Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სამხედრო ბლოგერს ჩეჩნური "ახმატისთვის" ბოდიში მოახდევინეს


რუსმა სამხედრო ბლოგერმა, ვლადიმირ რომანოვმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა თავისი სიტყვებისთვის, რომ ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“, ბელგოროდის ოლქში, წვევამდელთა ზურგს ეფარება. ამის შესახებ „კავკაზ რეალიი“ იტყობინება.

გამოქვეყნებულ ვიდეოში რომანოვი ხსნის, რომ „ინფორმაციის უფრო ფრთხილად გადამოწმების“ აუცილებლობაში დარწმუნდა - აპტი ალაუდინოვთან „ხანგრძლივი და გულახდილი“ საუბრის შემდეგ. ალაუდინოვი „ახმატის“ ყოფილი მეთაური და ამჟამად - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ივნისში გავრცელდა ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში „ბუფერული ზონის“ შესაქმნელად დამატებით გადაისროლეს სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“.

აპტი ალაუდინოვი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნევა.

სამხედრო ბლოგერის სიუჟეტი, რომელმაც ჩეჩნური შენაერთის გულისწყრომა გამოიწვია, 5 ივლისს გამოქვეყნდა. ვლადიმირ რომანოვი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ბელგოროდში, უკრაინასთან საზღვარს, წვევამდელები იცავენ, ხოლო „ტიკტოკები დგანან მათ უკან“. სწორედ „ახმატს“ უწოდებენ „ტიკტოკ-ჯარს“, მათ შორის - ომის მომხრე რუსი სამხედრო ბლოგერებიც და ამით მიანიშნებენ მრავალრიცხოვან დადგმულ ვიდეოებზე, რომლებიც "ახმატს" [რუსეთ-უკრაინის] ომის მიმდინარეობისას აქვს გადაღებული.

რომანოვის ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ, 6 ივლისს, ნაციონალისტური შინაარსის ტელეგრამარხებმა დაწერეს, რომ მას ჩეჩნები ეძებენ. ხოლო 7 ივლისს თავად ბლოგერის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა მოსაბოდიშებელი ვიდეო, ჩაწერილი „ახმატის“ სადაზვერვო ჯგუფის მეთაურთან [„აიდ“] ერთად.

ამ ვიდეოში პროსახელისუფლებო სამხედრო ბლოგერი აღიარებს, რომ „ტიკტოკებად“ „ახმატის“ წევრები მოიხსენია, მაგრამ აზრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც, ალაუდინოვთან საუბრით „ნათელი გახდა“, რომ - „ახმატი“, რუს წვევამდელ ჯარისკაცებთან ერთად, უშუალოდ ფრონტის ხაზზე დგას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG