Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კრემლში შეხვდა კადიროვს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე


რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმირ პუტინმა 27 სექტემბერს კრემლში სამუშაო შეხვედრა გამართა რამზან კადიროვთან. ამის შესახებ ინფორმაცია 28 სექტემბერს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ", რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

ოფიციალური ცნობებით, პუტინი დაინტერესდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებით, რაზეც კადიროვმა მიუგო, რომ პრობლემები არ არსებობს.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რამზან კადიროვმა დაიტრაბახა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩეჩენი სამხედროების წარმატებით. „მებრძოლებს კარგი სულისკვეთება აქვთ, მე ხანდახან ჩავაკითხავ ხოლმე. ჩვენ გადავწყვიტეთ მათი ყველა პრობლემა: კომუნიკაცია, ტექნოლოგია. შევიძინეთ დაახლოებით 100 ჯავშანმანქანა. სხვებსაც ვეხმარებით“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ამავე დროს, ჩეჩნეთის სამხედრო მოსამსახურეები აგვისტოსა და ივლისში ჩიოდნენ ფრონტზე არსებულ სავალალო მდგომარეობაზე.

სექტემბრის შუა რიცხვებში მედია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა და ცენტრალურ საავადმყოფოში მისი მკურნალობის შესახებ იტყობინებოდა. რამდენიმე ჩეჩნურმა ოპოზიციურმა არხმა, წყაროებზე მითითების გარეშე გაავრცელა ცნობა, რომ რამზან კადიროვი კომაშია.

ეს ხმები კადიროვმა უარყო და ტელეგრამის არხში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. ერთ-ერთში პარკში მოსეირნე კადიროვი ყველას, „ვინც სიმართლეს სიყალბისგან ვერ არჩევს, მასთან ერთად ხეივანში გასეირნებას" ურჩევს.

  • უფრო ადრე „ნოვაია გაზეტა“ წერდა, რომ კადიროვს დაუდგინდა დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მისი ფილტვებისა და თირკმლების მდგომარეობაზე, რის გამოც მას მუდმივი დიალიზი სჭირდება. კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ არაპირდაპირ მტკიცებულებად, გამოცემა მიიჩნევდა მედიაში პოლიტიკოსის შვილების გააქტიურებულ პიარსაც. საუბარია კადიროვის შვილების გაგზავნაზე უკრაინაში, ახმატ კადიროვის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მისი ვაჟების აქტიურ ჩართულობაზე რესპუბლიკის მართვის საქმეებში.

XS
SM
MD
LG