Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
შვეიცარიაში ელჩად ინიშნება ექსმოსამართლე, რომელმაც კანონიერად მიიჩნია ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა

შვეიცარიაში ელჩად ინიშნება ექსმოსამართლე, რომელმაც კანონიერად მიიჩნია ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა


ფოტოკოლაჟი: შოთა გეწაძე (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი
ფოტოკოლაჟი: შოთა გეწაძე (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი მოსამართლე შოთა გეწაძე, - მოსამართლე ლევან მურუსიძის მეგობარი, რომელმაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონიერად ცნო, - 2025 წლის 1 აპრილიდან შვეიცარიაში ელჩად ინიშნება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 21 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლითაც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე შოთა გეწაძის კანდიდატურა წარუდგინა მიხეილ ყაველაშვილს.

განკარგულების თანახმად, შოთა გეწაძე მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 1 აპრილიდან შეუდგება.

იგი 2023 წლიდან ამავე ქვეყანაში საქართველოს დესპანი იყო, ბოლო პერიოდში კი - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

ირაკლი კობახიძემ 21 მარტს გამოსცა კიდევ ორი განკარგულება ელჩების დანიშვნის თაობაზე. კერძოდ:

  • თურქეთში ელჩად ინიშნება არჩილ კალანდია, - ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც მოეწერა ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას საქართველოსა და ჩინეთს შორის;
  • კუბაში ელჩად ინიშნება გრიგოლ (გიგლა) ბარამიძე, ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივანი.

დესპანი შვეიცარიაში

შოთა გეწაძე ამ დრომდე იკავებდა შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის მოვალეობას.

შვეიცარიაში წინა ელჩი რევაზ ლომინაძე იყო - მისი გათავისუფლების განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 26 აგვისტოს გამოსცა.

შოთა გეწაძემ, რომელიც სასამართლო სისტემაში 21 წლის ასაკიდან მუშაობდა და რომელსაც მოსამართლეობის 13-წლიანი სტაჟი ჰქონდა, ასევე, უვადო მოსამართლედ იყო განწესებული, 2023 წლის ივნისში პოსტი და პროფესია დატოვა. ამის შემდეგ შეუდგა ის დიპლომატიურ საქმიანობას.

მურუსიძე - „მეგობარი და არა ლიდერი“

შოთა გეწაძეს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ადანაშაულებდნენ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ სასამართლოს კლანის წევრობაში.

2019 წელს მას სურდა, უზენაეს სასამართლოში დანიშნულიყო უვადოდ, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

2019 წლის ივლისში, - როდესაც უკვე უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესება სურდა, - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმენისას განაცხადა:

„ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი… ის არის ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანი და მე მგონი, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი“.

2019 წლის სექტემბერში, როდესაც ახლა უკვე პარლამენტის წინაშე წარდგა იმავე მიზნით, შოთა გეწაძემ განაცხადა:

  • „სასამართლოში იმდენად კარგი რამ ხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ საზოგადოებამ, მათ შორის თქვენ, არ იცით ამის თაობაზე“;
  • „სასამართლოს ისტორიაში ამ დონის თავისუფალი სასამართლო ჯერ არ ყოფილა“.

2017 წელს სურდა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობა; იყო იმ ხუთ კანდიდატს შორის, რომლებიც სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ 68 მსურველიდან შეარჩია. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ექსპერტთა საბჭომ იგი დაიწუნა, - მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, ახალგაზრდა ასაკისა და სტაჟის სიმცირის გამო.

ივანიშვილის საქმე

სწორედ შოთა გეწაძე იყო მოსამართლე, რომელმაც 2011 წელს - ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად ჩაბმის შემდეგ - მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმე განიხილა.

ივანიშვილს 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

ივანიშვილის ადვოკატი სასამართლოს იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად გამოცხადებას სთხოვდა, რომელთა საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

საქმე 2011 წლის დეკემბერში შოთა გეწაძემ განიხილა.

მოსამართლემ ივანიშვილის ცოლისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოდ ცნო, თავად ივანიშვილის შემთხვევაში კი - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანება ძალაში დატოვა.

2019 წლის 25 სექტემბერს, უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად პარლამენტში გამართულ მოსმენაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მას ეს საქმე გაახსენეს. გეწაძემ თავისი გადაწყვეტილება დაიცვა და თქვა, რომ მაშინდელი კონსტიტუციური ჩანაწერით და ორგანული კანონით, მოქალაქეობის შესახებ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

მიხეილ ყაველაშვილმა, - რომელიც 2019 წელს დეპუტატი იყო, - მას ჰკითხა, ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე დღესაც მიიღებდა თუ არა იმავე გადაწყვეტილებას, რაზეც მოსამართლემ უპასუხა:

„დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა და კონსტიტუცია, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას, რადგან ის იყო კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისი“.

გეწაძის შვეიცარიაში ელჩად დანიშვნის ბრძანებას ხელი უნდა მოაწეროს სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არის არჩეული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG