ავტორი: ჰრიჰორი პირლიკი
ტამარამ თავისი მშობლიური ქალაქი მარიუპოლი 24 თებერვალს დატოვა, ზუსტად იმ დღეს, როცა უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ. მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი ვერ გაექცა საკუთარ სინდისს და ორი დღის შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდა ალყაშემორტყმული ქალაქის მაცხოვრებლების დასახმარებლად.
ერთი თვის განმავლობაში მარხავდა მკვდრებს და შეშითა და წყლით ამარაგებდა, ვისაც თვითონ არ შეეძლო ამაზე ზრუნვა.
„უკვე მარტში დაიწყო ხალხმა კვდომა ‘გრადის’ რაკეტებისა და სიცივის გამო,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ტელეპროექტს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ იმ პირობით, რომ მის ნამდვილ სახელს არ გაასაჯაროებდნენ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. „სხვები ავადმყოფობებით კვდებოდნენ მედიკამენტების დეფიციტის პირობებში, ზოგი კი ხანდაზმული ასაკის გამო.“
იქიდან ის თავის 19 წლის ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა უფრო უსაფრთხო ადგილას, საცხოვრებელ რაიონში, სადაც ნათესავებთან ერთად ჰქონდა ბინა სარდაფით. იქ შეიძლებოდა თავის შეფარება იერიშებისა და დაბომბვების დროს.
მაგრამ თვის ბოლოს ამ რაიონში მტრის ჯარები შევიდნენ - ჯერ დონეცკის რეგიონიდან, რომელსაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებდნენ 2014 წლიდან, შემდეგ კი რუსეთის ჯარები. მათი გამოჩენის შემდეგ ტამარა და მისი ქალიშვილი შეუერთდნენ რამდენიმე მილიონ უკრაინელს, ვინც უცებ აღმოჩნდა ოკუპაციის პირობებში.
ტამარა და მისი შვილი მუქარასა და შევიწროებას განიცდიდნენ და თავის გადარჩენა შეძლეს საკვებით, რომელსაც საოკუპაციო ჯარები იპარავდნენ სახლებიდან და მაღაზიებიდან და მშვიდობიან მოსახლეობას აძლევდნენ. და ისევე, როგორც სხვა უკრაინელებმა, რომლებიც „ფილტრაციის“ პროცესს გადიოდნენ იმის დასადგენად, შეეძლოთ თუ არა „რუსეთის“ ტერიტორიაზე ყოფნა, ან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს გადიოდნენ, მანაც ისწავლა, რომ იმისთვის, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, ქრთამი იყო საჭირო.
„თუკი იარაღი გაქვთ, რა შემიძლია?“
მას შემდეგ, რაც მარიუპოლი - დონეცკის ოლქის სიდიდით მეორე ქალაქი - სეპარატისტების ალყაში მოექცა, ქუჩის გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა. ბოლოს და ბოლოს უკრაინის ჯარები ქალაქიდან განდევნეს. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ასეული მეომარი, რომელიც აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსატალის“ ქვეშ გალაგებულ ლაბირინთებსა და გვირაბებში გამაგრდა.
ამის შემდეგ, ტამარას თქმით, მისი საცხოვრებელი რაიონის დაბომბვა მინელდა. მაგრამ არ იყო არც დენი, არც მობილური სატელეფონო კავშირი, არც ინტერნეტი, არავითარი კავშირი გარე სამყაროსთან, გარდა ახალი ამბებისა, რომლებსაც ოკუპანტებისგან იღებდნენ. 40 წუთის სავალზე იყო ჭა, საიდანაც მოსახლეობა წყალს იღებდა. ის და მისი ოჯახის წევრები ეზოში კოცონზე ამზადებდნენ საჭმელს.
იმის მიხედვით, რაც ტამარამ ნახა, სეპარატისტულ ძალებს შორის დისციპლინა დაბალი იყო. მთვრალი ჯარისკაცები ქუჩებში დაეხეტებოდნენ და ცდილობდნენ მოსახლეობისგან ალკოჰოლი მიეღოთ საკვების სანაცვლოდ.
ტამარას თქმით, ერთხელ სეპარატისტმა მებრძოლმა მუქარით ჰკითხა, შეეძლო თუ არა ამხანაგებთან ერთად სტუმრებოდა მას და მის ქალიშვილს.
„შეშაზე ვიყავით წასული და ერთ-ერთმა სეპარატისტმა გვკითხა: ‘აქ ცხოვრობთ?’ ვუთხარით, რომ იქ ვცხოვრობდით,“ იხსენებს ტამარა და დასძენს, რომ მაშინ ჯარისკაცმა ითხოვა, ის შინ დაგვეპატიჟებინა. როცა თხოვნაზე უარი უთხრა, ჯარისკაცმა ხაზი გაუსვა წამგებიან პოზიციას, რომელშიც ის და მისი ქალიშვილი იმყოფებოდნენ.
„ხომ გესმის, რომ შემიძლია უბრალოდ მოგაკითხო?“ - გაიხსენა ტამარამ, როგორ მიუგო ჯარისკაცმა. მან მკვეთრად უპასუხა: „მესმის. თქვენ იარაღი გაქვთ, ჩვენ კი არ გვაქვს. თუ შეიარაღებული მოხვალთ, რა შემიძლია გავაკეთო?“
მისი თქმით, საბედნიეროდ არავინ მოსულა. მაგრამ აპრილის შუა რიცხვებში მან და მისმა ქალიშვილმა გადაწყვიტეს, რომ იქაურობა უნდა დაეტოვებინათ, სანამ საინტერნეტო კავშირი აღდგებოდა და აღმოაჩენდნენ, რომ ის ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო.
„ფილტრაციის“ პროცესი
მაგრამ ამ ვითარებისთვის თავის დასაღწევად დასჭირდებოდა შემოწმების გავლა ფილტრაციისას, რაც შეიცავდა საფრთხეს, რომ მას ერთ-ერთ საფილტრაციო ბანაკში მოათავსებდნენ. ასეთი ბანაკები ათეულობით იყო მთელს ქალაქში და ასეულობით - მთელს ქვეყანაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი ბანაკების არსებობას იმით ამართლებდა, რომ მათი მეშვეობით ხდებოდა ექსტრემისტებისა და ბოროტმოქმედთა გამოვლენა. მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ეს იყო ინტერნირების უკანონო ბანაკები, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა უკრაინელი სამხედროების ან სხვა პოტენციური მებრძოლების დასატყვევებლად, ისევე, როგორც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, სტანისლავ მიროშნიჩენკოს თქმით, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში „უკრაინის მედიის ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“, ასეთი ბანაკები აკრძალულია ჟენევის კონვენციებით, რომლებითაც დადგენილია ომის დროს ჰუმანიტარული მოპყრობის საერთაშორისო სტანდარტები.
როგორც მიროშნიჩენკომ უთხრა რადიო თავისუფლებას მილიონობით ადამიანის ფილტრაციის პროცესში გატარება შეუძლებელია. არადა, ვისაც ეს პროცესი არა აქვს გავლილი და არა აქვს შესაბამისი საბუთი, მას ქუჩაში დაკავების საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების გარდა ბანაკებში ათავსებენ საჯარო აქტივისტებს, სამთავრობო და ადგილობრივი მმართველობის უწყებების თანამშრომლებს. მიროშნიჩენკო დასძენს, რომ ძალიან ხშირად ფილტრაციას ვერ გადიან ისინი, ვისაც გარკვეული სვირინგები აქვს სხეულზე, მაგალითად, უკრაინის გერბი, ვინაიდან რუსები უკრაინულ სიმბოლიკას „ნაცისტურ“ სიმბოლოებად მიიჩნევენ.
მისი სიტყვებით, ინტერნირების შემდეგ შეუძლებელია დაკავებული პირების ადგილსამყოფლის მიკვლევა.
რუსული ოკუპაციის პირობებში მყოფთა შორის ზოგმა გამოსავალს მიაგნო.
17 წლის მუსიკოსი მარია ვდოვიჩენკო, რომელმაც მოახერხა მარიუპოლის დატოვება, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" მოუყვა ორი ჯარისკაცის საუბრის შესახებ, რომელსაც მან ყური მოჰკრა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ფილტრაციის გავლისას.
„რა უყავი იმათ, ვინც [ფილტრაცია] ვერ გაიარა?“ - იკითხა, მისი თქმით, ერთმა ჯარისკაცმა.
„10 დავხვრიტე, მერე შევწყვიტე თვლა,“ უპასუხა მეორემ, ვდოვიჩენკოს თანახმად.
ვდოვიჩენკომ დეტალურად აღწერა პროცედურა, რომლის გავლა მოუწია მარიუპოლის გარეთ მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტში.
„საბუთები მოაგროვეს, სკანერით გადაიღეს ისინი, აიღეს თითების ანაბეჭდები და მობილური ტელეფონიც შემიმოწმეს,“ თქვა მან. „ოთახში ხუთი შეიარაღებული ჯარისკაცი იყო, მე კი მარტო ვიყავი.“
მისი თქმით, „შიშის მომგვრელი“ ვითარება იყო და სტრესისგან ფეხები აუკანკალდა.
„არ მოგწონს?“ - იხსენებს ვდოვიჩენკო ერთ-ერთი ჯარისკაცის შეკითხვას და დასძენს, როგორც ჩანს, მათს გემოვნებას არ ვაკმაყოფილებდიო. „რიგში სხვა ქალები იქნებიან, რამეს ვიპოვით, თქვა, ვდოვიჩენკოს თქმით, ჯარისკაცმა და მას უბრძანეს, წასულიყო მარიუპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ამის შემდეგ ის ხელის კვრით გააგდეს ოთახიდან.
ვდოვიჩენკოს უფლება არ მისცეს, მამამისის სახლში დაბრუნებულიყო პროცესის გავლის შემდეგ, მაგრამ მამა მოუყვა თავის თავგადასავალს, როცა მოგვიანებით ბერდიანსკში შეხვდნენ ერთმანეთს.
„როცა მიხვდნენ, რომ [მამამისის] ტელეფონში არაფერი იყო შესამოწმებელი და რომ შიგ SIM ბარათიც კი არ იდო, დაუწყეს დაკითხვა, ვინ ხარო. არ მოეწონათ, რაც მამაჩემმა უპასუხა. დაუწყეს ხელის კვრა, თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს. მერე რა მოხდა, მამაჩემს აღარ ახსოვს. ქუჩაში მოვიდა გონს.“
ფულის გრძელი გზა
სხვა უკრაინელები მიხვდნენ, რომ ქრთამით შეიძლება გაიუმჯობესონ შანსები პროცესის გავლისას და მოიპოვონ უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ან თავად რუსეთში გადასვლის შესაძლებლობა. იქიდან კი „ლტოლვილებს“ შეეძლოთ ეცადათ გამგზავრება მეგობრულ ქვეყნებში - ბალტიისპირეთში ან სამხრეთ კავკასიაში.
„ათნი ვიყავით და 5000 გრივნა (დაახლოებით 170 დოლარი) გადავიხადეთ,“ ამბობს ტამარა.
„ხალხს შეიძლება იქ ორი-სამი კვირა ეცხოვრა მინდორში, სანამ დაკითხვაზე გამოიძახებდნენ. ადამიანმა, რომელსაც გავურიგდით, ჩვენი ფული და პასპორტები წაიღო, ჩვენ კი იქ დაგვტოვეს მოსაცდელად,“ ამბობს ის.
საბოლოოდ მას ფოტო გადაუღეს და ჰკითხეს, როგორ გრძნობდა თავს, რაზეც უპასუხა: „სარდაფში ცხოვრების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქმე უკეთესად მიდის.“
გაოგნებულმა მცველმა ჰკითხა, ეშინია თუ არა შექმნილ ვითარებაში, მან კი მიუგო: „არა, არ მეშინია. იმიტომ, რომ როცა სარდაფში ვიყავი, მიწა ჩამოიშალა. რამდენჯერმე გამოვემშვიდობე სიცოცხლეს.“
მისდა გასაკვირად მისი გვარი კომპიუტერით შეიტანეს მონაცემთა ბაზაში და ფილტრაციაგავლილის სერტიფიკატი მისცეს.
მოგვიანებით ტამარამ გაიგო, რომ მისმა მეგობარმა ქალმა მასზე სამჯერ უფრო მეტი ფული გადაიხადა და მოუთხრო ქრთამით პროცესის გაადვილების სხვა საშუალებებზე.
ის მოუყვა, რომ საფილტრაციო პუნქტებში ხშირად არის გრძელი რიგები, ხალხი მოდის როგორც ფეხით, ისე მანქანებით. ვინც მანქანითაა, მათთვის ფილტრაცია ჩვეულებრივ ერთ კვირას გრძელდება, ვინც ფეხითაა, მათ შეიძლება ერთი თვე ცდა მოუწიოთ.
მაგრამ ქალმა თქვა, რომ იცნობს ერთ ადამიანს, ვინც მანქანით წავიდა მანგუშში, მარიუპოლის დასავლეთით მდებარე ქალაქში, სადაც, მისი თქმით, 6500 ადამიანი იცდიდა რიგში, რათა ფილტრაციის პროცესი გაევლოთ. მაგრამ დღეში მხოლოდ შვიდ ადამიანს ატარებდნენ.
„2500 გრივნა (85 დოლარი) გადაიხადა და ფილტრაცია 10 დღეში გაიარა,“ ჰყვება ტამარა.
ჩაი თუ ყავა - თუ არაყი?
კონსტანტინ რიჟენკო, ჟურნალისტი ხერსონის ოლქიდან, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მოუყვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები იქ ცდილობენ, ადგილნაცვალ უკრაინელებს ყველაფერი გამოსტყუონ, რასაც შეძლებენ - ლეპტოპიდან ტელეფონის დასატენ კაბელამდე.
მისი თქმით, ჰუმანიტარული სფეროს მოხალისეებს, როგორც წესი, თან მიჰქონდათ სიგარეტების ბლოკი ან რამდენიმე ბოთლი არაყი, ჩაი და შაქარი, ვინაიდან გამშვებ პუნქტებში ნახევარი დღით შეიძლება დაბრკოლებულიყვნენ, ჯარისკაცებს თუ ვერაფერს შესთავაზებდნენ.
ნადია, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლიდანაა, მოჰყვა, რომ მექრთამეობის სქემები ბევრად უფრო ადრე მოქმედებდა, ვიდრე რუსეთისა და სეპარატისტთა ჯარები საფილტრაციო პუნქტების ქსელს გაშლიდნენ.
მისი თქმით, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებისკენ როცა მიემგზავრებოდა, გზაში 24 საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეხვდა.
„ყოველ ჯერზე რუსები გულდასმით ამოწმებდნენ ჩვენს ნივთებს. ოთხ პოსტზე შეგვიმოწმეს მობილური ტელეფონები,“ იხსენებს ის. „ერთხელ პირადად მე მკითხეს, ხომ არ მქონდა თან ყავა ან რამე ტკბილი. მანქანის სხვა მგზავრებს, რომლებთან ერთადაც ვმგზავრობდი, ალკოჰოლსა და სიგარეტზე შეეკითხნენ.“
მისი სიტყვებით, ერთ-ერთ მძღოლს ტელეფონი და სპორტული ფეხსაცმელები ჩამოართვეს.
ვასილიმ, რომელიც „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ელაპარაკა და ფსევდონიმი გამოიყენა თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის, ხერსონის ოლქიდან წამოვიდა, როცა იქ რუსეთის ჯარებმა დაამყარეს რეგიონზე კონტროლი.
ვასილის თქმით, ვისაც რუსების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადაადგილება სურდა, მათთვის საგუშაგოებზე ვითარება სავსებით „ნორმალური“ იყო. მაგრამ თუკი ვინმეს უკრაინელების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადასვლა სურდა, საქმე სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა.
„ხალხს ხშირად ავიწროებდნენ, მცველები ამბობდნენ: ‘ახლა ბორკილებს დაგადებთ’ და ა.შ.“ - მოჰყვა ვასილი ჩრდილო-დასავლეთით, ნიკოლაევის ოლქისკენ მიმავალი გზის შესახებ, სადაც, მისი თქმით, 40-ზე მეტი საგუშაგო იყო. მას ესმოდა, რომ ადამიანები შეიძლება უკან გაებრუნებინათ ამ 40-დან ნებისმიერი საგუშაგოდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ საგუშაგოზე ხელახლა უნდა გაევლოთ ერთხელ გამოვლილი პროცესი. ასეთი ბედის თავიდან ასაცილებლად, ბევრი ქრთამს აძლევდა ჯარისკაცებს.
„ერთმა 100 დოლარი მისცა, მეორემ - 500 დოლარი,“ თქვა ვასილიმ და დასძინა, რომ სხვებს არაფერი გადაუხდიათ გარდა რამდენიმე სიგარეტისა.
თავად ვასილიმ სხვა გზა აირჩია. ის თავისი სოფლიდან ჩავიდა ხერსონში, საოლქო ცენტრში. იქიდან გაემგზავრა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშაა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული და ანექსირებული. ამის შემდეგ ის გაემგზავრა რუსეთში და იქიდან საბოლოოდ საქართველოში ჩავიდა.