რატომ დადუმდა ამერიკის ხმა?
14 მარტს, პარასკევის გვიან საღამოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა თავიდან აიცილა მთავრობის პარალიზება და ბიუჯეტის სექტემბრამდე გაგრძელების რეზოლუცია მიიღო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება “ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების გაგრძელების” შესახებ. ბრძანებულებაში შვიდი ფედერალური ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის, USAGM.
USAGM აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოა - ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL), ამერიკის ხმა, რადიო თავისუფალი აზია, კუბის მაუწყებლობის სამსახური, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი და ღია ტექნოლოგიის ფონდი.
ეს სააგენტოები ჯამში თითქმის 50 ენაზე მუშაობენ და ყოველკვირეულად 361 მილიონი აუდიტორია ჰყავთ.
2025 წლისთვის USAGM ითხოვდა 950 მილიონ დოლარს საკუთარი თავისა და 6 ორგანიზაციის დასაფინანსებლად.
თითოეულ ამ მედიაორგანიზაციას ბიუჯეტის თანხა კონგრესის მიერ განესაზღვრება - პარასკევს მიღებული რეზოლუციის შედეგად, მათ 2024 წლის პარამეტრებით დაფინანსება ჰქონდათ წესით გარანტირებული.
15 მარტს, პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, USAGM-მა განაცხადა, რომ საგრანტო ხელშეკრულებებს აუქმებს სააგენტოებთან, “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.
„ამ დილით შევიტყვე, რომ „ამერიკის ხმის“ ფაქტობრივად მთლიანი შტატი, 1300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერები და დამხმარე პერსონალი, დღეს ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს. მათ შორის მეც“, - დაწერა „ამერიკის ხმის“ აღმასრულებელი დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა.
იმავე დღეს, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება სათაურით „რადიკალური ამერიკის ხმა“, სადაც ნათქვამი იყო, რომ „დონალდ ტრამპის პარასკევის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადების გადამხდელები რადიკალურ პროპაგანდაში ფულს არ ხარჯავდნენ“. განცხადებაში გაკრიტიკებული იყო „ამერიკის ხმის“ სარედაქციო პოლიტიკა და მას მიკერძოებაში სდებდა ბრალს, მათ შორის, პირადად დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
„ამერიკის ხმა“ 83 წლის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 16 მარტს დადუმდა.
როგორ განაგრძობს მუშაობას რადიო თავისუფლება?
„ამერიკის ხმის“ თანამშრომლების დიდ ნაწილს, ფაქტობრივად, საჯარო მოხელის სტატუსი აქვს, რის გამოც USAGM-ს მათი ანაზღაურებად შვებულებაში გაშვების უფლებამოსილება ჰქონდა. რამდენადაც ეს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს შეეხო, „ამერიკის ხმას“ საქმიანობის შეწყვეტაც მოუწია.
„ამერიკის ხმისგან“ განსხვავებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დაფინანსებას კონგრესისგან იღებს და USAGM კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტის გამტარებელია. USAGM-მა RFE/RL-ს ეს საგრანტო ხელშეკრულება და შესაბამისად, დაფინანსება შეუწყვიტა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც 18 მარტს USAGM-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
RFE/RL-ის საჩივარში, რომელიც აშშ-ში წარედგინა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს, ნათქვამია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კონგრესის მიერ გამოყოფილ სახსრებზე უარის თქმა არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების საკითხში.
რადიო თავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებული რეზერვებით და შეზღუდული შესაძლებლობებით განაგრძობს მუშაობას.
"დესპოტების სიხარული ნაადრევია"
"ახლა იმის დრო არაა, ამერიკის მეტოქეების პროპაგანდასა და ცენზურას მოედანი დავუთმოთ. ჩვენ გვჯერა, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მსოფლიოს გარშემო ჩვენი გაქრობის გამო დესპოტების სიხარული ნაადრევია", - თქვა სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ RFE/RL-ის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
რადიო თავისუფალმა ევროპამ 1950 წელს დაიწყო მაუწყებლობა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში. 1953 წლიდან კი რადიო თავისუფლება გადასცემდა ახალ ამბებს მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის მათ ენებზე.
დღეს რთე/რთ 23 ქვეყანაში მუშაობს 27 ენაზე აშუქებს ახალ ამბებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
კომპანიის აუდიტორია ყოველკვირეულად 50 მილიონამდე ადამიანია ისეთ ქვეყნებში, სადაც ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალ სიტყვას ახშობენ და ჟურნალისტებს დევნიან - იქნება ეს, მათ შორის, ავღანეთი, ირანი, რუსეთი თუ ბელარუსი.
“ორი აზრი არაა, რომ ეს ამერიკის დანაკარგია. მრავალი წელია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაღალი ხარისხის ინფორმაციასა და ანალიზს აწვდის ასეულობით მილიონ ინფორმაციას მოწყურებულ ადამიანს”, - დაწერა 16 მარტს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა კონსტანტინ სონინმა.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური 1953 წლიდან მაუწყებლობს. დაფინანსების შეჩერების გამო შექმნის პრობლემებს ეხმაურებიან საქართველოშიც.
"72 წლის განმავლობაში რადიო თავისუფლება იყო საქართველოს ფანჯარა თავისუფალი სამყაროსკენ. რამდენადაც მისი მისია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოწოდებას, რომ „ევროპის ხმამ“ გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებებისთვის", - დაწერა 19 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
გერმანიაში მოღვაწე მწერალმა ნინო ხარატიშვილმა თქვა, რომ რადიო თავისუფლების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა "პროპაგანდის ქარხნები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ".
"რადიო თავისუფლება საქართველოში (და არა მარტო) ათწლეულების მანძილზე იყო და არის დამოუკიდებელი მედიის, პროფესიონალიზმის, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მაგალითი, რომლის დახურვაც კიდევ უფრო მეტად გაუხსნის ყველა პროპაგანდისტს და ფეიკნიუსის წარმომადგენელს: ასპარეზს და კიდევ უფრო რთულს გახდის საქართველოში მიმდინარე, საბედისწერო ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის!", - უთხრა ნინო ხარატიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ამის საპირისპიროდ, კრიტიკული იყო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეფასება. 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რადიო თავისუფლებას უწოდა "აგენტურულ ქსელში და საერთო მესიჯბოქსში ჩართული" ორგანიზაცია.
"არ ვიცი რამდენად იყო ეს ბატონი ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველი თუმცა, ობიექტური რომ აღმოჩნდა, ფაქტია", - დასძინა მამუკა მდინარაძემ.
19 მარტს ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი ტვ იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ დაინტერესებულია რადიო თავისუფლების ბრენდის და ქონების შესყიდვით.
ევროპული პერსპექტივა
18 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ.
RFE/RL-ისთვის ამერიკული გრანტის შეჩერების შემდეგ, 17 მარტის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ჩეხეთმა წამოჭრა ორგანიზაციის ევროკავშირის მიერ დაფინანსების საკითხი. 18 მარტის საბჭოზე მსჯელობა გააგრძელეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრებმა.
დღის ბოლოს ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, მარტინ დვორჟაკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფო: ჩეხეთი, ავსტრია, ბელგია, ლიეტუვა, ნიდერლანდი, ესტონეთი, გერმანია, ლატვია, სლოვენია და შვედეთი.
პოლონეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის მონაცვლე თავმჯდომარე სახელმწიფოა, განცხადებაზე ხელმოწერის უფლება არ აქვს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა 17 მარტს მხარი დაუჭირა რადიო თავისუფლების ევროპული დაფინანსების იდეას.
განცხადების ხელმომწერები „აცხადებენ მზადყოფნას, ერთად იმუშაონ, რათა იპოვონ და უზრუნველყონ სათანადო ფინანსური რესურსები, რაც RFE/RL-ს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი მისია”.
“ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ევროპულ ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, გაერთიანდნენ RFE/RL-ისთვის მდგრადი ფინანსური დახმარების ჩამოსაყალიბებლად”.
მარტინ დვორჟაკი შეხვდა ევროკომისიის წარმომადგენლებსაც - გაფართოების კომისარ მარტა კოსსა და ბიუჯეტის კომისარ პიოტრ სერაფინს.
დვორჟაკთან შეხვედრის შემდეგ, მარტა კოსმა დაწერა, რომ გააკეთებს „ყველაფერს მისი ძალაუფლების ფარგლებში, რათა მხარი დაუჭიროს [რადიო თავისუფლების] საქმიანობის გაგრძელებას“.
დღის ბოლოს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე RFE/RL-ის შესახებ ჰკითხეს ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ევროკომისარ მაროშ შეფჩოვიჩსაც. მისი თქმით, ევროკომისია „საფუძვლიან შეფასებას“ ახორციელებს და „მზადაა ჩაიხედოს“ რადიო თავისუფლების დაფინანსების საკითხში.
RFE/RL-ის ევროპულ დაფინანსებას მხარი დაუჭირა ყველაზე მსხვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მანფრედ ვებერმაც.
„საუბარია დაახლოებით 140 მილიონ ევროზე, რაც RFE/RL-ის ახლანდელი დაფინანსებაა. ამდენად, ჩემი გადმოსახედიდან, სერიოზულად უნდა ვეძებოთ გამოსავალი აუცილებელი სახსრების უზრუნველსაყოფად. ისინი იცავენ იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს”, - თქვა პოდგორიცაში ჩასულმა მანფრედ ვებერმა 18 მარტს.
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (2020-2024 წლებში), გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, "ძალიან კარგი აზრი უწოდა" RFE/RL-ის ევროპულ დაფინანსებაზე გადასვლას.
19 მარტს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ამისათვის საჭირო იქნება პოლიტიკური ნება, რისი არსებობის შემთხვევაშიც სათანადო გზის გამონახვა შესაძლებელი იქნება:
"ეს ნამდვილად შეიძლება მოხდეს. მაგრამ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა საკუთარი თავის რწმენას გაიჩენს", - თქვა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.
USAGM-ის მიერ RFE/RL-ისთვის დაფინანსების შეჩერებას მედიის უფლებების დამცველი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც გამოეხმაურა.
16 მარტს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამის შედეგად „მსოფლიოს გარშემო მილიონობით მოქალაქეს შეუწყდება წვდომა დამოუკიდებელ გაშუქებაზე“.
ფორუმი