ქართული პროსახელისუფლებო არხებით ბელგრადიდან გავრცელებულ კომენტარებში ყურადღება ძირითადად ევროინტეგრაციის უარყოფით გამოცდილებაზე მახვილდება - ხელოვნურ ბარიერებზე, იმედგაცრუებაზე.
„რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული იმედგაცრუებები და წინსვლის შეფერხება, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მიმართულებითაც გაზიარებულიყო გამოცდილება“, - თქვა 26 მარტს, „იმედის“ ეთერში, მარიამ ლაშხმა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
ასევე მისი სიტყვებია [მედიასთან სხვა კომენტარიდან], რომ „სერბეთს [საქართველოს] მსგავსი ტიპის გამოწვევები აქვს სუვერენიტეტისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ევროინტეგრაციის გზაზე“.
მარიამ ლაშხმა ორი ქვეყნის გამოწვევებს შორის დაასახელა ასევე „ზოგიერთი ევროპარლამენტი“ და „ბიუროკრატების არასწორი მიდგომა“.
სერბეთში, ისევე როგორც საქართველოში, უკვე თვეებია რაც უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. საერთოა ისიც, რომ პროტესტს, ბელგრადიცა და თბილისიც, უცხოური ფულით დაფინანსებულ გარე ჩარევად მიიჩნევენ.
პარალელურად, სერბეთის პრორუსული განწყობების ხელისუფლება ბელგრადში რუსეთის ФСБ-ს წარმომადგენლებს ელოდება, პროტესტთან მიმართებით საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და 9 მაისს მოსკოვშიც აპირებს ჩასვლას.
რამდენად არის დღევანდელი სერბეთის გამოცდილება მისაბაძი საქართველოსთვის?
სერბეთი, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა; გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე 2013 წლიდან გადავიდა და მოლაპარაკებების პროცესში უკვე გახსნილი აქვს 35-დან 22 თავი [ახალი საზომით 3 კლასტერი/ბლოკი].
გზაზე, რომლითაც ახლა სერბეთი მიდის, სვლა შეჩერებული აქვს საქართველოს.
- სწორედ გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა დააპაუზა „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლით, 2028 წლამდე. ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რასაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.
- გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპი ყველაზე რთულ და შრომატევად ეტაპად მიიჩნევა.
“სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ გვენიშნა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს ჰგავს“, - უთხრა ჟურნალისტებს სადავო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, სერბეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ და ყურადღება ევროინტეგრაციის „უარყოფით გამოცდილებაზე“ გაამახვილა. სამხარაძემ ჩამოთვალა რამდენიმე საკითხი:
- ინტეგრაციის გზაზე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა - “სერბმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის 35-ე თავი, რომელიც მოითხოვს, რომ სერბეთმა მოახდინოს თავისი ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან, რაც მათი გადმოსახედიდან პრინციპში წარმოუდგენელი ჩანს, რადგან კოსოვოს ის მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიად”;
- სანქციების დაწესება რუსეთისთვის - “სერბეთის ხელისუფლებაც ძალიან ხშირად არის გაკრიტიკებული და მათგანაც ზუსტად იგივე პასუხი მივიღეთ, რომ როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ რა კომპენსაცია შეიძლება მოგვეცეს იმ შემთხვევაში, თუ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, ევროკავშირის მხრიდან პასუხი ფაქტობრივად არ იყო. ანუ, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. იცით, რომ ჩვენგანაც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა კომპენსირების მიმართულებით არანაირი დაპირება არ იყო“.
სერბეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ვიცე-სპიკერი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელვირა კოვაჩი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ სამხარაძისგან საქართველოს გამოცდილების შესახებ მოისმინეს და გამოთქვეს მოსაზრება, რომ “ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური კრიტერიუმები წინსვლისთვის ევროინტეგრაციის პროცესში”.
თბილისი ბელგრადთან კავშირების მნიშვნელოვან გაძლიერებას გეგმავს
სერბეთის პარლამენტის განცხადებაში გამოთქმულია კმაყოფილება სამხარაძის დაპირების გამო, რომ პარლამენტში სერბეთთან მეგობრობის ჯგუფს შექმნიან და საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნიან. ასევე, 15 ივნისიდან, დაგეგმილია სერბული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც რეგულარულ რეისებს შეასრულებს [კვირაში სამჯერ] ბელგრადი-თბილისის მიმართულებით.
“საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეგობრული ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერას, დიალოგსა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას”, - ნათქვამია სერბეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მოჰყვა ქართველი სტუმრების პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა რაგუშთან 24 მარტის შეხვედრას.
ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან ხშირად აღნიშნავენ, რომ დასავლეთთან უკიდურესი დაძაბულობისა და სანქციების ფონზე "ქართული ოცნება" ჩადის იქ, სადაც იღებენ.
- “ქართული ოცნების” დელეგაციის ბელგრადში ვიზიტს დაემთხვა სერბეთის პრეზიდენტის სტუმრობა ბრიუსელში, სადაც, დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თბილისის მაღალი დონის ვიზიტები დიდი ხანია აღარ გამართულა.
- “ფაქტობრივი არის ის, რომ ჩვენ ვიზიტებს ვაგრძელებთ, ორმხრივ საუბრებს ვაგრძელებთ” - განაცხადა მარიამ ლაშხმა “იმედის” ეთერში, სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
ბრიუსელი სერბეთს კონკრეტულ გამოწვევებზე მიუთითებს
„გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ვუჩიჩთან - კერძოდ, რათა გადაიდგას გადამჭრელი ნაბიჯები მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. სერბეთის მომავალი ევროკავშირშია“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც შეხვდა და კოშტამაც მსგავსი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა.
მანამდე, ევროპარლამენტარების ერთი ნაწილის მოწოდება იყო, რომ არ შეხვედროდნენ სერბეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს, რადგანაც ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბელგრადი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფდა.
საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მსხვერპლთაგან მე-16 ადამიანი 21 მარტს გარდაიცვალა. სტუდენტების აქტიურობით, მდუმარე აქციები ყოველდღე იმართება, როცა მომიტინგეები სამანქანო გზებსა თუ ხიდებს მოკლე დროით კეტავენ; პერიოდულად კი ქუჩაში ზღვა ხალხი გამოდის და მიტინგების მასშტაბი შთამბეჭდავია მთელი მსოფლიოსთვის.
მოძრაობები რუსეთისკენ?
ბრიუსელში ვუჩიჩმა პირობა დადო, რომ სერბეთი აჩქარებული ტემპითა და მეტი მონდომებით ივლის ევროკავშირის რეფორმების გზით. თუმცა მედიასთან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებს ელოდებიან – საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, რომ 15 მარტის აქციაზე “აკუსტიკური [ხმოვანი] იარაღი” არ გამოუყენებიათ.
- სოციალურ სივრცეში, პროტესტის მონაწილეთა არაერთ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ იწყება პანიკა მომიტინგეებს შორის, 15 მარტს გამართულ აქციაზე, როცა ბევრმა გაიგო „აკუსტიკური იარაღისთვის“ დამახასიათებელი ძლიერი ხმა.
- ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ ხელისუფლებამ სწორედ „აკუსტიკური [ხმოვანი] იარაღი“ გამოიყენა და ხალხისთვის სახიფათო ვითარება შექმნა. უკვე საღამოს ბელგრადში გამართულ მიტინგზე, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 300-350 ათას ადამიანს ითვლიდნენ.
ФСБ-ს ბელგრადში მიწვევას ბევრი სწორედ სერბეთის ხელისუფლების პრორუსული ბუნებისა და კრემლის მიმართ მათი ნდობის ნაწილად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩის თქმით, გამოძიებაზე არც ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს ეტყვიან უარს.
საპროტესტო აქციებს სერბეთის ხელისუფლებაც გარედან ინსპირირებულად თვლის და დასავლური ძალების რევოლუციური გეგმების ნაწილად განიხილავს. ეს მოსაზრება კი ზუსტად ემთხვევა მოსკოვში გახმოვანებულ მოსაზრებებს - რომ დასავლეთი ქვეყნების თავისუფალ ნებას ებრძვის.
24 იანვარს სერბეთის პრეზიდენტმა მომხრეთა მიტინგზე განაცხადა, რომ „ქვეყანას უტევენ როგორც შიგნიდან, ასევე გარედან” და რომ სერბეთი რუსეთთან და ჩინეთთან კარგი დამოკიდებულების გარდა, იმის გამო ისჯება, რომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
გარე მტრებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უარყოფის თემა აქტუალურია „ქართული ოცნების” წარმომადგენლების რიტორიკაშიც.
«Газетой.Ru»-სთან ინტერვიუში რუსეთის დუმის წარმომადგენელი, კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ „სერბებს შორის რუსეთის მომხრეები მრავალჯერ აღემატებიან პროდასავლური ორიენტაციის მქონეებს“ და რომ მოსკოვს ბელგრადი გადარჩენის გზად განიხილავს.
„პროტესტების მასშტაბის ასეთი ზრდის წინაშე მდგარი ვუჩიჩი, ცდილობს რუსეთს დაეყრდნოს და ამას ამჟღავნებს რუსეთის მისამართით: ის [ვუჩიჩი] აპირებს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩამოვიდეს და საჭიროდ თვლის, რომ სერბებმა მარშით გაიარონ წითელ მოედანზე.
ეს მნიშვნელოვანია მისთვის, რათა მოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა. ვუჩიჩს სურს, რომ ითამაშოს მომიტინგეების იმ ნაწილზე, რომლებიც მხარს უჭერენ პრორუსულ პოზიციას“, - უთხრა რუსულ მედიას ზატულინმა.
მოსკოვში ჩასვლა დიდი ხანია იგეგმება: 2024 წლის 21 ნოემბერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად დაესწრება 2025 წლის 9 მაისის აღლუმს მოსკოვში.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა სერბეთში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნებით დასრულდეს, რის შესახებაც ვუჩიჩმა ბრიუსელში ყოფნის დროსაც ისაუბრა.
სერბეთის პარლამენტმა 19 მარტს ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა, რითაც დაიწყო ახალი ხელისუფლების ფორმირების ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა.
ფორუმი