Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინა ატომურ სადგურებში ამერიკელების გამოჩენის შესაძლებლობას განიხილავს

უკრაინა ატომურ სადგურებში ამერიკელების გამოჩენის შესაძლებლობას განიხილავს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მონაწილეობს უკრაინის ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინსპექტირებაში, რომელიც რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მონაწილეობს უკრაინის ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინსპექტირებაში, რომელიც რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მართლაც გააგზავნოს პერსონალი უკრაინაში - თუმცა არა ისე, როგორც ბევრი მოელოდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული ბოლო სატელეფონო საუბრისას, რომელზეც უკრაინა დათანხმდა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების 30 დღით შეჩერებას, გაჩნდა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში ამერიკელების გამოჩენის იდეა.

ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპთან საუბრისას ის შეეხო აშშ-ის დახმარების შესაძლებლობას ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის აღდგენაში, რომელიც 2022 წლის მარტიდანაა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

„მე ვთქვი, რომ მხოლოდ დეოკუპაცია საკმარისი არ არის, რადგან იქ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა: წყალმომარაგება, ტექნიკური პერსონალი და კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რათა [მომავალში] სადგურმა ხალხისთვის ფულის და ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

თეთრი სახლის თანახმად, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ უკრაინის ელექტრომომარაგებისა და ატომური ელექტროსადგურების შეერთებული შტატების მფლობელობაში ყოფნა „ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვა იქნებოდა“.


აშშ-ის ბირთვული პერსონალი უკრაინაში

ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ესაუბრა, ფრთხილად მიესალმნენ წინადადებას და განაცხადეს, რომ ეს იქნებოდა უსაფრთხოების ძლიერი გარანტია და უკრაინის ბირთვული ძალების სწორი მიმართულებით გადატანა რუსეთიდან დასავლეთისკენ.

„მე მჯერა, რომ თუ ბატონმა ტრამპმა ასეთი წინადადება გააკეთა, უკრაინამ არ უნდა თქვას უარი და უნდა დათანხმდეს გარკვეული პირობებით“, - თქვა ვოლოდიმირ ომელჩენკომ, კიევში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „რაზუმკოვის ცენტრის“ ენერგეტიკული პროგრამის დირექტორმა.

ეს პირობები, მისი თქმით, უნდა მოიცავდეს უკრაინის სრული კონტროლის გარანტიას და პირობას, რომ "ენერგოატომი", სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ატომური ელექტროსადგური, ერთადერთ ოპერატორად დარჩება.

„ამ სადგურის სპეციფიკა სხვამ არავინ იცის, გარდა უკრაინელი სპეციალისტებისა, რადგან თითოეულ ატომურ ბლოკს საკუთარი ინდივიდუალური სპეციფიკა აქვს“, - თქვა ომელჩენკომ.

უკრაინას 15 მოქმედი რეაქტორი აქვს ოთხ ატომურ სადგურზე, რომელთაგან ერთი, ზაპორიჟიეს სადგური, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ორი რეაქტორი ოფიციალურად მშენებარეა, თუმცა იქ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არანაირი აქტიური სამუშაო არ ჩატარებულა - 2024 წლის მსოფლიო ბირთვული ინდუსტრიის სტატუსის მოხსენების თანახმად.

15 ბირთვული რეაქტორიდან 12 საბჭოთა ეპოქაშია აშენებული. საბჭოთა ეპოქის ბირთვული ფლოტი ქვეყნის ენერგიის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს.


ატომური ელექტროსადგურები ცეცხლის ქვეშ

უკრაინის ვითარება უპრეცედენტოა. ბევრი ატომური ელექტროსადგურის მქონე ქვეყანაში აქტიური ომი არასოდეს ყოფილა. ზაპორიჟიეს ოკუპაციის გარდა, რუსული დრონები დასავლეთ უკრაინაში, ხმელნიცკის ატომურ სადგურთან გამოჩნდნენ. ბომბები დაეცა დასავლეთ უკრაინაში, რივნეს ქარხანასთან ახლოს. თებერვალში რუსულმა თვითმფრინავმა დაარტყა ჩერნობილის რეაქტორის ნანგრევების დამცავ სტრუქტურას.

„ამერიკული ბიზნესის, ამერიკული ინტერესების იქ ყოფნა ერთგვარი უსაფრთხოების გარანტი იქნება“, - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ როიტეროვიჩმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არაერთხელ ამოუღია სამიზნეში უკრაინის ინფრასტრუქტურა, ადგილზე ამერიკელი პერსონალის ყოფნა განიხილება, როგორც პოტენციური წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც მოსკოვს არ მოუნდება.

ბოლო წლებში უკრაინა ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბირთვულ ტექნოლოგიაზე. „ენერგოატომმა“ 2022 წლის ივნისში ხელი მოაწერა შეთანხმებას გლობალურ ბირთვულ გიგანტ Westinghouse-თან, რომლის თანახმადაც, ეს კომპანია მთელ ბირთვულ საწვავს მიაწვდის უკრაინის რეაქტორებს. ამაზე ადრე რუსეთს ჰქონდა მონოპოლია. ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე ამერიკული ტექნოლოგიით იგეგმება ახალი რეაქტორების აშენება.

შეშფოთება უკრაინაში აშშ-ის ყოფნის შესახებ

ეშმაკი, რა თქმა უნდა, დეტალებშია. 20 მარტს CNN-ის სტატიაში დასავლელმა ექსპერტებმა ცივი წყალი გადაასხეს აშშ-ის მიერ უკრაინის ატომური სადგურების მართვის იდეას. განხილვის საკითხი იყო სტაბილური ელექტრომომარაგება და გასაგრილებლად საკმარისი წყლის მიწოდება ინფრასტრუქტურაზე, მიმდინარე თავდასხმების ფონზე. და პრაქტიკული თვალსაზრისით, ექსპერტების თქმით, დასავლელ ბირთვულ ტექნიკოსებს არ აქვთ უკრაინაში გამოყენებული საბჭოთა დიზაინის VVER რეაქტორებთან მუშაობის გამოცდილება.

ასევე არსებობს შეუსაბამობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განიხილეს ტრამპმა და ზელენსკიმ 19 მარტის სატელეფონო საუბარში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორი ლიდერის დისკუსია ექსკლუზიურად ზაპორიჟიეს სადგურს შეეხებოდა, თუმცა თეთრი სახლის განცხადებაში ნახსენებია „სადგურები“, მრავლობით რიცხვში - არა მხოლოდ ზაპოროჟიე.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სურს აშშ-ის დახმარება მიიღოს, ის ასევე ცდილობს, შეინარჩუნოს უკრაინის სუვერენიტეტი, განსაკუთრებით იმ სექტორში, რომელიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ტრამპთან სატელეფონო საუბარში მან ნათლად განაცხადა, რომ „უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინელი ხალხის საკუთრებაა“.

ერთ-ერთი შესაძლო კომპრომისი, რომელსაც ექსპერტები ვარაუდობენ, იქნება ამერიკელების შეყვანა ატომური სადგურების სამეთვალყურეო საბჭოებში ან თუნდაც თავად "ენერგოატომში" - ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს გავლენას და უსაფრთხოებას საკუთრების გადაცემის გარეშე.

„თუ ამერიკელი სპეციალისტები... უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებში მოვლენ და იქ დარჩებიან, მაშინ, რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი იქნება, რომ პუტინმა ამ ობიექტებს ესროლოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა პოლიტოლოგმა სერხი ტარანმა.

”თუმცა, მათ უსაფრთხოების პერსონალი უნდა დაიქირაონ, - დასძინა ტარანმა, - სასურველი იქნებოდა, რომ უსაფრთხოების ეს პერსონალი საჰაერო თავდაცვის სისტემებით იყოს აღჭურვილი."

ფორუმი

XS
SM
MD
LG