Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„საქართველოში გავიჭედე“ - აქციაზე დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე რადიო თავისუფლებას ესაუბრა

„საქართველოში გავიჭედე“ - აქციაზე დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე რადიო თავისუფლებას ესაუბრა


დანიელ მაიკლ ჯონ ტრევისი 2024 წლის პირველი დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ აქციაზე დააკავეს და მას ათდღიანი პატიმრობა შეუფარდეს
დანიელ მაიკლ ჯონ ტრევისი 2024 წლის პირველი დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ აქციაზე დააკავეს და მას ათდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრევისი, რომელიც გასული წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ აქციაზე დააკავეს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას საქართველოს დატოვების უფლებას არ აძლევენ.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად 6 აპრილს, ბრიტანულმა „დეილი ექსპრესმა“ გაავრცელა.

დანიელ ტრევისი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას ჯერ კიდევ იანვარში აპირებდა, თუმცა თბილისის აეროპორტში მას სამშობლოში გამგზავრების უფლება არ მისცეს.

მალევე საქართველოს დატოვება მან ბათუმიდან თურქეთის გავლით, სახმელეთო გზით სცადა, მაგრამ, მისი თქმით, ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

დანიელ ტრევისი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ქვეყნის დატოვება არ შეეძლო და მისცეს ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დაერეკა და ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის დეტალები გაერკვია:

„სასაზღვრო პოლიციამ რომ გამაჩერა, დაიწყეს რეკვა აქეთ-იქით. შემდეგ მომცეს ტელეფონის ნომერი და მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი პოლიციის განყოფილებაში. ეს ტელეფონის ნომერი პოლიციელს ეკუთვნის. მითხრა, რომ 1000 ლარი უნდა გადამეხადა. მივედი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნაღდი ფული გადავიხადე. სამწუხაროდ, არანაირი ქვითარი არ მოუციათ. ეს ფული სად წავიდა, არ ვიცი. თან მახლდა თარჯიმანი, რომელიც ასევე პოლიციამ მომამაგრა.

ამის შემდეგ უკვე ბათუმიდან სტამბულში გადავწყვიტე წასვლა ავტობუსით მეგობართან, თუმცა იქაც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მითხრეს, რომ ქვეყანას ვერ დავტოვებდი, რადგან „შენი საქმე დამთავრებული არ არისო“. კვლავ იმავე ტელეფონის ნომერი მომცეს, რომელზეც დავრეკე და პოლიციელმა მითხრა, რომ ამჯერად 3000 ლარი უნდა გადამეხადა, რაზეც უარი ვუთხარი.

მე სასამართლოდან არანაირი წერილი არ მომსვლია, რომ ჩემს წინააღმდეგ რაიმე საქმე მიმდინარეობს ან რაიმე ჯარიმები უნდა გადავიხადო. მას მერე გაჭედილი ვარ თბილისში. ვერ ვპოულობ კითხვაზე პასუხს, რატომ არ მაძლევენ საქართველოს დატოვების უფლებას“.

დანიელ ტრევისი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელეფონის ნომერს, რომელიც მას მესაზღვრეებმა მისცეს და მისი თქმით, პოლიციელს ეკუთვნის, ვერ მოგვცემს, რადგან არ აქვს უფლება გაამჟღავნოს სხვისი პირადი ინფორმაცია.

„რამდენიმე დღით ჩამოვედი და ექვსი თვით ჩავრჩი“

დანიელ ტრევისი რუსთაველის გამზირზე პირველი დეკემბრის ღამეს დააკავეს. მას სამართალდამცავები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დანიელ ტრევისს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის განაჩენი გამოუტანა - ასე აღმოჩნდა ის სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს დეტექტივი გიორგი ნოზაძე მისი დაკავების აქტში წერდა, რომ „[დანიელ ტრევისი] იყო აგრესიული, მიუხედავად მოწოდებისა, არ ტოვებდა ტერიტორიას, არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“.

ეს დოკუმენტი რადიო თავისუფლებას დანიელ ტრევისის ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა 3 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში აჩვენა.

იმ დღეებში, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციებზე ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებდნენ, მათი სიმრავლიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სხდომები ერთმანეთის პარალელურად ტარდებოდა და ადვოკატებს ხშირად სასამართლოს დერეფნებში უწევდათ გარკვევა, რომელი დაკავებულის ინტერესები უნდა დაეცვათ.

სწორედ ასე, დერეფანში, შემთხვევით შევხვდით ბექა ხოხობაშვილსაც, რომელმაც დანიელ ტრევისს უფლებები სასამართლოში წინა დღეს, 2 დეკემბერს დაიცვა:

„სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ ის არ იყო აქციის მონაწილე. ვიდეომტკიცებულებებში, რომლებიც პოლიციელმა წარმოადგინა სხდომაზე, არ ხდება ამ ადამიანის იდენტიფიცირება. პოლიცია ამბობს, რომ ის ცდილობდა პარლამენტის ჭიშკარში შესვლას, რომელიც დაკეტილია“, - უთხრა 3 დეკემბერს ბექა ხოხობაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ის დანიელ ტრევისს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღარ შეხვედრია. ბრიტანეთის მოქალაქისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

როგორ აღმოჩნდა ბრიტანეთის მოქალაქე აქციაზე?

დანიელ ტრევისი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირველი დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა. ის სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზად რუსთაველის გამზირზე გაიარა და ფოტოების და ვიდეოების გადაღება დაიწყო:

„პოლიციამ გადაწყვიტა, რომ აქციის მონაწილე ვიყავი. ეს არ არის ჩემი ქვეყანა, სადაც უნდა ვიბრძოლო, ქართველ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ მე ამ აქციის მონაწილე არ ვყოფილვარ. უბრალოდ სახლში ვბრუნდებოდი და ამ დროს დამაკავეს.

სენაკის იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ნორმალურად მექცეოდნენ. რაც შეეხება დაკავების პროცესს, მაგინებდნენ, მირტყამდნენ, მაყენებდნენ შეურაცხყოფას. ამომაცალეს საფულე, სახლის გასაღები, რომელიც აღარ დაუბრუნებიათ. დავკარგე ყველა ბარათი. სანამ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი, ჩემთვის საჭმელი არ მოუციათ“, - უყვება რადიო თავისუფლებას დანიელ ტრევისი.

ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახის წევრები განიცდიან მის მდგომარეობას და თავის მხრივ, ისინიც ცდილობენ საქმის კურსში ჩააყენონ მედია და უფლებადამცველები:

„ხანდაზმული მშობლები მყავს, ესპანეთში ცხოვრობენ. ძალიან ნერვიულობენ, ისინი დაუკავშირდნენ ესპანურ მედიასაც, შეატყობინეს ჩემს შესახებ. დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც „დეილი ექსპრესზე“ ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდა, უამრავი ადამიანი მიკავშირდება, მათ შორის, ჟურნალისტები დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საქართველოდან.

არაფერს ვითხოვ, ვითხოვ მხოლოდ იმას, რომ მომცენ სახლში დაბრუნების უფლება. რამდენიმე დღით ჩამოვედი და ექვსი თვით გავიჭედე.

ლონდონში ბარის მენეჯერი ვარ. სანამ მე აქ ვარ, ბარი დაკეტილია, თუმცა იძულებული ვარ, რომ ფართის ქირა გადავიხადო, რომ ბიზნესის გარეშე არ დავრჩე. თანხა უნდა გადავუხადო თანამშრომლებსაც, რისი გაკეთებაც ძალიან რთულია, როცა ბიზნესი დახურული გაქვს.

მინდა, რომ უფლებადამცველებმაც შეიტყონ ჩემი მდგომარეობის შესახებ. იქნებ ისინი მაინც დამეხმარონ. სამწუხაროდ, მე არავინ მცემს პასუხს, რატომ არ მეძლევა ქვეყნის დატოვების უფლება“.

დანიელ ტრევისი ამბობს, რომ მან დახმარება სთხოვა ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში. მისი თქმით, საელჩომ კითხვები გააგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. ჯარიმების კანონიერებასთან დაკავშირებით, თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ: „ყოველ დღე მაქვს კონტაქტი საელჩოსთან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის“.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დანიელ ტრევისის მონათხრობზე დაყრდნობით ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა ამ დრომდე, უწყებისგან პასუხი ვერცერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ.

რადიო თავისუფლება შეეცდება დაუკავშირდეს ბრიტანეთის საელჩოსაც. მათი პასუხის შემთხვევაში, მკითხველს დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.

პროევროპულ აქციებზე, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, გზის არაკანონიერად გადაკეტვისა თუ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ასეულობით მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკებში გადაყვანა და ქირურგიული ჩარევა.

დაკავებულთა უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრეს, დაკავებულთა ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG