Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"არსებობს შავი სიები" - როგორ აბრუნებენ ევროპელ ჟურნალისტებს საზღვრიდან

"არსებობს შავი სიები" - როგორ აბრუნებენ ევროპელ ჟურნალისტებს საზღვრიდან


ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოში ბინადრობის უფლების მქონეებს, საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ.
ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოში ბინადრობის უფლების მქონეებს, საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ.

20 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, ქალთა უფლებებზე მომუშავე შვედური ორგანიზაციის, Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“)  სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა, რომელსაც საქართველოში ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როცა ევროკავშირის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოში ბინადრობის უფლების მქონეებს, საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ - მათ ნაწილს საქართველოში, რეგინას მსგავსად, ოჯახები ჰყავს.

ამ სტატიაში ვყვებით რამდენიმე გაუხმაურებელ შემთხვევაზე, როცა საქართველომ უარი უთხრა ევროკავშირის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოშვებაზე და ისინი მიზეზების ახსნის გარეშე საზღვრიდან უკან გააბრუნა. ამ სტატიაში აღწერილი ისტორიების გარდა, არის არაერთი სხვა შემთხვევა, რომელზეც საქართველოდან გაბრუნებულები ამ ეტაპზე ღიად არ საუბრობენ, რადგან გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია და შიშობენ, რომ ამ ამბების გასაჯაროებამ შეიძლება მათ დავა წააგებინოთ.

“ვილნიუსში უსაფრთხოდ ვარ და ოჯახის კვლავ გაერთიანებაზე ვზრუნავ”

ზუსტად 15 წლის შემდეგ, ჩემს საყვარელ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მომცეს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამადეპორტეს. ეს ცხადად აჩვენებს, თუ სად იმყოფება ახლა ქვეყანა“, - ასე გაავრცელა საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნების ამბავი რეგინა ეგოროვა-ასკეროვამ ფეისბუკზე.

მას საქართველოში ბინადრობის მოწმობა ჰქონდა. დოკუმენტში, რომელიც რეგინამ გამოაქვეყნა, საზღვრის კვეთაზე უარის თქმის კონკრეტული მიზეზი დასახელებული არ არის. მესაზღვრემ ყველაზე ზოგადი პუნქტი მონიშნა - არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ასეთი „უარის“ პრაქტიკა თვითნებური და არაკონსტიტუციურია. ზოგადი მიზეზის გარდა, საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზი, მაგალითად, შეიძლება გახდეს საქართველოს სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნა, ვადაგასული ვიზა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩადენილი რაიმე ისეთი ქმედება, რის გამოც ვიზიტორი ერთხელ უკვე დაექვემდებარა საქართველოდან დეპორტაციას.

რეგინაც და მისი ქმარიც, ფაჰიდ ასკეროვი, ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებენ - რეგინას თქმით, ის ვილნიუსში დაბრუნდა და ახლა ოჯახი გაერთიანებაზე ფიქრობს.

ორგანიზაცია Kvinna till Kvinna ქართველი ქალების უფლებების დაცვაზე 2002 წლიდან მუშაობს - მათი პროგრამები ეხმარება სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებლებსაც. ორგანიზაცია ცდილობს, პირობით საზღვართან ქალებს უფასო გინეკოლოგიური სერვისები შესთავაზოს, დევნილებს ფსიქოემოციური და იურიდიული დახმარება გაუწიოს, აამაღლოს ქალთა მიმართ ძალადობაზე ცნობიერება და პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას მიაღწიოს.


“რთული იყო ამ დასკვნამდე მისვლა, მაგრამ საქართველოში ალბათ რამდენიმე წელი მაინც ვეღარ დავბრუნდები”

30 წლამდე ჟურნალისტი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ცხოვრობს, აქ ოჯახი ჰყავს და ბინადრობის ნებართვაც აქვს, 2025 წლის თებერვალში გააბრუნეს საზღვრიდან.

რეგინას მსგავსად, არც მისთვის არ აუხსნიათ მიზეზი და მის დოკუმენტშიც ყველაზე ზოგადი პუნქტი იყო მონიშნული.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოში მყოფი ცოლისა და შვილის უსაფრთხოების რისკების გამო ანონიმურად გვიყვება თავის ისტორიას, ამბობს, რომ იმ წლების განმავლობაში, როცა საქართველოში ცხოვრობდა, საზღვრის კვეთისას არასოდეს არანაირი პრობლემა არ ჰქონია;

“დასასვენებლად ვიყავი წამოსული და აეროპორტში ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდათ ჩემს პასპორტში ბეჭდის ჩასარტყმელად, არაფერი უთქვამთ, ვიფიქრე, რომ რაღაც კარგად არ იყო. რაც უფრო მეტხანს მაყოვნებდნენ, მით უფრო მიძლიერდებოდა ეჭვი, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაცას ეძებდნენ და შემოშვებაზე უარს მეტყოდნენ.

არ არის ადვილი ოჯახისთვის ცალ-ცალკე ცხოვრება. ჩემს შვილზე ამ იძულებითმა და მოულოდნელმა დაშორებამ მძიმედ იმოქმედა. რთულია შეგრძნება, როცა იცი, რომ ბავშვს გვერდით სჭირდები და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი. იმის მიუხედავად, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, იცის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს და ამიტომ უახლოეს მომავალში ცოლსა და შვილს სამშობლოში წაიყვანს.

“ძალიან საეჭვოა, საქართველოში კიდევ ერთხელ შემოსვლის მცდელობა წარმატებულად რომ დასრულდეს. რთული იყო ამ დასკვნამდე მისვლა, მაგრამ საქართველოში ალბათ რამდენიმე წელი მაინც ვეღარ დავბრუნდები.

ყველაზე მეტად მომენატრება ხალხი და ასევე ჩემი, როგორც ჟურნალისტის, მუშაობა აქედან. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია რეპორტაჟების მოსამზადებლად.”

მანამ, სანამ მას საქართველოში შემოსვლაზე უარს ეტყოდნენ, უკვე იცოდა ორი ევროპელი ჟურნალისტის საზღვრიდან გაბრუნების ამბავი. ჩეხი ჟურნალისტის, რეი ბეისლის გახმაურებული შემთხვევის გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არ შემოუშვეს შვეიცარიელი ფოტოგრაფიც.

როცა ვეკითხებით, შეიძლება თუ არა საერთო ტენდენციების დანახვა, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ ერიდება ცნობილი გამოცემების და მედიების გადამღები ჯგუფების გაბრუნებას საზღვრიდან, თუმცა ნაკლებად ცნობილი გამოცემების თანამშრომლებისთვის უკვე ცდილობს ქვეყნის ჩაკეტვას.

“არჩევნებისთვის ვცდილობდი საქართველოში ჩამოსვლას - 1,5 საათი მალოდინეს საზღვარზე და მითხრეს, რომ დეპორტირებული ვიყავი”

შტეფან გროსი შვეიცარიელი ფოტოგრაფია, მის შემთხვევას საქართველოში თებერვალში არშემოშვებული ევროპელი ჟურნალისტი ახსენებს. შტეფანი საქართველოში ადრეც არაერთხელ ყოფილა, მათ შორის 2024 წელსაც. საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მას ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელით ჰქონდა აკრედიტაცია გავლილი. შვეიცარიის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შეუძლიათ შემოსვლა - საზღვრიდან ისიც ზოგადი ჩანაწერით გააბრუნეს.

“ჩემი პასპორტი სისტემაში აშკარად წითელი დროშით იყო მონიშნული. ჩემთვის მათ არაფერი არ უკითხავთ, როგორც ჩანს, ვიღაცამ ზემოდან უთხრა ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, რომ აღარ უნდა შევეშვი საზღვარზე.

თითქმის 11 საათი გავატარე მოსაცდელ სივრცეში და ამ დროის განმავლობაში მათ ჰქონდათ ჩემი ტელეფონები წაღებული, მხოლოდ დუბაისკენ მიმავალ რეისზე ასვლის წინ დამიბრუნეს. ამ ამბის საჩუქარი იყო ის, რომ ჩემი ბარგიც დაიკარგა. მედიისთვის უფლების წართმევა, გააშუქოს არჩევნები, საკმაოდ შემაშფოთებელი ნიშანია იმის შესაფასებლად, რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ეს არჩევნები”, - შტეფანის საზღვრიდან გაბრუნება შემაშფოთებლად მიიჩნიეს სხვა ჟურნალისტებმა და მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა.

შტეფან გროსი კონფლიქტების ფოტოგრაფია - საქართველოში ხალხმრავალი აქციების გარდა, ის მუდმივად იღებს უკრაინაში ფრონტის ხაზის გასწვრივ ადგილებს, აშუქებდა ომს სირიაში, მიწისძვრას თურქეთში, ერთ-ერთ ბოლო ფოტორეპორტაჟში აღწერს ამერიკელი პოლიციელების სამუშაოს სპეციფიკას, ნამყოფია ავღანეთში, ირანში. აქვს გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობა 10 წლის ვადით. საქართველოში ის ბოლოს, 2024 წლის გაზაფხულზე, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა.


“ნამდვილად არსებობს შავი სია. სხვებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ეს უკვე ბევრს შეემთხვა”

“ეს საშინელი საღამო ყველას გემახსოვრებათ, დედა რომ მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა მილიციელებს, ჩემს შვილს ეპილეფსია აქვს, ნუ წაიყვანთო. ზუსტად ამ მომენტში დააკავეს ჩემი ბელგიელი მეგობარიც. კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის ტაქსიდან და რამდენიმე წამში სრულიად უმიზეზოდ აკავებენ.

იზოლატორში ყავდათ და გამოუშვეს ისე, რომ ჯარიმაც არ დაუკისრებიათ. მერე წავიდა საშობაო არდადეგებზე და რომ დაბრუნდა უკან, სასაზღვრო პოლიციამ უარი უთხრა შემოსვლაზე. რა შეიძლება გავაკეთოთ, ადამიანი აქ ცხოვრობს, ცოლიც აქ ჰყავს”, - ასე ცდილობდა ვიტსე დე გეიტერის მეგობარი მის დახმარებას, თუმცა ვერაფერს გახდა.

ბელგიელი ჟურნალისტი, რომელიც 7 დეკემბრის ღამეს დააკავეს რესპუბლიკის მოედანთან და რომელსაც 2024 წლის 30 დეკემბრის დილის სამ საათზე უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, ჯერ ბელგიაში ჩავიდა მშობლებთან და შემდეგ ესპანეთში გადავიდა მეგობრებთან; ორთვიანი იძულებითი დაშორების შემდეგ ახლა უკვე მისი ცოლიც ესპანეთშია - საქართველოში მარტო დარჩენილი სირიელი ქალი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა.

“მინდა, რომ კვლავ ვცადო საქართველოში შემოსვლა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ ჩანს, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ ვცადე კიდევ ერთი შანსის გამოყენება სახლში დასაბრუნებლად. ის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული მაქვს, მაგრამ უკვე ორი თვეა, უყურადღებოდ არის დატოვებული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიტსე, რომელიც გვიხსნის, რომ საქართველო მისთვის ბევრს ნიშნავს და გულდამძიმებული უყურებს, როგორ იცვლება ქვეყანა.

“ჩემი ცხოვრება იყო საქართველო. ყველაფერი მქონდა, რასაც კაცი ისურვებდა: კარგი ხალხი, კარგი ამინდი, მშვენიერი ბუნება და თან ეს ყველაფერი არც ისე შორს ბელგიიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ [საქართველოს საზღვარზე] არსებობს შავი სიები იმ ადამიანების, ვინც არ უნდა შეუშვან ქვეყანაში. სხვებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ეს უკვე ბევრს შეემთხვა. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, სულ მცირე, ცალკეულ შემთხვევებში მაინც გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებებს”, - ამბობს ბელგიელი ჟურნალისტი. ქუთაისის აეროპორტიდან მიზეზების ახსნის გარეშე ის ფრანკფურტში გაუშვეს მესაზღვრეებმა და თან უთხრეს, რომ ქვეყანაში შემოშვების შემთხვევაში, კვლავ დაკავება ელოდა. ვიტსე ამ შემთხვევამდე სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში ცოლთან ერთად.

რას ამბობს კანონი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებზე

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლში გაწერილია საზღვრის კვეთასა და ვიზაზე უარის თქმის საფუძვლები. ამ კანონის მიხედვით, საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხოელს შეიძლება ეთქვას შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი დოკუმენტები;
  • თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;
  • თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა;
  • თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;
  • თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ადამიანების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
  • თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
  • თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;
  • თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.


ქართველი მესაზღვრეები ყველაზე ხშირად სწორედ ბოლო პუნქტს იყენებენ - "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ამ თვითნებურ პრაქტიკასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ უარი თქვა ამ სარჩელის არსებით განხილვაზე.

გარდა ევროპელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისა, საქართველოში შემოსვლაზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვთ პრობლემა ანტიპუტინისტ რუსეთის მოქალაქეებს, ბელარუს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყება, საჯაროდ არ აქვეყნებს სტატისტიკას, რამდენ ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, ვინც საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG