ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" ერთი მებრძოლი დაიღუპა და 4 დაიჭრა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ერთ-ერთ ნაქირავებ სახლში, სადაც კადიროველები იარაღსა და საბრძოლო მასალასაც ინახავდნენ.
რუსეთისა და ჩეჩნური წყაროების მიერ ფართოდ რეკლამირებული სპეცდანიშნულების პოლკ "ახმატის" დანაყოფების მებრძოლები ფრონტიდან დაშორებულ რუსეთის ტერიტორიებზე, უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ.
"ისინი ყაზარმებშიც კი არ ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ იქირაონ ბინები, როგორც ქირაობდნენ ბინას, სადაც აფეთქება მოხდა. ბელგოროდელი ქალის ბინაში 6 თუ 7 კადიროველი ცხოვრობდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მცხოვრებმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა.
ინციდენტი, რომელსაც ჩეჩნური დანაყოფის ხელმძღვანელობა არ ახმაურებს, სავარაუდოდ, 25 იანვარს მოხდა. ფაქტზე კომენტარი ჯერ არც ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს, რამზან კადიროვს გაუკეთებია, რომელიც ჩეჩენი ბლოგერების ცნობით, იანვრის დასაწყისიდან არ გამოჩენილა საჯარო ღონისძიებებზე. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რასაც ჩეჩნეთის ლიდერი რამდენიმე წელია უარყოფს.
"ლეკური" სროლების ხმაზე და "ტიკტოკის ჯარისკაცების“ მისია
ბელოგოროდში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეგრამის არხი "ასტრა" იმ სახლის მფლობელზე დაყრდნობით წერს, სადაც კადიროველების კუთვნილი უცნობი წარმოშობის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ქალმა არ დამალა, რომ ჩეჩენი მებრძოლები მან "ნებაყოფლობით" შეიკედლა და მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს ახდევინებდა.
დეტონაციის დროს დაიჭრა ასევე ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებით მივიდა.
"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა 17 მეზობელი სახლიდან დაახლოებით 40 მობინადრის ევაკუაცია. დაზიანდა კიდევ ორი კერძო სახლი. ადგილობრივი ხელისუფლება აფეთქებისა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობს, ისევე როგორც არ ახმაურებს იმ ფაქტს, რომ არიან დაჭრილები და ერთი დაღუპული", - წერენ ტელეგრამის არხ "ასტრის" ჟურნალისტები.
25 იანვარს ბელგოროდში კერძო სახლში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების რეგიონულმა სამინისტრომ და ქალაქის ხელმძღვანელმა ვალენტინ დემიდოვმა გამოაქვეყნეს. მაგრამ ინციდენტის გამომწვევ მიზეზებსა და ქვედანაყოფ "ახმატის" მებრძოლების კვალზე მათ ცნობებში არაფერია ნათქვამი.
"კავკაზსკი უზელი" წერს, რომ ბატალიონ "ახმატის" მებრძოლთა თავაშვებულმა საქციელმა მანამდეც არაერთხელ გამოიწვია უკმაყოფილება ბელგოროდის ოლქის მცხოვრებლებში. გასული წლის 1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთის ელიტური ქვედანაყოფის მებრძოლებმა სროლა ატეხეს ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკის ცენტრალურ მოედანზე, გადაიღეს ამის ვიდეო და ინტერნეტშიც ატვირთეს.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ შეიარაღებული მამაკაცები "ლეკურს" და ისვრიან ავტომატებიდან. "კავკაზ რეალიის" ცნობით, ფორმებზე ამოქარგული შევრონები უცნობების ჩეჩნურ წარმომავლობაზე მეტყველებდა.
ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ ვიდეოს კომენტირებისას შეუფერებელი უწოდეს ბატალიონ "ახმატის" მებრძოლების საქციელს და ხელისუფლებისგან მათი პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მაგრამ საჯარო კრიტიკას კონკრეტული სასჯელი არ მოჰყოლია.
კადიროველები უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში გასული წლის ივნისიდან იმყოფებიან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 4 ივნისს რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დივერსანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩეჩნური დანაყოფების უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში გადაყვანა შესთავაზა.
რუსულმა არმიამ გასული წლის მაისის შუა რიცხვებიდან ბელგოროდის რეგიონიდან დაიწყო ინტენსიური სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე.
ჩეჩნეთის სპეცრაზმის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ახმატის" მებრძოლებმა უკვე დაიწყეს "დასახული ამოცანების" შესრულება ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონებში.
ალაუდინოვის თანახმად, "ახმატის" სპეცრაზმელები დაცვის გარდა, შეტევის ამოცანებსაც ასრულებენ.
რატომ უწოდეს "ახმატს" რუსმა ბლოგერებმა „ტიკტოკ-ჯარი“
მაგრამ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ უშუალოდ რამზან კადიროვის პატრონაჟით შექმნილი "ახმატის" სახელწოდების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები ფრონტის ხაზიდან მოშორებით განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და საბრძოლო შეტაკებებში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ.
"ისინი უკრაინის ტერიტორიებზე საერთოდ არ იბრძვიან და საზღვრისპირა ტერიტორიებზე იმყოფებიან. კერძოდ, მაგალითად, ამჟამად ისინი იმყოფებიან კურსკში, სუჯის რაიონში, რომელიც უკრაინელ სამხედროებს აქვთ დაკავებული, შესაძლოა მათ იქ ჰქონდათ გარკვეული შეტაკებები, მაგრამ უშუალოდ უკრაინის - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ისინი, ცხადია, არ იღებენ მონაწილეობას. ისინი ყოველთვის ისეთ ტერიტორიებზე იმყოფებიან, საიდანაც ფრონტმა შორს გადაინაცვლა. იქ კადიროველები მეტწილად სამხედრო პოლიციის ფუნქციას ასრულებენ. ეს აფეთქებაც ხომ იმ ქალაქში მოხდა, რომელშიც საბრძოლო მოქმედებები არაა. სხვათა შორის, იმ ჩეჩნებსაც კი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, კადიროველებთან შეტაკება არ ჰქონიათ. ამიტომ, ჩემი აზრით, აქ ისევ და ისევ კადიროვის ეფექტთან გვაქვს საქმე. ანუ ჯერ კიდევ კარგად იყიდება რუსეთის პროპაგანდის მიერ ისეთი ინფორმაცია, რაც ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმს, "ახმატს", რამზან კადიროვის სახელს უკავშირდება", - უთხრა რადიო თავისუფლებას ანონიმმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა.
პიარითა და პუტინის წინაშე საკუთარი დამსახურებების აგიტაციით დაკავებულმა რამზან კადიროვმა გასული წლის ივლისის ბოლოს კრემლს უპატაკა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.- რედ.) დაწყებიდან უკრაინაში რესპუბლიკიდან გაიგზავნა 45 ათასი მებრძოლი, რომელთაგან 18 ათასი მოხალისეა.
მანამდე ჩეჩნეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მკაცრად გაილაშქრა რუსი ბლოგერის, ვლადიმირ რომანოვის წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ"ახმატი" ბელგოროდის ოლქში წვევამდელთა ზურგს ეფარებაო.
სამხედრო ბლოგერის სიუჟეტი, რომელმაც ჩეჩნური შენაერთის გულისწყრომა გამოიწვია, 5 ივლისს გამოქვეყნდა. ვლადიმირ რომანოვი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ბელგოროდში, უკრაინასთან საზღვარს, წვევამდელები იცავენ, ხოლო "ტიკტოკები დგანან მათ უკან". სწორედ "ახმატს" უწოდებენ "ტიკტოკ-ჯარს", მათ შორის - ომის მომხრე რუსი სამხედრო ბლოგერებიც და ამით მიანიშნებენ მრავალრიცხოვან დადგმულ ვიდეოებზე, რომლებიც "ახმატს" [რუსეთ-უკრაინის] ომის მიმდინარეობისას აქვს გადაღებული.
ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 2 დღეში ვლადიმირ რომანოვმა ბოდიში მოიხადა. ახალ ვიდეოში პროსახელისუფლებო სამხედრო ბლოგერმა აღიარა, რომ აზრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც, გენერალ აპტი ალაუდინოვთან საუბრით მისთვის "ნათელი გახდა", რომ - "ახმატი", რუს წვევამდელ ჯარისკაცებთან ერთად, უშუალოდ ფრონტის ხაზზე დგას.
რუსმა ბლოგერმა აღიარა, რომ აზრი აპტი ალაუდინოვთან "ხანგრძლივი და გულახდილი" საუბრის შემდეგ შეიცვალა. ალაუდინოვი "ახმატის" ყოფილი მეთაური და ამჟამად - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
ალაუდინოვის ფედერალურ სამინისტროში დანიშვნისას გაჩნდა მოსაზრება, რომ კრემლი შესაძლოა გავლენიან ჩეჩენ გენერალს რამზან კადიროვის მემკვიდრედ ამზადებდეს.
თავდაპირველად "ნოვაია გაზეტა ევროპა" და ასევე "კავკაზ.რეალიი" გასულ წელს წერდნენ, რომ 2023 წლის სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყეს იმ სცენარის შემუშავება, რომელიც ჩეჩნეთში ძალაუფლების იძულებითი შეცვლის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს.
შემდეგ ეს მოსაზრება გააძლიერა ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა.
2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ტელეგრამარხებზე (კერძოდ, ოპოზიციურ ჩეჩნურ NIYSO-ზე) გაჩნდა ინფორმაცია კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ ის, სავარაუდოდ, "კომაში ჩავარდა". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით, "რაც განვითარდა ტრანკვილიზატორ „დორმიკუმის“ გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად".
"ნოვაია გაზეტა ევროპის" თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის დიაგნოზებს შორისაა პანკრეატიტის გართულებები, რომლებიც მოიცავს პანკრეასის ნეკროზს და პანკრეატოგენურ ასციტს. ასევე ცნობილია, რომ 2023 წელს კადიროვი სამედიცინო ინდუქციურ კომაში ჰყავდათ ტრანკვილიზატორ "დორმიკუმის" ჭარბი დოზის გამო, რომელიც მას უნდა მიეღო ძლიერი ტკივილისა და უძილობისთვის.
ეს ხმები თავად რამზან კადიროვმა უარყო და ტელეგრამის არხში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. ერთ-ერთში პარკში მოსეირნე კადიროვი ყველას, "ვინც სიმართლეს სიყალბისგან ვერ არჩევს, მასთან ერთად ხეივანში გასეირნებას" ურჩევდა.
მაგრამ თავად კადიროვი ახალ-ახალ მიზეზს აძლევს მედიას მის ჯანმრთელობაში დასაეჭვებლად.
როგორც "კავკაზ.რეალიი" წერს, რამზან კადიროვი 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან არ გამოჩენილა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. სავარაუდოდ, ამის მიზეზი, შეიძლება ისევ ჯანმრთელობის პრობლემები იყოს.
ტელეგრამის არხ "აგენტსტვოს" ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მეთაურის ტელეგრამის არხსა და ჩეჩნეთის სახელმწიფო მედიის ვებგვერდზე გავრცელებული შეტყობინებების შემდეგ გაამახვილეს ყურადღება კადიროვის საჯარო სივრციდან მორიგ გაუჩინარებაზე.
ამ რესურსების შესწავლით ჩანს, რომ რამზან კადიროვი ბოლოჯერ 8 იანვარს მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში. იმ დღეს მან გახსნა მამის ახმატ კადიროვის პატივსაცემად აგებული მემორიალი და განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ყველა გასამხედროებული დანაყოფი მხოლოდ მას ექვემდებარებოდა.
მას შემდეგ რესპუბლიკის მეთაური საზოგადოებაში არ გამოჩენილა მინიმუმ 18 დღის განმავლობაში. 26 იანვარს რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იგი ფოლკლორული ანსამბლის რეპეტიციას ესწრება. გამოცემა "აგენტსტვო" მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი, შესაძლოა, კადიროვის არყოფნის დასამალად წინასწარ ყოფილიყო გაკეთებული.
ფორუმი