Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სპეცრაზმი „ახმატი“ გაგზავნა უკრაინის ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონებში


რუსეთი სპეცრაზმ „ახმატს“ იყენებდა ე.წ. წმენდის ოპერაციებისთვის უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში.
რუსეთი სპეცრაზმ „ახმატს“ იყენებდა ე.წ. წმენდის ოპერაციებისთვის უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში.

რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში გაგზავნა ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“. რუსულმა არმიამ მაისის შუა რიცხვებიდან ბელგოროდის რეგიონიდან დაიწყო ინტენსიური სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე.

როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ დღეს, 3 ივნისს, წერს, სპეცრაზმის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახმატის“ მებრძოლებმა უკვე დაიწყეს „დასახული ამოცანების“ შესრულება ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონებში.

ალაუდინოვისთვის „ძალიან სასიამოვნოა“, რომ „ახმატი“ გაგზავნეს მონაკვეთზე, სადაც მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებისთვის“. ალაუდინოვის თანახმად, „ახმატის“ სპეცრაზმელები დაცვის გარდა, შეტევის ამოცანებსაც ასრულებენ.

კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებულ ომს. რუსეთი სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატს“ იყენებდა ე.წ. წმენდის ოპერაციისთვის უკრაინის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში.

რუსეთის ჯარებმა 10 მაისიდან გაააქტიურეს სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე და ჩრდილოეთ ნაწილში დაიკავეს არაერთი დასახლებული პუნქტი. პარალელურად ინტენსიურად იბომბება ქალაქ ხარკოვის და ხარკოვის ოლქის საცხოვრებელი რაიონები.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ფრონტის ამ მონაკვეთზე ურთულესი ვითარების გამო და ხარკოვის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ უკრაინის თავდაცვის ძალებს დართეს ნება, მათგან მიღებული იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე საზღვრის გასწვრივ დარტყმებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG