„მეგობარი აქტი“ 5 მარტს, სენატში, მაღალი რანგის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა - ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა - წარადგინეს. ოფიციალური ინფორმაციით, 24 მარტს პროექტის თანასპონსორები გახდნენ ასევე დემოკრატი სენატორი კრის კუნსი და რესპუბლიკელი ჯონ პიტერ (პიტ) რიკეტსი.
სენატში წარდგენილი "მეგობარი აქტის" კიდევ ერთი სახელწოდებაა - "კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და სხვა მიზნებისთვის".
„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ [MEGOBARI Act] განხილვა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაპირველად 11 მარტის სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ეს სხდომა არ შედგა. იგივე საკითხები შეიტანეს 27 მარტის სხდომის დღის წესრიგში.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორპარტიული MEGOBARI Act-ი [S.868 ] მოიცავს არაერთ მიმართულებას:
- აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
- ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
- [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
- ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
- მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
„ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, როდესაც მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მეგობარ აქტს" „უმადურობის აქტს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
25 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის დემოკრატმა წევრმა ჯინ შაჰინმა კოლეგებს „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით”, - მისი სიტყვები კომიტეტმა X-ზე გამოაქვეყნა.
მანამდე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ „საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი იყვნენ ხელისუფლების ავტორიტარიზმში გადაშვებითა და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის გამო".
სენატორი რიში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მომავალი წლის შუალედურ არჩევნებში კენჭისყრის მიმართულებითაც. 20 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა სენატორ რიშს უწოდა გამორჩეული ადამიანი, რომელიც არავის დააღალატებს.
- „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 24 მარტს „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ სენატში „მეგობარი აქტის“ წარმდგენები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. „პირდაპირ ცდილობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება და რევოლუცია მოხდეს. ცდილობენ, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები“, - განაცხადა კალაძემ. მანამდე მანვე თქვა, რომ შაჰინი და რიში წარმოადგენენ „დიპ სტეიტს“.
- “ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს”, - ეს უკვე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებაა, გავრცელებული 22 მარტს, მას შემდეგ, რაც ჯიმ რიში დონალდ ტრამპმა შეაქო.
„MEGOBARI აქტი“ კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივაა
კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში - როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.
- „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ - MEGOBARI Act-ის - ინგლისური დასახელების (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) აბრევიატურა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ ემთხვევა და სიმბოლური დატვირთვა აქვს.
- წარმომადგენელთა პალატაში, “მეგობარი აქტის” განახლებული ვარიანტის ოფიციალურ სახელწოდებად მითითებულია - “საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ზეგავლენასთან გამკლავება”.
თავად ჯო უილსონი საჯარო განცხადებებში ხშირად აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის მეგობარია.
განახლებულ "მეგობარ აქტს" [H.R.36] ასევე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაში და 25 მარტის მონაცემებით, 18 მხარდამჭერს ითვლის. ამ ეტაპზე ის გადაგზავნილია საგარეო საქმეთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში.
რა წერია კანონპროექტში?
“მეგობარი აქტის” თანახმად, “საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და შეერთებული შტატების ნაციონალური ინტერესებისთვის”.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხია უკან დემოკრატიის გზაზე, მზარდია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მტრული დამოკიდებულება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მისამართით, ხოლო პარალელურად - სულ უფრო ძლიერდება კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთსა და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
- კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა - რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენების შესახებ საქართველოში კონგრესის ორივე პალატის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობით.
პროექტის თანახმად, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულია, გამოავლინონ კონკრეტული პირები, რომლებსაც შესაძლოა დაუწესდეთ სანქციები - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მათი ოჯახის წევრები. ამ კატეგორიაშია:
- ყოფილი ან მოქმედი პარლამენტის წევრი, პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი;
- საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, სამართალდამცველი, სადაზვერვო, სასამართლო ორგანოების ანდა ადგილობრივი თუ მუნიციპალური მმართველობის ჩათვლით;
- ოჯახის წევრი, რომელიც ასევე იღებს სარგებელს ამ პროცესიდან.
ტექსტის თანახმად, კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს, არიან თუ არა კონკრეტული პირები შემხებლობაში კორუფციის მნიშვნელოვან აქტებთან თუ ძალადობასთან ან დაშინებასთან - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების მიზნით და მოქმედებდნენ თუ არა წინასწარი შეცნობით.
თუკი პასუხი დადებითია, პრეზიდენტი აწესებს სანქციებს. მან ასევე შესაძლოა დაუწესოს სანქციები კონკრეტულ პირებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.
სანქციებს შორის არის:
- ყველანაირი ტრანზაქციის დაბლოკვა და აკრძალვა კერძო საკუთრებისა, თუკი ის მდებარეობს აშშ-ში ანდა თუკი მას ფლობს ან აკონტროლებს აშშ-ს მოქალაქე;
- აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
- უარი ამერიკის ვიზასა და ქვეყანაში შესასვლელ ყველა დოკუმენტზე;
- ყველა მოქმედი ვიზის ან ნებისმიერი სხვა სახის სამგზავრო საბუთის ანულირება;
- უარი ყველანაირ სარგებელზე - რასაც ითვალისწინებს აშშ-ში მოქმედი კანონი „იმიგრაციისა და მოქალაქეობის“ შესახებ.
პროექტით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, თავი აარიდოს სანქციების დაწესებას კონკრეტული პირისთვის, თუკი ეს ნაკარნახები იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ანდა სერიოზული დასაბუთება იქნება წარდგენილი კონგრესში.
კონგრესმენ უილსონის პროექტი, "მათრახთან" ერთად, მოიცავს „თაფლაკვერსაც“.
ეს იმ შემთხვევებში, თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებასა და საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებს. აუცილებელ ნაბიჯებად დასახელებულია:
- ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგისკენ დაბრუნება;
- იმგვარი პოლიტიკის ან კანონმდებლობის უზრუნველყოფა, რომელიც ქართველი ხალხის აშკარა სურვილებს ასახავს.
“პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრთან კონსულტაციით, უნდა შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის - უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის საჭირო ტექნიკის შემდგომი მიწოდებით, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვის მიზანს და ასევე [დახმარებას] შესაბამისი ტრენინგებით, ტექნიკური მომსახურებითა და საოპერაციო მხარდაჭერით“, - პროექტში ასახული ეს და სხვა გეგმები მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული მომავალი თანამშრომლობა - ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და აკადემიურ სფეროში გაცვლითი პროგრამების გაფართოების კუთხით.
დოკუმენტში ხაზგასმულია ქართველი ხალხის უფლება - თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო კურსი, პროტესტის შემთხვევაში ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით საპატიმროებში მყოფი პირები.
„მეგობარი აქტის“ განახლებულ ტექსტში აღარ იძებნება ჩანაწერი - აშშ-სა და საქართველოს შორის პრეფერენციული (შეღავათიანი) სავაჭრო რეჟიმის შესაძლო ამოქმედების შესახებ.
- ჯო უილსონმა “მეგობარი აქტის” პირველი ვერსია წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში შეიტანა - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე.
- იმ დროისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან [2024 წლის ნოემბერი], არ ჰქონდა შეჩერებული მთელი რიგი დახმარების პროექტები და არ ჰქონდა დაწესებული სავიზო შეზღუდვები თუ სანქციები “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თუ მოკავშირეებისთვის. აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია პარტიის მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც [2024 წლის დეკემბერი].
2024 წლის 11 ივლისს აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “მეგობარ აქტს”. კონგრესის 118-ე მოწვევის ბოლო სესიის დასრულებამდე აქტი პლენარულ სხდომაზე ვერ მოხვდა.
იმისათვის, რომ "მეგობარი აქტი" კანონად იქცეს და ამოქმედდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ და შემდეგ ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა.
„მეგობარ აქტს“ „უმადურობის აქტი“ უწოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
“[ავღანეთში] წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი ჩვენი კონტინგენტით მეოთხე ვიყავით და ამერიკელ ხალხს და ამერიკელ ხელისუფლებას გვერდში დავუდექით. გვერდში დგომა გამოიხატა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით, იმ სისხლით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა დაღვარეს. იცით, რომ მისიის დროს რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა. ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობით დაახლოებით ორმილიარდიანი კონტრიბუცია გვაქვს გაწეული. ამიტომ, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთ აქტს აინიციირებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცებისა და ქართული ხელისუფლების მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 24 მარტს.
“მეგობარ აქტს” “ქართულ ოცნებაში” „რევოლუციის მოხდენის ერთ-ერთი იარაღად“ განიხილავენ; ხოლო თავად ჯო უილსონზე ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ოპოზიციის მიერ არის დაქირავებული და დიდ ფულს უხდიან.
“აბსოლუტური სიცრუეა. რომ ვიღებდე ანაზღაურებას, ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ფინანსურ ანგარიშგებებში - და იქ არაფერია”, - ამბობს კონგრესმენი უილსონი რადიო თავისუფლებისთვის 2024 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში.
“მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტია, რომელსაც სურს ძლიერი ქვეყანა, მჭიდრო კავშირით ამერიკასთან. ისინი უარს ამბობენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობაზე - მიჰყიდოს საქართველო ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდითაა! #MEGOBARI”, - დაწერა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე 22 მარტს, როდესაც თბილისში “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი მარში გაიმართა. მარშზე მისი პორტრეტებიც იყო წარმოდგენილი.
ჯო უილსონს ახლო, მეგობრული ურთიერთობები აქვს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, რასაც არაერთი ფოტო თუ ვიდეომასალა ადასტურებს. კონგრესმენი მუდამ უსვამს ხაზს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გადაწყვეტილებების მიმართ ერთგულებას.
24 მარტს საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თეთრ სახლში, ჯო უილსონიც იყო მიწვეული. დონალდ ტრამპმა ის მეგობრად მოიხსენია და არაერთი მადლობა გადაუხადა - საბერძნეთსა და ამერიკას შორის არსებულ მტკიცე კავშირებზე საუბრისას.
ფორუმი