Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ის მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთთან - რა ვიცით

აშშ-ის მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთთან - რა ვიცით


სასტუმრო Ritz-Carlton-ი რიადში, სადაც აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა 24 მარტს. ამერიკის წარმომადგენლები საუდის დედაქალაქში უკრაინის წარმომადგენლებს 23 და 25 მარტს შეხვდნენ.
სასტუმრო Ritz-Carlton-ი რიადში, სადაც აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა 24 მარტს. ამერიკის წარმომადგენლები საუდის დედაქალაქში უკრაინის წარმომადგენლებს 23 და 25 მარტს შეხვდნენ.

აშშ-მ საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთთან ცალ-ცალკე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე მიაღწია შეთანხმებას შავ ზღვაში ძალის გამოყენების აკრძალვისა და ორივე ქვეყანაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების მცდელობის შესახებ. თუმცა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე კვლავაც უამრავი დაბრკოლება რჩება.

თეთრი სახლის ორ განცხადებას - ერთი უკრაინასთან 23 და 25 მარტის მოლაპარაკებების, მეორე კი რუსეთთან 24 მარტის შეხვედრის შესახებ - წინ უძღოდა კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შინაარსი "ნამდვილად არ გასაჯაროვდება".

ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ გააგრძელებს ორივე მხარეს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას ომის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად“. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.

ეს შეთანხმებები, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორთვიანი მცდელობებისა, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. თუმცა ბევრი რამ ჯერაც გაუგებარია - მათ შორის ის, თუ რამდენად წავა მოსკოვი ცეცხლის სრული შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებისკენ, თუ უკრაინა მის ყველა პირობას არ დათანხმდება.

აქ არის რამდენიმე ძირითადი კითხვა:

განხორციელდება თუ არა შავი ზღვის ზავი?

შეერთებული შტატები და რუსეთი მიანიშნებდნენ, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდის მთავარი მიზანი იყო შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რაც საშუალებას მისცემს გემებს, თავისუფლად იმოძრაონ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას და, ამავე დროს, პირველი ნაბიჯი იქნება უფრო ფართო ზავისკენ.

შავი ზღვის სანაპიროები რუსეთსაც აქვს და უკრაინასაც და ის უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტის მთავარი გამტარია.

აშშ-რუსეთის შეხვედრის წინ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა გაიმეორა რუსეთის პრეტენზია, რომ არ შესრულდა 2022 წლის „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ დადებისას მოსკოვისთვის მიცემული პირობები. ის რუსეთმა მომდევნო წელს დატოვა, ორივე მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ.

25 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს პრეტენზია და თქვა, რომ მოწინააღმდეგეები ზღუდავენ რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს. რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა „დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტის წვდომის აღდგენაში, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებს და გააძლიერებს წვდომას პორტებსა და გადახდის სისტემებზე ასეთი ტრანზაქციებისთვის“.

ეს მნიშვნელოვანი სტიმულია რუსეთისთვის, თუმცა ეშმაკი შეიძლება დეტალებში იყოს.

კრემლმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შავ ზღვაში ძალის გამოყენების შეჩერება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც განხორციელდება რამდენიმე კონკრეტული ქმედება, რომლებიც პირდაპირ არ ყოფილა ნახსენები თეთრი სახლის მიერ. მათ შორისაა "როსსელხოზბანკის", რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სოფლის მეურნეობის კრედიტორების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა და მათი ხელახლა დაკავშირება SWIFT-ის გადახდის სისტემასთან, რაც შესაძლოა ევროკავშირის დასტურზე იყოს დამოკიდებული.

იმავდროულად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ საჭიროა „დამატებითი ტექნიკური კონსულტაციები რაც შეიძლება მალე, რათა შეჯერდეს ყველა დეტალი და ტექნიკური ასპექტი შეთანხმებების განხორციელების, მონიტორინგისა და კონტროლის შესახებ“.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინას შეუძლია „ისარგებლოს თავდაცვის უფლებით“, თუ რუსული ხომალდები შავი ზღვის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაადგილდებიან.

უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი შეთანხმების ნიშანი არ არსებობს, რაც პოტენციურად ზრდის განსხვავებული ინტერპრეტაციების შანსებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-რუსეთის შეთანხმების ასპექტები გააკრიტიკა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, რუსებმა წამოჭრეს საკითხი, რომ ამერიკული მხარე დაეხმარა რუსებს მათი სასოფლო-სამეურნეო...პროდუქციის ტრანსპორტირებაში. ეს ეხება პორტებს, ტარიფებს და ა.შ.", - თქვა მან. „ჩვენ ამას არ დავთანხმდით... მიგვაჩნია, რომ ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციებს, ასუსტებს სანქციებს“.

რა ხდება ენერგოობიექტებზე თავდასხმის შეჩერებასთან დაკავშირებით?

მოლაპარაკებებს რიადში წინ უძღოდა ტრამპის წინადადება სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ეს შეთავაზება უკრაინამ 11 მარტს მიიღო, თუმცა მას წინ რუსეთი აღუდგა. მას შემდეგ, რაც ტრამპი პუტინსა და ზელენსკის ცალ-ცალკე ესაუბრა, კიევი და მოსკოვი გასულ კვირას შეთანხმდნენ უფრო შეზღუდული ზავის შესახებ.

თუმცა თეთრი სახლისა და კრემლის მიერ გამოქვეყნებული დეტალები ტრამპისა და პუტინის 18 მარტის სატელეფონო საუბრის შესახებ შეიცავდა მცირე, მაგრამ არსებით განსხვავებას. აშშ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები "შეთანხმდნენ, რომ მოძრაობა მშვიდობისკენ დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტით", ხოლო რუსეთის განცხადებაში აღწერილია "ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე" თავდასხმების შეჩერება.

კრემლმა თქვა, რომ პუტინმა მოიწონა ინიციატივა და ”დაუყოვნებლივ მისცა რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება”, მაგრამ უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების გაგრძელებაში.

25 მარტს გავრცელებულ განცხადებებში თეთრი სახლი არ ახსენებს კონკრეტულად ინფრასტრუქტურას. ნათქვამია, რომ ქვეყნები „შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის [შეთანხმებების] განსახორციელებლად.“

ვინ რას გააკონტროლებს?

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მთავარი კითხვა ტერიტორიის საკითხია: უკრაინის რა ნაწილი შეიძლება გააკონტროლოს რუსეთმა, და რა პირობებში?

24 მარტს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა მიანიშნა, რომ რიადში მოლაპარაკებები ამ საკითხსაც შეეხო.

"ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ტერიტორიაზე. ვსაუბრობთ დემარკაციის ხაზებზე", - თქვა ტრამპმა.

რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულია უკრაინის დაახლოებით ერთი მეხუთედი: მთელი ყირიმი, თითქმის მთელი ლუგანსკის რეგიონი, ასევე დონეცკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი - მაგრამ არა ამ ბოლო ორის დედაქალაქები. 2022 წლის სექტემბერში პუტინმა უსაფუძვლოდ გამოაცხადა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის კუთვნილებად მთლიანად, მათ შორის უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები.

მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები რეგიონებიდან და დაჟინებით მოითხოვს, რომ ისინი რუსეთად ცნოს. ზელენსკიმ აღიარა, რომ კიევმა შესაძლოა მალე ვერ დაიბრუნოს კონტროლი მთელ ქვეყანაზე. უახლოეს მომავალში დადებული ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება, როგორც ჩანს, ოკუპირებული ტერიტორიის დიდ ნაწილს რუსეთის ხელში დატოვებს, მაგრამ უკრაინა პირობას დებს, რომ არასოდეს დაეთანხმება საზღვრების რაიმე ფორმალურ ან მუდმივ ცვლილებას.

თეთრი სახლის განცხადებებში ერ-რიადის მოლაპარაკებებზე ტერიტორიები ნახსენები არ არის.

რა ხდება იშვიათი მინერალების გარიგებასთან დაკავშირებით?

25 მარტს ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მინერალური რესურსების შეთანხმების ყოვლისმომცველი ახალი ვერსია, რომელიც თვეების განმავლობაში განიხილებოდა. 24 მარტს თავის კომენტარში ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი და კიევი „მალე“ მოაწერენ ხელს შეთანხმებას უკრაინის იშვიათი წიაღისეულის და სხვა ბუნებრივი რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ, რაც, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, დაეხმარება უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რუსეთის უკრაინასთან ომის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

შეთანხმების ხელმოწერა მოსალოდნელი იყო 28 თებერვალს, როდესაც ზელენსკი თეთრ სახლს ეწვია, თუმცა ის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში უპრეცედენტო კონფლიქტით დასრულდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა უკრაინის პრეზიდენტი ჟურნალისტების წინაშე გააკრიტიკეს.

მას შემდეგ დაძაბულობამ იკლო და იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება შეიძლება უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოლიდარობის მანიშნებელი იყოს.

რა არის რუსეთის თამაში?

ტრამპმა თქვა, რომ პუტინის პასუხი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე იყო - „ჩვენ მომხრე ვართ, მაგრამ არის ნიუანსები“.

სხვა საკითხებთან ერთად, ეს "ნიუანსები" მოიცავდა მოწოდებას უკრაინის მხარდამჭერებისთვის, შეეწყვიტათ კიევისთვის იარაღის გაგზავნა. ასევე, უკრაინას აეკრძალებოდა ზავის დროს სამხედროთა მობილიზება მაშინ, როდესაც რუსეთს მსგავსი შეზღუდვები არ დაეკისრებოდა.

კიევმა მოსკოვი დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მათი აზრით, მოსკოვი მხოლოდ თავს აჩვენებს, თითქოს ომის დამთავრების ინტერესი ჰქონდეს. ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი მართლაც მიზანმიმართულად წელავს პროცესს იმ იმედით, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდება თავის მიზნებს - დიპლომატიის და ბრძოლის ველზე.

"ამ დროისთვის ეს პროცესი რუსეთს სრულიად არაფერი უჯდება. ჩემი აზრით, ისინი აქედან სწავლობენ, რომ თუ ისინი ნელა იმოქმედებენ, შეუძლიათ, დათმობები მოიპოვონ ამერიკელებისგან და პოტენციურად ევროპელებისგანაც, მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი მაგიდასთან დარჩეს", - თქვა სემ გრინმა, ლონდონის კინგს კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის პროფესორმა 20 მარტს პოდკასტში.

გრინის თქმით, რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი, მათ განსხვავებული მიზნები აქვთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით.

ტრამპს სურს "ამ ომის დასრულება", - თქვა მან, ხოლო "რუსეთს სურს ამ ომის შედეგი, რომელიც მას უკრაინაში დომინირების პოზიციაში დატოვებს. ვფიქრობ, რუსეთს სჯერა, რომ მას შეუძლია მოქნილი იყოს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ განხორციელდება ეს... მთავარია ის დომინანტად დარჩეს."

XS
SM
MD
LG