ვინაობას არ ამბობენ, მაგრამ 19 მარტს ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი უკვე შერჩეული ჰყავთ, პროცედურებიც დაწყებულია და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.
აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტი უკვე მეოთხე თვეა ცარიელია, დავით ზალკალიანის გადადგომის შემდეგ. თუმცა საქართველოს ელჩები ჯერ არ ჰყავს მთელ რიგ ქვეყნებში. ყოფილ დიპლომატებს არ უკვირთ, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო აგრემანი [ელჩის აკრედიტაციის დასტური] ასე იოლად არ გაიცემა.
ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან
“ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან, ასე ვიტყოდი, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი”, - თქვა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 19 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სტუდიაში.
გადაცემის პირველი სტუმრისთვის დასმული პირველი შეკითხვა აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას უკავშირდებოდა.
კობახიძემ თქვა, რომ ეს შეხვედრა [გაიმართა14 მარტს] მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით შედგა; აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან "ღირებულებითი თანხვედრა" აქვთ; გადატვირთვა “კონკრეტული გზამკვლევით” უნდა დაიწყოს და ის “უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს”; პროგრესი დამოკიდებული იქნება იმაზე, “თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ "დიფ სთეითი" აშშ-ში”.
რაც შეეხება ახალი ელჩის გაგზავნას აშშ-ში, კობახიძემ განაცხადა, რომ პროცედურები დაწყებულია:
„აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს".
“არ ვიცი, აშშ-ში ელჩად ვისი დანიშვნა უნდათ, მაგრამ [“ქართული ოცნების” ხელისუფლების] ვერანაირი ელჩი ვერ იქნება ეფექტური", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი, ყოფილი ელჩი, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) თანადამფუძნებელი. ის მოელის, რომ საქართველოს ელჩის მიღებაზე აშშ უარს არ იტყვის, მაგრამ "ელჩის შედეგიან მუშაობაზე აბსოლუტურად ნაადრევია ლაპარაკი, ვიდრე “ქართული ოცნება” არ დაიწყებს ქვეყნის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანას, სადაც თვითონ შეიყვანა”.
მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ვალერი ჩეჩელაშვილს მიანიშნებს რამდენიმე რამ:
- რობინ დანიგანისა და მაკა მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ, საგარეო უწყებამ და აშშ-ის საელჩომ აბსოლუტურად განსხვავებული ცნობები გამოაქვეყნეს - “ჩანს, რომ ძალიან კონკრეტული მესიჯებით ჩამოვიდა ქალბატონი დანიგანი ვაშინგტონიდან”.
- ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მალევე, ელჩი დანიგანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა და თანაც მას თავად ეწვია, რაც “ნიშნავს იმას, რომ ქალბატონ სალომეს ცნობენ ძალიან სერიოზულ ფიგურად, რომლისგანაც ელოდებიან სერიოზულ ნაბიჯებს საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში“.
ბოჭორიშვილისა და დანიგანის შეხვედრის შემდეგ, საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ “შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად“; ხოლო აშშ-ის საელჩო თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ რობინ დანიგანმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები და ასევე ნაბიჯები, “რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”.
საქართველო ელჩების გარეშე
აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტიდან დავით ზალკალიანის გადადგომა 2024 წლის 30 ნოემბერს დადასტურდა - თითქმის ოთხი თვის წინ. მას მიზეზები არ აუხსნია, „ოცნების“ მთავრობაში კი განმარტეს, რომ ზალკალიანმა „ვერ გაუძლო“„სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე, სერიოზულ ზეწოლას“.
დავით ზალკალიანის გადადგომა დაემთხვა აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერებას და შეზღუდვებისა თუ სანქციების დაწესებას, მათ შორის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.
ელჩის გადადგომის შემდეგაც იყო არაერთი სანქცია. აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც; რომელიც აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოქტომბერში ლაპარაკობდა. ეს შეხვედრა არ შედგა.
19 მარტს ინტერვიუში, სანქციები აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მტრულ ნაბიჯად განიხილა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მაკა ბოჭორიშვილმა “რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ:
- ელჩების დანიშვნის პროცედურები მალე დაიწყებოდა;
- დანიშვნა „საკმაოდ გრძელ პროცედურებს უკავშირდება“, მაგრამ აუცილებელია - „იმისთვის, რომ საქართველო სრულად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე და საელჩოები ჩაბარდეს ელჩებს".
დასავლელ პარტნიორებთან მკვეთრად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, აშშ-ის გარდა, საქართველოს ელჩები, სავარაუდოდ, ჯერჯერობით ისევ არ ჰყავს მთელ რიგ სხვა ქვეყნებში.
კონკრეტულად რომელ ქვეყნებში და რა მიზეზით? - ინფორმაციის გადამოწმება საგარეო საქმეთა სამინისტროში ბოლო თვეებში რამდენჯერმე ვცადეთ, მათ შორის - 20 მარტსაც, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
ხოლო 21 მარტს, საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც - საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს ავსტრიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ბელარუსში. ამავე ცნობით, დაინიშნა ასევე მუდმივი წარმომადგენელი გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში [ქალაქი ჟენევა].
საგარეო უწყების ვებსაიტზე, არაერთი ქვეყნის შემთხვევაში, ჯერ ისევ ცარიელია ელჩებზე ინფორმაციისთვის და მათი ფოტოსურათებისთვის გამოყოფილი ადგილები.
- საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, სლოვაკეთი - ამ ქვეყნებში ვითარება ასეთივე იყო გასული წლის დეკემბრის დასაწყისში [როცა რადიო თავისუფლებამ შეამოწმა].
- ელჩები მითითებული არ არიან ასევე, მაგალითად, ჩეხეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდის, ლიეტუვისა თუ თურქეთის შემთხვევაში.
ელჩების ნაწილს ვადა ამოეწურა, ხოლო ნაწილმა პოსტები სხვადასხვა დროს დატოვა, “ქართული ოცნების” პოლიტიკით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი უკვე 2024 წლის მაისის შემდეგ აღარ ჰყავს, რაც გოჩა ჯავახიშვილი გადადგა - “ქართული ოცნების” პოლიტიკის საკითხებში შეუთანხმებლობის გამო.
ყოფილი ელჩი გვეუბნება, რომ, კეთილმეგობრულ და კეთილმეზობლურ ვითარებაში, აგრემანის პროცედურას [ელჩის აკრედიტაციის დასტური მიმღები ქვეყნისგან] 2-3 თვე სჭირდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ამ პროცედურის გაჭიანურება და გართულება გასაკვირი არ უნდა იყოს.
“ელჩების კანდიდატურების წარდგენისას და აგრემანების, აკრედიტაციის საკითხამდე, ჯერ მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი უნდა გადაწყდეს. ამ ქვეყნების ოფიციალური პოზიცია დღემდე არის ის, რომ ეჭვქვეშ აყენებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მხარს უჭერენ და იზიარებენ ახალი არჩევნების დანიშვნას, რათა მათთვისაც მოიხსნას ეს უხერხულობა. ქვეყანასთან ურთიერთობა შეფერხებული, შეჩერებულია ამ პოლიტიკური კრიზისის გამო”, - ეუბნება გოჩა ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოციათ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, უნგრეთისა და სლოვაკეთს გამოკლებით.
შიდა თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, აშშ-ის გარდა, “ოცნების” წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვები და სანქციები აქვთ დაწესებული დიდ ბრიტანეთსა და ბალტიის ქვეყნებს.
ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დიპლომატიური პასპორტებისთვის, რითაც სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები სარგებლობენ.
ფორუმი