Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#1. როგორ შეიქმნა რადიო თავისუფლება


პოდკასტი იმპერია და რადიო - ეპიზოდი 1
please wait

No media source currently available

0:00 0:43:25 0:00
გადმოწერა

ბიძინა რამიშვილი და ჯიმშერ რეხვიაშვილი ჰყვებიან, როგორ შეიქმნა რადიო თავისუფლება და რა მიზანს ემსახურებოდა ის, როგორი იყო ამ მოვლენაზე საბჭოთა კავშირის რეაქცია, ვინ იყვნენ პირველი თანამშრომლები და სხვ.

პოდკასტი „იმპერია და რადიო“ ისტორიას ეხება, საბჭოთა საქართველოსა და, საერთოდ, საბჭოთა კავშირის ისტორიას. ოღონდ იმას, თუ როგორ აშუქებდა ამ მოვლენებს რადიო თავისუფლება თავისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში.

ასევე მოგითხრობთ, როგორ რეაგირებდა საბჭოთა რეჟიმი თავის დაუძინებელ მტრებზე - რადიო თავისუფლებაზე და დასავლეთის სხვა საინფორმაციო საშუალებებზე, რომლებიც საბჭოთა ტყუილებს ააშკარავებდნენ და სისხლს უშრობდნენ კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგებს.

შევეხებით აგრეთვე თავად რადიო თავისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებს, მის მთავარ მოქმედ პირებს, რადიო თავისუფლების კავშირს ქართულ ემიგრაციასთან და საქართველოსთან.

პოდკასტის ადრესატია ყველა, ვისაც აინტერესებს საბჭოთა წარსული და ის, თუ როგორ განსხვავდებოდა ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა კომუნისტურ სისტემაში და დემოკრატიულ სამყაროში. ეს განსაკუთრებით ეხებათ ახალგაზრდებს, რომელთაც ზოგჯერ ერთობ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საბჭოთა პერიოდზე.

არადა, თუკი გაცვეთილ ჭეშმარიტებას გავიმეორებთ, საბჭოთა კავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჯერაც არ დასრულებულა ჩვენს ცნობიერებაში და მისი კარგად ცოდნა დღევანდელი პრობლემების უკეთ გადაჭრაშიც დაგვეხმარება.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამ პოდკასტში საუბარი გვაქვს რადიო თავისუფლების თვალით დანახულ ისტორიაზე და თავად რადიო თავისუფლებაზე როგორც ისტორიის ფაქტზე.

და რადგან ისტორიას წყაროები უყვარს, აქვე გეტყვით, რომ ჩვენს პოდკასტში გამოვიყენებთ რადიო თავისუფლების აუდიოარქივში დაცულ მასალებს, საბჭოთა და უცხოურ პუბლიკაციებს, ჟურნალისტთა თუ რადიომსმენელთა მოგონებებს.

„იმპერიისა და რადიოს“ ავტორები არიან: რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში - ჯიმშერ რეხვიაშვილი, და პრაღაში, რადიო თავისუფლების შტაბ-ბინაში - თქვენი მონა-მორჩილი, ბიძინა რამიშვილი.

ჩვენი პოდკასტი ქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG