ავტორი: ნიკოლოზ ხატიაშვილი
დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კითხვები არსებობდა მის შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, თუმცა, 20 იანვრის შემდეგ რიგ საკითხებში გამოიკვეთა სიცხადე, რაც ფრთხილი პროგნოზების გაკეთების საშუალებას გვაძლევს საგარეო საკითხებზე.
ტრამპის და რუბიოს განცხადებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ახალი ადმინისტრაცია, გააგრძელებს ტრამპის პირველი საპრეზიდენტო პერიოდის საგარეო ხაზს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახალი გადაწყვეტილებები უფრო ხისტი და პრაგმატული იქნება, რაც დამახასიათებელია აშშ-ს პრეზიდენტების მეორე ვადისთვის. ტრამპის პირველი ვადის პოლიტიკურ პრიორიტეტებთან შედარებით, გვაქვს სიახლეებიც, რაც მოიცავს პანამის არხზე ჩინეთის შეკავების ინიციატივას, გრენლანდიის საკითხს, USAID-ის გაჩერებას და ნარკოკარტელებთან ბრძოლას.
ტრამპის მთავარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები კვლავ ჩინეთი და ირანია, თუმცა რუსეთის ფაქტორიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ახალ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუცხადებია კონკრეტული სტრატეგია რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მათთვის პრიორიტეტულია. დიდი ალბათობით, ომის დასრულების მოლაპარაკებების შედეგები განსაზღვრავს ტრამპის რუსეთისადმი სამომავლო მიდგომებს. მის განცხადებებში[1] ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები არასასურველი სცენარით წარიმართება, ის მზად არის რუსეთს ახალი სანქციები და ტარიფები დაუწესოს.
არსებული გეოპოლიტიკურ ქარიშხალში, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორი ხედვა ექნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რეგიონსა და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა, უკვე გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებების გენერირება.
შავი ზღვა როგორც დიდი მოთამაშეების ინტერესების კვეთის წერტილი
დღევანდელ არასტაბილურ საერთაშორისო სისტემაში, შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ ცენტრად ყალიბდება. ბოლო წლების მოვლენები, მათ შორის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ნათლად ასახავს ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და იკვეთება ისეთი აქტორების ინტერესები, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ევროპა და აშშ.
უკრაინაში მიმდინარე ომმა დაარღვია ძალთა ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, რაც მოითხოვს ახალი რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ევროპისა და აშშ-ს აქტიური ჩართულობით რეგიონში.
კრემლის სტრატეგიული მიზანია შავ ზღვის გარდაქმნა რუსეთის პირად ტბად და გავლენის სფეროდ. საბოლოდ ეს პროცესი მიმართულია საბჭოთა კავშირის ახალი მოდელის შექმნისკენ, რაც არაერთხელ გაცხადებულა კრემლის მიერ. ასევე, რუსეთის ინტერესებში შედის კონტროლის დაწესება შუა დერეფანზე. მოსკოვი ცდილობს რეგიონში გავლენის მოპოვებას შავი ზღვის მილიტარიზაციით, საზღვაო ფლოტის ექსპანსიით, შავ ზღვაზე არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზების ეფექტური კონტროლით, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლით რეგიონის ქვეყნებზე და მათი ტერიტორიების ოკუპაციით. რუსეთი თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს ჰიბრიდული ომის მეთოდებს და სხვადასხვა გზებით ერევა რეგიონის ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში. ასევე, საყურადღებოა რუსეთ-ირანის ალიანსის გაღრმავებაც. კავკასიის რეგიონში გავლენების გაძლიერების და დასავლეთის განდევნის მიზნით, რუსეთმა გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა[2] ირანთან და ცდილობს „3+3“ ფორმატის გააქტიურებასაც. ეს ალიანსი განსაკუთრებით სახიფათოა რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირების და სამხედრო ლოგისტიკური კვანძების განვითარების კუთხით, რადგან უმოკლესი გზა სამხედრო ტვირთებისთვის რუსეთსა და ირანს შორის სწორედ სამხრეთ კავკასიაზე გადის.
რუსეთის მოქმედებების პარალელურად, იზრდება ჩინეთის გავლენა რეგიონში. პეკინი ახორციელებს სტრატეგიულ ინვესტიციებს შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ანაკლიის[3] პორტის მეშვეობით, რომელიც თანხვედრაშია მის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივასთან. ეს ინვესტიცია განიხილება შუა დერეფნის მხარდაჭერისა და მასზე ჩინეთის გეოპოლიტიკური ბერკეტების გაძლიერების ხელშემწყობ ფაქტორად. ასევე, აღსანიშნავია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების[4] გაფორმება და საქართველოში ჩინური კომპანიების ოპერირება, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყანაში არსებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.
თურქეთი, რომელიც თავს რეგიონულ ძალად მიიჩნევს, ცდილობს გააძლიეროს გავლენა და შეინარჩუნოს ბალანსი დიდ ძალებს შორის. მისი სტრატეგიაა რუსეთის დასუსტება, მაგრამ მისი ჩამოშლის არ დაშვება, რაც ასახავს ანკარის ხედვას რეგიონში ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. ამავდროულად, ევროპა აქტიურად მუშაობს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, ახალი, რენტაბელური და სტაბილური ენერგო და სავაჭრო მომარაგების გზების ჩამოყალიბების გზით, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის გავლით.
აშშ-ს ამჟამინდელი ხედვები ჩინეთის, რუსეთის და ირანის მიმართ
აშშ განიხილავს ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიას ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად. ვაშინგტონსა და პეკინს შორის უკვე დაიწყო სავაჭრო დაპირისპირება, რაც გამოიხატა ორმხრივი ტარიფების დაწესებაში. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა - მარკო რუბიომ სენატში მოსმენაზე[5] ჩინეთი მოიხსენია როგორც უმძიმესი საფრთხე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, და დაადანაშაულა მოსკოვი, თეირანი, პეკინი და ფხენიანი "ქაოსისა და არასტაბილურობის" დათესვაში. ნიშანდობლივია, რომ რუბიომ პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის რანგში სწორედ QUAD ჯგუფის ქვეყნებთან გამართა[6]. ეს შეხვედრა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ჩინეთის მისამართით გზავნილი, რადგან QUAD ქვეყნებს შორის არსებობს ხედვა, რომელიც გულისხმობს თავისუფალ და ღია ინდო-წყნარ ოკეანეს (Free and Open Indo Pacific), ჩინეთის „ერთიანი სარტყელი ერთიანი გზის“ ალტერნატივად. პარალელრად, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს პანამის არხზე ჩინეთის შეკავების შესაძლებლობებზე და BRICS-ის მიმართ გააჩნია ცალსახა ნეგატიური განწყობა.
ირანის კონტექსტშიც გამოიკვეთა ვაშინგტონის მტკიცე პოზიცია. ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას[7], რითაც აღადგინა ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანია. ასევე, მან თავისი პირველი შეხვედრა[8] გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სადაც კვლავ დაფიქსირდა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების მზაობა, რაც მიმართული იქნება ახლო აღმოსავლეთში ირანის და სხვა აქტორების შეკავებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.
რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში გაკეთდა კონკრეტული განცხადებები და დაფიქსირდა პოზიცია ომის დასრულების სურვილთან დაკავშირებით. მარკო რუბიომ განაცხადა[9], რომ აშშ-ს სურს უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ ეს ომი აღარ განმეორდეს. მიუხედავად გაცხადებული მისწრაფებისა, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია თუ რა სახის დათმობებზე მოუწევს კიევსა და მოსკოვს წასვლა და კონკრეტულად რას სთავაზობს აშშ ორივე მხარეს ომის დასრულების სანაცვლოდ. რთულია ამ გადმოსახედიდან ომის დასრულების კონკრეტულ სცენარებზე საუბარი, თუმცა მთავარი კითხვა მაინც ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში.
აშშ-ს ჩართულობის შესაძლო გზები შავი ზღვის რეგიონში
რუსეთის, ჩინეთის და ირანის ალიანსის ეფექტური შეკავებისთვის აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც აერთიანებს სამხედრო შეკავებას, ეკონომიკურ ბერკეტებსა და დიპლომატიურ ჩართულობას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უკრაინაში ომის დასრულება, შავი ზღვის რეგიონი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება აშშ-სთვის.
ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად შავი ზღვის რეგიონში ირან-ჩინეთ-რუსეთის გავლენების შესაკავებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნატო-ს სამხედრო ძალების როტაციული ყოფნის გაზრდა რეგიონის ნატო-ს წევრ ქვეყნებში. ამის მიღწევა შესაძლებელია სამხედრო კონტიგენტის გაზრდის, პერმანენტული სამხედრო-საზღვაო წვრთნებისა და საზღვაო-საჰაერო პატრულირების გზებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის განმტკიცებას და რუსეთის მიერ საერთაშორისო წყლების მილიტარიზაციის თავიდან აცილებას. ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა.
შავი ზღვის რეგიონში, აშშ-ს ლიდერობით ახალი ალიანსების შექმნა და უკვე არსებული ფორმატების გააქტიურება შესაძლოა ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდეს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. შავი ზღვის კონტექსტში შესაძლებელია ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივის[10] მოდელის შექმნა, ისევე, როგორც არსებული „ბუქარესტის ცხრიანის“ და „სამი ზღვის ინიციატივის’ გააქტიურება ენერგეტიკის, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც გააძლიერებს კავშირებს რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპას შორის. უფრო ფართო კონტექსტში, შესაძლოა QUAD და AUKUS - ფორმატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის შესაკავებლად და მათი მიმართულებების შავი ზღვის რეგიონისკენ ფოკუსირება.
რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური გავლენების შესამცირებლად, ვაშინგტონმა უნდა ჩაანაცვლოს ჩინური ინვესტიციები ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორიც არის პორტები, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონის ქვეყნებს შესთავაზოს ალტერნატიული ინვესტიციები აშშ-დან და ევროკავშირიდან, მათ შორის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ჩართულობით. პარალელურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების ეკონომიკური გაძლიერება, როგორიც არის საქართველო, რათა ქვეყანა გახდეს მეტად მედეგი და რუსეთის ეკონომიკისგან დამოუკიდებელი.
დემოკრატიაში არსებული პრობლემები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ასევე, როგორც კრემლის მიერ ინსპირირებული პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აშშ-მ უნდა გააძლიეროს თავისი მხარდაჭერა და ჩართულობა ამ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მდგრადი დემოკრატია და ძლიერი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ განვითარებას და მედეგობას ეგზისტენციალური თუ მზარდი საფრთხეებისა და გავლენების წინააღმდეგ.
საქართველოს როლი დიდ გეოპოლიტიკურ ჭადრაკში
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება საქართველოს საკვანძო როლი რეგიონში დასავლეთის როლის შენარჩუნებასა და რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენების შეკავებაში. ნათელია, რომ სამივე ქვეყანა ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას საქართველოსთან მიმართებით, ხოლო მათი ინტერესების წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად შეასუსტებს აშშ-ს და მთლიანი დასავლეთის რეგიონულ პოზიციონირებას.
იმისთვის, რომ აღნიშნულმა სამეულმა ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს, პირველ რიგში საჭიროა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა და ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება, აშშ-ს და ევროპის მტკიცე ჩართულობის გზით. ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის აღდგენას. არსებული გამოწვევების გადაჭრის შემდგომ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს ეროვნულ სტრატეგიულ მიზანს, რომელსაც შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს გარანტირებული უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, ნატო-ში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო არსებული გეოპოლიტიკური რეალობა მოითხოვს სასწრაფო ღონისძიებებს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის უსაფრთხოება ნატოში გაწევრიანებამდე. ამ მექანიზმებით შესაძლებელი გახდება რუსეთის, როგორც ეგზისტენციალური საფრთხის, ხოლო ჩინეთის და ირანის ექსპანსიის, როგორც მზარდი გამოწვევის შეკავება როგორც საქართველოში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში.
აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ გარკვეული ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების ან AUKUS - ის მოდელის ჩარჩოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული მიზნები კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აშშ დამატებით მოახდენს საქართველოში ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებას, მაშინ ეს ხელს შეუწყობს ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეკავებასაც. ამრიგად, ამ 2 გადაწყვეტილებით, შეიქმნება რეალური ჩარჩო, რომელიც შეაკავებს ზემოაღნიშნული მოთამაშეების გავლენებს და შესაძლებელს გახდის რეგიონში ძალთა ბალანსის და მდგრადი სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება და არსებული გამოწვევების გადაჭრა, რაც გულისხმობს დემოკრატიის ხარისხის თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაყვანას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.
საქართველომ ცალსახად უნდა დაანახოს ტრამპის ახალ ადმინისტრაციას თავისი რეგიონული და გლობალური როლი, რადგან თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს, რომ საქართველო მთლიანად ევროპასთან დაკავშირებული საკითხია, მაშინ ამ პრობლემების გადაჭრას ის მიანდობს ევროკავშირს, რაც არ იქნება საკმარისი არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
დასკვნა
შავი ზღვის რეგიონი გლობალური ძალების მზარდი ინტერესების ცენტრი გახდა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას მოუწევს საგარეო პოლიტიკური მიდგომის ჩამოყალიბება, რათა რეგიონში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის ზრდა შეჩერდეს. აშშ-ს მიმართ მთავარი კითხვა ისმის თუ რა არეალში აპირებს ის ჩინეთისა და ირანის შეკავებას. ეს იქნება მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფერო და ახლო აღმოსავლეთი, თუ ამას ექნება გლობალური ხასიათი, სადაც საკვანძო როლი ექნება შავი ზღვის რეგიონს.
შავი ზღვის რეგიონში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის გაძლიერება, ავტომატურად ნიშნავს დასავლეთის შესუსტებას. აღნიშნული სამეულის წარმატებამ შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-ს და მთლიანი დასავლეთის გეოპოლიტიკური მარცხი, ხოლო დასავლეთისთვის როგორც საქართველო, ასევე შავი ზღვის რეგიონის დიდი ნაწილი დაკარგული იქნება დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ეს მოცემულობა ეწინააღმდეგება აშშ-ს და ევროპის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.
ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება საქართველოსა და შავი ზღვის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, მშვიდობას და მდგრად განვითარებას. გასათვალისწინებელია სომხეთის რომელმაც შეცვალა თავისი საგარეო ვექტორი დასავლეთის მიმართულებით.
[1] https://www.bbc.com/news/articles/cjw4q7v7ez1o
[2] http://kremlin.ru/supplement/6258
[3] https://www.rferl.org/a/anaklia-georgia-china-port-winner/32970697.html
[4] https://civil.ge/archives/553820
[5] https://www.youtube.com/watch?v=vskdv9eH8kQ
[6] https://www.voanews.com/a/quad-foreign-ministers-meet-in-washington-in-signal-of-trump-s-china-focus-/7944516.html
[7] https://www.herbertsmithfreehills.com/notes/sanctions/2025-posts/us-president-trump-issues-executive-order-imposing-maximum-pressure-on-iran
[8] https://www.youtube.com/watch?v=vLkEekgBxxo
[9] https://www.yahoo.com/news/us-seeks-sustainable-peace-ukraine-070815275.html
[10] https://www.congress.gov/bill/118th-congress/senate-bill/1465
ფორუმი