Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა მამაკაცი მზად უნდა იყოს ომისთვის“ - რა დგას საყოველთაო „კადიროვიზაციის“ უკან?


რამზან კადიროვი (მარჯვნივ, წინა პლანზე)
რამზან კადიროვი (მარჯვნივ, წინა პლანზე)

რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა რესპუბლიკაში მცხოვრებ მამაკაცებს ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ ყველა ჩეჩენი სამხედრო პირადად მას უნდა ემორჩილებოდეს.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს, ე.წ. ძალოვან უწყებებთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე, რამზან კადიროვმა თქვა, რომ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა მამაკაცი მზად უნდა იყოს ომისთვის, რომელიც, მისი სიტყვებით, ახლა „მიმდინარეობს არა სადღაც შორს, არამედ უკვე მათთან სახლშია“.

„უნდა შევისწავლოთ მობილიზაციის რესურსი - ყველა უნდა დარეგისტრირდეს სიაში. ძალოვანი სტრუქტურების ყველა თანამშრომელმა უნდა ჩააყენოს საქმის კურსში თავისი ნათესავები და მეგობრები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დაუყოვნებლივ გაიწვევენ, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა საჭირო იქნება, ჩვენ გვეცოდინება რამდენი იარაღი და საბრძოლო ამუნიცია გვჭირდება“, - განაცხადა კადიროვმა.

ასეთივე სულისკვეთებით ისაუბრა მან გუდერმესში „სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტზე“ დრონების თავდასხმის შემდეგ. ჩეჩნეთის მეთაურის თქმით რესპუბლიკაში გასაწვევი ასაკის 84 ათასი მამაკაცი ცხოვრობს, კიდევ 100 ათასი კი სამობილიზაციო რესურსშია: „დადგა მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გადაგორება არ გამოვა“.

რამზან კადიროვი (მარჯვნივ) და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, იური ტრუნევი. გუდერმესის "სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტი"
რამზან კადიროვი (მარჯვნივ) და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, იური ტრუნევი. გუდერმესის "სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტი"

„კადიროვის ეს განცხადებები უფრო მეტად მიემართება კრემლს“, - ამბობს პოლიტოლოგი და კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი რუსლან კუტაევი: „ჩეჩნეთში რამდენიმე თვე გრძელდებოდა ახალგაზრდებზე ნადირობა, თუმცა ბოლო დღეებში ეს პროცესი გარკვეულწილად შესუსტდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი რესურსი შეგროვდა“.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს გამართულ იმავე შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული ჩეჩნეთმა უკრაინასთან ომში გაგზავნა 51,6 ათასი ადამიანი, რომელთა შორისაც 20,4 ათასი „მოხალისეა“. როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის პროექტი, Kavkaz.Realii წერს, ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. დაუდოვის მიერ მოყვანილი რიცხვი მოიცავს როგორც ჩეჩნეთის მკვიდრთ, ასევე სხვა რეგიონებში მცხოვრებლებსაც, რომლებიც რეკრუტირებული იყვნენ გუდერმესში (ჩეჩნეთი) მდებარე „სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტის“ მეშვეობით.

არარეალური რიცხვები

„ჩეჩნეთი რუსეთის ერთადერთი რეგიონია, სადაც დღემდე მიმდინარეობს იძულებითი მობილიზაცია“, - ამბობს აჰმედ გისაევი, ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ანალიზის ცენტრის (Human Rights Analysis Center) ხელმძღვანელი: „ადამიანების რეკრუტირება ხდება იძულებითა და შანტაჟით, მათ შორის, გამოიყენება ახლო ნათესავების მიმართ რეპრესიების მუქარა. ამიტომ არაფერია გასაკვირი ასეთ განცხადებებში“.

ამასთან, აჰმედ გისაევი მიიჩნევს, რომ კადიროვის მიერ დასახელებული რიცხვები არარეალურია. რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის (როსსტატი) მონაცემებით, ჩეჩნეთის მთლიანი მოსახლეობა არ აღემატება 1 მილიონ 550 ათასს, რომელთა შორის მხოლოდ 750 ათასია მამაკაცი არასრულწლოვანებისა და პენსიონერების ჩათვლით.

მიზანი - ფოკუსის ჩეჩნებზე გადატანა და მათი დისკრედიტაციაა.

84 ათასი - ჯარში გაწვევას დაქვემდებარებული ადამიანების ეს რაოდენობა აშკარად გაზვიადებულია. „ეს უფრო PR-ის ნაწილია, ვიდრე ნამდვილი მონაცემები“, - განაცხადა პოლიტოლოგმა ვადიმ დენისენკომ უკრაინულ რადიო NV-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩეჩნეთიდან ამდენი ადამიანის მობილიზება „შეუძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში“. ამ მოსაზრებას იზიარებს აჰმედ გისაევიც: „არა მგონია, რომ ეს განცხადება რაიმე სერიოზულს წარმოადგენდეს, ეს აშკარა პოპულიზმია. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს განცხადებები მოსკოვიდან მოდის და მათი მთავარი მიზანია მასმედიის ფოკუსის გადატანა ჩეჩნებზე და მათი სრული დისკრედიტაცია. ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს მთელი ჩეჩენი ხალხი მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში“.

დევნილობაში მყოფი იჩქერიის მთავრობის მეთაური აჰმედ ზაკაევიც ამბობს, რომ ეს უფრო პიარ-სვლაა, ვიდრე სინამდვილის აღწერა: „კადიროვი მარიონეტია. მისი ყველა ხმამაღალი განცხადება კეთდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოახდინოს კრემლის, განსაკუთრებით კი პუტინის წინაშე თავისი მნიშვნელობის დემონსტრირება“.

აჰმედ ზაკაევი
აჰმედ ზაკაევი

როგორც ხაფანგში

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის პროექტი Kavkaz.Realii წერდა 2024 წლის 4-5 ოქტომბერს გროზნოს გარეუბანში როსგვარდიის ავტომობილის დაცხრილვის შემდეგ ჩატარებულ მასობრივ რეიდებზე: უსაფრთხოების ძალებმა შემოწმებები ჩაატარეს ოთხ სოფელში. ადამიანის უფლებათა ცენტრმა „მემორიალმა“ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებებისა და იმის შესახებ, რომ პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილ ადამიანებს იძულებით აწერინებდნენ ხელს ომში მონაწილეობის კონტრაქტზე.

მსგავსი მოვლენების გამო ჩეჩნეთის მოსახლეობა შეშფოთებით ადევნებს თვალს კადიროვის ახალ განცხადებებს იძულებითი მობილიზაციის შესახებ. ამას ადასტურებს სტატისტიკაც: ჩეჩნეთში მიგრაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა 2022 წლის ბოლოს, როცა მობილიზაცია გამოცხადდა მთელი რუსეთის მასშტაბით.

როგორც Kavkaz.Realii-ს ადგილობრივმა მკვიდრმა, რუსლანმა შეატყობინა, თუ მობილიზაცია დაიწყება, ბევრი ადგილობრივი კვლავ შეეცდება ჩეჩნეთიდან გასვლას. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისას, ოჯახმა მასაც შესთავაზა რუსეთის დატოვება და ნათესავებთან წასვლა საზღვარგარეთ, თუმცა მან უარი თქვა, რადგან შიშობდა, რომ ხელისუფლება დაიწყებდა მისი ახლობლების დევნას.

მოხალისეები "რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტში" სწავლების დროს. ჩეჩნეთი, გუდერმესი
მოხალისეები "რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტში" სწავლების დროს. ჩეჩნეთი, გუდერმესი

„მაშინ გადავწყვიტეთ, რომ აჯობებდა, თუ როსგვარდიაში (რუსეთის ეროვნული გვარდია) ჩავეწერებოდი, - ჰყვება რუსლანი, - ჯარში არ ვიყავი ნამსახურები, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავდით. შევთანხმდით, გარკვეული თანხაც კი გადავიხადეთ. მეთაური დამპირდა, რომ გროზნოში გარკვეული ობიექტების დაცვაზე დამაყენებდა. თუმცა ოთხი თვის შემდეგ შუაღამისას დამირეკეს და ქვედანაყოფში "სრული აღჭურვილობით" გამოცხადება მიბრძანეს“.

ორი დღის შემდეგ რუსლანი უკრაინაში, ომში გაგზავნეს. როგორც თავად ამტკიცებს, ორი თვე დარაჯობდა გარკვეულ ობიექტს, გროზნოში დაბრუნების შემდეგ კი მისი დანაყოფი მალევე კურსკის ოლქში გაგზავნეს.

„სამი თვის შემდეგ დაგვაბრუნეს შინ, თუმცა პოლკში ყველამ ვიცით, რომ, როცა ხელისუფლებას დასჭირდება, ისევ ომში გაგვაგზავნიან. დიდი სურვილის მიუხედავად, არც ჯარიდან გათავისუფლება შემიძლია და არც - ქვეყნიდან წასვლა. ხაფანგში მოყოლილივით ვარ“, - ასკვნის რუსლანი.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩეჩნეთის მცხოვრებლები, რომლებიც გაურბიან უკრაინაში იძულებით გაგზავნას, მასობრივად ცდილობენ ევროპაში მოხვედრას ბოსნია-ჰერცეგოვინის გავლით, რადგან რუსეთს ამ ქვეყანასთან ჯერ კიდევ აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური იტყობინება, ხშირად მესაზღვრეები ახსნა-განმარტების გარეშე ყოველდღიურად ათობით ადამიანს ეუბნებიან უარს ევროკავშირში შესვლაზე.

ჩეჩნების ჯგუფი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიას შორის სასაზღვრო პუნქტზე, გრადისკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინა, 2024 წლის 8 ნოემბერი.
ჩეჩნების ჯგუფი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიას შორის სასაზღვრო პუნქტზე, გრადისკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინა, 2024 წლის 8 ნოემბერი.

2024 წლის სექტემბერში გამოცემა „ქრონიკებისა“ და ExtremeScan-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჩეჩნების უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გაყვანას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - „მხარს დაუჭერთ თუ არა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გადავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიუღწეველია?“ - ჩეჩნეთში გამოკითხულთა 71%-მა დადებითად უპასუხა, და ეს მაშინ, როცა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ეს მაჩვენებელი 45-45%-ია, ტუვასა და დაღესტანში კი, შესაბამისად, 53% და 54% (საშუალოდ რუსეთში 48%). ამავე გამოკითხვის თანახმად, ომის მხარდაჭერის მაჩვენებლითაც ჩეჩნეთი (39%-ით) ბოლო ადგილზეა, მაშინ როცა საშუალოდ რუსეთში ომის 56%-იანი მხარდაჭერა არსებობს.

ExtremeScan-ის სოციოლოგების განმარტებით, მოსკოვი ყველაზე მეტად უჭერს მხარს ომს, რადგან ომის მთავარი ბენეფიციარები - მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები - ძირითადად დედაქალაქ მოსკოვში არიან კონცენტრირებული. ჩეჩნეთში, როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება: რადგან რესპუბლიკაში დიდია იმ ადამიანების წილი, რომელთა ნათესავები გაიწვიეს ომში. ჩეჩნეთში დარწმუნებულნი არიან, რომ მათი რესპუბლიკიდან უფრო მეტი ადამიანია რეკრუტირებული, ვიდრე დანარჩენი რუსეთიდან. „ჩეჩნეთი ჩვენს სიაში ყველაზე ღარიბი, ყველაზე ანტირუსული და პროპაგანდის გავლენისგან ყველაზე იზოლირებული რეგიონია. ჩეჩნებისთვის ეს სხვისი ომია”, - აღნიშნა ExtremeScan-ის სოციოლოგმა ელენა კონევამ.

კადიროველები კიევის ოლქში. უკრაინა, 2022 წელი
კადიროველები კიევის ოლქში. უკრაინა, 2022 წელი

ომში გასაგზავნად ჩეჩნეთში ადამიანების გატაცების შესახებ ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში. ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები გატაცების წინ უყენებდნენ პირობას: ან აფორმებ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან, ან გაყალბებული ბრალდებებით და გაურკვეველი ვადით მიდიხარ „საიდუმლო“ ციხეში.

როგორც ჩანს, სწორედ ომის დაბალი მხარდაჭერის გამო მიიჩნია რამზან კადიროვმა საჭიროდ, მკაცრი ტონით შეეხსენებინა ჩეჩნებისთვის, რომ რესპუბლიკაში ყველა სამხედრო პირი მხოლოდ და მხოლოდ მას ექვემდებარება. კადიროვის თქმით, ის ერთადერთი მეთაურია, რადგან ყველა თანამდებობაზე სამხედრო პერსონალი სწორედ მისი დანიშნულია.

გააკეთებთ ყველაფერ იმას, რასაც მე გეტყვით. მე გაიძულებთ ამის გაკეთებას.

ჩეჩნეთის მეთაურმა ეს განცხადება 8 იანვარს გააკეთა, თავისი მამის, ჩეჩნეთის პირველი პრორუსი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის მემორიალის გახსნაზე. ცერემონია გროზნოში, რესპუბლიკის შს სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა.

კადიროვის თქმით, მის არცერთ თანამებრძოლს - იქნება ეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი თუ ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების ბლოკის ხელმძღვანელი აბუზაიდ ვისმურადოვი ან და სხვა - დაქვემდებარებაში არ ჰყავს საკუთარი საველე მეთაურები. კადიროვის ამ გამოსვლის ფრაგმენტი გამოაქვეყნა ტელეგრამარხმა „ჩპ გროზნი 95“.

„ჩემ გარდა არავინ არ უნდა გყავდეთ [უფროსად] მხედველობაში. ყველა ჩემი დანიშნულია. გააკეთებთ ყველაფერ იმას, რასაც მე გეტყვით. მე გაიძულებთ ამის გაკეთებას. ყველამ, ვინც უკმაყოფილოა, დაწეროს განცხადება“, - თქვა რამზან კადიროვმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG