Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სერბეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 30 დღეა განსაზღვრული

სერბეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 30 დღეა განსაზღვრული


მილოშ ვუჩევიჩი
მილოშ ვუჩევიჩი

სერბეთის პარლამენტმა 19 მარტს ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა, რითაც დაიწყო ახალი ხელისუფლების ფორმირების ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა.

ვუჩევიჩი, რომელიც სერბეთის მმართველი პროგრესული პარტიის (SNS) ლიდერი და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მოკავშირეა, თანამდებობიდან გადადგა 28 იანვარს, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. დემონსტრაციები მოჰყვა გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი-სადში მომხდარ ტრაგედიას, როცა რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

შაბათს, 15 მარტს, ბელგრადში 100 000-ზე მეტმა დემონსტრანტმა მოიყარა თავი, ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ სადგურზე მომხდარი კატასტროფა იყო ფართოდ გავრცელებული კორუფციისა და არასწორი მართვის შედეგი - რასაც ხელისუფლება უარყოფს.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტ ვუჩიჩს ახლა 30 დღე აქვს ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელებისთვის, რომელმაც მთავრობას 2027 წლამდე უნდა უხელმძღვანელოს - სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ამ წელს არის დანიშნული.

თუ ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრის დასახელებას განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლებს, ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს 45-დან 60 დღემდე ვადაში.

ამ ეტაპზე მკაფიო არ არის, რა შედეგს მიაღწევენ ვუჩიჩის მოკავშირეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. კვლევითი კომპანია IPSOS Strategic Marketing-ის მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევით, მმართველ პარტიას 48,3 პროცენტი უჭერდა მხარს - თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ხელისუფლების მხარდაჭერა მას შემდეგ შემცირდა.

ოპოზიციური პარტიები უარყოფენ ვადამდელ არჩევნებს და მოითხოვენ შუალედური მთავრობის ფორმირებას, მმართველი პარტიის გარეშე. ვუჩიჩმა ეს შესაძლებლობა ბევრჯერ გამორიცხა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG