კანონპროექტის სრული დასახელებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (აბრევიატურა - MEGOBARI) და ის თავდაპირველად გასული წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
"ჩვენ მივიღეთ "მეგობარი აქტი", რათა ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა ქართველი ხალხისთვის იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მათმა დემოკრატიამ პოზიტიური მიმართულებით გააგრძელოს სვლა", - თქვა კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, მთავრობას ჩამოსცილდნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართულ ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციას", - დასძინა მან.
იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.
5 მარტს "მეგობარი აქტი" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი - რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.
"ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ღია შესაძლებლობებს მომავლისთვის", - თქვა კომიტეტის შეხვედრის შემდეგ სენატორმა კუნსმა.
მან ასევე დასძინა, რომ "ქართულ ოცნებაში" უნდა იცოდნენ, რომ "აშშ-ის სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები თვალს ადევნებენ იმ ქმედებებს, რასაც მიმართავენ მედიისა და დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის".
"ავტორიტარიზმისკენ უწყვეტ სვლას ძლიერი პასუხი მოჰყვება აშშ-ის სენატში", - თქვა კრისტოფერ კუნსმა.
სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, კანონპროექტი მოიცავს სანქციებს, რომლებიც "მიზანში იღებს იმათ, ვინც შეუსაბამოდ არბევს ლეგიტიმურ პროტესტს".
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორპარტიული MEGOBARI Act-ი [S.868 ] მოიცავს არაერთ მიმართულებას:
- აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
- ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
- [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
- ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
- მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში - როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.
განახლებულ "მეგობარ აქტს" [H.R.36] ასევე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაში და 25 მარტის მონაცემებით, 18 მხარდამჭერს ითვლის. ამ ეტაპზე ის გადაგზავნილია საგარეო საქმეთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში.
ფორუმი