Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სერბეთი და საქართველო - ვადარებთ ორ პროტესტს, მიზნებს, საშუალებებს, შედეგებს

სერბეთი და საქართველო - ვადარებთ ორ პროტესტს, მიზნებს, საშუალებებს, შედეგებს


პროტესტები სერბეთსა და საქართველოში თითქმის ერთდროულად დაიწყო
პროტესტები სერბეთსა და საქართველოში თითქმის ერთდროულად დაიწყო

უწყვეტი საპროტესტო აქციები, ათობით ათასი დემონსტრატი, მარშები, ახალი ფორმები - ხშირად ავლებენ პარალელებს სერბეთსა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შორის. ერთი შეხედვით მსგავს პროცესებს ორ ქვეყანაში ბევრი განსხვავებაც აქვს.

სერბეთში საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში სტუდენტები არიან -მათ პირველ შედეგს უკვე მიაღწიეს - გადადგა პრემიერ-მინისტრი და სერბეთის პრორუსული ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნაზეც დაფიქრდა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სერბეთი საქართველოს სწორ გზას უჩვენებს და მაგალითს აძლევს.

რა ხდება სერბეთში?

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, სერბეთის ხელისუფლებამ დრო ითხოვა მოქმედების შემდგომი გეგმის ჩამოსაყალიბებლად - დანიშნოს ახალი არჩევნები თუ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.

„გადაწყვეტილებას უახლოეს 10 დღეში მივიღებთ“, - განაცხადა 28 იანვარს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა და დასძინა, რომ პრემიერის კანდიდატურა მმართველ „პროგრესულ პარტიას” ჯერჯერობით არ ჰყავს.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მილოშ ვუჩევიჩის გადადგომას მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა. ყველა მინისტრი ახლა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ვუჩევიჩმა თქვა, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას ქალაქ ნოვი-სადში სამი თვის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო. პოსტი დატოვა ამ ქალაქის მერმაც.

ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ პრემიერის გადადგომას პროტესტის შეწყვეტა მოჰყვეს, რადგან ვუჩევიჩისა და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომას ხალხი ჯერ კიდევ სამი თვის წინ ითხოვდა. თავდაპირველად თანამდებობიდან მხოლოდ მშენებლობის მინისტრი გადადგა.

მასშტაბური და უწყვეტი საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ნოვი-სადში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა - რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხალხი ხელისუფლებას კორუფციის გამო ინფრასტრუქტურის უხარისხო მშენებლობაში ადანაშაულებს.

„არ მესმის, რატომ არ არის გასაგები, რომ 15 ადამიანი არ უნდა კვდებოდეს ჭერის ჩამონგრევის შედეგად, როცა სტიქიური უბედურება არ არის. ეს არ უნდა ხდებოდეს. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა იქნეს ნაპოვნი და დადგინდეს, რატომ მოხდა ეს”, - ეუბნება პროტესტის მონაწილე დარია, რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს.

ახალგაზრდების მოთხოვნებს შორის თავიდანვე გამოიკვეთა რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის გასაჯაროება და დამნაშავეების დასჯა. ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსების 20%-ით მომატება; სამართალწარმოების შეწყვეტა სტუდენტების წინააღმდეგ და ყველა მოძალადე პირის გასამართლება.

პროტესტში პოლიტიკური მოთხოვნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არ დაკმაყოფილდა სტუდენტების მოთხოვნა გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ჩატარების შესახებ.

ახლა უკვე პროტესტის მოთხოვნებს შორის არის:

  • ახალი არჩევნების ჩატარება;
  • გარდამავალი მთავრობის შექმნა - არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

პროტესტის ერთგვარ რიტუალად იქცა ყოველდღიური 15-წუთიანი პიკეტირება/აქციები, 15 დაღუპულის პატივსაცემად, ყოველდღე - 11:52 საათზე - ზუსტ დროს, როცა ქალაქ ნოვი-სადში სადგურის ჭერი ჩამოიშალა.

პროტესტი, ნოემბრის დასაწყისში, სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო, თანდათან გაფართოვდა და განსაკუთრებული ძალა მოიკრიბა ბელგრადში.

პროტესტის მონაწილეთა ასაკი სერბეთში საშუალოდ 20 წელია.

ათობით ათასი სტუდენტი წარმატებით ახერხებს გამოიყენოს სოციალური სივრცე - პროტესტის მესიჯების ხალხამდე მისატანად, ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიის პირობებში.

სტუდენტების პროტესტმა მხარდაჭერა მოიპოვა საზოგადოების ყველა ფენაში. მათ გვერდით დადგნენ მასწავლებლები, ფერმერები, ექიმები, კულინარები.

სერბეთში მიმდინარე პროტესტის სიმბოლო
სერბეთში მიმდინარე პროტესტის სიმბოლო

სერბეთის პროტესტის სიმბოლოა ხელის წითელი ანაბეჭდი, რომელიც ხელისუფლების ბრალეულობის სიმბოლოდ იქცა და მოედო სამთავრობო შენობების ფასადებს, მთელი სერბეთის მასშტაბით. გაჩნდა პლაკატები - „ხელები სისხლში გაქვთ გასვრილი”.

მაგისტრალის გადაკეტვა

ათობით ათასი ადამიანი, ხელში ანთებული ტელეფონებით და პროტესტის ფორმების შემოქმედებითი გადაწყვეტა - სერბეთიდან გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალები შთამბეჭდავია და ხშირად პარალელებს საქართველოსთანაც ავლებენ.

ბელგრადთან დამაკავშირებელი მაგისტრალი სერბეთში 27 იანვარს, 24 საათის განმავლობაში გადაკეტეს.
ბელგრადთან დამაკავშირებელი მაგისტრალი სერბეთში 27 იანვარს, 24 საათის განმავლობაში გადაკეტეს.

საქართველოში, პროტესტის მონაწილეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სერბეთში გამოყენებული პროტესტის ფორმამ - როდესაც 27 იანვარს, მთავარი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, სტუდენტებსა და აქტივისტებს მხარში დაუდგნენ ფერმერებიც - თავიანთი ტრაქტორებით.

28 იანვარს პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.

საქართველოში, საპროტესტო მოძრაობის ჯგუფებში დაიწყო მსჯელობა, რამდენად შესაძლებელია იმავეს გამეორება. ხელისუფლების მომხრეები და მოკავშირეები კი აქტივისტებს თავდასხმებითა და დაჭერით ემუქრებიან.

„არ ვიცი სერბეთში რა მოხდა, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ აქ რა მოხდება: ეცდებით მაგისტრალების გადაკეტვას და დაახლოებით 500 კაცი მიუსხდებით იმ ე.წ. თქვენ სინდისის 52 პატიმარს გვერდით და გახდებით 552 რიგითი პატიმარი. მაგით მორჩება ეგ ამბავი. არც სალომეა კიდევ პრეზიდენტი, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით”, - დაწერა ფეისბუკზე პროსახელისუფლებო ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა. კომენტატორების ერთი ნაწილის მხრიდან პოსტს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლებას პროტესტის ამ ფორმის სასტიკად ეშინია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მაგისტრალების გადაკეტვა, საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება და ისევე, როგორც ქუჩის უკანონო გადაკეტვის დროს, ადმინისტრაციული წესით, მხოლოდ 5000-ლარიანი ჯარიმის გამოწერაა შესაძლებელი.

„ავტობანი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში არ არის და ამიტომ მაქსიმუმ ადმინისტრაციულ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ თუკი ბევრი ხალხი იქნება, ხელოვნურ ბლოკირებად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად - ჯარიმების გამოწერის საფუძველიც არ იარსებებს. მაგრამ რამე რომ მოუგონონ ადამიანებს, არც ეგ გაუჭირდებათ“, - ეუბნება სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას.

მსგავსება და განსხვავება საქართველოსთან

თვალშისაცემი განსხვავება ის არის, რომ საქართველოში აქციებზე მრავლადაა ევროკავშირის დროშები და ისინი პროტესტის მონაწილეებს ხშირად მხრებზე აქვთ შემოხვეული - რაც პროტესტის შინაარსიდან გამომდინარეობს. სერბეთში ასე არ არის.

ორივე ქვეყანაში აქციები თითქმის ერთდროულად დაიწყო, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში და თანდათან გაფართოვდა.

საქართველოში პროტესტი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, გაყალბების ბრალდებით და 28 ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა, როცა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებები] 4 წლით, 2028 წლამდე გადავადების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

  • სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ხელისუფლება არ წყვეტს მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ამას ჩვეულებრივ მოვლენად თვლის.
  • 2024 წლის 21 ნოემბერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად დაესწრება 2025 წლის 9 მაისის აღლუმს მოსკოვში.
  • საქართველოს მსგავსად, სერბეთის ხელისუფლებაც აცხადებს, რომ სერბები ევროკავშირში 2030 წლამდე ვერ გაწევრიანდებიან.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც მილოცვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო - ძირითადად სამეზობლოდან.

საზოგადოების ნაწილი, სერბეთში, ისევე როგორც საქართველოში, მმართველი პარტიის ხელისუფლებებს რუსეთის ინტერესების მსახურებად თვლიან. ბრალდებათა ადრესატები ამას ორივე ქვეყანაში უარყოფენ.

ვუჩიჩის ხელისუფლება, „ქართული ოცნების” ხელისუფლების მსგავსად, პროტესტის უკან გარე ძალების ჩარევას ხედავს.

ახლახან, 24 იანვარს, როცა სერბეთის პრეზიდენტი ათასობით მომხრეს ხვდებოდა, განაცხადა, რომ „ქვეყანას უტევენ როგორც შიგნიდან, ასევე გარედან” და, რომ სერბეთი რუსეთთან და ჩინეთთან კარგი დამოკიდებულების გარდა იმის გამო ისჯება, რომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს - უკრაინაში შეჭრის შემდეგ. სანქციების თემა აქტუალურია „ქართული ოცნების” წარმომადგენლების რიტორიკაშიც.

ბელგრად-ბუდაპეშტის რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობდა ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია (CCCC), - იგივე კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორი კონსორციუმის წევრია.

ალექსანდარ ვუჩიჩმა, ისევე როგორც ირაკლი კობახიძემ, შესთავაზეს მოლაპარაკებების გამართვა პროტესტის მონაწილეებს, მაგრამ - უარი მიიღეს.

ბელგრადი - 22 დეკემბერი, 2024 წელი
ბელგრადი - 22 დეკემბერი, 2024 წელი

დამნაშავეების დასჯა

მართალია, უკვე კომპრომისების ეტაპზე, მაგრამ სერბეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ბრალდებები მოეხსნება პროტესტის ყველა მონაწილეს და, რომ სამართალწარმოება უკვე დაიწყო 37 პირის წინააღმდეგ, რომლებმაც იძალადეს სტუდენტებზე. ჯერჯერობით ამ დაპირების დეტალები და შესრულების ვადები დასაზუსტებელია.

საქართველოში არ დამდგარა მოძალადეების - ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა თუ ე.წ. ტიტუშკების პასუხისმგებლობის საკითხი - რომლებიც ჯგუფურად, უმოწყალოდ უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს. სხვადასხვა დროს, დააკავეს ასობით ადამიანი; 50-ზე მეტი ადამიანი კვლავ საპატიმროში რჩება. მათ შორის არის - მოშიმშილე ჟურნალისტი - მზია ამაღლობელი.

პროტესტის მართვა და პარტიები

მეთვალყურეები აღნიშნავენ, რომ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩართულობის მასშტაბები სერბეთის მსგავსად მაღალი არ არის.

სერბეთში მთელ პროცესს სტუდენტები უძღვებიან და მთავარი გამწევი ძალა - სტუდენტობაა. მათი საორგანიზაციო ქსელი გადაწყვეტილებებს კენჭისყრის გზით იღებს. მომიტინგეების დიდი ნაწილი უარს ამბობს ოპოზიციური პარტიების წინამძღოლობაზე, მათ მიმართ უნდობლობის გამო. ოპოზიციის მცდელობები, შეერთებოდნენ ახალგაზრდებს, უშედეგოდ დასრულდა, თუმცა პროევროპული პოლიტიკური ძალები პროტესტის სულისკვეთებას იზიარებენ.

„ახალგაზრდები აშკარად უკმაყოფილო არიან პოლიტიკური სივრცით სერბეთში და ვერ აიგივებენ საკუთარ თავს პოლიტიკური შეთავაზებების ვარიანტებთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივან ჯორჯევიჩმა.

ოპოზიციური პარტიები ქუჩის აქციებს არც საქართველოში მართავენ და მათ მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის პროტესტის მონაწილეთა მხრიდან.

„ამ პროტესტმა უნდა წარმოშვას პოლიტიკური ძალა ან რამდენიმე [ძალა], რადგან ხალხი ძირითადად ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკური კლასი მათ არ წარმოადგენს. უნდა გამოჩნდეს რაღაც ახალი [ძალა], რომელიც ხალხის ინტერესებს ასახავს და ხალხი მიიღებს. ცხადია, ჩვენ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს ხმა მივეცით, მაგრამ უმეტესობამ ეს გააკეთა გარკვეული გათვლით, ბალანსისთვის - ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ“, - განათლების ექსპერტი, აქტივისტი გიორგი (გოტა) ჭანტურია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროტესტს საქართველოში საზოგადოებრივი ჯგუფები გეგმავენ, ურთიერთშეთანხმების გზით - რაც დიდწილად სოციალურ ქსელებში ხდება.

საქართველოში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთ ნაკლად გიორგი ჭანტურია გამბედაობის ნაკლებობას თვლის, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ გამბედაობა არ ნიშნავს პროტესტის ძალადობრივ ხასიათს და, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი პროტესტის დროსაც გამოიყენონ მაგისტრალების გადაკეტვისა თუ სხვადასხვა სახის გაფიცვის ინსტრუმენტები.

„ორთვიან პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი! ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს“, - საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს განაცხადა, რომ სერბეთი საქართველოს მაგალითს აძლევს და სწორ გზას უჩვენებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG