Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ვინ და როგორ დაიწყო თავისუფლება

ვინ და როგორ დაიწყო თავისუფლება


ფოტოკოლაჟი - რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პირველი დირექტორი, რაჟდენ არსენიძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორი.
ფოტოკოლაჟი - რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პირველი დირექტორი, რაჟდენ არსენიძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორი.

1953 წელს გერმანიაში, მიუნხენში, დაარსდა ამერიკული რადიოსადგური ქართულ ენაზე – რადიო განთავისუფლება, რომელმაც მოგვიანებით (1959 წ.) შეიცვალა სახელი და დაერქვა რადიო თავისუფლება. მისი პირველი გადაცემა ეთერში გავიდა 72 წლის წინ, 1953 წლის 18 მარტს, და ის დღემდე აგრძელებს მუშაობას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე საბჭოთა კავშირმა არა მხოლოდ გაწყვიტა მეგობრული ურთიერთობები თავის ყოფილ მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-თან, არამედ მოახერხა ახალი, კომუნისტური იმპერიის შექმნა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უზარმაზარ სივრცეზე. კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე დასავლეთს სურდა თავიდან აეცილებინა მესამე მსოფლიო ომი, რომლის ყველა წინაპირობას ქმნიდა საბჭოთა კავშირის ექსპანსიური საგარეო პოლიტიკა. ამერიკელმა დიპლომატმა, პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა ჯორჯ კენანმა დაარწმუნა თავისი ქვეყნის მთავრობა, რომ ომის ცხელი ფაზის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო არა სსრკ-ის ტერიტორიის, არამედ საბჭოთა ადამიანის ცნობიერების გათავისუფლება, სამყაროზე მისი წარმოდგენის შეცვლა, მისთვის იმის ჩვენება, რომ სტალინიზმი თანმიმდევრულად აშენებდა საყოველთაო გულაგს.

ჯორჯ კენანი
ჯორჯ კენანი

როგორც რადიო თავისუფლების ისტორიის მკვლევარი ივან ტოლსტოი ამბობს, საუკეთესო გამოსავლად იქნა მიჩნეული რადიო - ადამიანის ხმა, ინფორმაცია, ამბავი, ინტერპრეტაცია, კეთილგანწყობილი ხმა საბჭოთა მსმენელის სახლში; რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი აუდიტორიის განათლება, დახმარება დამოუკიდებლად აზროვნებასა და ფიქრში. რადიო განთავისუფლებამ (თავისუფლებამ) თავის სტრატეგიად აირჩია განმანათლებლობა: აუდიტორიისათვის მოეთხრო მისივე ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები; ასევე მოეთხრო დასავლეთში ცხოვრების შესახებ, გაეცნო მისთვის მსოფლიოში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენები იმ წლების განმავლობაში, როცა საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი ხალხები მოწყვეტილი იყვნენ თავისუფალ სამყაროს.

1953 წლის ქართულ ემიგრანტულ პრესაში დაიბეჭდა მოკლე ცნობა:

„მუშაობა დაიწყო მიუნხენის რადიოსადგურმა, რომელსაც ეწოდება „განთავისუფლება“ და რომელიც ლაპარაკობს „ანტიბოლშევიკური საკოორდინაციო ცენტრის“ სახელით“.

იქვე მითითებული იყო ტექნიკური დეტალები:

„გადაცემა ეთერში გადის 7 საათსა და 30 წუთზე, 8 საათსა და 30 წუთზე, 10 საათსა და 30 წუთზე. აქაური დროით. საქართველოში თბილისის დროით ემატება 2 საათი. გადაცემის ქრონომეტრაჟი 15 წუთია, გადაიცემა მოკლე ტალღაზე - 19 მეტრი. შინაარსი: საინფორმაციო ამბები, ანალიზი, კომენტარები“.

წლების განმავლობაში მაუწყებლობა იწყებოდა სიტყვებით:

"ლაპარაკობს რადიო განთავისუფლება - საზღვარგარეთ მცხოვრები თქვენი თანამემამულეების თავისუფალი ხმა!“

რადიო თავისუფლების პირველი შენობის (მიუნხენში) მაკეტი, რომელიც პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავე ოფისში დგას.
რადიო თავისუფლების პირველი შენობის (მიუნხენში) მაკეტი, რომელიც პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავე ოფისში დგას.

რადიო თავისუფლების პირველი სტუდია მდებარეობდა ლილიენტალშტრასეზე, მიუნხენის ჩრდილოეთ ნაწილში, ობერვიზენფელდის აეროპორტის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც 1938 წლის 29 სექტემბერს ჩაფრინდნენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები ნევილ ჩემბერლენი და ედუარ დალადიე ადოლფ ჰიტლერთან შეთანხმების („მიუნხენის შეთანხმების“) გასაფორმებლად, რასაც შემდეგ მოჰყვა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია. რადიო თავისუფლება სწორედ ამ შენობიდან მაუწყებლობდა თავისი არსებობის პირველი 12 წლის განმავლობაში.

(გან)თავისუფლების მოლოდინი

1953 წლისთვის ევროპა უკვე გაყოფილი იყო „რკინის ფარდით“, რომელიც, როგორც ინგლისის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა თქვა თავის ცნობილ, "ფულტონის სიტყვაში" 1946 წლის 5 მარტს, დაეშვა ბალტიის შტეტინიდან (შცეცინიდან) ადრიატიკის ტრიესტამდე და, რომელმაც „საბჭოთა სფეროში“ მოაქცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი ქვეყნების დედაქალაქები (ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია).

1953 წლისათვის ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, სამყაროს ორი ბირთვული ცენტრი, მართლაც უმწვავეს დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ფართომასშტაბიან სისხლისმღვრელ ომში. 1953 წელს სამყარო უკვე ცხოვრობდა მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიშით, შიშის საფუძველს კი ქმნიდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობაზე (1952 წ. ოქტომბერი) იოსებ სტალინის მიერ გაკეთებული მოხსენების შინაარსი, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა დიქტატორი ასკვნიდა, რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მთავარი ეკონომიკური პრობლემა ბურჟუაზიული გარემო იყო და რომ, საერთოდაც, მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად კაპიტალისტური ქვეყნები (იმპერიალიზმი) უნდა განადგურებულიყვნენ. აგრესიული საგარეო პოლიტიკით, კომუნიზმის გარდაუვალი გავრცელებითა და მოუთოკავი მილიტარიზმით იყო გაჟღენთილი თითქმის ყველა გამომსვლელის, მათ შორის, ლავრენტი ბერიას სიტყვა:

„თუ მტერი გაბედავს ჩვენ წინააღმდეგ ომს, მაშინ საბჭოთა კავშირი, რომელიც დგას მშვიდობისა და დემოკრატიის ბანაკის სათავეში, შეძლებს გამანადგურებელი პასუხი გასცეს აგრესიული იმპერიალისტური სახელმწიფოების ნებისმიერ დაჯგუფებას, შეძლებს გაანადგუროს და დასაჯოს თავხედი აგრესორები და ომის გამჩაღებლები“.

სამყაროს ორ ბანაკად გაყოფის შესახებ წერდა რკინის ფარდის მეორე მხარეს, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, 81 წლის ნოე ჟორდანია გაზეთ „ჩვენს დროშაში“.

„თუ წინათ მსოფლიოს ჩამოყალიბება ორ მოპირდაპირე ბანაკად იყო სადაო, ახლა ეს ნათელი და აშკარაა. ერთი ბანაკის ძირითადი დებულებაა: ხალხის და ერის თავისუფლება. ამას მეთაურობს პრეზიდენტი ტრუმენი; მეორის ძირითადი დებულებაა ხალხის და ერის დამორჩილება, დესპოტია. ამას მეთაურობს სტალინი“, - ამბობს ნოე ჟორდანია, რომელიც თავის წერილში ასევე ახსენებს „რკინის ფარდას“: „პირველი ბანაკი, მოსკოვიადა, ჩაკეტილია თავის ტერიტორიაში, მას საზღვრავს გარდაუვალი რკინის ფარდა. მეორე კი პირიქით გაღებული და გაშლილია, საიდუმლოებით მოცული არაფერი აქვს. ამ კარჩაკეტილობის მთავარი მიზანია დასავლეთისათვის დავთრის აბნევა. სიტყვების რახარუხით შავის თეთრად გასაღება. ამ მიზნით თავის წყობას უწოდებენ სოციალიზმს, ხალხურ დემოკრატიას ნათლავენ ყველა თანამედროვე სახელებით და ფრაზებით. ამ საშუალებით კრემლი ათამაშებს ევროპა-ამერიკის საზოგადო აზროვნებას, დროს იგებს ომისათვის მოსამზადებლად, თავისი ნამდვილი სახის დასამალავად და საბოლოო მიზნის საიდუმლოებით შესამოსავად. ეს მისი მიზანია ერთი მსოფლიოზე გაბატონება, მოსკოვის სატახტო ქალაქად გადაქცევა ყველა ქვეყნებისათვის“.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაური მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ ამერიკა არ ტყუვდება მოსკოვის „ფლიდი პოლიტიკით, კრემლის გაუთავებელი თამაშით“, რის დასტურადაც ასახელებს ვაშინგტონის პოლიტიკას, ერთმანეთისგან გამიჯნოს საბჭოთა კავშირის კომუნისტური ხელისუფლება და ხალხი. ნოე ჟორდანიას თქმით, სწორედ საბჭოთა ხალხებს მიემართება „ანტიკომუნისტური აზრები და ინფორმაცია“, რომელიც „ამერიკაში აწყობილი“ რადიო გადაცემით ვრცელდება:

„ამნაირად, ამჟამად დამონებული რუსეთის ხალხები გამოყოფილია დესპოტიისათვის პასუხისმგებლობისაგან და მთელი ამ ჭირის მეთაურად გამოცხადებულია კრემლი და მისი პატრონი - ბოლშევიკების პარტია. ხალხის განთავისუფლება ამ პარტიის ძალმომრეობისაგან დგას დღის წესრიგში“.

ჯერ იყო „ამერიკის ხმა“

ნოე ჟორდანიას მიერ ნახსენები „ამერიკაში აწყობილი რადიოგადაცემა ანტიკომუნისტური აზრებითა და ინფორმაციით“ არის „ამერიკის ხმა“, რომლის ქართულმა რედაქციამ მაუწყებლობა დაიწყო 1951 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. პირველი გადაცემა პირველ რედაქტორს, ერეკლე ორბელიანს მიჰყავდა, ეთერში კი გავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, დინ აჩესონის დეკლარაცია, რომლის შესავალ ნაწილში მოკლედ იყო მიმოხილული საქართველოს ისტორია („ქვეყნიერებას კარგად ახსოვს ქართველი ერის შეუწყვეტელი ბრძოლა, მისი სასიქადულო ისტორიის გასწვრივ, ძველი კულტურის და საქრისტიანო ცივილიზაციის დასაცავად“), დასკვნით ნაწილში კი ამბობდა:

„ამერიკის ხმა" დღეიდან თქვენ, ქართველებს, გაძლევთ საშუალებას, საკუთარ ენაზე ამცნოთ ქართველ ხალხს ჭეშმარიტება, რომელსაც კომუნისტები მას უმალავენ. თქვენ მას ეტყვით, რაც ხდება მსოფლიოში; ამცნობთ მილიტარისტულ და თავდასხმების აქტებს, რომლის პასუხისმგებელნი მხოლოდ კომუნისტების მეთაურები არიან. ამ უკანასკნელთა შეთქმულება და მუქარა აიძულებს თავისუფალ ადამიანს, შეებრძოლოს დესპოტიის გაღრმავებას და გაფართოებას. ამერიკელი ხალხის და მისი მთავრობის საბოლოო მიზანი - საერთო მშვიდობიანობაა, როცა არ იქნება არც ძლიერი და არც სუსტი, არც ბატონი და არც ყმა; მხოლოდ ასეთი მდგომარეობა შესაძლებელ ყოფს თავისუფალ და ბედნიერ შრომას, შიშისა და სიღატაკის გარეშე და იძლევა უფლებას, თითოეულმა იწამოს ის ღმერთი, რომელიც მას უნდა. ასეთია ჩვენი წარმოდგენა მომავალზე; გიხმობთ, ეს გაიზიაროთ. ჩვენი ხალხის სახელით მოგმართავთ, ქართველებო, მეგობრული და გულწრფელი სალმით“.

დინ აჩესონი, აშშ სახელმწიფო მდივანი ხელს აწერს ვაშინგტონის ხელშეკრულებას. 1949 წ. 4 აპრილი, ვაშინგტონი
დინ აჩესონი, აშშ სახელმწიფო მდივანი ხელს აწერს ვაშინგტონის ხელშეკრულებას. 1949 წ. 4 აპრილი, ვაშინგტონი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ამ მიმართვამ, როგორც პარიზში გამომავალი ქართული გაზეთი „ჩვენი დროშა“ (1951 წ. N10) წერდა, თურმე დიდი პროტესტი გამოიწვია რუსულ ემიგრაციაში, როგორ თუ გამოყო მინისტრმა ქართველობა რუსებისაგანო:

„ისტორიულად ის გამოყოფილია, მისი არსებობა სამი ათას წელს აცილებს, რაიცა არ აქვთ არც ერთ დღეს არსებულ ერსა, გარდა სომხებისა. რუსები ახალი ხალხია, ქრისტეს დიდი ხნის შემდეგ მოსული და დაბინავებული რუსეთის ცარიელ ტერიტორიაზე. <...> ამერიკის რუსულ გაზეთში “ნოვოე რუსკოე სლოვო”-ში რუსებმა მოათავსეს საპროტესტო წერილი; რომლის პასუხი იქვე დაიბეჭდა (7 ივნისის ნომერში) არა ქართველის მიერ. საერთოდ დრო კი არის, რუსებმაც გაიგონ ქართველი ერის ისტორია და მას ანგარიში გაუწიონ”.

დინ გუდერჰემ აჩესონი (1893-1971) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და იურისტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (1949-1953). 1945-1947 წლებში — სახელმწიფო მდივნის მოადგილე. 1947 წელს აქტიურად მონაწილეობდა ტრუმენის დოქტრინისა და მარშალის გეგმის შემუშავებაში. ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციაში ეჭირა სახელმწიფო მდივნის პოსტი (1949-1953). ხელი შეუწყო ნატოს შექმნას, იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ცივი ომის პირველ წლებში. აჩესონმა დაამკვიდრა კომუნისტური ჩინეთის არაღიარების, ტაივანში ჩან კაიშის მთავრობისა და ინდოჩინეთში საფრანგეთის კოლონიური რეჟიმის მხარდაჭერის პოლიტიკა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა ამერიკის შემდგომი პრეზიდენტების მრჩევლად. დაწერილი აქვს მემუარული ხასიათის წიგნი "ვესწრებოდი დაბადებას“ (Present at the Creation), რომელსაც 1970 წელს პულიცერის პრემია მიენიჭა.

რუსული ემიგრაცია ძნელად შეეგუა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, დახმარებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ ხალხებს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ქართულმა ემიგრაციამ კი მყისიერად აუღო ალღო ახალ გლობალურ პროცესს.

„დგება დრო განკითხვისა: საბჭოთა პრობლემა დღის წესრიგშია, ის მორიგ და აუცილებლად გადასაჭრელ ამოცანად იქცა, - წერდა 1952 წლის მაისში გრიგოლ ურატაძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი, - საბჭოთა კავშირის მოშლა, მისი ლიკვიდაცია მოწინავე კაცობრიობის საზრუნავი გახდა: ევროპის და შეერთებული შტატების მთელი ყურადღება ამჟამად ამ დიდი პრობლემისაკენ არის მიპყრობილი. დაწყებულია უდიდესი მოძრაობა, რომელიც მიიმართება იქით, სადაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავლის იმედებია. ჩვენი და ამ მოძრაობის მიზანი ერთმანეთს ხვდებიან, მისი ბრძოლის გზა ჩვენი ბრძოლის გზაა. ყველა მისი ნაბიჯები ამ გზაზე ჩვენს მიზანს ემსახურება, რადგან საზღვარს უდებს დესპოტიის ექსპანსიას, ძირს უთხრის მის ბატონობას, ამზადებს მის ლიკვიდაციას. აქ ფრიალებს დროშა ადამიანის და ერის თავისუფლების, დროშა დემოკრატიის და, ბუნებრივია, ჩვენი ადგილიც სწორედ აქ არის“.


ამერიკული კომიტეტი და რადიო განთავისუფლება

1950 წლის 4 ივლისს გაიხსნა „რადიო თავისუფალი ევროპა”, რომელიც მაუწყებლობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრემლის გავლენის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1951 წლის 8 თებერვალს აშშ-ის დელავერის შტატში, სადაც დაარსდა კომიტეტი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რადიო თავისუფლების შექმნაში. საუბარია „ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტზე“ (მოგვიანებით „ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი“, „განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი“), რომელსაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ემიგრანტულ ჯგუფებთან, მათ შორის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლებთან და რომელმაც დააფუძნა ახალი რადიოსადგური სახელწოდებით „განთავისუფლება“.

„ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტის“ მიზნები ჩამოყალიბებული იყო მის დეკლარაციაში, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავდა სამოქმედო გეგმის სამ ძირითად მიმართულებას:

  1. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ემიგრანტული ორგანიზაციების მატერიალური და მორალური დახმარება, ჟურნალ-გაზეთების გამოცემის დაფინანსების ჩათვლით;
  2. საბჭოთა კავშირის ხალხთა ნაციონალურ, მშობლიურ ენაზე მაუწყებელი რადიოსადგურების დაარსება;
  3. საბჭოთა კავშირში შემავალი ერების ემიგრანტული ორგანიზაციების გაერთიანების გზით ერთიანი ანტიბოლშევიკური ერთობის ჩამოყალიბება.

ერთი ხანობა „ბოლშევიზმისგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტის“ პრეზიდენტი იყო ადმირალი ალან ჯ. კერკი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში, რომელიც მალე გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა მანამდე შეძლო მიუნხენსა და ნიუ-იორკში შეეკრიბა ემიგრანტების მნიშვნელოვანი ჯგუფები, რომლებმაც მოგვიანებით „რადიო თავისუფლების“ თანამშრომლების ძირითადი ბირთვი შეადგინეს.

ქართული ემიგრანტული პრესა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ადმირალ ალან ჯ. კერკის ამერიკული კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. 1952 წლის „ჩვენი დროშის“ მე-11 ნომერმა მკითხველს შესთავაზა ამონარიდები „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატიიდან, საიდანაც კარგად ჩანს ცივი ომის მნიშვნელოვანი იდეოლოგის ხედვა:

„გაზეთი, პირველ ყოვლისა, ხაზგასმით აღნიშნავს იმ სიტყვებს, რომელიც წარმოთქვა კერკმა, როცა მიიღო თავმჯდომარის თანამდებობა: „ჩვენი მტერია სტალინის რეჟიმი, მონებად გადაქცეული საბჭოთა კავშირის ხალხები კი ჩვენი მეგობრებია“. გაზეთის აზრით, კერკის ერთი უმთავრესი ამოცანაა, მიაღებინოს საერთო მუშაობაში მონაწილეობა უკრაინის, ბელორუსიის, კავკასიის და სხვა ერების წარმომადგენლებს. კერკის პრესტიჟს შეუძლია დაარწმუნოს ეს წრეები, რომ ამერიკის კომიტეტი არ უწყობს ხელს არავითარ განსაკუთრებულ ველიკორუსულ ინტერესებს სხვა ერების ინტერესთა საზიანოდ, რაშიდაც მას დღემდე ბრალს სდებენო. ყველა, ვისაც სწყურია მშვიდობიანობა და გული შესტკივა საბჭოთა კავშირის მიერ დამონებულ ერებზე, უსურვებენ ადმირალ კერკს მისი მისიის ნაყოფიერად დასრულებას. <…> გაზეთი მოგვაგონებს, რომ ამერიკული კომიტეტი შესდგა შეერთებულ შტატების მოქალაქეთა იმ ჯგუფისაგან, რომელმაც მიზნად დაისახა მხარი დაუჭიროს ემიგრანტთა შორის ანტი-სტალინურ მუშაობას და გაუწიოს მას მატერიალური დახმარება”.

ორივე რადიოსადგურის შექმნაში ლომის წილი მიუძღვის უკვე ნახსენებ ჯორჯ კენანს, რომელმაც სტალინის რეჟიმის შეკავების სტრატეგია ჩამოაყალიბა სტატიაში „საბჭოთა მმართველობის საფუძვლები“ (გამოქვეყნდა 1947 წლის ივლისში ჟურნალ Foreign Affairs-ში ფსევდონიმით „X“). სწორედ კენანის ინიციატივითა და სხვა გავლენიანი საჯარო და კერძო პირების დახმარებით მალევე შეიქმნა რადიოსადგურები „თავისუფალი ევროპა“ (Radio Free Europe), რომელმაც 1950 წელს დაიწყო მაუწყებლობა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპის მსმენელებისთვის და “რადიო განთავისუფლება” (მოგვიანებით “რადიო თავისუფლება” - Radio Liberty), რომელიც 1953 წლიდან მაუწყებლობს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

ორივე სადგური - „რადიო თავისუფალი ევროპა“ და „რადიო განთავისუფლება“ - ფინანსდებოდა კონგრესის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მეშვეობით, ტერიტორიულად კი მდებარეობდნენ მიუნხენში და მოქმედებდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ვიდრე ისინი არ გაერთიანდნენ ერთ ორგანიზაციად 1970-იანი წლების შუა წლებში.

მტრული რადიო

„ამერიკის ხმის“ ან ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიისაგან (BBC) განსხვავებით, სადაც ძირითადად საუბრობდნენ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების პოზიციებზე, ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების შესახებ, „რადიო განთავისუფლება“ (თავისუფლება) უნდა ყოფილიყო შიდა რადიოსადგური (მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს გარეთ მდებარეობდა), რომელიც ილაპარაკებდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მათ შორის საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებსა და გაყალბებულ ისტორიულ ფაქტებზე. ეს იყო ე. წ. „სუროგატული რადიო“, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის მკაცრი ცენზურის პირობებში მოქმედი მედიასაშუალებების ალტერნატივა უნდა ყოფილიყო.

რადიო თავისუფლების ვეტერანი თანამშრომლების თქმით, რადიო თავისუფლება მართლაც უშუალოდ საბჭოთა კავშირის ხალხებისთვის მაუწყებლობდა და მართლაც მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებდა: რა გადაწყვეტილებებს იღებდა საბჭოთა მთავრობა, სად ცრუობდა კომუნისტური პროპაგანდა, როგორ მახინჯდებოდა ფაქტები, მათ შორის ოკუპაციასთან და პოლიტიკურ ტერორთან დაკავშირებული ფაქტები.

თავიდან რადიო თავისუფლების მესვეურებს წარმოდგენილი არ ჰქონდათ, რა რეაქცია მოჰყვებოდა ეთერში მათ გასვლას, თუმცა პირველივე გადაცემების შემდეგ გამოჩნდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ და მისმა სპეცსამსახურებმა, ფაქტობრივად, პირველივე დღეებიდანვე მიმართეს მთელ რიგ კონტრღონისძიებებს, მათ შორის თანამშრომლებზე ზეწოლას, რადიოსიგნალის ჩახშობის ინფრასტრუქტურის შექმნასა და „მტრული რადიოების“ დისკრედიტაციის მასშტაბურ კამპანიას. აი, რას წერდა გაზეთი „კომუნისტი“ გასული საუკუნის 50-იანი წლების პირველ ნახევარში:

„საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის განკარგულებით დაიწყო კამპანია წარმოებებში, დაწესებულებებში. მტრული რადიოების მოსმენის საწინააღმდეგოდ პროპაგანდა წარმოებს შემდეგი ლოზუნგით: „ქართველი თავადები და ფაშისტები ამერიკის კაპიტალისტებისა და ომის გაჩაღების სამსახურში“.

კანდიდ ჩარაკვიანი
კანდიდ ჩარაკვიანი

XX საუკუნის 50-იანი წლების საბჭოთა პრესის მიხედვით, იმართება მიტინგები, საბჭოთა რადიო გადასცემს იმის გამაბათილებელ ინფორმაციას, რასაც გადმოსცემენ მტრული დასავლური რადიოსადგურები.

მაინც რას გადმოსცემდა რადიო თავისუფლება და რის გაბათილებას ცდილობდა საბჭოთა პროპაგანდა?

„ხშირად ყოფილა საქართველო დაპყრობილი, მაგრამ არასოდეს დამორჩილებული. ქართველმა ხალხმა დღემდის შემოინახა თავისი სახეობა და არასოდეს მას არ დაუკარგავს ნებისყოფა ადამიანურ უფლებათა დაცვის ბრძოლაში. ამიტომაც ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის ურყევი სულიერი სიმტკიცე“, - ამონარიდი ერთ-ერთი გადაცემის სტენოგრამიდან.

რადიოს პირველი თანამშრომლები

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები თავიანთ რეპორტაჟებსა და ინტერვიუებში აცოცხლებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს თავისუფლების იდეას; შეახსენებენ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველო დაპყრობილი და ანექსირებულია რუსეთის მიერ და რომ საბჭოთა კავშირი ხალხთა საპყრობილეა და არა ნებაყოფლობითი ერთობა, როგორც ამას საბჭოთა პროპაგანდა ხატავდა.

რადიო თავისუფლების ქართულ მაუწყებლობას დამაჯერებლობას მატებდა პირველი თაობის თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაცია, განსწავლულობა და მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება, რომელთა შესახებაც წერდა ქართული ემიგრანტული პრესა:

„ამერიკიდან ჩამოსული კოლეგების დასკვნით, ქართულ რედაქციას პირველი ადგილი უჭირავს სხვა რედაქციებს შორის, განსაკუთრებით კი საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენების დაფასებაში. ხშირად ქართული რედაქციის სკიპტრებს დირექცია უგზავნის სხვა რედაქციებს სახელმძღვანელოდ“.

რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მისიაზე მნიშვნელოვან წარმოდგენას ქმნის მისი პირველი დირექტორის, ვინაობა: რაჟდენ არსენიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორი.

„ბევრს ახსოვს ბედნიერ დღეებში (იგულისხმება დამოუკიდებლობის გამოცხადება. - რ.თ.) - სასახლის აივნიდან რაჟდენის სიტყვა-ყიჟინა, - აღფრთოვანებული თვალებით, ცეცხლის ფრქვევით - ქართველობას ისტორიული აქტის მიღებას რომ ამცნობდა, საქართველოს ეროვნულ მონობიდან განთავისუფლებას რომ ულოცავდა, და იგი გახდა ერთ უმთავრეს ფუძემდებელთაგანი სახელმწიფოებრივ ორგანოების ჩამოყალიბებისა და სამართლის თავდადებული დამცველი“, - პავლე სარჯველაძე, სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს თავმჯდომარე და ჟურნალ „ჩვენი დროშის“ მთავარი რედაქტორი („ჩვენი დროშა“, №43, პარიზი, 1965).

რაჟდენ არსენიძე
რაჟდენ არსენიძე

„საქართველოში წითელი არმიის შემოსვლით გაუქმდა თავისუფალი აზრი და დამოუკიდებლობა საქართველოს რესპუბლიკის. ქართველ მოქალაქეს დღეს უფლება აქვს მხოლოდ იგემოს „ბედნიერება“ კომუნისტურ სამოთხის, მაგრამ არ შეუძლია თავის მსჯავრი გამოთქვას მის შესახებ. მისი გონებრივი საზრდო დღეს მხოლოდღა კომუნისტთა დაუსრულებელი ბაქიაობის და დემაგოგიის მოსმენაა. არც სწორი ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაზე, არც სწორი აზრი მის გასაშუქებლად, რაც მას დაატყდა თავს კომუნისტური უხეში ძალის შემოსევით: ერთიც და მეორეც აკრძალული ხილია,“ - რაჟდენ არსენიძე, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი 1953-1962 წწ.

რადიო თავისუფლების თანამშრომლის, ბიძინა რამიშვილის თქმით, რაჟდენ არსენიძესთან ერთად, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პირველი თაობის შემადგენლობაში იყვნენ დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე, რომელთაც მოგვიანებით შეემატნენ: ნიკო იმნაიშვილი, კარლო ინასარიძე (რომელიც შემდეგ დირექტორი გახდა), ვალიკო ინწკირველი, შალვა კალანდაძე.

„ეს იყო პირველი ჯგუფი, - ამბობს ბიძინა რამიშვილი, - თუ შევხედავთ მათ ბიოგრაფიებს, უმეტეს მათგანს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული. რადიო თავისუფლების საწყისი დაკავშირებული იყო ქართული ემიგრაციის იმ თაობასთან, რომელიც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ წავიდა სამშობლოდან. ეს არის განათლებული თაობა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა დასავლეთის კულტურულ ცენტრებში, დიდწილად პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით. ათეულობით ნიჭიერ ახალგაზრდას აგზავნიდნენ დასავლეთში განათლების მისაღებად და აფინანსებდნენ. ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარება ალბათ სერიოზულად დაბრკოლდებოდა, ეს ხალხი რომ არ წასულიყო და გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და ა.შ. მოწინავე ცენტრებში არ მიეღო განათლება. ეს ხალხი იდგა ნაწილობრივ რადიო თავისუფლების სათავეებთან“.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პირველ რესპონდენტთა ჩამონათვალი: გრიგოლ რობაქიძე, გიორგი კვინიტაძე, ვიქტორ ნოზაძე, მიხაკო წერეთელი, ეთერ ფაღავა და ა.შ. არსებობის 72 წლის განმავლობაში იცვლებოდნენ რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის როგორც თანამშრომლები, ასევე რესპონდენტები, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა და რჩება მისი მისია: დემოკრატიული ფასეულობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე ადამიანის უფლებების ხელშეწყობა როგორც ახალი ამბების გაშუქებითა და გავრცელებით, ასევე ღია დისკუსიითა და ცენზურის გარეშე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG