საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს ქართველი მეზღვაურები. უწყების ინფორმაციით, გაბონში გატაცებული ორი მეზღვაური თავს კარგად გრძნობს, ისინი ნიგერიაში იმყოფებიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან.
სააგენტოს ცნობითვე, ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.
მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური 2023 წლის 2 მაისს გაიტაცეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, მეზღვაურების გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა საკონსულოებმა სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში, ასევე - გემთმფლობელმა კომპანიამ.