Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობა საქართველოს სამეფოსთან - კავკასიონის სხვადასხვა მხარეს

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობა საქართველოს სამეფოსთან - კავკასიონის სხვადასხვა მხარეს


თამარ მეფის ფრესკა
თამარ მეფის ფრესკა

როგორ ერთიანდებოდა საქართველო ჩრდილოეთ კავკასიასთან საერთო მტრის წინააღმდეგ? როგორი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მუსულმან და წარმართ ხალხებთან? ამ და სხვა საკითხებზე „კავკასიის ქრონიკების“ წამყვანი მაირბეკ ვაჩაგაევი ისტორიკოსს, ალექსანდრე ქავთარაძეს, ესაუბრა.

შუა საუკუნეებში საქართველოს სამეფოს ჩრდილოეთ კავკასიასთან მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირი ჩამოუყალიბდა. გეოგრაფიული სიახლოვე არა მხოლოდ საქონლის გაცვლას უწყობდა ხელს, არამედ კულტურული და რელიგიური გავლენის გავრცელებასაც. ქართველი მმართველები ცდილობდნენ ამ გავლენის საზღვრები გაეფართოებინათ და რეგიონში მეტი კონტროლი ჰქონოდათ.

- ალექსანდრე, როდესაც შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოზე საუბრობთ, კონკრეტულად რა დროს გულისხმობთ?

- მე-11 საუკუნის დასაწყისში ბაგრატ მესამის დროს ჩამოყალიბდა საქართველოს ერთიანი სამეფო. ბაგრატიონები საქართველოს 1801 წლამდე მართავდნენ. ბაგრატ მესამემ თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა საერისთავოები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, თბილისის გარდა. მე-11 საუკუნიდან მოყოლებული, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ არსებობს საქართველოს ერთიანი სამეფო.

- ანუ რუსეთის კავკასიაში გამოჩენამდე საქართველოში ერთი მმართველი დინასტია იყო?

ალექსანდრე ქავთარაძე
ალექსანდრე ქავთარაძე

- დიახ, ბაგრატიონები სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიას მართავდნენ. ძირითადად ისინი საქართველოს, როგორც ერთიან სამეფოს, ისე მართავდნენ, მაგრამ ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ბაგრატიონების ნაწილი მართავდა აღმოსავლეთის მიწებს, ნაწილი კი - დასავლეთისას. ეს საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ დაიწყო. ამ დროს საქართველო შედგებოდა ცალკეული სამეფოებისა და საერისთავოებისგან როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

- ქართველი მწერლების გამოისობით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველამ იცოდა თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი. მათ გარდა, ვის გამოყოფდით, როგორც მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურებს?

- თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი უდავოდ გამორჩეული პიროვნებები არიან, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თამარის მამაც, გიორგი მესამე. მანაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ისტორიაში. ასევე მნიშვნელოვანი პიროვნებაა თამარის შვილი ლაშა-გიორგი, ის 32 წლის გარდაიცვალა. მე-18 საუკუნეში კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მეფე ერეკლე მეორე.

- თქვენ საქართველოს სამეფოს "ოქროს ხანაზე" ლაპარაკობდით, ეს კონკრეტულად რა დროა, რა ისტორიული მოვლენები ხდება ამ დროს?

- ამ დროს საქართველოს სამეფო ერთიან სახელმწიფოდ იქცა. მისი გავლენა მეზობელ სახელმწიფოებსაც გადასწვდა, მოიცვა ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთის მიწები, რომლებიც ახლა თურქეთის, ჩრდილოეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზეა. სწორედ ამ დროს მიაღწია საქართველომ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის მაქსიმუმს რეგიონში.

- მთელი რეგიონისთვის, ისევე როგორც მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, თათარ-მონღოლთა შემოსევა გარდამტეხი აღმოჩნდა. მართალია, საქართველო სრულად არ დაუპყრიათ, მაგრამ ისიც დაქვემდებარებული გახდა?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მე-13 საუკუნეში საქართველოს "ოქროს ხანა" უკვე სრულდება. ამის შემდეგ ქვეყანას აღარასოდეს ჰქონია რეგიონზე მსგავსი გავლენა. რა თქმა უნდა, იყო მოკლევადიანი პერიოდები, როდესაც საქართველოს სამეფოს გავლენა ისევ იზრდებოდა, მაგრამ ძველებური ძალით - აღარ.

მონღოლები დაახლოებით 80 წლის განმავლობაში მართავდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს, დასავლეთ საქართველოში ისინი ასეთი წარმატებულები არ იყვნენ.

- როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს სამეფოს ალანებთან შუა საუკუნეებში?

- მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ალანებთან კავშირები განმტკიცდა. ამაზე ნათლად მეტყველებს ქართველ ხელისუფალთა პოლიტიკური ქორწინებები. რამდენიმე ასეთი კავშირი სწორედ ალანიის სამეფოსთან დაამყარეს. მაგალითად, ბაგრატ მეოთხე კურაპალატი ბორენა ალანელზე დაქორწინდა. თამარ მეფის დედა ალანიიდან იყო. მისი მეორე ქმრის, დავით სოსლანის წინაპრები, როგორც ჩანს, ბაგრატიონების გვარს ეკუთვნოდნენ, მაგრამ თავად დავითი ალანიიდან იყო.

დავით სოსლანის შვილები გიორგი მეოთხე და რუსუდანი, თავიანთი წარმოშობიდან გამომდინარე, ალანიასთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული როგორც დედის, ასევე მამის მხრიდანაც. ცნობილია, რომ დავით მეოთხემ, რომელიც საქართველოს მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის დასაწყისში მართავდა, ალანებთან სამხედრო შეთანხმება დადო და დიდგორის ბრძოლაში სელჯუკების წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ.

- ეს პერიოდი რამე წერილობითმა დოკუმენტმა შემოგვინახა?

- არის ქართული ხელნაწერები. რა თქმა უნდა, ბევრ ქართველ მმართველს თავისი ისტორიკოსი ჰყავდა. სწორედ ამ წყაროებიდან ვიცით პოლიტიკური ქორწინებების, სამხედრო ურთიერთობების, საქართველო სამეფოს ალანიასთან ალიანსის შესახებ.

ძირითადად ამ ხელნაწერებშია შემორჩენილი დოკუმენტური ცნობები საქართველოს შუა საუკუნეებისა და კიდევ უფრო ადრეულ პერიოდებზე.

- საქართველოს სამეფოს ჩრდილოკავკასიასთან დაკავშირებით რა პოლიტიკა ჰქონდა?

- სხვადასხვა დროს - სხვადასხვაგვარი. თუ ანტიკურ პერიოდზე ვლაპარაკობთ, მაშინ ტერმინი „საქართველოს სამეფო“ არ არსებობდა, მაგრამ შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში ავტორები ანტიკურ პერიოდსაც აღწერენ.

ამ წყაროების მონათხრობით, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი მმართველი ფარნავაზი იყო, რომელმაც ქვეყნის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები გააერთიანა. მისი ცოლი და ამ პოლიტიკური გაერთიანების პირველი დედოფალი ვაინახი იყო, ძურძუკი. რა თქმა უნდა, მათი ვაჟი საურმაგიც ნახევრად ძურძუკი გახლდათ. როდესაც ადგილობრივი დიდებულები აუმხედრდნენ, მას დედით ნათესავები დაეხმარნენ. არსებობს მონაცემები, რომ საურმაგმა ჩრდილოკავკასიელების ნაწილი თავისი სამეფოს მთიან ნაწილში, დღევანდელი საქართველოს ჩრდილოეთით დაასახლა.

სხვადასხვა დროს, საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ხალხებთან ჰქონდა კავშირი - როგორც ვაინახებთან, ასევე ოსებთან, დაღესტნელებთან, დასავლეთით კი, რა თქმა უნდა, ძირითადად ჩერქეზებთან. მაგალითად, უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისში, ქართლის მეფის, ვახტანგ მეოთხის ცოლი - ერეკლე მეორის ბებია - ჩერქეზი იყო. მართლმადიდებლად მონათვლის შემდეგ ის რუსუდანად იწოდებოდა. ასე რომ, ურთიერთობა თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიასთან ჰქონდათ.

ძალიან ინტენსიური იყო ურთიერთობა ოსებთან, ეს დასტურდება უამრავი შერეული ქორწინებით.

რა თქმა უნდა, იყო კონფლიქტებიც, ვაჭრობაც, სამხედრო კავშირებიც.

- კონფლიქტები ახსენეთ, მაგრამ ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ადიღეს ისტორიაში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო შეტევები არ ჩანს. თუ არ ჩავთვლით ავარიის ხანების შემოსევებს.

- ძალიან საინტერესო საკითხია. დიახ, იყო შემოსევებიც, თუმცა, მაგალითად, ხევსურებს ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ჩეჩნებთან, ინგუშებთან, პატივს სცემდნენ ერთმანეთს.

დაღესტნელები მე-17 საუკუნიდან შემოესეოდნენ ხოლმე ძირითადად საქართველოს აღმოსავლეთს. ეს გეოგრაფიით აიხსნება. ამ შემოსევებმა აღმოსავლეთი საქართველო ძალიან დააზიანა. სოფლები და ქალაქებიც კი გააქრო. ძალიან ბევრი ადამიანი ოტომანთა იმპერიაში გაყიდეს. ეს მე-18 საუკუნეშიც გრძელდებოდა. ერეკლე მეორეც იბრძოდა დაღესტნური ტომების წინააღმდეგ.

მერე, როდესაც რუსეთის იმპერიამ მე-19 საუკუნეში საქართველო დაიპყრო და ომი წამოიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ბევრი ქართველი მეომარი, გენერლებიც კი, რუსეთის მხარეს იბრძოდნენ, რადგან საქართველოს ახსოვდა დაღესტნელების შემოსევები... და ის ტანჯვა, რაც მათ აღმოსავლეთ საქართველოს მოუტანეს.

- კავკასიის ქედი საქართველოს ბუნებრივი საზღვარია. რატომ არ ეცადა საქართველო ჩრდილოკავკასიელები ერთიანი სახელმწიფოს შექმნაში დაერწმუნებინა?

- დიახ, ურთიერთობები ძალიან ახლო და მრავალფეროვანი იყო. სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ხდებოდა. მართალია, საქართველოს სამეფოს ეს ტერიტორიები არ დაუპყრია, მაგრამ დიდი გავლენა ჰქონდა.

ჩვენ ამის შესახებ ვიცით, რადგან არსებობს არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები ქართულ დამწერლობას იყენებდნენ. ნაწილობრივ ეს მშენებლობაშიც აისახა. ასევე უნდა აღინიშნოს სამხედრო კავშირები, როდესაც ქართველებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ტომი საქართველოს სამეფოს მტრებს ებრძოდა.

გეოგრაფიის გამო რთული იყო საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაზე პირდაპირი გავლენა ჰქონოდა. "ოქროს ხანის" შემდეგ კი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება უკვე შეუძლებელი გახდა, თავად საქართველოს სამეფოც სხვა იმპერიის გავლენის ქვეშ იყო.

- თუ გვაქვს მაგალითები, როდესაც ჩრდილოკავკასიელები საქართველოს სამეფოსთან ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ?

- დიდგორი ვახსენე, 1121 წელი. უფრო ადრინდელ პერიოდს რაც შეეხება, მაგალითად, ფარნავაზის შვილი საურმაგი, მან დიდებულების ამბოხი სწორედ ვაინახების მეშვეობით ჩაახშო.

ყივჩაყები ჩრდილოკავკასიელი ხალხი არაა, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ისინი საქართველოში დავით აღმაშენებელმა მოიწვია. ათასობით ყივჩაყი ოჯახებით გადმოვიდა და შემდეგ ქართული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სხვადასხვა ბრძოლაში მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

- მიგაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობა საქართველოს ეკლესიის მოწადინებით გავრცელდა?

- ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობა ძირითადად სამხრეთიდან, საქართველოს სამეფოდან გავრცელდა. განსაკუთრებით "ოქროს ხანაში", როდესაც საქართველოს პოლიტიკური გავლენა პიკს აღწევდა. ეკლესია საქართველოს პოლიტიკას და საქართველოს სამეფოს მმართველებს ძალიან მჭიდროდ უკავშირდებოდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში ამ პერიოდის ტაძრები იყო. ქართული წარწერებიც არის ნაპოვნი, ჯვრები. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენით გავრცელდა ქრისტიანობა კავკასიის ამ ნაწილში.

- შუა საუკუნეებს რომ გამოვცდეთ და 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე ვისაუბროთ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლეოდა.

როდის გადაწყვიტა რუსეთმა, რომ საქართველოს სამეფო უნდა გაუქმებულიყო?

- ამ ტრაქტატიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1795 წელს, სპარსეთის მმართველმა აღა-მაჰმად-ხანმა გადაწყვიტა რეგიონზე თავისი გავლენა აღედგინა და თბილისზე გაილაშქრა. მართალია, ტრაქტატი რუსეთის დახმარებას ითვალისწინებდა, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა. ერეკლე მეორემ ეს ბრძოლა წააგო. რამდენიმე თვეში ირანელებმა მთელი ქალაქი გაანადგურეს.

ის თბილისი, რომელიც დღეს ვიცით, ამ ნანგრევებზეა აშენებული. 1798 წელს ერეკლე მეორე გარდაიცვალა. გამეფდა მისი ვაჟი გიორგი მეთორმეტე. მამისგან განსხვავებით, ის არ იყო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, 1800 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, მხოლოდ ორი წელი იმეფა.

მისი სიკვდილის შემდეგ რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე შეიძლებოდა საქართველოს ტერიტორიის ანექსია. რა თქმა უნდა, ამით ყველა ის შეთანხმება ირღვეოდა, რომლებიც მანამდე დადებულა, მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატიც. მათ საქართველოს სამეფო გააუქმეს და ბაგრატიონების დიდი ნაწილი რუსეთში გადაასახლეს, რათა საქართველოს ტახტზე პრეტენზია აღარასოდეს გამოეთქვათ.

- თქვენ ახსენეთ ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკვე რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. მაგრამ ხომ იყვნენ ისინიც, ვინც არ ემორჩილებოდა და ბრძოლას აგრძელებდა?

- მე-19 საუკუნეში საქართველოში რამდენიმე აჯანყება მოხდა. აჯანყებები საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ანექსიისთანავე დაიწყო. რა თქმა უნდა, ამ აჯანყებებს ახშობდნენ. ერეკლე მეორის სხვა შვილი, ალექსანდრე, იმასაც კი შეეცადა, რომ ირანისა და დაღესტნელი ხალხის დახმარებით, აღმოსავლეთ საქართველოსთვის რუსეთი მოეშორებინა. მაგრამ ეს ვერ შეძლო. ის ირანში გადასახლდა, იქ გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG