დანიელ ტრევისი ამბობს, რომ მას არც პოლიციიდან და არც სასამართლოდან არანაირი ოფიციალური წერილი არ მიუღია ჯარიმების შესახებ, თუმცა როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, პოლიციის მიერ მოთხოვნილი 1000 ლარი ნაღდი ფულის სახით იანვარში ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიხადა. ხელახლა მოთხოვნილი 3000 ლარის გადახდაზე კი უარი თქვა.
ორი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „ამ საკითხს არკვევენ“, თუმცა პასუხები ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბრიტანეთის საელჩოსაც საქართველოში, საიდანაც მოგვწერეს:
„ჩვენ დახმარებას ვუწევთ ბრიტანელ მამაკაცს საქართველოში და კავშირზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან“.
ბრიტანეთის მოქალაქემ, 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრევისმა, რომელიც გასული წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ აქციაზე დააკავეს და ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 7 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას საქართველოს დატოვების უფლება არ ეძლევა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად 6 აპრილს, ბრიტანულმა მედიაპორტალმა „დეილი ექსპრესმა“ გაავრცელა.
დანიელ ტრევისი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ჯერ კიდევ იანვარში სურდა, თუმცა თბილისის აეროპორტში მას გამგზავრების უფლება არ მისცეს. მალევე საქართველოს დატოვება მან ბათუმიდან თურქეთის გავლით, სახმელეთო გზით სცადა, თუმცა, მისი თქმით, ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.
დანიელ ტრევისი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ქვეყნის დატოვება არ შეეძლო და მისცეს ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დაერეკა და ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის დეტალები გაერკვია:
„სასაზღვრო პოლიციამ რომ გამაჩერა, დაიწყეს რეკვა აქეთ-იქით. შემდეგ მომცეს ტელეფონის ნომერი და მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი პოლიციის განყოფილებაში. ეს ტელეფონის ნომერი პოლიციის ოფიცერს ეკუთვნის. მითხრეს, რომ 1000 ლარი უნდა გადამეხადა. მივედი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნაღდი ფული გადავიხადე. სამწუხაროდ, არანაირი ქვითარი არ მოუციათ. ეს ფული სად წავიდა არ ვიცი. თან მახლდა თარჯიმანი, რომელიც ასევე პოლიციამ მომამაგრა.
ამის შემდეგ უკვე ბათუმიდან სტამბულში გადავწყვიტე წასვლა ავტობუსით, მეგობართან, თუმცა იქაც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მითხრეს, რომ ქვეყანას ვერ დავტოვებდი, რადგან „შენი საქმე დამთავრებული არ არისო“. კვლავ იმავე ტელეფონის ნომერი მომცეს, რომელზეც დავრეკე და მითხრეს, რომ ამჯერად 3000 ლარი უნდა გადამეხადა, რაზეც უარი ვუთხარი“.
დანიელ ტრევისი არ არის ერთადერთი, რომელიც ე.წ. ჯარიმის ნაღდი ფულით გადახდის მოთხოვნის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან. ფრანგ ფოტოჟურნალისტს ჟერომ შობოს საქართველოში შემოსვლაზე უარი 31 მარტს უთხრეს.
მაშინ მან რადიო თავისუფლებას უამბო, რომ თბილისის აეროპორტში ქვეყანაში შემოსასვლელად მას ორი 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს ნაღდი ფულით. მისთვის ეს მოულოდნელობა იყო, თუმცა ფოტოგრაფი დათანხმდა ჯარიმის გადახდას და ფულის გამოსატანად ბანკომატთან წვდომა ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მას არც ის უთხრეს, რატომ ჰქონდა გამოწერილი ჯარიმა და ის აეროპორტიდანვე გააბრუნეს.
ჟერომ შობოს ჰქონდა განცდა, რომ ის იმიტომ არ შემოუშვეს საქართველოში, რომ გასული წლის დეკემბერში, როგორც ფოტოჟურნალისტი, აქტიურად აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციებს. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა დემონსტრანტებს, დაკავებულებს ნიღბიანები სცემდნენ, აქციების დასაშლელად კი ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
დანიელ ტრევისის დაკავების შესახებ დეკემბრის დასაწყისში არაერთი ბრიტანული გამოცემა, მათ შორის, Daily Mail-ი, The times-ი, The Sunday Times-ი წერდა. გამოცემის ჟურნალისტები დანიელ ტრევისს სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ დაუკავშირდნენ.
The Times-სთან საუბრისას ის ჰყვებოდა:
„არასდროს მიცდია საქართველოს პარლამენტში შეღწევა... ყოველთვის კანონმორჩილი ადამიანი ვიყავი. საპროტესტო აქციებზე ინგლისშიც კი არ დავდივარ, რატომ წავიდოდი საპროტესტო აქციაზე იმ ქვეყანაში, რომლის ენაც კი არ ვიცი“...
იურისტი კახა კოჟორიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრაქტიკის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეს, რომლის კვეთს საქართველოს საზღვარს, მოეთხოვება გადაიხადოს ის ჯარიმა, რაც მას დაკისრებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.
თუმცა მისთვის უცნობი და „უცნაურია“ ჯარიმის გადახდის ის ფორმა, რომლის თაობაზეც ბრიტანელი მოქალაქე საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს:
„ბრიტანეთის მოქალაქის განცხადება, რომ პოლიციაში მივიდა და იქ გადაიხადა ნაღდი ფულით 1000 ლარი, ნამდვილად უცნაური და დამაფიქრებელია. ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს შსს-მ - თუ ეს რეალურად ასე მოხდა, რა პროცედურული საფუძვლით მოხდა ეს.
ადამიანი ირწმუნება, რომ მან თანხა გადაიხადა პოლიციის განყოფილებაში, ეს ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და უნდა გამოიძიონ ეს საკითხი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რთული წარმოსადგენია, რომ ის თანხა რომელიმე პოლიციელმა ჯიბეში ჩაიდო. არ მინდა, რომ ეს მოცემულობა დავიჯერო.
აუცილებლად უნდა გაირკვეს, რის საფუძველზე მოითხოვა პოლიციამ ჯარიმის გადახდა, სად წავიდა ეს თანხა და მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ეგონა, რომ ამ თანხის გადახდით ამოწურა პრობლემა, მას უკვე შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ იმავე პრობლემის წინაშე დადგა და ამჯერად 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ამ ადამიანს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია მისთვის დაკისრებული ჯარიმები შესახებ და შემდეგ ეს ჯარიმები გაასაჩივროს“.
დანიელ ტრევისი რუსთაველის გამზირზე პირველი დეკემბრის ღამეს დააკავეს. მას სამართალდამცავები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დანიელ ტრევისს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და ასე აღმოჩნდა ის სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
პროევროპულ აქციებზე, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, გზის არაკანონიერად გადაკეტვისა თუ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ასეულობით მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკებში გადაყვანა და ქირურგიული ჩარევა.
დაკავებულთა უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრეს, დაკავებულთა ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.
ფორუმი