Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აბაშიძე-კარასინის“ 12 წლის ფორმატში ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა - რა ვიცით მასზე


ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა - ამიერიდან ის არის პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა - ამიერიდან ის არის პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, - გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებების ამ დრომდე ერთადერთი და სტაჟიანი მონაწილე, რომლის სახელსაც არაოფიციალურად ატარებს „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“, - გიორგი ქაჯაიათი ჩაანაცვლა.

გიორგი ქაჯაია ბოლო 4 წლის განმავლობაში მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად მუშაობდა.

იგი ამ პოსტზე ჩაანაცვლა მამუკა მერკვილაძემ, - ბიზნესმენმა, რომლის ცოლიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიგელითაა დაჯილდოებული.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გიორგი ქაჯაიას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი ჯერ არ გაუცია - 11 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ მან თავის წინამორბედს მიანდო კითხვებზე პასუხის გაცემა.

ამ სტატიაში აგიხსნით:

  • ვინ არის გიორგი ქაჯაია?
  • რა იყო „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი და როგორ გაგრძელდება?
  • ვინ ანაცვლებს ქაჯაიას მოსკოვში?
  • რას ცვლის საკადრო გადანაცვლებები?

ვინ არის გიორგი ქაჯაია?

66 წლის გიორგი ქაჯაია 2019 წლიდან 2024 წლამდე რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.

რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ და შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ჰყავთ წარმომადგენლობები თბილისსა და მოსკოვში.

მოსკოვიდან ის 2024 წლის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს უკვე ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, ქაჯაიას ნამუშევარი აქვს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ უშიშროების საბჭოშიც. აბაშიძე წლებს არ აზუსტებს. წარსულში ქაჯაია აბაშიძის მრჩეველიც იყო.

მისი სრული ბიოგრაფია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი (ჯერჯერობით) არ არის, რადიო თავისუფლებამ საქართველოს მთავრობიდან გამოითხოვა, თუმცა ჯერ არ მიუღია.

გიორგი ქაჯაია მთავრობის სხდომაზე. 2024 წლის 11 მარტი
გიორგი ქაჯაია მთავრობის სხდომაზე. 2024 წლის 11 მარტი

ქაჯაიას ცოლი, უტე კოჩლოვსკი-ქაჯაია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (გერმანია) რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულების მენეჯერია.

კიდევ ერთი მცირე და საინტერესო დეტალი:

2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, 600 ლარი აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისათვის.

ზურაბიშვილი მაშინ დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში იყრიდა კენჭს მთაწმინდის ოლქში. „ქართულმა ოცნებამ“ მას კონკურენტი არ დაუყენა, 2 წლის შემდეგ კი საპრეზიდენტო ბრძოლაში დაუჭირა მხარი.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენლის ოფიციალური საცხოვრებელი მისამართი თბილისშია, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. წარმოშობით სოხუმიდანაა.

რა არის „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“

წლების განმავლობაში ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო, 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს, იყო მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობდნენ.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დაპირებით მოსული „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა.

„აბაშიძის-კარასინის ფორმატი“ არაფორმალური სახელია. ფორმალურ საუბრებში მას „პრაღის ფორმატს“ უწოდებენ. შეხვედრები ჩეხეთის დედაქალაქში იმართება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, - და მისი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე 2012 წელს დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე. 2012 წლის 1 ნოემბერი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე. 2012 წლის 1 ნოემბერი

მას შემდეგ, თითქმის 12 წლის განმავლობაში, ზურაბ აბაშიძე, ყოფილი ელჩი რუსეთში 2000-04 წლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრების უცვლელი წარმომადგენელი იყო რუსეთთან დიალოგში, საერთაშორისო ჩართულობის გარეშე.

ეს დიალოგი ოფიციალურად მოიცავდა მხოლოდ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებს და სატრანსპორტო კავშირებს.

აბაშიძის მეწყვილე ამ 12 წლის განმავლობაში მოსკოვის მხრიდან ასევე უცვლელად იყო გრიგორი კარასინი, - ჯერ როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე, [2019 წლიდან ამ პოსტს აღარ იკავებს], შემდეგ კი როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში. 2019 წლის 27 თებერვალი
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში. 2019 წლის 27 თებერვალი

ზურაბ აბაშიძემ გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ფორმატის შექმნის მიზანი იყო „მაღალი დაძაბულობის ხარისხის შემცირება“.

ფორმატის ერთ-ერთ წარმატებად დაასახელა:

  • 2008 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში;
  • რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში „დისბალანსის დაძლევა“ - ემბარგოს შემდეგ ასიმეტრიული ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების დაახლოება.

ანალიტიკოსების ნაწილს აბაშიძე-კარასინის ფორმატის მიმართ იმთავითვე ჰქონდა სკეპტიკური განწყობა.

„ჩემი აზრით, ეს ფორმატი, ფორმალური სტატუსის ნაცვლად, იმ პიროვნულ ურთიერთობებზე, ნაცნობობაზე იყო აწყობილი, რაც აბაშიძესა და კარასინს აკავშირებდათ“, - ამბობს დავით ბრაგვაძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი.

მისი თქმით, ეს გამოაჩინა კარასინის ლავროვის მოადგილის პოსტიდან საპენსიო ასაკს მიღწევის შემდეგ გადადგომის მიუხედავად, ფორმატში მისმა დარჩენამ.

ანალიტიკოსების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ფორმატმა საკუთარი თავი ამოწურა.

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC-ის) გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრაღის ფორმატმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ის ორ მთავარ არგუმენტს ასახელებს:

  1. „ვინაიდან იმთავითვე იყო გამოცხადებული, რომ ფორმატი ეხება მხოლოდ სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ მიმართულებას და არა პოლიტიკურს, ეს ამოცანები შესრულდა [ვაჭრობა და მიმოსვლა სრულად აღდგენილია] და ფორმატმა საკუთარი მანდატი განახორციელა“;
  2. „ბატონმა კარასინმა, - რაც ადრე მისთვის არ იყო დამახასიათებელი, - ბოლო დროს დაუშვა ხისტი და არამეგობრული განცხადებები საქართველოს მიმართ, რამაც ამოწურა მასთან მოლაპარაკებების რესურსი. შესაბამისად, ამანაც უარყოფითად იმოქმედა ფორმატის შემდგომ პერსპექტივებზე“.

წლების განმავლობაში აბაშიძესთან შეხვედრების მიუხედავად, კარასინის სიხისტე, ისევე როგორც მოსკოვის დამოკიდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, არ შეცვლილა: კარასინი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, სამხრეთ ოსეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უწოდებს.

რუსეთის მიერ მათი აღიარების მე-15 წლის თავზე, 2023 წლის ზაფხულში, კარასინმა ცხინვალში განაცხადა, რომ რუსეთი ჩინეთთან მუშაობს აღიარების საკითხზე.

„პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო“, - ასე მიმართა კარასინმა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ინტერვენციის რისკზე ისაუბრა.

ფარული ჩანაწერები

ბოლო ორი წლის განმავლობაში გაჟონილმა აუდიოფაილებმა კვლავ წამოსწია წინ კითხვის ნიშნები ფორმატის მიმართ - და აჩვენა, რომ აბაშიძისა და კარასინის ურთიერთობები დიდი ხანია, გასცდა პოლიტიკურ ფორმალობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ფორმატს გარკვეული, პატარ-პატარა წარმატებები ჰქონდა, „ოცნების“ მმართველობის პირველი წლების შემდეგ სტაგნაციაა. ვიცით მხოლოდ ის, რომ აბაშიძესა და კარასინს მუდმივად ჰქონდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და გარკვეულ საკითხებს მუდმივად განიხილავდნენ, მათ შორის, სატელეფონო საუბრებში“, - ამბობს დავით ბრაგვაძე.

  • 2023 წლის 1 თებერვალს Cyber Kmara-ს იუტუბარხზე გავრელდა აბაშიძისა და კარასინის საუბარი. ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძე კარასინთან საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხებს განიხილავდა. აბაშიძემ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა და იკითხა: „სასკანდალო რა არის?“
  • მეორე ჩანაწერიც ამავე არხზე გავრცელდა შარშან, 14 ივნისს; აბაშიძე ტელეფონით ესაუბრება ჩაიკოვსკის ფონდის დამფუძნებელს, მარკ ზილბერკვიტსა და ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერს. ეს საუბრები 2021 წლით თარიღდება, მას შემდეგ, რაც პოზნერმა თბილისში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა მწვავე პროტესტის გამო ვერ შეძლო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძემ აქციის მონაწილეები „ნაცისტებად“, „ზონდერებად“ და „დაფინანსებულ პროვოკატორებად“ მოიხსენია.
აბაშიძემ მოგვიანებით რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჩანაწერი „უკანონოდ“ არის მოპოვებული, ანუ ნამდვილი, თუმცა „დამონტაჟებული“ და „დამახინჯებულია“.
  • კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე გავრცელდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 კვირაში, 2022 წლის მარტში, კარასინი აბაშიძეს საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობაზე ესაუბრა. აბაშიძე ეთანხმება კარასინს, რომ კავშირების აღდგენამდე „საჭიროა, ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება“.

რუსეთთან პირდაპირი ფრენები 2023 წლის გაზაფხულზე აღდგა.

აბაშიძის ახალი პოსტი: პრემიერის მრჩეველი

11 მარტს, კობახიძის მიერ ახალი ამბის გამოცხადების შემდეგ, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

„2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“, - თქვა მან და ასე ახსნა თანამდებობიდან წასვლის სურვილი.

იქვე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილისგან „ყოველთვის გრძნობდა მხარდაჭერას“.

აბაშიძის თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობის დროსვე დაიწყეს შემცვლელის ძებნა და ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს გადაწყდა, რომ შემცვლელი გიორგი ქაჯაია უნდა ყოფილიყო.

„კვალიფიციური ადამიანია. ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება საქმიანობას“, - ასე დაახასიათა აბაშიძემ ქაჯაია.

თავად პრემიერის მრჩევლის პოსტზე გააგრძელებს საქმიანობას.

რა ბედი ეწევა პრაღის ფორმატს? გაგრძელდება? და „ქაჯაია-კარასინის“ ფორმატი გახდება? - ჰკითხეს ზურაბ აბაშიძეს ჟურნალისტებმა.

„ხშირად ვამბობდი, აბაშიძის ნაცვლად სხვა პიროვნება შეიძლება, იყოს-მეთქი. შეიძლება იყოს ქაჯაია. შეეჩვიეთ ამ კარგი პიროვნების სახელსა და გვარს“, - უპასუხა მან.

რას ამბობს ეს საკადრო გადაადგილება?

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, პოსტი, რასაც აქამდე ქაჯაია იკავებდა, ტექნიკური ფუნქციების შესრულებას გულისხმობდა:

„დიპლომატიურ საკითხებს წყვეტენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ჰყავს ე.წ. ტექნიკური სტაფი. ქართველი დიპლომატის იქ ყოფნა არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. დიპლომატიური საქმიანობის განხორციელება ქვეყანაში, რომელთანაც არა გაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, წარმოუდგენელია“, - ამბობს იგი.

ის ამბობს, რომ საკადრო ცვლილების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, განიმარტოს, თუ რა როლი ჰქონდა გიორგი ქაჯაიას:

„ჩვენ არ ვიცით, ამ ადამიანს რა წვდომა ჰქონდა, რა ურთიერთობები, რა კავშირები, რა ნდობა ჰქონდა თუ არ ჰქონდა რუსეთის სხვადასხვა უწყებასთან, მათ ხელმძღვანელებთან“, - ამბობს იგი.

კახა გოგოლაშვილის თქმით, აუცილებელია, ეს გამჭვირვალე იყოს: „ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელთანაც არ შეიძლება რაიმე ისეთის წარმოება, რამაც შეიძლება ქვეყნის ინტერესები, მომავალი, სუვერენიტეტი დააზიანოს“.

ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძეც ხაზს უსვამს პროცესების გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

ის არ გამორიცხავს, რომ კარასინი მომავალში კვლავ დაუკავშირდეს აბაშიძეს, - ახლა უკვე პრემიერის მრჩეველს. „გაუგებარი ამბავია“, - ამბობს იგი.

რუსეთში ყოფილი ელჩი (2004-05 წლებში) ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება: „მე მესმის ზურაბ აბაშიძის წასვლის მოტივები, მაგრამ არ მესმის გიორგი ქაჯაიას მოტივები, რომელსაც უნდა, ამ ფორმატში გააგრძელოს მუშაობა“.

ელჩი ჩეჩელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გიორგი ქაჯაიას ჰქონდეს თავისი ხედვები, - ან ხედვები, „რაც მისთვის ჩამოაყალიბა ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ“, მაგრამ „ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცით“.

ვინ ცვლის ქაჯაიას მოსკოვში?

გიორგი ქაჯაია მოსკოვში, საქართველოს ინტერესების სექციაში უკვე ჩაანაცვლა მამუკა მერკვილაძემ, რომელიც, რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, 9 მარტს უკვე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.

მამუკა მერკვილაძის შესახებ ცნობები კი ასეთია:

  • ის არის ბიზნესმენი, რომელიც მანამდე რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი იყო;
  • ჩართული იყო რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში;
  • 35%-იანი წილი აქვს კომპანიაში, „კანიონი 350“, რომელსაც 2022 წელს სახელმწიფომ მარტვილში ბალდის კანიონი 40 წლით გადასცა - ამას მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს;
  • მერკვილაძის ცოლი, „ქართველი შემსრულებელი სმოლენსკის ოლქიდან“, თამარ დუდუნია, 2019 წელს გახდა ტელეარხ „ზვეზდას“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული მუსიკალური კონკურსის, „ახალი ვარსკვლავის“ გამარჯვებული.

11 მარტს მერკვილაძემ ახალ რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა და მიიღო დავით ცეცხლაძე, ქართული დიასპორის ხელმძღვანელი.

„არაერთი წლის განმავლობაში გეჭირათ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და მჯერა, რომ თქვენი დახმარებით საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხის ხმას გაიგონებს“, - უთხრა მას ცეცხლაძემ.

ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე ამბობს, რომ „ეს ყველაფერი კარგი ფიქრებისკენ არ გვიბიძგებს“ - „ცალსახად საეჭვო ამბავია, რომელიც არ ტოვებს ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას“.

XS
SM
MD
LG