Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურები დაკავებულ ტანკერზე, ფინეთში და რა ვიცით რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე"


ელექტროკაბელი EstLink 2 მწყობრიდან 25 დეკემბერს გამოვიდა. დროის ამ მონაკვეთში, ფინეთის ყურეში, წყალქვეშა კაბელის თავზე, Eagle S-ი გადაადგილდებოდა; მან მოძრაობა საეჭვოდ შეანელა, თითქმის გაჩერდა და შემდეგ კვლავ აკრიფა სიჩქარე.
ელექტროკაბელი EstLink 2 მწყობრიდან 25 დეკემბერს გამოვიდა. დროის ამ მონაკვეთში, ფინეთის ყურეში, წყალქვეშა კაბელის თავზე, Eagle S-ი გადაადგილდებოდა; მან მოძრაობა საეჭვოდ შეანელა, თითქმის გაჩერდა და შემდეგ კვლავ აკრიფა სიჩქარე.

გამოძიების დასრულებამდე ქართველი მეზღვაურები ფინეთის ყურეში დაკავებულ ტანკერს სავარაუდოდ ვერ დატოვებენ. ტანკერი Eagle S-ი დივერსიასა და რუსეთის სანქციების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლოა თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.

ვარაუდობენ, რომ ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა - წყალქვეშა კაბელები, ტანკერმა, რომლის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, განზრახ დააზიანა.

ევროკავშირი თვლის, რომ ტანკერი Eagle S-ი სინამდვილეში „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია“. ბრიუსელი ახალ სანქციებს განიხილავს; ხოლო ნატო მოკავშირეების დაცვის ახალ გარანტიებს იძლევა.

რა მოხდა ფინეთის ყურეში?

დეკემბრის ბოლოს მოვლენები ფინეთის ყურეში ასე განვითარდა:

  • ელექტროკაბელი EstLink-2 მწყობრიდან 25 დეკემბერს, 12:26 საათზე გამოვიდა, რასაც ფინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორი - FINGRID-ი ადასტურებს.
  • Marinetraffic-ის თანახმად, სწორედ დროის ამ მონაკვეთში, ფინეთის ყურეში, წყალქვეშა კაბელის თავზე, Eagle S-ი გადაადგილდებოდა; მან მოძრაობა საეჭვოდ შეანელა, თითქმის გაჩერდა და შემდეგ კვლავ აკრიფა სიჩქარე.
  • ტანკერის დათვალიერება ფინეთის პოლიციამ 26 დეკემბერს დაიწყო, როცა სპეციალური ჯგუფები ბორტზე ვერტმფრენებიდან დაეშვნენ.
  • 28 დეკემბერს ტანკერი საერთაშორისო წყლებიდან ფინეთის ქალაქ პორვოოს პორტში გადაიყვანეს.
  • 29 დეკემბრისთვის, ფინელმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, სავარაუდოდ, ღუზის მიერ დატოვებული ათეულობით კილომეტრის სიგრძის კვალი აღმოაჩინეს.
  • ტანკერის ღუზა ნაპოვნი არ არის, ხოლო ხომალდს მხოლოდ ღუზის ჯაჭვი შემორჩა.

ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიურო ვარაუდობს, რომ ხომალდი ფსკერზე განზრახ მიათრევდა ღუზას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა დაეზიანებინა კაბელები.

კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი - Eagle S-ი - ეჭვმიტანილია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის - EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში, ბალტიის ზღვის ფსკერზე. ოთხი საკომუნიკაციო კაბელიდან სამი ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებდა, ხოლო კიდევ ერთი - ფინეთსა და გერმანიას.

როგორც ფინეთის მედია იუწყება, ტანკერი სავარაუდოდ რუსეთის პორტ უსტ-ლუგადან ეგვიპტის პორტ-საიდისკენ მიემართებოდა. თუმცა, რუსული საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რომ Eagle S-ს გეზი დასავლეთ თურქეთის ალიაგას პორტისკენ ჰქონდა აღებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 3 იანვარს უშედეგოდ დასრულდა სასამართლო პროცესი ჰელსინკის რეგიონულ სასამართლოში, სადაც ადვოკატი ტანკერის გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კვლავ გეგმავს ამ საკითხის დაყენებას. პარალელურად, გამოძიების ფარგლებში ლაპარაკია ტანკერის კონფისკაციაზე.

Eagle S-ის მფლობელია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანია Caravella LLC-FZ-ი, მაგრამ ტანკერის ოპერატორად ინდური კომპანია Peninsular Maritime-ი სახელდება.

კიდევ რას იძიებენ, რაზეა ეჭვი?

როდესაც ფინეთის პოლიციამ 26 წლის ტანკერი საერთაშორისო წყლებში შეაჩერა, ჯერ კიდევ არ იყო ლაპარაკი რუსული საწვავის უკანონო გადაზიდვაზე, მაგრამ მომხდარიდან მალევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანკერს რუსული საწვავი გადაჰქონდა.

ამ მხრივ, ინფორმაცია განსხვავებულია: ზოგიერთი წყაროს თანახმად, ტანკერს ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ხოლო სხვა ინფორმაციით - ბენზინი.

რუსეთის მედიის თანახმად, მწყობრიდან გამოსულ, 26 წლის ტანკერზე აღმოჩენილია ბენზინი, რომელიც სანქციების გვერდის ავლით, დიდი შვიდეულის მიერ დაშვებულ ფასზე [60 დოლარზე] ძვირად უნდა გაეყიდათ. „Новая газета.Балтия“-ს ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაზრო ფასი 80 მილიონ დოლარს უტოლდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაბელების დაზიანებასთან ერთად, გამოძიება იკვლევს ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მოქმედების საკითხს.

„ჩრდილოვან ფლოტში“ იგულისხმება ფორმალურად სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ხომალდები, რომლებსაც რუსეთი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს. ეს არის საშუალება ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ნავთობით ვაჭრობა ან, როგორც რუსეთის შემთხვევაშია - ვაჭრობაზე შეზღუდვაა დაწესებული (მაქსიმალური ფასის განსაზღვრით). ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის ნავთობის თითქმის 70 პროცენტის ექსპორტი სწორედ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მეშვეობით ხორციელდება.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. კრემლში აცხადებენ, რომ ფინეთის მიერ დაკავებული ტანკერის ბედი მათი საქმე არ არის.

„ეჭვმიტანილი ტანკერი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, რომელიც უსაფრთხოებასა და გარემოს უქმნის საფრთხეს და აფინანსებს რუსეთის ომის ბიუჯეტს“, - 26 დეკემბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, პლატფორმა X-ზე, ევროკომისიასთან ერთად შემუშავებული განცხადება გამოაქვეყნა.

„მივიღებთ დამატებით ზომებს, სანქციების ჩათვლით, ამ ფლოტის წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში და იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გაამკაცრებს ზომებს და ყველაფერს გააკეთებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები მე-15 პაკეტში, 16 დეკემბერს დაამტკიცა. სიაში დამატებით მოხვდა 52 ხომალდი ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც იუწყებიან, განაპირობებენ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას და კავშირი აქვთ საომარი ტექნიკის გადაზიდვებთან რუსეთის არმიისთვის. საერთო ჯამში, ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილი ხომალდების რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ამ ხომალდებს ეკრძალება ევროკავშირის პორტებში შესვლა და მომსახურების მიღება ევროპული კომპანიებისგან.

26 დეკემბერს, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდერ სტუბთან მოლაპარაკების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ X-ზე დაწერა, რომ „ნატო გააძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას ბალტიის ზღვაში“.

მანამდე ნატოს გენმდივანი ტელეფონით ესაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალს და მხარდაჭერა აღუთქვა მას.

27 დეკემბერს ესტონეთმაც გამოაცხადა, რომ დაიწყო საზღვაო ოპერაცია, რომლის მიზანია ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვანი ელექტროსადენის დაცვა, მოკავშირეებთან კოორდინაციით - რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ნატოელმა მოკავშირეებმა უკვე შეათანხმეს ბალტიის ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის კონკრეტული გეგმა.

„რუსეთმა განიცადა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მნიშვნელოვანი და მასშტაბური მარცხი თავის დივერსიულ საქმიანობაში, ნატოს წინააღმდეგ“ - ამბობს Newsader-ის მთავარი რედაქტორი, ალექსანდრ კუშნერი და დასძენს, რომ კრემლი დასავლეთის წინააღმდეგ ყველა აკრძალულ და უღირს მეთოდს მიმართავს. კუშნერი ემხრობა მანამდე ბრიტანული Lloyd's List-ით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კაბელების განზრახ დაზიანებასა და აკრძალული ტვირთის გადატანასთან ერთად, Eagle S-ი სადაზვერვო ჯაშუშურ დავალებასაც ასრულებდა.

არგუმენტებად ასახელებენ გემზე აღმოჩენილ ძვირად ღირებულ სადაზვერვო აღჭურვილობას და ეკიპაჟში შემავალ მინიმუმ ერთ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს თანამშრომელია.

შპიონაჟზე ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ იძებნება.

ქართველები ბორტზე

ფინეთის მედია ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლის, სამი პაილას 27 დეკემბრის კომენტარებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ Eagle S-ის ბორტზე 20-ზე მეტი პირი იმყოფებოდა - საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები. ნაწილი ეჭვმიტანილად იყო მიჩნეული, ხოლო ნაწილის გამოკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

ფინეთის წყაროების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ბორტზე დატოვეს ეკიპაჟის მხოლოდ რვა წევრი, რომლებსაც გამოძიების დასრულებამდე გადაადგილება აეკრძალათ. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ - გამოძიებას შესაძლოა ერთი ან რამდენიმე თვე დასჭირდეს.

რუსული საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“ ჯერ კიდევ 26 დეკემბერს წერდა, რომ Eagle S-ის კაპიტანი, 39 წლის დავით ვადაჭკორიაა. შემდეგ ეს ფინეთის ადგილობრივმა მედიამაც დაადასტურა. წერდნენ, რომ ვადაჭკორიას დაუკავშირდნენ, მაგრამ მან შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს.

უცნობია, თავდაპირველად საქართველოს რამდენი მოქალაქე იყო ბორტზე, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რადიო თავისუფლებას 6 იანვარს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, ხომალდზე საქართველოს 2 მოქალაქე რჩება - კაპიტანი და სავახტო მექანიკოსი და ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაციას ფლობენ „გემის რეგისტრაციის (კუკის კუნძულები) და ფინეთის შესაბამის პარტნიორ უწყებებთან“ კომუნიკაციის შედეგად; ამ ეტაპზე სააგენტო გამოძიების დასრულებას ელოდება და „შედეგების შესაბამისად იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე“.

Eagle S-ის ბორტზე ქართველების ყოფნა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს, თუმცა მათი რიცხვი არ დაუსახელებიათ. უწყებაში გვითხრეს, რომ „საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ფინეთის სამართალდამცავ უწყებებთან“ და „ასევე ეკიპაჟის წევრებთან აქვთ ყოველდღიური კონტაქტი“.

„საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და ეკიპაჟის წევრებს, გამოძიების დასრულებამდე აკრძალული აქვთ გემის დატოვება“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. იქვე განმარტეს, რომ კომუნიკაცია საკონსულოს ხაზით დაიწყო და საგამოძიებო პროცესში არ არიან ჩართული, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის.

შედგა თუ არა საგამოძიებო ხაზით რაიმე სახის კომუნიკაცია ქართულ მხარესთან?

ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ ისევ არ მიგვიღია.

როდესაც საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე პრობლემები ექმნებათ ან სკანდალში ეხვევიან, ყოველ ჯერზე პასუხგაუცემლად რჩება შეკითხვა, როგორ ხვდებიან ისინი ასეთ სიტუაციებში. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არასაჯაროდ განმარტავენ, რომ მეზღვაურები სამუშაოს თავისით შოულობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოში, მათ შორის - ბათუმში მუშაობენ კერძო პირები ან კომპანიები, რომლებიც მეზღვაურებს სამუშაოს შოვნაში ეხმარებიან და ამისთვის მაღალ გასამრჯელოსაც მოითხოვენ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, უცხო ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე მეზღვაურთა ყოველთვიური ხელფასი, რანგის შესაბამისად, 1500 დოლარიდან რამდენიმე ათას დოლარამდე მერყეობს. მაგრამ ზოგჯერ ისინი მოტყუებულიც რჩებიან. სხვა საკითხია მეზღვაურთა მძიმე შრომა და საფრთხეები, მათ შორის - მეკობრეობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG