იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ვილარიმ კავკასიაში 1905 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში მოინახულა „კავკასიაში აფეთქებული პოლიტიკური მღელვარების ყველა მნიშვნელოვანი ადგილი“ - მათ შორის, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.
„თუ ჩემი წიგნით კავკასიაში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების ყურადღებას მივიპყრობ და ცივილიზებული დასავლეთის თანაგრძნობას გამოვიწვევ აღმოსავლეთში მცხოვრები ამ მებრძოლი და ტანჯული ხალხებისადმი, ჩემი მიზანი მიღწეული იქნებაო“, - წერს ავტორი წიგნის შესავალში.
ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე იხსენებს, რომ იტალიელი მოგზაურის სახელს პირველად ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ანარქისტის, ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიის კვლევისას გადააწყდა - ის თავის მოგონებებში ვილარის მოიხსენიებდა Times-ის კორესპონდენტად, რომელიც შეეხო „რუსის ადმინისტრაციის სიმხეცეს“.
წერდა, რომ საქართველოში ჩამოსულ მოგზაურს თან ჰქონია ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ მიცემული სარეკომენდაციო წერილები - „ი. ჭავჭავაძესა, გ. ზდანოვიჩსა და მიხაკო წერეთელთან, იმან გამოსცა ერთი კარგი წიგნი „ცეცხლი და მახვილი კავკასიაშიო“.
ისტორიკოსის ვარაუდით, ქართულ საზოგადოებას ლუიჯი ვილარის მოგზაურობის წიგნი პირველად სწორედ იმ პერიოდში წარუდგინეს. ლუიჯი ვილარიმ წიგნი პირველად 1906 წელს ლონდონში გამოსცა, ინგლისურ ენაზე.
1906-1910 წლებში ლუიჯი ვილარი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და იყო იტალიის ვიცე-კონსული ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე მსხვილ ქალაქში ‒ ნიუ-ორლეანში (1906), ფილადელფიასა (1907) და ბოსტონში (1907-1910). ის იყო იტალიის „დელეგატი“ ერთა ლიგაში, ამის შემდეგ კი - რომში „ემიგრაციის გენერალური კომისარიატის“ თანამშრომელი.
„დიდი ძალისხმევაა მიმართული იმისკენ, რომ კავკასიაში რუსული ენა ყველგან მიღებულ ენად იქცეს და ამიტომ არა-რუსულ სკოლებს ყოველმხრივ ავიწროებენ. რუსი ჩინოვნიკები თავს არ იწუხებენ ადგილობრივი ენის შესწავლით იმ პროვინციებში, სადაც სამუშაოდ ინიშნებიან. რაც შეეხება რელიგიას, ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას მიუერთეს, სომხურმა ეკლესიამ კი შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსი მმართველის მკაცრი მეურვეობის ქვეშ იმყოფება. მუსლიმანური რელიგიაც კონტროლდება, რადგან მაღალი სასულიერო პირების დანიშვნა მხოლოდ რუსი მმართველის უფლებაა“, - ასეთია ვილარის ერთ-ერთი პირველი დაკვირვება, რომელიც მისი წიგნის პირველსავე ფურცლებზე გვხვდება.
საქართველოსა და კავკასიაში იტალიელი მოგზაურის ჩამოსვლის დროს, რუსეთის იმპერიაში ცნობილი პირველი დემოკრატიული რევოლუცია მიმდინარეობდა. როგორც დიმიტრი შველიძეც შენიშნავს, „კავკასია ამ რევოლუციის ერთ-ერთ ცხელ წერტილად ითვლებოდა“. 1905 წელი კავკასიის ორ ხალხს შორის მიმდინარე ცნობილი კონფლიქტის წელიცაა, რომელიც, ისტორიკოსის სიტყვებით, ისტორიას „სომეხ-თათართა ხოცვა-ჟლეტის“ სახელით შემორჩა, ხოლო იტალიელი მოგზაური ამ კონფლიქტების აღწერასაც შეეცადა.
ვილარის ტექსტი ერთნაირად საინტერესოა ქართველებისთვის, აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვისაც. მოგზაური კავკასიელ ერებს აკვირდებოდა, ეძებდა მსგავსებებსა და განსხვავებებს:
„მაშინ, როცა, ლიტერატურა ეროვნულ სენტიმენტებს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ქართველების შემთხვევაში, იმავდროულად აბრკოლებს პრაქტიკულობისაკენ მისწრაფებას. სომხების შემთხვევაში პირიქით ხდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ჭკვიანები არიან, ვერ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რაც, სავარაუდოდ, ხელეწიფებათ, ყველგან გზას უთმობენ უფრო მოურიდებელ სომხებს“.
წიგნის ნახევარზე მეტი, შინაარსობრივად სწორედ სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების კონფლიქტურ ურთიერთობას ეხება და შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ ამ წიგნის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა სომხეთში, სადაც ის 2017 წელს დასტამბეს.
როგორც დიმიტრი შველიძე განმარტავს, მთიანი ყარაბაღის ბოლო ომმა კიდევ უფრო განაახლა ინტერესი იმის მიმართ, თუ რას წერდა ვილარი სომხებისა და აზერბაიჯანელების პირველი შეტაკების შესახებ.
საქართველოს საზოგადოებისთვის კი უფრო საინტერესოა, როგორ ხედავდა და აღწერდა იტალიელი ავტორი 118 წლის წინანდელ საქართველოს - მიუხედავად წიგნში მოყვანილი ზოგიერთი ცნობის უზუსტობისა, მასში ბევრი საყურადღებო დაკვირვების პოვნა შეიძლება.
აი, რას წერს ის ქართველებზე:
„ქართველთა შორის ბევრ კულტურულ და ერუდირებულ ადამიანს შეხვდებით. მთელს იმპერიაში ქუთაისის გუბერნიაში წერა-კითხვის უცოდინარობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქართველები ძირითადად წიგნიერი ხალხია“.
მისთვის საინტერესოა საქართველოში გაძლიერებული ეროვნული მოძრაობა, რომელიც სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენაა მიმართული:
„რამდენიმე პარტია დაფუძნდა, და მოულოდნელად, აღორძინდა დიადი ქართული იდეა, ყველა ალაპარაკდა ავტონომიაზე, თავისუფლებაზე, ეროვნულობაზე და თვითმმართველობაზე“.
ლუიჯი ვილარი არც კრიტიკას ერიდება და თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს:
„კავკასიაში ბევრი თვის ცხოვრების შემდეგ, საიდანაც ყველაზე ხანგრძლივი დრო ტფილისში გავატარე, დამრჩა შეგრძნება, რომ ეს ქვეყანა არ ვითარდება. აქ არაფერი მუშაობს კარგად, არც საჯარო და არც კერძო მომსახურება არ არის ყაირათიანი და დამაკმაყოფილებელი, პროგრესს წინ ყველაფერში დაბრკოლებები ეღობება და მთლიანობაში მოსახლეობაც არ არის საქმიანი. მაღაზიებიც არამიმზიდველი და მოუმარაგებელია. აღმოსავლური იშვიათობების გარდა ვერაფერს იყიდი, საქონელი მდარე ხარისხის და ძვირია, ხილისა და სხვა სურსათის გარდა, ყველაფერი სასაცილოდ ძვირია“.
იტალიელი ავტორი ღიად წერს, თუ ვინ მიაჩნია რუსეთის იმპერიაში (და მათ შორის მის შემადგენელ კავკასიაში) ყველა უბედურების სათავედ - ის ყველაფერს რუსეთის ხელისუფლების უგერგილო და სასტიკ მმართველობას აბრალებს და წერს:
„რუსეთი ექსპედიციას ექსპედიციაზე აგზავნიდა ჩრდილოეთიდან ამიერკავკასიის აღთქმულ მიწაზე გადმოსასვლელად ხან უცხოელ მტრებზე თავდასხმის, ხან კი მეგობრების „დაცვის“ მიზნით. თუმცა რუსეთის მიზანი ყოველთვის ერთი იყო ‒ საკუთარი იმპერიის გაფართოება და კონსოლიდაცია“.
მოგზაურობის დეტალების ჩაწერის გარდა, ლუიჯი ვილარი კავკასიას და იქ მიმდინარე მოვლენებს, ბუნებას, ხალხს თავის ფოტოობიექტივშიც აქცევს. ასე შემორჩა მისი ფოტოებითაც ისტორიას გაგრაში მდებარე პრინც ოლდენბურგის სასახლე, ნავები შავ ზღვაში, თბომავალი „ცესარევიჩი გიორგი“ (რომლითაც ავტორმა ბათუმისკენ აიღო გეზი), მეგრული ურემი ფოთთან, დასავლეთკავკასიური ტიპები, ბათუმთან მაჰმადიანები, რომლებიც ბრუნდებიან მეჩეთიდან ლოცვის შემდეგ და ბევრი სხვა ფოტოც.
ლუიჯი ვილარი აღმოსავლეთით თავის მოგზაურობას იწყებს ვარშავიდან ოდესისკენ - გაივლის სევასტოპოლს, იალტას, ფეოდოსიას, ნოვოროსიისკს და თბომავლით „ცესარევიჩი გიორგი“ ბათუმისა და ფოთისკენ მოემართება.
ფოთი ლუიჯი ვილარის ჩანაწერებს ასეთი სურათებიც შემორჩა:
„ფოთის პორტი დიდად არ ვარგოდა. დიდი გემები მხოლოდ ბათუმში ჩერდებოდნენ. ამიტომ ფოთის რკინიგზის სადგურზე ჩამოსული მგზავრები ადრე მხოლოდ პატარა გემებით ახერხებდნენ თურქულ პორტში ჩასვლას. 1878 წლის შემდეგ ბათუმი იქცა სავაჭრო ცენტრად და ის ტფილისთან რკინიგზითაც დააკავშირეს. ფოთი კი, არაჯანსაღი გარემოს გამო, თითქმის მიტოვებულ ქალაქად იქცა. თუმცა ბოლო წლებში ფოთმა აღორძინება დაიწყო. ის ჯერაც ერთი ღვთისგან მივიწყებული ადგილია, კოღოებით სავსე ჭაობებითა და ტბორებით გარშემორტყმული, მაგრამ ენერგიული ქალაქის თავის, ბატონი ნიკოლაძის* მეთაურობით საპორტო სამუშაოებიც დაიწყო და ჭაობებსაც ნელ-ნელა აშრობენ“…
ბათუმში შესვლის პირველი შთაბეჭდილებები კი წიგნში ასე ჩაიწერა:
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ თურქეთში ვარ და არა ‒ რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ აქ რუსული შენობებიც დგას, რუსული წარწერებიც მოჩანს და რუსულ უნიფორმებში ჩაცმული ჯარისკაცებიც მოძრაობენ აქეთ-იქით. ირგვლივ ჭუჭყი, უწესრიგობა და დაუმთავრებლობის შეგრძნებაა, რაც რუსეთსაც ახასიათებს და თურქეთსაც. თუმცა ჰაერში თურქული სურნელი ტრიალებს. ირგვლივ შავგვრემანი, აღმოსავლური სახეების უცნაური ნარევია. ფერად-ფერადი ხალიჩების… რუსული უწესრიგობა იმაში გამოიხატება, რომ ბევრი რამ დაუსრულებელია; ძირითადს უგულებელყოფენ და გარეგნულს ყურადღებით ეკიდებიან“.
ბათუმში ვილარი ერთ კავკასიელ რევოლუციონერს ხვდება, რომელსაც ის ექიმ ვ-დ მოიხსენიებს, მართალია მისგან მისთვის საჭირო ინფორმაციას ვერ იღებს, თუმცა წერს:
„კავკასიაში უცხოელთან შეხვედრა ყველას უხარია, მით უმეტეს, თუ უცხოელ ჟურნალისტს ან მწერალს ხვდებიან. აქ ყველას უნდა, რომ თავისი შეხედულებები ევროპელებს გააცნონ“.
სტუმრობს საიმპერატორო მამულს ჩაქვში, სადაც „ჩაის დიდი პლანტაციაა გაშენებული ერთი ჩინელის თაოსნობით“.
საღამოობით ბათუმის ბულვარში სეირნობს, სადაც სამხედრო ორკესტრი უკრავს და ათასი ჯურის ხალხი ირევა:
„აქ იყვნენ ჩერკესკაში (კაბის ტიპის, წელში გამოყვანილი და მკერდზე სამასრეებით გაწყობილი სამოსი) და ბაშლიკში (ტიურბანში) გამოწყობილი ქართველები, მუქკანიანი სპარსელები, რომელთაც თავზე მაღალი, შავი ფეზები ეხურათ, ლურჯ-ფორმიანი ჟანდარმები, ველური გამომეტყველების კაზაკები, ინდიგოს ფერის ვიწრო ტანსაცმელში გამოწყობილი სიმპათიური აჭარლები და ასევე, ევროპულად შემოსილი ქალები და კაცები, რუსებიც და უცხოელებიც. ერთი შეხედვით, ყველანი ერთმანეთის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილი, თუმცა ერთ დღეს თუ მშვიდობიანად საუბრობდნენ ერთმანეთში, მეორე დღეს, შესაძლოა, ერთმანეთისთვის ყელი გამოეჭრათ“.
შემდეგ იტალიელის მოგზაურობა ქუთაისისკენ, მატარებლით გრძელდება, - „ამიერკავკასიის რკინიგზა არც კომფორტულია, არც სუფთა და არც სწრაფი. სამაგიეროდ გზად უამრავი ლამაზი ხედი გხვდება“.
ვილარი აღწერს სიტუაციას მატარებელში, როცა გამყოლი ბილეთების შემოწმებას იწყებს და ასეთი დიალოგი ესმის:
- „ბილეთი გაქვთ?“
- „არა, მაგრამ დიდი რევოლვერი და დანა მაქვს, ჩემს ძმასაც დიდი რევოლვერი და დანა აქვს და ჩემს მეგობრებსაც“.
„გამყოლი ირგვლივ მიმოიხედავს და სხვას მიადგება. გამოითვალეს, რომ კავკასიის რკინიგზის მგზავრების 30% ბილეთის შეძენაზე არც ზრუნავს“.
ასე მიადგება ქუთაისს, „ლამაზ და მიმზიდველ ძველებურ ქალაქს“ და დაწერს:
„ქართული მოძრაობის ცენტრს ქუთაისი წარმოადგენს და ის ამჟამად შეიძლება საქართველოს დედაქალადაც კი ჩაითვალოს. იმის გამო, რომ ტფილისი სულ უფრო და უფრო სომხური ქალაქი ხდება, ქართველები ცდილობენ დასავლეთისკენ გადაინაცვლონ და ამდენად, ქუთაისი დღეს ყველაზე დიდი, წმინდად ქართული ქალაქია“.
აღწერს ქუთაისში ნანახ „კარგი შესახედაობის, ღირსეული მიხვრა-მოხვრის მამაკაცებს“, რომლებსაც ფერად-ფერად ახალუხებზე ჩერკესკები მოუცვამთ, თავზე კი ასტრახანული ქუდები ახურავთ, შარვლები მაღალყელიან უქუსლო ჩექმებში აქვთ ჩატანებული, ხოლო ტყავის ქამრებზე გრძელი ხანჯლები ჰკიდიათ.
„მოქალაქეები, წესით, იარაღს არ უნდა ატარებდნენ, მაგრამ ყველა ქართველი კაცი თან დაატარებს ხანჯალს. ქალების სამოსი ნაკლებად კოლორიტულად გამოიყურება. ყველაზე გამორჩეული დეტალი მათ ჩაცმულობაში პატარა, ნაქარგებიანი ქუდებია, რომლის შიგნიდან მხრებზე გრძელი თეთრი ვუალი ეშვება“.
ქუთაისში ცივილიზაციის რამდენიმე ნიშნად იტალიელ მოგზაურს მიაჩნია სასტუმრო, რომლის მფლობელები ერთი შვეიცარიელი ქალი და მისი ქალიშვილი არიან, თეატრი, სადაც წარმოდგენები ქართულ და რუსულ ენებზე იმართება და რამდენიმე მაღაზიაც.
ლუიჯი ვილარის ფოტოკადრებს შემორჩა გელათის ტაძარი:
და ქართველი მღვდლის პორტრეტიც:
ავტორს ქართველები სასიამოვნო, კარგი შესახედაობის, მეგობრულ, გულუხვ და სტუმართმოყვარე ხალხად მიაჩნია:
„მათ კარგი მანერები აქვთ, მაგრამ არაპრაქტიკულები არიან, უდარდელები და მფლანგველები. ქართველთაგან სულ რამდენიმე დიდგვაროვანმა შეინარჩუნა მოკრძალებული კეთილდღეობა. მთელს კავკასიაში უამრავი გაღარიბებული „თავადია“, თუმცა მათი სიამაყე ქონებასთან ერთად არ გამქრალა. ამავე დროს, ისინი დღემდე ავლენენ იდეალებისადმი ერთგულებას და მზად არიან, მსხვერპლი გაიღონ თავისი ერისა და თავისუფლებისთვის, რაც ჩინებული თვისებაა“.
მაგრამ იტალიელ მოგზაურს მხოლოდ გარეგნული მხარე არ აინტერესებს - ის ცდილობს პოლიტიკურ მოვლენებსაც არ ჩამორჩეს, გაიგოს სხვადასხვა პარტიის მისწრაფებების შესახებ და ამიტომ თავად მ-ს მიმართავს (იგულისხმება დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო და ეროვნული მოღვაწე), რომელიც ვილარის ლიბერალების რამდენიმე ჯგუფს გააცნობს.
მათთან საუბრებიდან კი გაარკვევს, რომ ყველას მონარქიის გაუქმება და რესპუბლიკის შექმნის სურვილი ამოძრავებს, - მიმოიხილავს ფედერალისტების, სოციალ-დემოკრატების, ანარქისტებისა და სხვების პოლიტიკურ მისწრაფებებსაც.
ცალკე თავი ეთმობა იტალიელი მოგზაურის წიგნში „გურიის რესპუბლიკას“, სადაც ავტორი გურულებზე წერს, ისინი ქართველებს შორის ყველაზე მამაცი, მეომარი, რაინდული, სტუმართმოყვარე, განათლებული და კარგი შესახედაობის ხალხია და მათ ვერც არაპრაქტიკულობას დააბრალებო.
„თითოეულ სოფელს თავისი ბიბლიოთეკა აქვს და სამთავრობო საფოსტო განყოფილებებისგან ყველაზე დაშორებულნიც საკუთარი საფოსტო მომსახურებით ყოველდღიურად იღებენ გაზეთებს ტფილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან. ბოლო ორი წელია, რაც სოციალ-დემოკრატები თეორიებს პრაქტიკაში ახორციელებენ, რუს მმართველებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას ცნობენ“.
ის მოგზაურობას „თავისუფალ გურიაში“ აგრძელებს, სადაც, მისი აღწერით, „ჟანდარმების, პოლიცმაისტერების, პრისტავებისა და მსგავსი კეთილშობილი ადამიანების ჭაჭანებაც არ არი“.
მერე კი ლუიჯი ვილარი ერთი მეგობრის მისთვის ნათქვამ სიტყვებს იშველიებს: „რატომ უნდა უხადოს გურიამ, სადაც 100 000 მაცხოვრებელია, 250 000-დან 300 000 რუბლამდე ყოველწლიურად რუსებს, რომელიც მხოლოდ 20 000-ს ხარჯავს ამ მაზრაში და იმასაც დიდწილად მხოლოდ იმ პოლიციასა და ჩინოვნიკებს უხდის, ვინც ჩვენ სულაც არ გვჭირდებაო?“
იტალიელი მოგზაური გურიაში ცნობილ სახალხო სასამართლოზეც მოხვდება და ამ ამბავსაც წიგნში დეტალურად აღწერს.
საქართველოში მისი ბოლო, ყველაზე ხანგრძლივი გაჩერება „ტფილისია“:
„გოლოვინის პროსპექტი თანამედროვე ტფილისის ულამაზესი ქუჩაა. აქ მდებარეობს მეფისნაცვლის სასახლე, სხვა სამთავრობო დაწესებულებები, მუზეუმი, ორი თეატრი, საუკეთესო მაღაზიები და რამდენიმე წარმოსადეგი კერძო საცხოვრებელი სახლიც. სამხრეთისკენ გოლოვინის პროსპექტი ეშვება სასახლის ქუჩაზე, რომელიც შემდეგ ერივნის მოედანს უერთდება. მოედანზე სათათბიროს ლამაზი შენობა დგას, ხოლო მის პირდაპირ ‒ სავაჭრო ქარვასლის დიდი შენობა. აქ ნახავთ მდიდარი სომეხი ვაჭრების მაღაზიებსაც“.
იმ დროის თბილისს, რომელსაც ლუიჯი ვილარი „კავკასიის დედაქალაქსაც“ უწოდებს, დეტალურად აღწერს და წერს - „ტფილისის ქართული მოსახლეობა ქუთაისელებს ძალიან ჰგვანან, ოღონდ უფრო გარუსებული არიანო“.
ვილარი იმ დროს პოპულარულ სასტუმრო „ლონდონში“ ცხოვრობს და იქ შეჩერების უპირატესობებზეც გვიყვება:
„ვორონცოვის ხიდის მიდამოების გარდა, ახლოდან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, როგორ ეძებენ გუშაგები დამალულ იარაღს. ერთხელ, როდესაც მსგავს ინციდენტს ფოტოაპარატით ვიღებდი, ერთმა ჯარისკაცმა შემამჩნია და მკაცრი ტონით მკითხა, თუ რას ვუღებდი სურათს. მე უმანკო გამომეტყველებით ვუპასუხე, რომ ტფილისის ქუჩების ხედების უკვდავყოფას ვცდილობდი და თან დავამატე, რომ დიდად დამავალებდა, ფოსტისკენ მიმავალ გზას თუ მიმასწავლიდა. ჯარისკაცი, მცირე ხნის დაყოვნების შემდეგ, ასეც მოიქცა“…
თბილისურ შეხვედრებსა და შთაბეჭდილებებზე ლუიჯი ვილარი ბევრს წერს - დეტალების აღმოჩენა უკვე წიგნის მკითხველზეა.
წიგნის მომდევნო თავები უკვე სომხებს, აზერბაიჯანელებსა და რუსებთან მათ კავშირს ეხება. საუკუნის წინ დაწყებული კონფლიქტის სათავეებს, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. ამ ამბების მოსაყოლად კი თბილისის შემდეგ ლუიჯი ვილარი გეზს ჯერ ბაქოსკენ იღებს, ხოლო შემდეგ - „არარატის მხარისკენ“ ანუ ერევნისკენ.
წერს კიდეც, რომ ჩემი საქართველოში ყოფნის დროს, გაზეთებში ნელ-ნელა ჟონავდა ინფორმაცია სექტემბერში ბაქოში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ. ყოველდღე საშინელ ამბებს ვიგებდით, მათში ზოგი გაზვიადებული იყო და ზოგიც - სრული სიცრუე. ამიტომ გადავწყვიტე, დამეტოვებინა საქართველო და გურულები და გეზი ნავთობის დედაქალაქისკენ ამეღოო…
მოგზაურს ერევანშიც არეულობა ხვდება. ქალაქში ისვრიან: „სროლის ხმა ქალაქის სხვა უბნებშიც გაიგონეს და თათრებმა და სომხებმა ყველგან დაიწყეს სროლა“, - წერს ლუიჯი ვილარი.
წიგნის ბოლოში (და ამ მომენტს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე „საუკუნის გადმოძახილს“ უწოდებს), ლუიჯი ვილარი თბილისს ტოვებს და ვლადიკავკაზ-როსტოვის გავლით სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ იმპერიაში მიმდინარე რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვის გამო, ვლადიკავკაზში ჩარჩება. ეს დღეები მისი წიგნის ფურცლებს ასე შემორჩა:
„ყოველდღე მივდიოდი სადგურში იმის გასაგებად, აღდგა თუ არა მოძრაობა და იქ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს მცემდნენ ‒ „ახალი არაფერია“. ყოველ დილით გადიოდა მატარებელი ვლადიკავკაზიდან და ისევ უკან ბრუნდებოდა ბიბლიური ნოეს კიდობანის მტრედების მსგავსად. სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ რუსული (გინების) ენა საკმარისად არ ვიცოდი, რადგან მინდოდა ხალხის გასაგონად რუსეთში ყველა და ყველაფერი მეგინებინა“, - წერს ლუიჯი ვილარი.
კავკასიაში მოგზაურობის განმავლობაში ის კიდევ არაერთ ისტორიულ მოვლენას შეესწრება და დაამატებს თავის წიგნს. რეგიონში მოვლენების განვითარებაზე წერს წასვლის შემდეგაც. ბოლო სიტყვები კი, რომლითაც ლუიჯი ვილარი თავის სამასგვერდიან წიგნს ასრულებს, ასეთია:
„სამწუხაროდ, ის რუსეთი, რომლის ქვეშ კავკასიელები აყვავებას შეძლებდნენ, ძალიან განსხვავდება იმ რუსეთისგან, რომელიც დღეს არსებობს. მხოლოდ ლიბერალური და პროგრესული რუსეთი თუ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება დღევანდელ ავტოკრატიულ და ბიუროკრატიულ რუსეთს დღეს არ გამოსდის“.