„მეც მაგის გარკვევა მინდა, ბატონო მოსამართლე”, - პასუხობს ჟურნალისტი. მეგობრებმა და კოლეგებმა საბას ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის შეხვედრაზე არ მივიდა, თუმცა შეხვედრის ადგილის სიახლოვეს მისი მიტოვებული სკუტერი იპოვეს.
ახლო-მახლო გაიკითხეს და თვითმხილველებისგან შეიტყვეს, რომ ჟურნალისტი „პოლიციამ წაიყვანა”.
საბა სორდიას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.
მოწმე პოლიციელმა ბესარიონ სიხარულიძემ სასამართლოზე თქვა, რომ საბა სორდია „საპოლიციო ეჭვის“ საფუძველზე გააჩერეს. „საპოლიციო ეჭვის“ გაჩენა მან ასე აღწერა:
„ამ ადგილას მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ სულ ახალგაზრდები დადიან ხოლმე, ბევრი კლუბია და აქვთ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები, ხშირად ვაჩერებთ და ვამოწმებთ მათ... საბას რომ შევხედეთ, სახე რაღაცნაირად მოგვარიდა, ამის გამო მივედით ჩვენ მასთან“.
შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები ამბობენ, რომ გაჩერებული ახალგაზრდის ვინაობის დადგენა და ზედაპირული დათვალიერება უნდოდათ, რაზეც მან უარი თქვა, „იქცეოდა ცინიკურად“ და „სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა მათ”.
„...უნდა დამორჩილებოდა იმას, რომ მოეცა სრულად იდენტიფიცირების საშუალება… სახელი და გვარი რომ გამეგო. პირადობის მოწმობა მომცა, მაგრამ ამ პირადობის მოწმობაზე მე ვერ მოვახერხე მისი მონაცემების ამოკითხვა, რადგან ამის საშუალებას არ მაძლევდა. ასევე, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა გამოიხატება იმაში, რომ ზედაპირულად ვერ შევამოწმეთ ეს პიროვნება, არ მოგვცა ამის საშუალება. გარეგნულად შევეხეთ [მის ჯიბეებს], როცა პირველადი შეხება მოახდინა ჩემმა თანამშრომელმა, როცა გარედან შეეხო მის ჯიბეს, უარი განუცხადა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო, რომ ამის უფლება არ ჰქონდა“, - უთხრა პოლიციელმა გიორგი ჩიქობავამ მოსამართლეს.
ჩხრეკა თუ დათვალიერება?
სხვა რამეს ჰყვება საბა სორდია. მისი თქმით, პოლიციელებს პირადობის მოწმობაც მიაწოდა და დათვალიერების უფლებას მისცა, მათ შორის ჩანთაც გაუხსნა, თუმცა როგორც კი პოლიციელი ჩანთის შიდა ჯიბეს შეეხო, ეს უკვე ჩხრეკა იყო და არა დათვალიერება. ჩხრეკას კი ოქმი სჭირდებოდა.
„ჩანთის გახსნა დავიწყე მე თვითონ, ლურჯი ჩანთაა, რომელსაც აქვს 2 დიდი ჯიბე და წინ ერთი პატარა ჯიბე. უკანა ჯიბეში ლეპტოპი მიდევს ხოლმე, რომელიც მაშინ არ მქონდა. უპრობლემოდ გავხსენი, ვაჩვენე. შიდა ჯიბეს აქვს პატარა ჯიბე. მე თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს. შიდა პატარა ჯიბის გახსნა დაიწყო პოლიციელმა.
ამას მოჰყვა ჩემი სიტყვიერი წინააღმდეგობა, რომ „მე თვითონ გავხსნი”. ამის გამო ხელი დამიჭირა“, - გაიხსენა ჟურნალისტმა მომხდარი.
პოლიცია ბოლო პერიოდში სისტემატურად ჩხრეკს ქუჩაში გამვლელებს, მათ შორის, მეტროს ამოსასვლელებთან და ამას „ზედაპირულ დათვალიერებას“ არქმევს. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ და ათვალიერებენ “პოლიციის შესახებ” კანონის სრული დაცვით.
კანონის განმარტებით, ზედაპირული დათვალიერებისას პოლიციელს აქვს უფლება, შეამოწმოს ტანსაცმლის მხოლოდ ზედაპირი ხელით ან დეტექტორით. ზედაპირული დათვალიერებისას არ შეიძლება ჯიბეში ხელის ჩაყოფა ან მისი შიგთავსის ჩვენება, ასევე არ შეიძლება მოსთხოვონ მოქალაქეს, აჩვენოს, რა უდევს ჩანთაში. ზედაპირული დათვალიერებისას პოლიციას ჩანთის გახსნის უფლება არ აქვს. ქალს ამოწმებს ქალი, კაცს - კაცი. მოქალაქეს კი აქვს უფლება ჩანთის გახსნის მოთხოვნას ან დაეთანხმოს ან უარი თქვას. |
---|
„პოლიციამ საბა სორდიას შემთხვევაში მოითხოვა ჩხრეკა, რასაც საფუძველიც არ ჰქონდა. სორდია იყო ინფორმირებული ამაზე და მიუთითა პოლიციელებს. მოქალაქეს უფლება აქვს არ გახსნას მისი პირადი ნივთები და არ გახსნას შიგთავსი, თუ ზედაპირული დათვალიერების დროს გარედან არ აღმოაჩინა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. თუ მოქალაქე თავად ხსნის ჩანთას ეს დარღვევა არ არის, მაგრამ პოლიციელს არ ჰქონდა უფლება გახსნილი ჩანთის შიდა ჯიბეში პატარა ჯიბე თავისი ხელით გაეხსნა და დაეთვალიერებინა. ეს უკვე არის ჩხრეკა... ეს საქმე თვითნებური დაკავების კიდევ ერთი მაგალითია“, - ამბობს იურისტი.
პოლიციელი ბესარიონ სიხარულიძე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საბა სორდიას ჩანთას არ შეხებია და არც ახსოვს, რომ მას ჩანთა ჰქონდა. მეორე მოწმემ კი დაადასტურა, რომ სორდიას ჩანთა ჰქონდა და ახსოვს „ჩანთის გახსნილი ელვაშესაკრავი“. ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე: „ელვაშესაკრავი თუ გახსნილი იყო, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საბა სორდია ჩანთის გახსნის მოთხოვნას დაემორჩილა?“ პოლიციელის პასუხი შეიცვალა - „ზუსტად არ მახსოვსო”.
პროცესზე პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ საბა სორდიას პირადობის მოწმობა დაკავების ადგილიდან განყოფილებამდე ხელთ ჰქონდათ, მაშინ რატომ ამბობენ, რომ ვერ მოახერხეს საბა სორდიას იდენტიფიცირება და რატომ წაიყვანეს განყოფილებაში?
„პირადობა ხელში რომ გადმომცა, იმ მომენტშივე ცდილობდა უკან დაბრუნებას. ხელით ცდილობდა უკან დაბრუნებას. აპირებდა [გამოეგლიჯა], მაგრამ ხელში მეჭირა და არ მიმიცია მისთვის უფლება, მაგრამ ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ მქონდა საშუალება, რომ ჩამეხედა პირადობისთვის. ხელში მეჭირა, მაგრამ არ მაძლევდა უფლებას, რომ ჩამეხედა, ხელს მიშლიდა ამ ღონისძიების განხორციელებაში“, - თქვა პოლიციელმა.
მოწმე პოლიციელებმა მოსამართლესთან დაიჩივლეს, რომ საბა სორდიამ მათ არა მხოლოდ დათვალიერებაში, არამედ ვიდეოგადაღებაშიც შეუშალა ხელი.
„ამოიღო ჩემმა თანამშრომელმა ტელეფონი, რომ მოეხდინა გადაღება და არ მისცა ამის საშუალება, ხელი აუკრა ტელეფონს, ჩაიდე ჯიბეშიო. რის შემდეგაც უკვე რომ ვუთხარით, რომ ვსო გაკავებთო, გვიწოდა მილიციელები ხართ და მონები ხართო და ჩვენ მიერ ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადავიყვანეთ ჩვენი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში“, - თქვა ბესარიონ სიხარულიძემ.
გასულ კვირას, ქუჩაში ზედაპირული დათვალიერებისთვის გააჩერეს და შემდეგ დააკავეს საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთი მონაწილე, ლუკა კინწურაშვილი. ადვოკატ მარიამ პატარიძის განმარტებით, კინწურაშვილმა პოლიციელებს ჩანთა თავისი ნებით გაუხსნა, თუმცა მაინც დააკავეს.
მან „ტელეგრამის“ დათვალიერებაზე თქვა უარი - ესეც არაა დათვალიერების შემადგენელი მოქმედება, პირად ინფორმაციაზე წვდომასა და დამუშავების უფლებას მოპოვება და დასაბუთება სჭირდება.
იურისტები დაბნეულები არიან. ისინი, ერთი მხრივ, ასწავლიან მოქალაქეებს თავიანთ უფლებებს, მეორე მხრივ კი ამ უფლებების დაცვა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებით სრულდება.
„ჩვენ ყველა ვართ საპოლიციო რეჟიმში და სისტემა მართავს საპოლიციო ძალით. ზოგჯერ და ხშირად ჩვენს ქვეყანაში, პოლიცია საკუთარ უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად თვითნებურად და ჩვენ იმიტომ ვართ საჭირო, რომ ეს თვითნებობა გავასაჩივროთ. პირველი - აიღეთ ვიდეო და ჩაერთეთ ლაივში ამით შექმნით მტკიცებულებას, მეორე იცოდეთ თქვენი უფლებები, მაგრამ გაიაზრეთ ისიც, რომ საპოლიციო რეჟიმისგან თქვენი უფლებების ცოდნა ვერ დაგიცავთ. პოლიცია მობილიზებულია იმისთვის, რომ ფორმალური საფუძვლების გამოყენებით ადამიანები დააშინონ, გადაიყვანონ 48 საათით განყოფილებაში“, - ამბობს იურისტი.
სიტყვიერი შეურაცხყოფა „საყურის გამო“
საბა სორდიაც 48 საათი დააყოვნეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებულმა ჟურნალისტმა თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში მისი დამცირება სცადეს იმის გამო, რომ საყურე ეკეთა, ჩამოართვეს კამერა GoPro, რომელიც ახლა პოლიციაშია.
„არ უგინებიათ, მაგრამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ავედით განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენჯერმე გავამახვილე ყურადღება კამერაზე – მაისის აქციების დროს ერთი GoPro [ვიდეოკამერა - რ.თ] უკვე წამართვეს და სათუთი ნივთია ჩემთვის და ვეუბნებოდი, რომ გაჰფრთხილებოდნენ. რამდენჯერმე ამოიღეს ჩანთიდან, ჩიპი რამდენჯერმე შეამოწმეს, ხომ არ მქონდა რამე ჩაწერილი, შემდეგ ჩიპი დააფორმატეს. მობილურის განბლოკვა მთხოვეს.
უპრობლემოდ გავუხსენი ტელეფონი, შეამოწმეს და ჩანთაში დააბრუნეს... ერთადერთი GoPro-ზე გავიმეორე და მითხრეს, კედელს მივანარცხებთო. მერე მითხრეს, ეს ხუმრობით ვთქვითო.
ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ განმეორებულა.
ის, რომ მე ჩანთა არ გამიხსნია, ასე არ არის. სიტყვა „მონა” საერთოდ არ მიხსენებია”, – თქვა საბა სორდიამ სასამართლო პროცესზე.
საბა სორდიას პატიმრობის 48 საათი სასამართლო პროცესზე ამოეწურა, ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ზვიად ცეკვავა გადაწყვეტილებას მოგვიანებით, 17 აპრილს გამოაცხადებს. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებიც მოუწოდებდნენ სამართალდარღვევის გარდა, დაკავების კანონიერებაზეც ემსჯელა.
ფორუმი