ლავროვი და უშაკოვი ჩაანაცვლეს ფსბ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) მეხუთე განყოფილების ყოფილმა უფროსმა, სერგეი ბესედამ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ასევე ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, რომელიც ფედერაციის საბჭოში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.
კრემლის პოლიტიკის ანალიტიკოსებს რუსეთის დელეგაციის ახალი შემადგენლობა აფიქრებინებთ, რომ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურებას აპირებს.
აშშ - რუსეთი
„შინაარსი რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებებისა, რომელიც 24 მარტს გაიმართა ერ-რიადში, არ გახდება საჯარო, - განაცხადა ვლადიმირ-პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 25 მარტს, - ეს არის მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავებით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების შინაარსი არ გასაჯაროვდება. ამის მოლოდინი არ უნდა იყოს".
თუმცა რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები შედეგებს 25 მარტს გამოაცხადებდნენ. „თეთრი სახლის“ წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ მოლაპარაკებებში შეინიშნებოდა პროგრესი და, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელი იყო „პოზიტიური განცხადება“.
Reuters-ი ელოდა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონში დასამტკიცებლად გაგზავნილი ერთობლივი განცხადების პროექტი 25 მარტს გამოქვეყნდებოდა. პესკოვიც ადასტურებდა, რომ „რუსულ-ამერიკული ხანგრძლივი (12-საათიანი) მოლაპარაკებების შედეგები დედაქალაქებს ეცნობათ“ და, რომ ამჟამად მათი ანალიზი მიმდინარეობდა. თუმცა მოგვიანებით პესკოვმა დაამატა:
„არის გაგება, რომ კონტაქტები გაგრძელდება, მაგრამ მეტი კონკრეტიკა ჯერ არ იქნება, დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია."
თუმცა 25 მარტს, დღის ბოლოს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება ერ-რიადში 24-25 მარტს ამერიკისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ:
- ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების გამორიცხვასა და შავ ზღვაში სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებაზე.
- აშშ ასევე აპირებს, დაეხმაროს რუსეთს მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტირებისთვის, შეამციროს საზღვაო დაზღვევის ღირებულება და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა ასეთი ოპერაციებისთვის.
- შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეთანხმების (რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ) გასაფორმებლად.
- აშშ კვლავ აპირებს ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებას და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას. ვაშინგტონი ასევე მიესალმება მესამე ქვეყნების შუამავლობას ენერგეტიკული და საზღვაო შეთანხმებების განხორციელებაში.
ერ-რიადში მოლაპარაკებების ფონზე გამოცემა The Moscow Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი ასევე აპირებდა მოეთხოვა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მის კონტროლში გადასვლა. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსმა ჩინოვნიკებმა განუცხადეს.
მათი მტკიცებით, კრემლში იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი ზეწოლას მოახდენს კიევზე, რათა უკრაინის ამ ოლქების ტერიტორიები მოსკოვის კონტროლს დაექვემდებაროს. ამ რეგიონებიდან არცერთი არ არის რუსული არმიის მიერ დაპყრობილი. უკრაინის კონტროლს ექვემდებარება მსხვილი საოლქო ცენტრები - ხერსონი და ზაპოროჟიე. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიული უთანხმოებები განხილული იქნება მხოლოდ ზავის მიღწევის შემდეგ.
The Moscow Times ოთხ წყაროზე დაყრდნობით იმაზეც წერს, რომ „კრემლი ფსონს დებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე, რათა რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში კიევზე უპირატესობა მოიპოვოს“.
ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორი მაიკლ ანტონი, ასევე უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის თანაშემწეები. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაცია მიზნად ისახავდა „მიეღწია პროგრესი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინაში ძალადობის უფრო მასშტაბურ შეჩერებასთან დაკავშირებით“. შეხვედრის კიდევ ერთი სავარაუდო თემა იყო „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მორატორიუმის გამოცხადება“.
აშშ - უკრაინა
23 მარტს, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ერ-რიადში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა საუბარს უწოდა „კონსტრუქციული და შინაარსობრივი“ და დასძინა, რომ დელეგაციებმა „განიხილეს ძირითადი საკითხები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში“.
შეხვედრის წინ აშშ-მა და უკრაინამ ხაზი გაუსვეს, რომ მოლაპარაკებები იქნებოდა ტექნიკური ხასიათის. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა 24 მარტს განაცხადა, რომ მთავარი თემა კვლავინდებურად ცეცხლის შეწყვეტაა.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი ტექნიკური ჯგუფები უახლოეს დღეებში კვლავ შეხვდებიან ერ-რიადში, რათა ფოკუსირება მოახდინონ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან მიღწეული ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებაზე“, - დაწერა უოლცმა სოციალურ ქსელ X-ზე.
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კიევში თქვეს, რომ მოლაპარაკებას ექნებოდა ტექნიკური ხასიათი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ დელეგაციები განიხილავენ „ცეცხლის შეწყვეტის მოდალობას“.
„ასევე აშშ-ის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დროს უკრაინის წარმომადგენლები ათანხმებენ ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის იმ ობიექტებს, რომლებზეც ორივე მხარე (კიევი და მოსკოვი) არ მიიტანს იერიშებს“, - განმარტა გეორგი ტიხიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში მოლაპარაკებების დღის წესრიგზე საუბრისას აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, არამედ შავი ზღვის აკვატორიაში მდებარე სამიზნეებზეც:
„ვფიქრობ, ეს ორივე საკითხი უკვე შეთანხმებულია რუსებთან. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ უკრაინელები ამას დათანხმდებიან.“
"საკმაოდ სასარგებლო საუბარი იყო. დელეგაციების მუშაობა გრძელდება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს როგორც ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას:
„იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ, გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და ძლიერი ქმედებები. შედგა შეხვედრა აშშ-ის გუნდთან. დღეს აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომის გუნდთან, ანუ რუსეთის წარმომადგენლებთან. გვჭირდება მოძრაობა რეალური მშვიდობისკენ - გარანტირებული უსაფრთხოებისკენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება - უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში და მთელს მსოფლიოში - ყველას, ვისაც სურს სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტიანი გახადოს. ეს ნიშნავს ზეწოლას, რათა რუსეთი ვაიძულოთ, დაასრულოს ომი. ეს ნიშნავს სანქციებს. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს საერთაშორისო კოორდინაციას“.
რა მიმართულებით ვითარდება მოლაპარაკებები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის?
„დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პოლიტიკური მიმომხილველის, კონსტანტინ ეგერტის თქმით, მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას იძლევა რუსეთის დელეგაციაში გრიგორი კარასინისა და სერგეი ბესედას გამოჩენა.
„ეს ადამიანები სავარაუდოდ მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზნით შეარჩიეს. ორივე მათგანი არსებითად პენსიონერია თავის სფეროში და წელიწადში ორ-სამჯერ თუ ნახულობენ პუტინს. უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც ყოველდღე ხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის. შესაბამისად, ის არის მოქმედი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, თანამდებობის პირი. მარტო ასეთი კონტრასტიც მრავლისმეტყველია. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა გვიჩვენებს, რომ უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, სულ ცოტა, რამეზე მოლაპარაკების მზადყოფნა გამოავლინოს. რუსული დელეგაციის შემადგენლობა კი - ესაა მოლაპარაკებების გაჭიანურება და სამხედრო მოქმედებების გაგრძელება“, - უთხრა კონსტანტინ ეგერტმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.
რაც შეეხება შავ ზღვაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, რის შესახებაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებმა ილაპარაკეს. კონსტანტინ ეგერტის თქმით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რუსეთის მიერ ოდესისა და ნიკოლაევის დაბომბვას, რაც ხდება რუსეთის ტერიტორიიდან (ხმელეთიდან), შავ ზღვაში აქტიური სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობები ბოლოს 2022 წელს გავრცელდა.
„გამოდის, ტრამპის ადმინისტრაციას სურს შეთანხმდნენ ისეთ საკითხზე, რომელზეც შეთანხმება იოლია. დიპლომატიაში არსებობს ერთი ასეთი ილეთი: შეთანხმდნენ მხარეები ჯერ რაღაც არც თუ ისე მნიშვნელოვანზე და შემდეგ სცადონ მოლაპარაკებების გატანა სხვა დონეზე. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, როგორ იქცევა მოსკოვი, დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს. მაგალითად, ძნელია სათქმელია, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მორატორიუმი სრულდება თუ არა. ჩემი გადმოსახედიდან პუტინი დროს აჭიანურებს; მას სურს ომის ველზე გარკვეული უპირატესობების მიღწევა.
უფრო მეტიც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი ეს პუტინის დიპლომატიური კომპანია, მათ შორის ლავროვი და კარასინი, მოლოტოვისა და გრომიკოს სკოლის გამოზრდილები არიან. რუსული დიპლომატიის ამ სკოლის მთავარი პრინციპია მოლაპარაკების მეორე მხარის მიყვანა ისეთ მდგომარეობამდე, რომელშიც ის იტყვის: კარგი, კარგი, საერთოდ რა შეიძლება გავაკეთოთ? და ამ დროს მიიღებს დათმობებს. რამდენადაც მე მესმის, ეს არის ის, რისი იმედიც ახლა აქვს პუტინის რეჟიმს“, - ამბობს კონსტანტინ ეგერტი.
რას ნიშნავს ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის?
„ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვის დასრულებას“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ეთერში განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა:
„ასე ვხედავთ ჩვენ ამ საკითხს, მაგრამ რას დებს მასში რუსეთი, რა თქმა უნდა, ძნელი მისახვედრი არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დასკვნების გამოტანამდე, საჭიროა საბოლოო დოკუმენტის გაცნობა".
უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, რუსეთის იერიშებში საზღვაო კომპონენტი არ არის მთავარი. პლეტენჩუკის თქმით, „ისკანდერ-მ“-ის სარაკეტო სისტემა, რომელიც ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარეობს და საიდანაც ხორციელდება დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე, ბევრად მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, იგივე ითქმის კონცხ ჩაუდიდან უკრაინის ტერიტორიისკენ „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონებს გაშვებაზეც.
სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა სავარაუდოდ მართლაც ისაუბრეს შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ადრე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილდებოდა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ შესაძლო განახლებაზე, რაც გულისხმობს შავ ზღვაში გემების უსაფრთხო მიმოსვლას.
ლავროვის პოზიცია
25 მარტს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ ერ-რიადში მხარეებმა (აშშ-რუსეთი) განიხილეს "შავი ზღვის ინიციატივის" საეხლით ცნობილი მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხი. ლავროვის თქმით, რუსეთს სჭირდება უსაფრთხოების „მკაფიო გარანტიები“.
„კიევთან შეთანხმებების სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, გარანტიები შეიძლება იყოს მხოლოდ ვაშინგტონიდან [ვოლოდიმირ] ზელენსკისა და მისი გუნდისთვის გაცემული ბრძანების შედეგი, რომ მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად. მგონია, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ჩვენი ეს სიგნალი სათანადოდ აღიქვეს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე აცნობიერებს, რომ "მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია მიაღწიოს პოზიტიურ შედეგებს ტერორისტული აქტების შეწყვეტაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაუკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტაში".
„ჩვენი პოზიცია მარტივია: სიტყვაზე ვერ ვენდობით ამ ადამიანს", - განაცხადა ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს "შავი ზღვის ინიციატივის" განახლებას, რადგან სურს, რომ მარცვლეულისა და სასუქების ბაზარი პროგნოზირებადი იყოს.
"შავი ზღვის ინიციატივა" რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ივლისში შეთანხმდა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა უსაფრთხო დერეფნის შექმნას უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით გასატანად, ასევე რუსული სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. 2023 წლის ივლისში რუსეთმა დატოვა შეთანხმება. მოსკოვმა მიზეზად დაასახელა მეორე მხარის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა.
ვინ არიან კარასინი და ბესედა?
კონსტანტინ ეგერტის მოსაზრებას, რომ რუსეთის დელეგაციაში გრიგორი კარასინისა და სერგეი ბესედას გამოჩენა იმის ნიშანია, რომ რუსეთი დაინტერესებულია მოლაპარაკებების გაჭიანურებით, ბევრი ანალიტიკოსი იზიარებს. რუსი ბლოგერისა და მიმომხილველის, მაქსიმ კაცის თქმით, ზოგიერთი ანალიტიკოსი შეცდომით მიიჩნევს, რომ პუტინს ომის წარმოებისას აქვს ისეთი მიზნები, რომელთა მიღწევის შემდეგ იგი გაჩერდება:
„ამის გამო ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი აქვს, რადგან რაღაცის მიღწევის ან გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ, იგი დაიკმაყოფილებს პატივმოყვარეობას და დათანხმდება ზავის გაფორმებასა და მშვიდობაზე, მაგრამ სინამდვილეში პუტინის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება. სხვა ყველაფერი მისთვის ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა. ომიც მისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია, ამიტომ პუტინისთვის ომი თავისდათავად ღირებულია და მას ვერანაირი გამარჯვება ვერ ჩაანაცვლებს.
პუტინს არ აქვს არანაირი იდეა და იდეოლოგია, მას ამოძრავებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. ომის მიზანი ომია, რადგან ომის ფარგლებში ხელისუფლება სტაბილურია“.
გრიგორი კარასინი - 75 წლის გრიგორი კარასინი სულ რაღაც ექვსი წლის წინ გახდა რუსეთის ზედა პალატის წევრი. თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მან დიპლომატიურ სტრუქტურებში გაატარა. გრიგორი კარასინი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებულია; საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და საბჭოთა პერიოდში დიდ ბრიტანეთში საელჩოს მრჩევლის თანამდებობამდე მიაღწია. თავისი კარიერის პიკში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო - ჯერ ევგენი პრიმაკოვის, შემდეგ იგორ ივანოვის და ბოლოს სერგეი ლავროვის დროს (2005-2019 წწ). 2019 წელს გრიგორი კარასინმა დიპლომატიური სამსახური დატოვა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა.
2022 წლიდან კარასინი აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისა და ფედერაციის საბჭოში უკრაინული რეგიონების ანექსიის რატიფიკაციის გამო. თუმცა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ კარასინმა ვაშინგტონი შეაქო რუსული პოზიციის გაგებისთვის. კარასინის აზრით, ევროპისგან განსხვავებით, ვაშინგტონი „აცნობიერებს ზავის მისაღწევად მოსკოვის მოთხოვნების საფუძვლიანობას, რაც გულისხმობს უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შეწყვეტასა და კიევისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას ".
საქართველოში გრიგორი კარასინი ცნობილია „აბაშიძე-კარასინის“ მარათონული ფორმატიდან, რომლის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე 12 წლის განმავლობაში (2012-2024 წწ) ხვდებოდა გრიგორი კარასინს.
ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი (ოფიციალურად „პრაღის ფორმატი“) 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დაპირებით მოსული „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა.
სერგეი ბესედა - 2014 წელს ხელმძღვანელობდა ფსბ-ს მეხუთე განყოფილებას, რომელიც ფსბ-ს საგარეო საქმიანობას კურირებდა. 2014 წლის აპრილში (იანუკოვიჩის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ) უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფსბ-ს მიმართა თხოვნით, განემარტათ, რას აკეთებდა სერგეი ბესედა კიევში 20-21 თებერვალს. სწორედ ამ დღეებში იანუკოვიჩის ძალოვნებმა მასობრივად დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კიევის ცენტრში მომიტინგეების წინააღმდეგ.
2014 წლის აპრილში, ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობისა და გაქცევის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კიევში არეულობის გამოძიებასა და ფსბ-ს გენერალ ბესედას დაკითხვაში დახმარების თხოვნით. სააგენტო "ინტერფაქსი" ფსბ-ს წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ბესედა მართლაც იმყოფებოდა კიევში 20-21 თებერვალს, ქუჩის დაპირისპირების კულმინაციის დროს, რამაც იანუკოვიჩის დამხობა გამოიწვია.
სავარაუდოდ ბესედა საელჩოსა და რუსეთის სხვა დაწესებულებების უსაფრთხოების ორგანიზებით იყო დაკავებული. ასევე "ინტერფაქსის" წყარომ განაცხადა, რომ გენერალ-პოლკოვნიკი ბესედა "ითხოვდა შეხვედრას ვიქტორ იანუკოვიჩთან ამ თემაზე, მაგრამ არ იქნა მიღებული". "არანაირი სხვა დავალება კიევში მისი ვიზიტის დროს ს. ბესედას არ ჰქონია", - ციტირებდა სააგენტო ფსბ-ს წყაროს.
სერგეი ბესედასა და მისი უწყების პასუხისმგებლობაში შედიოდა 2022 წელს უკრაინაში შეჭრისათვის ნიადაგის მომზადება. რუსეთის ოფიციალური მიმართვები (რომელთა ადრესატები იყვნენ უკრაინელი სამხედროები და სამოქალაქო პირები) ძირითადად ეყრდნობოდა ბესედას სამსახურის დაზვერვის მონაცემებს. თუმცა ომის დაწყების შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ბესედას მონაცემები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს - რუს სამხედროებს უკრაინაში ყვავილებით არავინ დახვედრია.
რუსეთის ხელმძღვანელობაში არ მალავდნენ უკმაყოფილებას ბესედას სამსახურის მუშაობით, რომელიც უკრაინის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა, რამაც, საბოლოო ჯამში, მოსკოვის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება გამოიწვია.
2022 წელს ჟურნალისტმა ანდრეი სოლდატოვმა თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ბესედა ჯერ შინაპატიმრობაში აიყვანეს, შემდგომ კი „ლეფორტოვოს" წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
2023 წელს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გურ) ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა სერგეი ბესედას შესახებ განაცხადა, რომ „ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა უკრაინას". ბუდანოვმა არ დააკონკრეტა, რით იყო ბესედა საშიში და მხოლოდ აღნიშნა, რომ ის "უკრაინის ტერიტორიაზე აქტიურ ოპერაციებს" აწარმოებდა.
სერგეი ბესედას სახელმა საქართველოს კონტექსტში გაიჟღერა 2022 წელს, როცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა და მისი დაცვის უფროსმა, ალექსანდრე სამხარაძემ განაცხადეს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნები კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) წარმომადგენლებთან, რომელთა შორისაც დასახელდა გენერალი სერგეი ბესედა. მათი მტკიცებით, ფსბ-ს მაღალჩინოსნები - ალექსეი სედოვი და სერგეი ბესედა 2017 წელს სტუმრობდნენ საქართველოს.
„როგორ ჩამოვიდნენ, დეტალები ნამდვილად არ ვიცი. შეხვედრა დაინიშნა ვახტანგ გომელაურის რესტორანში, მცხეთაში. რესტორანი მთლიანად დაკეტილი იყო. არავის ვუშვებდით. მომსახურე პერსონალიც კი არ იყო, გარდა მზარეულისა. მომსახურებას ჩვენ თვითონ, სუს-ის თანამშრომლები ვუწევდით. სუფრასთან შეხვედრა დაახლოებით 2-3 საათი გაგრძელდა“, - განაცხადა მაშინ სამხარაძემ, რომლის თქმითაც, მცხეთიდან სუს-ის და ფსბ-ის მაღალჩინოსნები მეტეხის ტაძრისკენ გაემგზავრნენ, სადაც ფოტოები გადაიღეს, „გაცილების სუფრა“ კი მთაწმინდის რესტორან „ანდერვილში“ გაიმართა.
2024 წელს 70 წლის სერგეი ბესედა პენსიაში გავიდა და ფსბ-ს დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის მრჩევლამდე ჩამოქვეითდა.
ფორუმი