19 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ქარტია მიუთითებს, რომ რადიო თავისუფლება 75 წელზე მეტია, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ.
„საქართველოში „რადიო თავისუფლების“ როლი სრულიად განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედიალანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად. „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქცია ადგილობრივი მედიასაშუალებების მხარდამხარ წერს თანამედროვე ქართული მედიის ისტორიას“, - მიაჩნია ეთიკის ქარტიას.
„საქართველოში მედიას წლებია, უკიდურესად პოლარიზებულ, ღიად მტრულ და დამთრგუნველ გარემოში უწევს მუშაობა. „რადიო თავისუფლებამ“ ამ რთულ პირობებშიც კი შეძლო მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება, ჩამოყალიბდა პროფესიის მეტრად, რომელზეც ჟურნალისტთა თაობები იზრდებიან და რომელზეც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს აქვთ სწორება“, - წერია ქარტიის განცხადებაში.
ორგანიზაციის თანახმად, რადიო თავისუფლება ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისა და შინაარსიანი დებატებისათვის, ჟურნალისტები რადიო თავისუფლებიდან რეგულარულად იღებენ პროფესიულ ჯილდოებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის; რადიო თავისუფლება იზიდავს ახალგაზრდებს სოციალურ მედიაში განთავსებული მრავალფეროვანი ჟურნალისტური ნამუშევრებით.
„ქართული მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ქმედებების შედეგად დახურვის, ხოლო ქართული საზოგადოება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი პროპაგანდისტული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პირისპირ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან. ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდება “რადიო თავისუფლების” როლი და მისია. „რადიო თავისუფლების“ გარეშე მედია საქართველოში უკიდურესად გაღარიბდება, დაიკარგება საზოგადოების მრავალფეროვანი ხმები“, - აცხადებს ქარტია.
ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ თხოვნით მიმართავს ევროპული ქვეყნების მთავრობებს და კერძო ფონდებს, "გამონახონ რესურსები "რადიო თავისუფლების" შესანარჩუნებლად იმ საზოგადოებებისათვის მრავალ ქვეყანაში, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენია და რომელთა ისედაც რთული ყოველდღიურობა „რადიო თავისუფლების“ გარეშე კიდევ უფრო დამძიმდება".
რადიო თავისუფლებამ სასამართლოს მიმართა
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) 18 მარტს სასამართლოში უჩივლა შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს, რათა დაბლოკოს მათი მცდელობა, შეწყდეს აშშ-ის კონგრესის მიერ მედიასაშუალებისთვის დამტკიცებული დაფინანსება.
RFE/RL-ს საჩივარში, რომელიც 18 მარტს აშშ-ში წარედგინა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს, ნათქვამია, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილ სახსრებზე უარი არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების საკითხში.
„ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია”, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულებით შეამცირა შვიდი სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, "ამერიკის ხმას" და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გლობალური მედიის სააგენტომ გამოგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლებას აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
- რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
- რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
- რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
ფორუმი