ზავის პრინციპებზე შეთანხმების შემდეგ, რუსეთმა მოითხოვა ბევრად მეტი, ვიდრე ეს მისაღებია უკრაინისთვის და ევროპისთვის. ახლა მის მოთხოვნებს აშშ-ში დამატებით შეისწავლიან.
ბევრი თვლის, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა უდღეური იდეაა, მაშინ როცა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტის რეალური სურვილი არაფერზე ეტყობა.
შავი ზღვა ყურადღების ცენტრში
სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ს სჭირდება დრო შავი ზღვის ზავთან დაკავშირებით რუსეთის დამატებითი მოთხოვნების განსახილველად, რაც აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
ოთხშაბათს „როიტერსი“ ციტირებდა სახელმწიფო მდივნის სიტყვებს, რომ აშშ-ის მთავრობის მიზანია უფრო ფართოდ გაიაზროს რუსეთის პოზიცია "ან რას ითხოვენ ისინი სანაცვლოდ“ და ამის შემდეგ, დონალდ ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების] მომდევნო ნაბიჯთან დაკავშირებით.
შავ ზღვასთან დაკავშირებულ ზავს ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის ომის უფრო ფართო ზავის აუცილებელ ნაწილად განიხილავს.
23 და 25 მარტს გამართული შეხვედრების შემდეგ, კრემლმა გამოაქვეყნა დამატებითი მოთხოვნები, რაც აშშ-ის ოფიციალურ განცხადებაში არ არის:
- სანქციების მოხსნა "როსსელხოზბანკისთვის" და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, საერთაშორისო ვაჭრობის უზრუნველსაყოფად;
- რუსული კომპანიების კვლავ ჩართვა SWIFT-ის სისტემაში და სხვა სახის სანქციების მოხსნა.
სანქციების საკითხი მხოლოდ აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რადგან სანქციების არაერთი პაკეტი რუსეთისთვის ევროკავშირსაც აქვს დაწესებული, მაგრამ როგორც ბრიუსელში აცხადებენ, სანქციების მოხსნას არ გეგმავენ, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გასვლამდე.
უარზეა უკრაინაც. „ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციებს, ასუსტებს სანქციებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შავ ზღვასთან დაკავშირებით თეთრი სახლისა და კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში საერთოა შეთანხმების შემდეგი აქცენტები:
- უსაფრთხო ნავიგაცია გემებისთვის;
- ძალის არგამოყენება;
- კომერციული გემების არგამოყენება სამხედრო მიზნებისთვის;
- რუსეთის დახმარება მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტის წვდომის აღდგენაში;
- დახმარება საზღვაო დაზღვევის ხარჯების შემცირებაში;
- დახმარება წვდომის გაძლიერებაში პორტებსა და ასეთი ტრანზაქციებზე წვდომის გაძლიერებაში.
თუმცა ამ ჩამონათვალშიც, ექსპერტებმა როგორც შენიშნეს, კრემლს დამატებული აქვს ერთი აქცენტი - შავ ზღვაზე გემების შემოწმების მექანიზმის შექმნის შესახებ, რასაც აშშ-ის ოფიციალურ განცხადებაში ვერ ვხვდებით. ჯერ არავინ იცის, ზუსტად რას გულისხმობს ეს მექანიზმი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რუსეთს უკრაინული გემების შემოწმების იმედი აქვს.
კიდევ რა უნდა რუსეთს?
ყველა, ვინც რუსეთის მოქმედებებისა და მანიპულაციების ბუნებას იცნობს, დარწმუნებულია, რომ მოსკოვს სულ სხვა ჩანაფიქრი აქვს და მათ შორის - ჟანგბადის მოპოვება თავისი განადგურებული ფლოტისთვის.
„რუსეთის ფლოტი ახლა ბაზებშია შეყუჟული და ცხვირს ვერ ყოფს გარეთ. შორეულ ბაზებშიც არიან, მათ შორის - აფხაზეთში... ფაქტია, რომ უკრაინელებმა რუსეთი დაამარცხეს შავ ზღვაზე, რადგან უმძიმესი დარტყმა მიაყენეს მათ ფლოტს - ფლაგმანი ჩაუძირეს, 15 დიდი გემი გაუნადგურეს და კიდევ რამდენი პატარაც. პარალიზებულია რუსული ფლოტი - მათ შორის უკრაინული წყალქვეშა დრონებითა და რაკეტებით“, - აცხადებს უკრაინული „Вечір.LIVE”-ის ეთერში სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი ისრაელიდან, ჟურნალისტი სერგეი აუსლენდერი. ის ფიქრობს, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი საერთოდ არ არის გადამწყვეტი უკრაინისთვის და არც საჩქაროა, რადგან მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ არეალში აქტიური სამხედრო მოქმედებები ისედაც შეჩერებულია.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთის მოჩვენებითი მშვიდობისკენ სწრაფვა მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის ვაჭრობით არის ნაკარნახები:
“რუსეთს უნდა ამოისუნთქოს და შავ ზღვაზე უკრაინელების დომინაცია მინიმუმამდე დაიყვანოს… ეს შეთანხმება სასარგებლოა რუსეთისთვის. მას ხელ-ფეხი ეხსნება არა პირდაპირი საომარი მოქმედებებისთვის, მაგრამ შესაძლებლობები ეძლევა თავისი ფლოტის მეტი დაცულობისთვის, უზრუნველყოფისთვის და ასევე ვაჭრობის განახლებისთვის”.
შავ ზღვაში აშშ-ისა და მთელი დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გაძლიერება, ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, უბრალოდ გარდაუვალია და ახლა, როდესაც შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების ბედი წყდება - “ძალების გადანაწილების პროცესიდან საქართველოს გვერდზე გადგომა ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის მომავალზე”.
უშუალოდ შავი ზღვის აუზში ნატოს სამი წევრი ქვეყანაა: ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. ალიანსი ინტენსიურად ატარებდა წვრთნებს შავ ზღვაში და ტრადიციულ პარტნიორებად უკრაინასა და საქართველოს განიხილავდა. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველოსთან დასავლეთის პარტნიორობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნების ჩამონათვალში შედის ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.
სომხეთი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, საქართველო - აღარ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ სწორედ შავ ზღვას უკავშირდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები და ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შავი ზღვის ფართო რეგიონის მიმართ ინტერესს ავლენს, ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან ურთიერთობები ჰაერშია გამოკიდებული.
“როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ 20 იანვრის შემდეგ [დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღი - რ.თ.] რაღაც პროგრესი იქნებოდა აშშ-სთან, ზუსტად შავი ზღვის კონტექსტში უნდა მომხდარიყო ეს. ახლა ამის საპირისპირო პროცესს ვხედავთ საჯაროდ.
10 დღე ვიყავი ვაშინგტონში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აბსოლუტურად არანაირი არასაჯარო პროცესი არ მიდის საქართველოსთან მიმართებით. ტყუილი იქნება, თუკი ვინმე იტყვის, რომ - აი, საჯაროდ შეიძლება არა, მაგრამ დახურულ კარს მიღმა მაინც რაღაც საუბრები მიმდინარეობს”, - თინა ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შავ ზღვასთან დაკავშირებულ ზავზე მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კომუნიკაცია ჰქონდა თურქეთის, სომხეთისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან; ხოლო საქართველოს ვაშინგტონიდან უკვე დიდი ხანია არავინ ეხმაურება.
“სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს საერთო ინტერესები სტრატეგიული პარტნიორების რანგში”, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რაც ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბარს მოჰყვა.
ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ - სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას სამხრეთ კავკასიაში - "უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”.
- თებერვალში ნიკოლ ფაშინიანი თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა და ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში გამართა შეხვედრები ამერიკელ კანონმდებლებთან, კონგრესის ორივე პალატაში. არაერთი კომუნიკაცია იყო ამის მიღმაც.
სომხეთის გარდა, შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილია აზერბაიჯანიც, რომელთანაც აშშ-ის ასევე აქვს საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი. ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციიდან ყურადღებით ადევნებენ თვალს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმების ყველა ნიუანსს.
მარტის დასაწყისში, The Jerusalem Post-ი წერდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამზადებს საფუძველს სამმხრივი შეთანხმებისთვის ისრაელს, აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის.
არ გამართლდა „ქართული ოცნების“ დაპირებები, რომ აშშ-სთან ურთიერთობები აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, მალევე აღდგებოდა. საქართველოს შემთხვევაში მომავალი ჯერ ისევ სადამსჯელო ზომების ჭრილში განიხილება და ამ რიგშია „მეგობარი აქტი“, რომელიც 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების ახალი მექანიზმების ამოქმედებასაც.
ვინც კი მოვლენების განვითარებას იცნობს, "მეგობარი აქტის" მიღება არავის გაჰკვირვებია.
- აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეუწყვიტა და ამ დრომდე სტატუს კვო უცვლელია.
- აშშ-ს დაწესებული აქვს სავიზო შეზღუდვები რამდენიმე პაკეტად, ათეულობით საქართველოს მოქალაქისთვის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მოკავშირეებისთვის;
- აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის; შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის მაღალჩინოსნებისთვის; ხოლო მანამდე - მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეებისთვის.
- აშშ-ის შეწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლების დახმარების პროექტები.
- უკვე მეოთხე თვეა, საქართველოს არ ჰყავს ელჩი აშშ-ში. ძველმა ელჩმა [დავით ზალკალიანი] პოსტი 2024 წლის 30 ნოემბერს დატოვა, მიზეზების განმარტების გარეშე.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავთ აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა, რომლის დანიშვნაც გაურკვეველი მიზეზების გამო გვიანდება, რასაც ექსპერტები თბილისსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობით ხსნიან.
„ოცნება“ ელჩის კანდიდატურის ვინაობას არ ამხელს. ერთ-ერთი ვერსიით, ის სადავო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძეა. თინა ხიდაშელმა გვითხრა, რომ ვაშინგტონშიც სწორედ სამხარაძის გვარი დაუსახელეს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტის“ დამტკიცების შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ „1 არხს“ უთხრა, რომ „მეგობარი აქტს“ კომიტეტზე ცალკე არ უყარეს კენჭი და ასე "გააძვრინეს", რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო.
"ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გეგმები აქვს და ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ოპოზიცია“, – განაცხადა სამხარაძემ "1 არხთან".
- ნიკოლოზ სამხარაძე ახლახან, „ქართული ოცნების“ პარლამენტარების დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სერბეთს სტუმრობდა და, როგორც განაცხადეს - იქ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერბეთის გამოცდილებას შეისწავლიდნენ.
- მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, სერბეთის პრორუსული განწყობების ხელისუფლება ბრიუსელის წინაშე საჭირო რეფორმების გატარების პირობას დებს, მაგრამ პარალელურად - მჭიდრო კონტაქტი აქვთ რუსეთთან - ქვეყნის პრეზიდენტს 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზეც ელოდებიან.
პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები თბილისს აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა გააცნო, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან 14 მარტს შეხვედრისას.
შეხვედრის შემდეგ, საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას “რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”.
ამ ყველაფრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ წამოაყენა წინადადება - აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, თუმცა - დათქმებით: გადატვირთვა “კონკრეტული გზამკვლევით” უნდა დაიწყოს, და ის “უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს”; ხოლო პროგრესი დამოკიდებული იქნება იმაზე, “თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ "დიფ სთეითი" აშშ-ში”.
ვაშინგტონიდან დაბრუნებული თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ ახლო მომავალში "ქართულ ოცნების" მიმართ კვლავ მკაცრი რეაქციებია მოსალოდნელი.
ფორუმი