Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როგორ მიიღო Tass-ის რუსმა ფოტოგრაფმა World Press Photo-ს ჯილდო თბილისის პროტესტის ფოტოებით

როგორ მიიღო Tass-ის რუსმა ფოტოგრაფმა World Press Photo-ს ჯილდო თბილისის პროტესტის ფოტოებით


კონკურსში გამარჯვებული სერიიდან ერთ-ერთი ფოტო - დემონსტრანტს ფიზიოლოგიურ წყალს ასხამენ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ. 7 დეკემბერი, 2024 წელი. თბილისი
კონკურსში გამარჯვებული სერიიდან ერთ-ერთი ფოტო - დემონსტრანტს ფიზიოლოგიურ წყალს ასხამენ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ. 7 დეკემბერი, 2024 წელი. თბილისი

პრესტიჟული ფოტოკონკურსის, World press photo-ს გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში რუსი ფოტოგრაფი გახდა. კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელმა მიხაილ ტერეშჩენკომ კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.

ფოტოგრაფები, რომლებიც იღებდნენ 2024 წლის გაზაფხულის და ნოემბერ-დეკემბრის აქციებს, მიიჩნევენ რომ რუსი ფოტოგრაფის ნამუშევრებიც სუსტია და ჟიურისაც არ აღმოაჩნდა საკმარისი მგრძნობელობა კონტექსტის გასათვალისწინებლად.

რუს ფოტოგრაფს ამ კონკურსში ადრეც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული - 2022 წელს მან “მარიუპოლის გათავისუფლების” ამსახველი ფოტოები წარადგინა.

“ჩემთვის აქ პრობლემა ფოტოების ხარისხი არ არის, “ტასია” პრობლემა. როგორ შეიძლება სააგენტომ, რომელიც დეზინფორმაციას, კონსპირაციებს და პროპაგანდას ავრცელებს პროტესტზე, გაიმარჯვოს ამ პროტესტზე გადაღებული ამბით? წარმოუდგენელია! რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ სააგენტოზეა ლაპარაკი. ეს იგივეა, POSTV-ის გადავცეთ ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტიკისთვის, ხომ სიგიჟეა, არა? ამასთანავე, დაზუსტებით ვიცი, რომ რამდენიმე ძალიან გამოცდილ პროფესიონალ ქართველ და არაქართველ ფოტოგრაფს ჰქონდა პროექტი გაგზავნილი” - ამბობს მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს დამფუძნებელი, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი.

მას თავად ამ კონკურსში ნამუშევრები არ ჰქონია გაგზავნილი, მიუხედავად იმისა რომ უწყვეტად აშუქებს ქართულ პროტესტს. აქციებისას მისი გადაღებული ფოტოების ნახვა მისი და OC Media-ს ინსტაგრამის გვერდებზეა შესაძლებელია.


მხოლოდ 2024 წლის აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ათობით ფაქტს ამ დრომდე უშედეგოდ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

“ჟიურის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გლობალური ამბავი, რომელიც ჰყვება მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ამბავს სადავო არჩევნების, პრორუს და ევროკავშირის მომხრე პოლიტიკოსებს შორის დაძაბულობის ესკალაციისა და “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონის ხელახლა ინიციირების ფონზე.

ღამის სურათებში აქცენტი ფეიერვერკების გამოყენებაზე, როგორც ახალ ურბანულ იარაღსა და დემონსტრაციების დინამიკის მახასიათებელზე, სვამს კითხვას, როგორ რეაგირებენ დემოკრატიული მოძრაობები მთელ მსოფლიოში მზარდად გამოყენებად საპოლიციო ძალებზე”, - ასეა ახსნილი ფოტოკონკურსის გადაწყვეტილება რუსი ფოტოგრაფის დაჯილდოებაზე.

ეს რუსი ფოტოგრაფის გამარჯვებული ფოტოსერიის კიდევ ერთი ფოტოა - დემონსტრანტი საქართველოს დროშით.
ეს რუსი ფოტოგრაფის გამარჯვებული ფოტოსერიის კიდევ ერთი ფოტოა - დემონსტრანტი საქართველოს დროშით.

ევროპიდან გამარჯვებული სხვა ფოტოისტორიები ჰყვება უკრაინის ომის ამბებს, ომში მარტო დარჩენილ ბავშვებსა და მიწისქვეშა ჰოსპიტალში ჩატარებულ ოპერაციებზე დოკუმენტური ფოტოებით, გერმანელი ულტრამემარჯვენე პარტიის კამპანიის საშუალებით აჩვენებს, როგორ კვდება დემოკრატია სიბნელეში, ახლოდან აჩვენებს მომვლელები ქალების, რუსეთიდან ევროპაში ემიგრირებულთა და სქესის შეცვლის მსურველთა ყოველდღიურობას.

კონკურსში WORLD PRESS PHOTO გამარჯვებული შეირჩევა როგორც ერთი ფოტოს კატეგორიაში, ასევე ფოტორეპორტაჟებისა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაღებული პროექტებისთვის - ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან მიიღება და რეგიონების მიხედვით იყოფა.

2025 წელს არჩევანის გაკეთება საუკეთესო ფოტოდოკუმენტალისტებსა და ფოტოჟურნალისტებს შორის ჟიურის 59 320 აპლიკანტს შორის მოუწიათ - წელს ეს კონკურსი 68-ედ ტარდება. 42 გამარჯვებული მსოფლიოს 141 ქვეყნიდან წარდგენილი 3 778 ფოტოგრაფის ნამუშევრებიდან შეირჩა.

ჟიურის წევრები პროფესიონალი ფოტოგრაფები და ფოტორედაქტორები არიან, გამარჯვებულები კი ჯილდოვდებიან როგორც ფულადი პრიზებით, ასევე გამოფენებში მონაწილეობის პერსპექტივით და კარიერული განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერით.

“მეც და სხვა ქართველ ფოტოგრაფებსაც გვქონდა გაგზავნილი ფოტოები საქართველოს ბოლო დროინდელი საპროტესტო აქციებიდან. ჩვენ თვეების განმავლობაში, დღე და ღამე, სიცოცხლის რისკის ქვეშ, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ცეცხლის ქვეშ ვმუშაობდით ამ ამბის გაშუქებაზე, ჩვენ იქ ვცხოვრობდით და შიგნიდან ვყვებოდით ამ ამბებს და მაინც რუსული სახელმწიფო მედიის წარმომადგენელმა რუსმა ფოტოგრაფმა მიიღო პრიზი, რომელმაც თბილისში სულ 4 დღე გაატარა. როგორ შეიძლება ეს სამართლიანი იყოს, რომ თბილისის პროტესტების გაშუქებისას აჯილდოებენ იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომლის პოლიტიკასაც ჩვენ ვაპროტესტებთ”, - ასე გამოეხმაურა ფოტოგრაფი გურამ მურადოვი ინსტაგრამზე World Press Photo-ს შედეგებს, რომელსაც იმედგამაცრუებელი უწოდა.

“ეს ფოტო მქონდა ერთი კადრის კატეგორიაში გაგზავნილი, როგორც ჩემს სხვა კოლეგებს, ვინც საქართველოში ვმუშაობდით აქციების გაშუქებაზე. როდის იყო ბოლოს, როცა ამ კონკურსის კატეგორიაში საქართველოში გადაღებული ამბავი მოხვდა? რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საკადრისი ადგილის მიჩენა პროპაგანდისტული დღის წესრიგის მქონე მედიისთვის? მე და ჩემი კოლეგები პროპაგანდისტულ მედიებში არ ვმუშაობთ”, - ასე გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება კონკურსში კრემლის სააგენტოს ფოტოგრაფის გამარჯვებით თბილისში მცხოვრებმა, წარმოშობით იტალიელმა ფოტოგრაფმა ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტომ, რომელიც მუშაობს არაერთი საერთაშორისო გამოცემისთვის, მათ შორის Getty image-სთვის, გარდიანისთვის, შპიგელისთვის, The Associated Press-თვის.

“ჟიურის წევრებს შორის არიან გამოცდილი ფოტოგრაფები და რედაქტორები, პირველად მაშინ ხომ არ ნახულობ მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ ფოტოებს - ხშირად მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ მათთვის ცნობილი სახელები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფოტოების ხარისხი.

ჩემს ფოტოებს რომ თავი გავანებო, ჩემი კოლეგებს მთელი რეპორტაჟები ჰქონდათ გაგზავნილი ამ პროტესტებიდან, რომლებიც გაცილებით საინტერესო, ღრმა და ხარისხიანი ნამუშევრები იყო, ვიდრე გამარჯვებულის”, - ამბობს მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

ეს არის ერთ-ერთი ფოტო იმ ოთხიდან, რომელიც მას კონკურსზე ჰქონდა წარდგენილი.

კონკურსზე პროტესტის ამსახველი ფოტოები გაგზავნილი ჰქონდა დარო სულაკაურსაც. მისი ფოტორეპორტაჟები აქციების პარალელურად ქვეყნდებოდა The New York Times-ში და იყიდებოდა სააგენტო Getty Image-სთვის.

ფოტოგრაფების კრიტიკის პასუხად კონკურსის ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ჟიურის წევრები ნამუშევრებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით არჩევენ, ისე, რომ არ იციან, ვინ არიან ფოტოს ავტორები და ეს გაუგებრობაც ამით აიხსნება.

World Press Photo-ს კონკურსზე ფოტოები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბავს ჰყვებოდა, ბოლო წლების განმავლობაში არ მოხვედრილა. მხოლოდ 2009 წელს გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული საქართველო-რუსეთის ომში გადაღებული ფოტოთი უკრაინელი ფოტოგრაფი, გლებ გარანიჩი, რომელიც როიტერსისთვის მუშაობდა და ამ დრომდე ამ სააგენტოს ფოტოგრაფად რჩება. გლებმა კონკურსი მოიგო გორის დაბომბვისას გადაღებული ძმების ცნობილი ფოტოთი, სადაც ცოცხლად გადარჩენილი ძმა დაღუპული ძმის ცხედარს დასტირის და იხუტებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG