• თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს უკვე 27-ედ ტარდება, 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
• ხოლო თბილისის წიგნის ბაზრობა, რომლისთვისაც ეს პირველი წელია, 10-დან 13 აპრილამდე გაგრძელდება.
პირველის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
მეორისა კი, ახლად დაფუძნებული საქართველოს წიგნის ასოციაცია.
ვინ დაგხვდებათ აპრილის წიგნის ბაზრობაზე?
“სულაკაურის გამომცემლობა”, „პალიტრა L”, "ბიბლუსი", "ინტელექტი", "წიგნები ვაკეში", "არტანუჯი", "შაქრო ბაბუა", "ინდიგო", "მედუზა", ზებრა", "ზიარი", "პეგასი", "სანტა-ესპერანსა", "ალონი", "ქარჩხაძის გამომცემლობა", "პოლინომიალი" , "სოვლაბი" - ეს 19 გამომცემლობა და წიგნის მაღაზია, რომლებიც არიან წიგნის ასოციაციის წევრები, წიგნის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებენ.
აპრილში დაგეგმილ წიგნის ბაზრობაზე, ბოლო მონაცემებით, სულ 51 მონაწილე დარეგისტრირდა.
ვის შეხვდებით მაისის წიგნის ტრადიციულ ფესტივალზე?
მონაწილეთა რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ლებანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფესტივალს ამ დროისთვის 35 მონაწილე ჰყავს, საბოლოო სია მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება.
იქნებიან თუ არა წელს (ტრადიციულად) წიგნის ფესტივალზე უცხოელი გამომცემლები, ესეც მაისში გაირკვევა.
თამარ ლებანიძე გვეუბნება, რომ ახლა ზუსტდება წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაც და მესიჯებიც, თუმცა რისი თქმაც უკვე შეიძლება ის არის, რომ ფესტივალის ყურადღების ცენტრში მცირე და საშუალო გამომცემლობები მოექცევა:
„ასოციაციის მიზანი სწორედ ესაა - ხელი შეუწყოს როგორც დამწყებ, ისე მცირე და საშუალო გამომცემლობებს, დააბალანსოს მსხვილ მოთამაშეთა ინტერესები და პროფესიული ცოდნის გავრცელების გზით შეეწინააღმდეგოს მონოპოლიზაციის ტენდენციებს... სტუმარი ქვეყანა, წელს, ალბათ, არ გვეყოლება, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.
რატომ ორჯერ?
წიგნის ახლად დაფუძნებული ასოციაციის დირექტორი ნატა ძველიშვილი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ახალი ორგანიზაცია გამომცემლებმა მას შემდეგ დააფუძნეს, რაც ძველი ასოციაცია დატოვეს “პრინციპული და ღირებულებითი სხვაობის გამო”.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 20-მდე წევრმა დატოვა, ორგანიზაციას ახლა 30 წევრი დარჩა.
წამოსულებიდან ათმა, ერთობლივად შექმნეს ახალი „წიგნის ასოციაცია“, რომელიც ატარებს კიდეც წიგნის ბაზრობას.
“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ხმამაღალი ბრძოლაა. მიგვაჩნია, რომ თუ ახლა ხმამაღლა არ ვიტყვით იმას, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში საფრთხე ემუქრება, მაშინ შეუძლებელი იქნება ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რომელიც, უბრალოდ, არ მუშაობს გამოხატვის თავისუფლების გარეშე. ჩვენ სწორედ ამაზე შევთანხმდით, რომ არ ვიყოთ ჩუმად”, - გვეუბნება ნატა ძველიშვილი, რომლისთვისაც, წიგნის ასოციაციის ჩამოყალიბება და ამ ორგანიზაციის ამუშავება დღეს აქტივიზმის ნაწილიცაა.
გამომცემლობა “ინტელექტის” მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ძველი ასოციაციის დატოვება, რომლის რეპუტაციაც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ადვილი არ ყოფილა. თუმცა, მისი სიტყვებით, გაყოფა გარდაუვალი მას შემდეგ გახდა, რაც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ უცხოური გავლენების აგენტების რეესტრში დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღო.
“ასოციაციას, მაშინვე შეეძლო ამის თავიდან არიდება, თუმცა მან გადაწყვიტა, ხელისუფლებასთან ახლოს იყოს, ითანამშრომლოს კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლთან, რომლებთანაც ქართველი მწერლების ნაწილს ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული (თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რის გამოა ეს ბოიკოტი - „რუსულ კანონზე“ ხელმოწერის გამო).
ღირებულებით ნაწილში ვერ შევთანხმდით და ამიტომაც დავტოვეთ ჯერ ასოციაცია, შემდეგ კი დავაფუძნეთ ახალი ორგანიზაცია და წიგნის ბაზრობის ჩატარებაც გადავწყვიტეთ. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი კი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებაა. ზუსტად ამის გამო ვდგავართ დღემდე რუსთაველზე”, - უთხრა ზვიად კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საბოლოოდ რეესტრში არ დარეგისტრირებულა, რადგან ის ვერ მოექცა "აგენტების კანონით" გათვალისწინებული უცხოური დაფინანსების პროცენტულ ჩარჩოებში (მას არ ჰქონდა კანონით დადგენილი უცხოური დაფინანსების საკმარისი პროცენტული მაჩვენებელი). თუმცა მისი ყოფილი წევრებისათვის დარეგისტრირების მზაობა საკმარისი აღმოჩნდა ასოციაციის დასატოვებლად.
რამდენიმე დღის წინ ასოციაციის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ფესტივალი არ გაიმართება მაისში:
"ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება დააზიანონ მკითხველისა და მონაწილე ორგანიზაციების ინტერესები“, - ვკითხულობთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუკგვერდზე.
ასოციაციის თავმჯდომარეს, თამარ ლებანიძეს ვკითხეთ, მისი აზრით, რა გავლენას მოახდენს მიყოლებით ორი ერთნაირი ღონისძიების - წიგნის ბაზრობის და წიგნის ფესტივალის ჩატარება წიგნის ბაზარზე და ზოგადად, ლიტერატურულ პროცესებზე:
„მაშინ, როცა ჩვენი მთავარი ორიენტირი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და მკითხველისთვის მიწოდებაა, მიზანშეწონილი არ არის კერძო ინტერესებზე საუბარი და კონკურენციაზე ყურადღების გამახვილება. ამ რთულ, გამოწვევებით სავსე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაზარალდეს წიგნის მოყვარული“, - ამბობს თამარ ლებანიძე.
რადიო თავისუფლება: თამარ, ასოციაციის ყოფილი წევრები საუბრობენ ღირებულებით შეუთანხმებლობაზე. მათ ასოციაცია „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრში რეგისტრაციის გამო დატოვეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
თამარ ლებანიძე: ჯერ ერთი, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ასოციაცია არ არის დარეგისტრირებული ამ რეესტრში. გულდასაწყვეტია მათი შეფასებაც და გაუგებარია, რას ემსახურება.
თითქმის 30 წელია, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებაა. სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია. ან სხვა რა მიზანი, როლი შეიძლება ჰქონდეს წიგნს და წიგნიერებას. აქ შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, თუ რა მძიმე განცდაა, როდესაც სრულიად აპოლიტიკურ ორგანიზაციას ასეთ ბრალდებას უყენებენ.
ისიც სხვა საუბრის თემაა, თუ რატომ არ უნდა გამოიყენონ ზოგიერთებმა ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად. არც იმ ცილისწამებაზე შევჩერდები, რასაც ასოციაციიდან წასულები ავრცელებენ, რადგან ეს არც ჩვენი სტილია და არც მიღებული სტანდარტი. ჩვენ არც პოლიტიკურ ინტერესებს ვემსახურებით და არც იმ პროცესში გვინდა მონაწილეობა, რომელიც სცდება ჩვენს მანდატს და საქმიანობის სფეროს... ჩვენთვის მთავარი მკითხველია, რომელიც მართლაც თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის ირიბი გავლენისგანაც კი.
თამარ ლებანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სიტუაციას მხოლოდ დიალოგი თუ განმუხტავს, საერთო ინტერესები კი, მისი აზრით, ყოველთვის მოიძებნება.
როგორც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ისე თბილისის წიგნის ბაზრობაზე, წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება. გამომცემლობები ახალი წიგნების დასტამბვას სწორედ ამ დღეებს ამთხვევენ და წელსაც ჰპირდებიან მკითხველს სიახლეებს.
ფორუმი