Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი: „დააშოშმინეთ ბორელი!"


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ.

კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა.

„დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრებს!“ - დაწერა კარასინმა.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რამაც თბილისის ცენტრში ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

"გრიგორი ბორისოვიჩ, - მიმართა მარია ზახაროვამ გრიგორი კარასინს, - შეუძლებელია ბორელის დამშვიდება - ჩვენ ექიმები არ ვართ. ბორელის თქმით, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, რატომ არ არის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ევროკავშირში - ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს“.

სწორედ აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (FARA) ასახელებენ მთავარ არგუმენტად როგორც კანონპროექტის ინიციატორები („ხალხის ძალა“), ასევე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-საგან. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი „სავარაუდოდ ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას“.

XS
SM
MD
LG