24 მარტს გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მიიღებს 7,46 მილიონ დოლარს - თანხას, რომელიც მას უნდა მიეღო მარტის პირველ 14 დღეში, სანამ 14 მარტს აშშ-ის კონგრესი ფედერალური დაფინანსების გაგრძელების შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებდა, ხოლო 15 მარტს USAGM რადიოსთვის გრანტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
რადიო თავისუფლება USAGM-ის ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სასამართლოში.
"სააგენტომ გადადგა დაუყოვნებელი ადმინისტრაციული ნაბიჯები [თანხის] გადაცემის დასაწყებად", - წერს USAGM სასამართლოს სარჩელზე საპასუხოდ თანდართულ წერილში და დასძენს, რომ გადაცემა განხორციელდება 26 მარტს, RFE/RL კი თანხას თვის ბოლოს მიიღებს.
24 მარტს მოგვიანებით გამართულ სასამართლო სხდომაზე, USAGM-ის ადვოკატმა აბიგეილ სტაუტმა თქვა, რომ USAGM-სა და RFE/RL-ს შორის მოქმედი საგრანტო ხელშეკრულება, როგორც ეს საერთაშორისო სამაუწყებლო აქტითაა განსაზღვრული, სააგენტოს ანიჭებს ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებამოსილებას - თუკი RFE/RL-ი არ შეასრულებს მასში განსაზღვრულ პირობებს.
"ამდენად, წესდება რეალურად ითვალისწინებს, რომ სააგენტოს შეუძლია გრანტის შეწყვეტა", - თქვა მან.
საპასუხოდ, RFE/RL-ის ერთ-ერთმა ადვოკატმა დევიდ ზიონტსმა განაცხადა, "აზრს მოკლებული" იქნებოდა კონგრესის მხრიდან დაფინანსების დამტკიცება მხოლოდ იმიტომ, რომ სააგენტოები როგორც მოისურვებენ, ისე მოიქცნენო.
RFE/RL-ი სამართლებრივი ნაბიჯების მეშვეობით ცდილობს 2025 წლის 30 სექტემბრამდე კონგრესის მიერ განსაზღვრული და გამოყოფილი სრული საბიუჯეტო თანხის მოპოვებას და სურს, სასამართლომ ამ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოსცეს.
მოსამართლე როის ლამბერტის გადაწყვეტილებას სარჩელზე მომავალ კვირებში მოელიან.
"სინათლის სხივი სიცრუის წყვდიადში"
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის საფრთხეს მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა იმ ქვეყნებში, რომლებსაც რადიო თავისუფლება ფარავს. ირანიდან - ბელარუსამდე, ავღანეთიდან - რუსეთამდე, პაკისტანიდან - უკრაინამდე - 27 ენაზე მოლაპარაკე აუდიტორია 23 ქვეყანაში - რადიო თავისუფლების მკითხველები, მაყურებლები და მსმენელები RFE/RL-ის ჟურნალისტებს აქებენ გაბედული, მიუკერძოებელი და სიმართლეზე დაფუძნებული რეპორტაჟებისთვის, იქნება ეს ფრონტის ხაზი თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტარული, რეპრესიული რეგიონები.
"თქვენ სინათლის სხივი იყავით, რომელიც სიცრუის წყვდიადს ანათებდა", - წერს უკრაინელი მკითხველი ოლეჰ პროზოროვი ფეისბუკზე და რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მადლობას უხდის "პოლიტიკური თავისუფლებების დაცვისთვის".
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებაზე მხოლოდ კანონით და საწესდებო დებულებებით მოთხოვნილ დონემდე.
RFE/RL-ს გრანტი შეუწყდა წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც " USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული". წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს. სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული.
ყოფილი ტელეწამყვანი და არიზონის სენატორობის კანდიდატი კერი ლეიკი პრეზიდენტმა ტრამპმა გასული წლის დეკემბერში წარადგინა "ამერიკის ხმის" (VOA) დირექტორად, თუმცა მისი კანდიდატურა საერთაშორისო მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭომ (IBAB) უნდა დაამტკიცოს.
ეს საბჭო კონგრესის მიერაა შექმნილი, და მას USAGM-ის ზედამხედველობა ევალება. IBAB-ის წევრები აშშ-ის ადმინისტრაციამ იანვარში გაათავისუფლა, თუმცა მათი შემცვლელები ჯერ არ დაუნიშნავთ.
USAGM-მა თებერვალში გამოაცხადა რომ კერი ლეიკი ამ სააგენტოს სპეციალური მრჩეველი გახდა.
USAGM და "ამერიკის ხმა" ფედერალური სააგენტოებია, ხოლო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო, არაკომერციული კორპორაცია, რომლის დაფინანსების წყარო აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ყოველწლიური გრანტია. ამერიკის ხმისგან განსხვავებით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები არ არიან აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების მუშაკები.
ტრამპს, რომელმაც იანვარში მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სამთავრობო ხარჯების შესამცირებლად, პრეზიდენტობის პირველ ვადაში USAGM-თან კონფლიქტი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და პროგრამული პრიორიტეტების გარშემო.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონგრესმა დაიცვას USAGM, უზრუნველყოს მათთან დაკავშირებული ჟურნალისტების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ერთგულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისა, შინაც და საზღვრებს გარეთაც", - წერენ პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დამცველი 28 ჯგუფის წარმომადგენლები აშშ-ის კანონმდებლებისადმი 19 მარტს მიწერილ წერილში.
RFE/RL-ის დაფინანსების სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, რადიო თავისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.
USAGM არის აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის მაუწყებლობას 50-მდე ენაზე, კვირაში 361 მილიონამდე ადამიანისთვის.
2025 ფისკალური წლისთვის USAGM-ისგან მოთხოვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 950 მილიონ დოლარს, რითაც უნდა დაფინანსებულიყო თავად USAGM, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL), "ამერიკის ხმა", რადიო თავისუფალი აზია, კუბის მაუწყებლობა (Radio Marti), ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელი (MBN) და ღია ტექნოლოგიის ფონდი.
საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად, 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს.
ფორუმი