდა კონსტიტუციის პროექტი - სხვადასხვა პროექტი - რაჟდენ არსენიძე და პავლე საყვარელიძე, რომელიც „საქარელის“ ფსევდონიმით წერდა, აქვეყნებდნენ კონსტიტუციის პროექტის კომენტარებს:
„რატომ? იმიტომ, რომ რიგით ადამიანებს, იურიდიული ნორმატიული ლექსიკის მიღმა, გაეგოთ, რას გულისხმობდა დოკუმენტი. პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურა იმდენად სხვაგან იდგა, რომ ფაქტობრივად ჩვენ მოვინდომეთ რომის პაპზე მეტად კათოლიკეები ვყოფილიყავით. ევროპელებზე გაცილებით მეტად ევროპული ღირებულებებისა გვჯეროდა, გვწამდა და, ყველაზე მთავარი რაცაა, ამას აღვასრულებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში. <…> საინტერესოდ აქვს გაშლილი თვითმმართველობის საკითხი, კოლეგიური ორგანოების საკითხი, საარჩევნო წარმომადგენლობა და ფაქტობრივად ის პრინციპები, რომლებიც დღეს სიტყვასიტყვითაა გადმოტანილი, რომ არჩევნები უნდა იყოს საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და ფარული, რაც დღეს, ერთი მხრივ, ლოგიკურიცაა (გასაგებია, რომ ყველგან ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში), მაგრამ, მეორე მხრივ, აქ საუბარია საუკუნის წინანდელ პერიოდზე და არ უნდა შევაფასოთ 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან“.
დიმიტრი გეგენავას თქმით, საქართველოსთვის რაჟდენ არსენიძე ასევე ძვირფასია როგორც მეცნიერი და მკვლევარი. 1917 წელს გამოცემული მისი „დემოკრატიული რესპუბლიკა“ ქართულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიური ნაშრომია:
„ბევრია ამ ნაშრომის ღირსება, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, რომ აქ ფაქტობრივად რაჟდენ არსენიძეს გაცხადებული აქვს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამართლებრივი პროგრამა - სახელმწიფო-სამართლებრივი და პოლიტიკური მოწყობის კუთხით როგორი კონცეფცია წარმოედგინათ სოციალ-დემოკრატებს. <…> რაჟდენი იყო საკონსტიტუციო კომისიის პირველი თავმჯდომარე. შემდეგ იუსტიციის მინისტრი რომ გახდა, კომისია გადააბარა პავლე საყვარელიძეს, თუმცა იდეები და მუხტი, რა თქმა უნდა, პირვანდელი დარჩა. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი თავები, როგორიცაა ძალაუფლების გამიჯვნის, პოლიტიკური მოწყობის, პოლიტიკური თამაშის წესების დამდგენი თავები, აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის ამოსავალი ინსტიტუტი იყო, რაჟდენ არსენიძის პროექტების მიხედვით დაიწერა და შემდეგ ასეც მოხვდა პირველ კონსტიტუციაში“.
საინტერესოა რაჟდენ არსენიძის როგორც იუსტიციის მინისტრის ანგარიშები, რომლებშიც კარგად ჩანს ის, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი განათლებას, აკადემიურ მხარეს.
„საოცარი ანგარიშები აქვს“, - ამბობს დიმიტრი გეგენავა, - „მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დიდი მომხრე იყო. ანგარიშებში სასამართლოს დატვირთულობას, საქმეების ქართულად წარმოების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი ანგარიში, რომელიც დაწერა, იყო თხოვნა უნივერსიტეტისადმი: ეთხოვოს უნივერსიტეტს და განათლების მინისტრს იურიდიული ფაკულტეტის სასწრაფოდ შექმნა, რომ თავისუფალ საქართველოში გაზრდილი იურისტები გვყავდეს იმისათვის, რომ დავასაქმოთ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით სასამართლოებსა და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოებში. ესეც უნიკალური რამაა იმ პერიოდისთვის იმიტომ, რომ შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით ამხელა აქცენტის გაკეთება განათლებაზე ძალიან დიდი გამოწვევა იყო“.
1963 წელს რაჟდენ არსენიძემ პარიზში გამოსცა მონოგრაფია „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“, რომლითაც მან ფაქტობრივად შეაჯამა თავისი იურიდიული მოღვაწეობა, რადგან მალევე გარდაიცვალა.
„თვითონ მოკრძალებულად დაარქვა მიმოხილვა, მაგრამ ეს არ არის არც უბრალოდ მიმოხილვა და არც აღწერილობითი ხასიათის ნაშრომი“, - ამბობს დიმიტრი გეგენავა, - „ეს არის სერიოზული სამეცნიერო, ანალიტიკური კვლევა. ვახტანგ მეექვსის სამართლის მიმოხილვა რაჟდენ არსენიძის შემაჯამებელი magnum opus-ია, საინტერესო ხედვით, საინტერესო რეფლექსიით“.
პოლიტიკური ანდერძი
1951 წელს პარიზში შეიქმნა ქართული ეროვნული საბჭო - უცხოეთში საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანო, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რუსეთის ბატონობის უღლისაგან დახსნას და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენას. მასში შედიოდნენ უცხოეთში მოქმედ ქართულ პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. რაჟდენ არსენიძე ემიგრაციაშიც არ იზიარებდა შეხედულებას, რომ თითქოს მრავალპარტიულობა ხელს უშლის გაერთიანებას, თითქოს ერთადერთი ხსნა ერთი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანებაა.
„მთლიანობა, საერთო ფრონტი, როცა გარს გარეშე მტერი გადგია, სასარგებლოა, კიდევ მეტი - აუცილებელია. მარა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რასაც ხშირად გვიქადაგებენ: იდეოლოგიურ გაერთიანებას ან პარტიათა გაუქმებას. პირიქით, იდეოლოგიური განსხვავება, პარტიათა არსებობა - ისეთივე გარდაუვალია, როგორც პროგრესი, განვითარება; იგი შედეგია ერის კლასიურად დაყოფის, რაც თანამედროვე საზოგადოების ძირითად კანონს წარმოადგენს. ამიტომ მისი უარყოფა ნიშნავს თანამედროვე ურთიერთობის უარყოფას და იმ პრიმიტიულ მდგომარეობაში დაბრუნებას, როცა ერთი იტყოდა, დანარჩენები დაემოწმებოდნენ. ერის ერთფეროვან მასად გადაქცევა - ეს მხოლოდ დიქტატურის მოტრფიალეთა ოცნებაა. ამას ცდილობენ დღეს ბოლშევიკები და ფაშისტები. ერთნიც და მეორენიც სწორედ ამიტომ არ ცნობენ სხვა პარტიებს და სხვაგვარ აზროვნებას“, - წერდა რაჟდენ არსენიძე.
რაჟდენ არსენიძე ცხრა წლის განმავლობაში (1953-1962 წწ) იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი. გარდაიცვალა 1965 წლის 24 მაისს, ნაშუადღევს, ლევილის შატოში. როგორც ქართული ემიგრანტული პრესა წერდა, დაკრძალეს 29 მაისს, ლევილის ქართულ სასაფლაოზე, სადაც „ქართული ეროვნული დროშით გადაფარებული მისი კუბო მიაცილეს როგორც მრავალრიცხოვანმა ქართველებმა, ისე უცხო ტომის წარმომადგენლებმა“.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომელმა, კარლო ინასარიძემ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში ასე გაიხსენა რაჟდენ არსენიძის მუშაობა „თავისუფლებაში“:
„როცა თქვენ კომენტარს წერდით ამა თუ იმ პოლიტიკურ თემაზე, მთელი თქვენი ორგანიზმი, ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად, თრთოდა, ტორტმანობდა, განიცდიდა ყოველ წინადადებას, ყოველ სიტყვას, ყოველ წერტილსა და მძიმეს; და, წარმოიდგინეთ, სიტყვას, რომელსაც თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდით, იმით უმატებდით „ძალას“, რომ ფანქარს მაშინ ისეთი სიძლიერით დააწვებოდით, რომ მისი წვერი ქაღალდის თითქმის მეორე მხარეს გადიოდა. ეს იყო არა წერა, არამედ „შინაგანი წვა“, შინაგანი განცდა, რომლის დროს ანბანი არა მარტო თქვენი აზრის გამოთქმის, არამედ მის ზევით, სურათოვანი გამოსახვის საშუალება-მასალად ხდებოდა. კამათის დროსაც იყავი ქარცეცხლი, დაუღალავი, დაუნდობელი, მაგრამ ლოგიკური... მართალია, თქვენ იუპიტერი იყავით ჩვენ შორის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ არა „ძალით“, არამედ იმით, რომ იყავით მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში თავდადებული, დაუღალავი, დაუზოგველი მსახური ჩვენი ერისა. ეს კი მხოლოდ დიდბუნებოვანი ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა...“ („ჩვენი დროშა“. N43, 1965);
კიდევ უფრო შთამბეჭდავია რაჟდენ არსენიძის ერთ-ერთი ბოლო წერილი, რომელშიც მას, ჟურნალ „ჩვენი დროშის“ რედაქტორისა და საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს თავმჯდომარის, პავლე სარჯველაძის სიტყვებით, ანდერძის ტოლფასი შემდეგი სიტყვები დაუტოვებია:
„ჩვენ თამამად ვაცხადებთ, რომ იარაღი არ დაგვიყრია, ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, იგი გრძელდება და არ შეწყდება, სანამ ქართველი ხალხი არ მოიპოვებს თავისუფლებას, სანამ არ გახდება სრული გამგე და პატრონი თავის მომავლის!..“
ფორუმი